კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან დაშორება გაუჭირდა ნანუკა ჟორჟოლიანს და რა მოიგონა მან მარტოობის დასაძლევად

„ნანუკას შოუ” მალე სატელევიზიო სეზონს ასრულებს და  საზაფხულო არდადეგებზე „მიდის”.  არდადეგებისთვის ემზადება ნანუკაც, რომელიც უკვე ორი წელია, შაბათ-კვირას თბილისში ძნელი დასაჭერია. ამბობს, რომ ეს ორი წელი მის ცხოვრებაში ჟუჟუნა წვიმას ჰგავს. თუმცა, გარეგნულად ამას არ იმჩნევს.  იმაზე, რაც ხდება კადრს მიღმა, „ძველ ადგილებზე” დარჩნილ მეგობრებზე, საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდ ჯადოსნობაზე – ნანუკა ჟორჟოლიანი ჩვეულ სტილში, გულახდილი რესპონდენტის როლში, საკუთარი ცხოვრების ბოლო ორ წელს  „გვიმხელს”.    

 

ნანუკა ჟორჟოლიანი: ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდია.  ბოლო  ორი წელიწადი ჩემთვის ჟუჟუნა წვიმასავითაა – უცებ გამოიდარებს, უცებ ღრუბლები მოგროვდება. მოკლედ, თან მზეა და თან წვიმს.  ჩემი ცხოვრების  კარგი თუ ცუდი ეტაპები  დაკავშირებულია ჩემს შინაგან მდგომარეობასთან. ზოდიაქოს ნიშნით „კირჩხიბი” ვარ – ძალიან დამოკიდებული   გარემოს ისეთ უმნიშვნელო დეტალებზეც კი, რასაც სხვები ყურადღებას ვერ აქცევენ და საერთოდაც მიაჩნიათ, რომ იმ დეტალებს ცხოვრებაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს ხასიათს   ხშირად ამინდიც კი განსაზღვრავს.  ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს,  გარემოცვას.  ორი წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც ადამიანებმა გამოცდების ჩაბარება დაიწყეს: როცა გავაცნობიერე ვინ ნამდვილი მეგობარია, ვინ – არა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, არა თუ დავკარგე ადამიანები, არამედ შევიძინე. მივიხედ-მოვიხედე და ყველა ისევ იმ ადგილასაა, სადაც იყო ადრე. ვერ ვიტყვი, რომ არ მაქვს ძალიან მძიმე დღეები, რა თქმა უნდა, მაქვს,  მაგრამ ეს არ მემჩნევა. შინაგანად  კარგად ვარ, ამისთვის  კი ბევრი მიზეზი მაქვს.   მთავარი  ისაა, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მე ვარ ადამიანი, რომელიც  გამოწვევებს და სიახლეებს ჯანმრთელად ვუყურებ. უფრო მეტიც,  რთულ პერიოდებში მაშინვე „ხოდზე” მოვდივარ, ვძლიერდები და გამოსავლის ძებნას ვიწყებ. თითქოს  გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი.  ყველაზე დიდი სპორტული ინტერესი ის  არის, რომ ეს გზა  ღირსეულად გავიარო. ახლა ისეთი საინტერესო ეტაპი  მაქვს, ისეთი საინტერესო, ვერც კი წარმოიდგენთ.  საინტერესო არაა, როდესაც ქმარი რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით გყავს და ჩადიხარ მასთან პაემნებზე?

– დისტანციურ ურთიერთობაში ცხოვრება არ გიჭირს? რატომ  არ  წახვედი შენც მასთან ერთად თბილისიდან?

– ჩვენს ცხოვრებაში დისტანციური ურთიერთობა აუცილებელიც კი იყო.  ისეთ  ოჯახში, სადაც ორი აქტიური სოციალური სტატუსის მქონე ადამიანია,  ოჯახი ყოველთვის „დუღს”,   ხან ასე „დუღს”: ხან - ისე. მაგრამ, ეს პროცესი ძალიან საინტერესოა.  რვა წელია, რაც მე და ირაკლი ერთად ვართ.  ვფიქრობ, რომ რვა წლის შემდეგ, ასეთ დისტანციურ ურთიერთობაში თავისებური რომანტიკაც კი არის. როდესაც   ორ-სამ კვირაში ერთხელ ნახულობ ადამიანს,  რომელიც შენთვის ძალიან ძვირფასია, ყველა შეხვედრა დანიშნულ პაემანს ჰგავს.  ევროპული პაემანი ადრეც ბევრჯერ გვქონია, მაგრამ ახლა ეს, სულ სხვაა.    რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ წავედი მეც ევროპაში. მე რომ მიმეტოვებინა ის საქმე, რასაც ვაკეთებ, ვეღარ გამოვადგებოდი ჩემს ქმარს და ჩვენი ოჯახი დაინგრეოდა.  ირაკლი ვერ მიიღებდა იმ ნანუკას, რომელსაც ის ევროპაში „ნახავდა”, იმად ვერ ვივარგებდი.   იმის მიუხედავად, რომ ირაკლი ძლიერი ხასიათის ადამიანია და მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მას უყვარს ნანუკა რისკიანი, თავდაჯერებელი და  დამოუკიდებელი. ისეთი, რომელიც მას არ აწუხებს პრობლემებით, რომლებითაც ცოლები ქმრებს აწუხებენ. მე არ ვარ ცოლი, ვისთვისაც ჩვეულებრივი რამაა ძიძის ფულის გამოგზავნა და  კართან ლოდინი დილით,  რომ ქმარმა ქვითრის ფული გადაიხადოს.  მე ყოველთვის ვახერხებ დამოუკიდებლად ცხოვრებას. ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ  და ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს კმაყოფაზე უნდა იყო. იმ მითების მიუხედავად, რაც ჩემი ქმრის ოჯახის ირგვლივ არსებობდა, მე არ გამომიყენებია  მათი  ფინანსური რესურსი.  მე ყოველთვის მქონდა მაღალი შემოსავალი. ჩემი მაქვს ყველაფერი. მე ჩემი სტატუსი მაქვს – არ ვარ ირაკლი კოდუას ცოლი, მე ნანუკა ვარ, ჟორჟოლიანი.  შესაბამისად, არც ირაკლი კოდუაა ჩემი ქმარი,  თავის სტატუსთან „კავშირში”.  ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მსიამოვნებს, რომ ის აღარ მუშაობს. ამით ძალიან  კარგად ვარ,  იმის მიუხედავად, ვიცი, რომ ირაკლი  თავისი საქმის პროფესიონალია და ამ საქმის ერთგულებასა და სიყვარულში  ოდიოზური გახადა საკუთარი ფიგურა. მე ამ თემაზე ირაკლისთან ბევრჯერ მიკამათია.  მესმის, რომ მან გააკეთა მაქსიმუმი. მეც ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ  არასდროს გავაკეთებ სკანდალურ შოუს.

– გაგიკეთებია, და თან არაერთი.

–  ჩემი ბრალი ხომ არ იყო ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს რომ ჩანგალი დაარტყა? მე არ გავაკეთებ ნაგიევს, თუ სტუდიაში ვინმე ჩანგლის მოქნევის ხასიათზე დადგება. ეს ჩემი ბრალი  ნამდვილად არ არის. ირაკლი  სულ მიხსნიდა, რომ მისი პროფესია ჩემი პროფესიისგან განსხვავებული იყო და შესაბამისად, მოუწია, მსხვერპლად გაეღო საკუთარი სახელი და იმიჯი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ იქ აღარ მუშაობს, სადაც მუშაობდა, ვფიქრობ, მარტო ამიტომაც ღირდა, ეს ყველაფერი მომხდარიყო. 

– იმ სიტუაციაში, როდესაც ირაკლი კოდუა საქართველოდან წავიდა, შეელიე მარიამსაც, რომელიც სასწავლებლად გაუშვი ევროპაში.  

– ოო, მარიამთან დაშორება ძალიან გამიჭირდა. ირაკლის წასვლიდან ერთი წლის შემდეგ, მარიამიც წავიდა. მთელი ჩემი დრო, ენერგია მასზე მქონდა გადატანილი,  უცებ  ერთ დღესაც გავიღვიძე და მარიამიც არ იყო ჩემ გვერდით. მარიამი  უნდა წასულიყო აქედან  ბევრი მიზეზების გამო. უპირველესად, იმ ასაკშია, როცა უნდა იცხოვროს დამოუკიდებლად და გარკვეულ პრობლემებს თვითონაც ეჭიდაოს. მარიამი სწავლობდა ბუდაპეშტის სკოლაში, წარმატებით ჩააბარა გამოცდები, მოიპოვა დაფინანსება და ახლა მიდის ჰარვარდში, ლიდერშიფის რამდენიმეთვიან კურსზე.  მარიამისგან ეს   არ გამკვირვებია, შვილის წარმატება ყოფილა  ყველაზე დიდი ჯადოქრობა დედისთვის. ამან ისე გამახარა,  რომ წითელი ცირკულარიც დამავიწყდა და  ყველა ის ბრალიც, რაც    ირაკლის  ჰქონდა  წაყენებული (იცინის). როცა მარიამი წავიდა, ერთ საღამოს  შევედი სახლში და  აღმოვაჩინე, რომ სულ მარტო ვარ - საბას სძინავს, ძიძას სძინავს და ბუბუც კი არ ყეფს. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მერე გამოვიმუშავე არაჩვეულებრივი რამ – ძილის წინ ყველა მეგობარს ვურეკავ და ვიგებ სად არიან. და სანამ ძილის დრო არ მომდის, იქამდე არ მივდივარ სახლში. მე ხომ ჩვეულებრივი ვამპირი ვარ, რომ ღამდება, მერე „მოდის”  ჩემი ენერგია (იცინის).

– ხან შვილთან ჩადიხარ ევროპაში, ხან ქმართან. შაბათი-კვირა თბილისში არასდროს არ ხარ?  

– ჩემი დაჭერა თბილისში ძალიან რთულია.  ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, წინა შაბათ-კვირას პირველად დავრჩი თბილისში. ფიზიკურად ხშირი ფრენა ძალიან რთულია, ამიტომაც მაქვს ქრონიკული უძილობა, მაგრამ არა უშავს, ღმერთმა ამაზე მეტი პრობლემა არ მომცეს.  ეს შაბათ-კვირა  საბასთან ერთად  გავატარე, რომელიც ძალიან ბედნიერი იყო.  საბა უკვე თვითონაც ხშირადაა ევროპაში. დადის აქეთ-იქით და ამბობს, რომ მამა-თბილისი ჯობია დედა-თბილისს (იცინის).      

– უკვე 17 წელია, ტელესივრცეში ხარ. იყავი აქტიური რეპორტიორი, წლებია, აკეთებ ძალიან რეიტინგულ გადაცემას. რას ფიქრობ, როგორ შეიცვალა შენი პროფესიული სტანდარტი?  

– ჩემს  ცხოვრებაში  პროფესიული  სტანდარტი ბევრჯერ შეიცვალა. ძალიან ბევრჯერ გავუკრიტიკებივარ მაყურებელს. მიკრიტიკებდნენ ყველაფერს, ჩაცმის სტილით დაწყებული, რა ვიცი, ყველაფრით დამთავრებული.  მაგრამ, ამ ბოლო დროს  თითქოს შეიცვალა რაღაც რაღაცეები და კრიტიკაც უფრო ნაკლებია, მაყურებელმა ის სიახლეები მიიღო, რასაც მათ ვთავაზობდით. ორ შვილს ვფიცავარ, მე ვარ ის გამონაკლისი, ვინც ძალიან ჯანსაღად იღებს კრიტიკას. ჩემი მთავარი სტანდარტი არის ის, რომ მიცემული სიტყვა არასდროს დამირღვევია. ეს ჩემი ცხოვრების ოქროს წესია. ქვეყანაზე ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც გეტყვით, რომ სიტყვა მივეცი და დავარღვიე.  

ვფიქრობ, ახლა  უფრო ვუთამამდები „რუსთავი 2-ს”. ის სიგიჟეები, რაც მქონდა „იმედზე,” აქ არ მქონია. „რუსთავი 2-ზე” „ნანუკას შოუ” ძალიან ფრთხილად დავიწყე. იმ სიგიჟეებით აქ ძალიან ამოვარდნილი ვიქნებოდი. ნელ-ნელა მივეპარე „რუსთავი 2-ს”, ბოლო პერიოდში ძალიან მოვეშვი, მეტი იუმორი, სითამამე და სილაღე შევუშვით. სექტემბრიდან ალბათ, იტყვიან, რომ გიჟი ნანუკა დაბრუნდა. 

– „რუსთავი 2-დან” წავიდა შენი უახლოესი მეგობარი ნინო შუბლაძე. ეს დისკომფორტს არ გიქმნის?

– კი, როგორ არა. ყველა სამშაბათს მგონია, რომ უნდა შევუარო და მოვუყვე, რა ჩავწერეთ და როგორ. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ სამშაბათის შეხვედრები თითქოს ტრადიციული იყო.  აქ ნინო მაკლია მეც და აკლია ყველას. თუმცა, ობიექტურად გეტყვით, რომ ნინოს ახლა უფრო სცალია ჩვენთვის,  რაც ჩვენ, მეგობრებს  ძალიან მოგვწონს. ჩვენ  არ ვყოფილვართ „რუსთავი 2-ის” მეგობრები. ის ჩემი საუკეთესო „კომპანიონია” ცხოვრებაში, ცხოვრება კი  მოიცავს ყველაფერს – პრობლემებს, ბედნიერებას, უბედურებას. მე მყავს ისეთი ახლო  მეგობრები, როგორიც არის ნინო. თითოეულ მათგანზე მგონია, რომ ის ყველაზე ახლო მეგობარია. მყავს ახლად შეძენილი მეგობრებიც, რომლებთანაც რამდენიმე წელი მაკავშირებს, მაგრამ ძალიან თამამად ვეძახი ახლო მეგობრებს. 

– როცა მეგობრები გყავს სტუმრად,  „ჩიტებიც”  აღარ გჭირდება,   როგორ ართმევ თავს მეგობრებთან წამყვანის როლს? 

–  ძალიან გულწრფელად ვამბობ, რომ ის ჩემი მეგობარია. მათთან არ მჭირდება ჩიტი, ყველაფერი ვიცი, ხანდახან ვერც კი ვხვდები, სად უნდა მოვზომო, რა უნდა ვკითხო და რა – არა.  ეს დამემართა გოგოლა კალანდაძესთან, თეონა კონტრიძესთანაც, მაგრამ მგონი, ყველა შემთხვევას კარგად „დავუძვერი”. საიდუმლოებები არ გამითქვამს, ზედმეტი შეკითხვები არ დამისვამს. 

– ახლო მეგობრები გყავდა წინა ხელისუფლებაშიც. ისინი ისევ იმ „ადგილებზე” არიან,  სადაც იყვნენ?

– რა თქმა უნდა.  ბოლო პერიოდში ძალიან ბევრჯერ  ვნახე გაკვირვებული ადამიანების  პოსტები:  შენ იმიტომ გვიყვარხარ, რომ ასეთი გოგო ხარ და დარჩი ამ ადამიანების მეგობრად! ვერაფრით გავიგე, რატომ არის დასაფასებელი თვისება, არ დაკარგო ადამიანი მას შემდეგ, რაც ირგვლივ ბევრი რამ იცვლება. თუ თქვენ ჩემს ექსმაღალჩინოსან მეგობრებში  გულისხმობთ, მაგალითად,  დათო კეზერაშვილს, ის ჩემთვის ერთადერთი მეგობარია, რომლისგანაც დიდ ადამიანურ ძალას ვგრძნობ. ასეთი რამ არც ერთი მეგობრისგან არ მიგრძნია. მას შეუძლია, ყველაზე მაგარი რჩევა მოგცეს ყველაზე რთულ დროს; ყველაზე კარგი გამოსავალი გაპოვნინოს ყველაზე გამოუვალი სიტუაციიდან. სულ რამდენიმე ადამიანია, ვისაც შეუძლია, გავლენის ქვეშ მომაქციოს. მათ შორისაა კეზერაც, რომელსაც  შეუძლია, დამარწმუნოს, რომ მე ვარ შავგვრემანი და  ხუჭუჭთმიანი.   

– ახალ ხელისუფლებაშიც გყავს მეგობრები?

– ახალ ხელისუფლებაში მეგობრები არ მყავს, მაგრამ  არიან ადამიანები, რომლებსაც პატივს ვცემ. არ მინდა, რომ ხალხს იმედი  გაუცრუონ, მინდა, კარგ ტიპებად დარჩნენ. ძალიან ვგულშემატკივრობ სერგეენკოს,  კახი კალაძეს.  მგონი, ყველაზე მეტად გაიზარდა ეს ფეხბურთელი ბიჭი, ყველაზე დიდი პათოსი აქვს. რიკოშეტით გაასწრო ბევრს. როგორ არ უნდა ვცე მას პატივი? ტიპს არ უტყდებოდა მეტყველების პედაგოგთან სიარული. ყველაფერი გააკეთა, რომ საკუთარ თავზე მეტი ემუშავა. პატივს ვცემ ირაკლი ალასანიას, დათო უსუფაშვილს. რაც არ უნდა ბრალი წაუყენონ ირაკლი კოდუას, ამ ხალხს პატივს ვცემ და რა ვქნა? პოლიტიკის მიღმა არის ადამიანური ურთიერთობები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი დრო მაქვს ადამიანური ურთიერთობებისთვის. ადრე ხშირად ვერ ვიცლიდი ამისთვის, ახლა სიამოვნებით ვეკონტაქტები უცხოებს, ვისმენ მათ ისტორიებს. ის დრო, რასაც ირაკლის ვუთმობდი, ახლა ეთმობა სხვა ადამიანებს, რაც ძალიან საინტერესოა. წარმოიდგინეთ, ახლა ისევ ისე რომ ვცხოვრობდეთ – ირაკლი ამდგარიყო დილით, წასულიყო მოდულის შენობაში, ისევ იმ სამსახურში, ისევ უნდა გაეკრიტიკებინათ, რადგან პოლიციელის საქმიანობით  კმაყოფილი არავინაა. ეს კარგი საქმეა, ქურდებისგან და ნარკოტიკების რეალიზატორებისგან გაწმენდილ ქვეყანას რა ჯობია. სწორედ ამიტომ დარჩნენ ეს ადამიანები ამ იმიჯით, მაგრამ მე როგორც ცოლი ახლა ადამიანურ რეფლექსებზე ვსაუბრობ. საღამოს შევხვდებოდით მე და ირაკლი ერთმანეთს, წავიდოდით სადმე. გავიდა ასე ექვსი წელი. ახლა? ავდექი, წავედი სამსახურში, მერე შევხვდი უამრავ ადამიანს, მერე ჩავჯექი თვითმფრინავში, გავფრინდი, იქ მელოდებიან ჩემი საყვარელი ადამიანები... ეს კარგია. ამ ქვეყანაში კარგი და ცუდი მითები მალე ინგრევა. ეს ყველაფერი ადამიანებს მისცემთ საშუალებას, დაინახონ თეთრი და შავი. 

 

скачать dle 11.3