ბაირამობის დასასრული
შენ რომ ჩემთვის ქვები არ გისვრია
შესაძლოა, იმიტომ, რომ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ან იქნებ იმიტომაც, რომ დედამიწა კვლავაც ქალამნად მიაჩნიათ: ყოფილი ხელისუფლების თვალსაჩინო სახეები (ბ-ნები უგულავა და წიკლაური, ზედაც – ქ-ნი ჩიორა) მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კაბინეტში შეუცვივდნენ და „ნაციონალების“ კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის ახსნა მოსთხოვეს. რასაკვირველია, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს (სავარაუდოდ, მოქმედების პათოსი ასეთია: „შეჩვეულს ნუ გადააჩვევ“, ოღონდ ისაა, რომ ვერც გადააჩვევ).
ცესკომ მომხდარი ზეწოლად და საარჩევნო პროცესში უხეშ ჩარევად შეაფასა (თუმცა პირადად ჩემთვის ჟანრის კლასიკად მაინც 2012 წლის არჩევნებში ხაშურის საარჩევნო უბნიდან სპეცრაზმის მიერ საარჩევნო ყუთების გატაცება რჩება). შს მინისტრმა კი მოგვახსენა, რომ გამოძიება დამნაშავეებს გამოავლენს, ოღონდ, მათ მხოლოდ არჩევნების შემდეგ დასჯის (მანამდე, რაკი მორატორიუმია, დაე, იბაირამონო).
ჩვენ არ ვიცით, რით დასრულდება ეს კონკრეტული ბაირამობა (რადგან ეს ჩვენი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ფრიად არასახელმწიფოებრივად მოქმედებდნენ, ვინაიდან, ხაზგასმით იმეორებდნენ: ჩვენი აზერბაიჯანული წარმოშობის კანდიდატიო), თუმცა ვიცით, რომ მეორე დღეს ბ-ნმა უგულავამ ბოდიში მოიხადა. მომყავს ციტატა: „საღამოს ვნახე ჩემი თავი, თვითონ არ მომეწონა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ყვირილი და ხმამაღალი საუბარი ლამაზი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან ასეც ხდება ხოლმე (ხდება, თურმე – ).“
თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი უგულავა აქამდეც არაერთხელ მოქცეულა ულამაზოდ (განსაკუთრებით, როდესაც ძალაუფლების სადავეები ეპყრა), ოღონდ, ბოდიში წამლადაც არ მოუხდია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას მის პიროვნებაში ძირეული ძვრები მოუხდენია და, ალბათ, სრულყოფილების მისაღწევად მისთვის დისტანცირების გაგრძელება ჰაერივით აუცილებელია?! – .