საქართველოში პირველი ინდუსტრიული ყავის საწარმო გაიხსნა
სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის, საქართველოში პირველი ინდუსტრიული ყავის საწარმოს – Cherie-ს პრეზენტაცია გაიმართა. მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა საწარმოს ტერიტორია და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერეს. მედიის წარმომადგენლები საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნენ და ახალი ქართული ყავა დააგემოვნეს.
ინფორმაციისთვის, კომპანია Cherie 2012 წლის 21 მარტს დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ნედლი, მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება (გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) და რეალიზაცია. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი, ყავის ინდუსტრიაში საუკეთესოდ აღიარებული გერმანული Probat-Werke-ს დანადგარებით აღჭურვილი საწარმო. მწვანე მარცვლის იმპორტი ევროპიდან ხორციელდება, თუმცა, მისი თავდაპირველი მომწოდებელი ქვეყნებია ბრაზილია, კოლუმბია და სხვა.
ღონისძიებას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. ქეთევან ბოჭორიშვილი ახალი ინდუსტრიული საწარმოს გახსნას მიესალმა და განაცხადა: „ძალიან გვიხარია, რომ ორწლიანი მუშაობის შედეგად საქართველოში ასეთი მაღალი დონის საწარმო გაიხსნა. ვფიქრობთ, რომ მითი, თითქოს საქართველოში კარგი ყავის დამზადება არ შეიძლება, „ჩერიმ“ დაამსხვრია,“ – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
„ჩვენი კომპანია პირველია, რომელმაც საქართველოში ინდუსტრიული ყავის წარმოება დაიწყო და ქართველ მომხმარებელს უნიკალური ტექნოლოგიით მომზადებული, გამორჩეულად გემრიელი, 100 პროცენტით ნატურალური ყავა შესთავაზა. სამწუხაროდ, საქართველოში მასობრივად იყიდება უხარისხო ყავა. აქედან გაჩნდა იდეა – მომხარებლისთვის მიეწოდებინა ნამდვილი ყავა, რომელიც მათი გემოვნების მიხედვით შეიქმნა, ამაში მდგომარეობს Cherie-ს კონკურენტული უპირატესობაც. ამასთანავე, ჩვენს შეფუთვას აქვს სპეციალური სარქველი, რომლის საშუალებითაც გამოიყოფა ნახშირორჟანგი, შეფუთვაში კი ვერ აღწევს ჟანგბადი, რაც დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს ყავას გემოსა და თავდაპირველ არომატს. პროდუქცია გადის ყველა საჭირო შემოწმებას და სერტიფიცირებულია როგორც მომწოდებლის, ისე ადგილზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. დღესდღეობით Cherie ყავის ყველაზე დიდი მწარმოებელია ქვეყანაში. საწარმოს სრულად დატვირთვის შემთხვევაში, ბაზრის 60 პროცენტის დაკავებას შევძლებთ. აღსანიშნავია ის, რომ საუკეთესო ყავები მზადდება იმ ქვეყნებში, სადაც ყავა არ მოდის. იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხის ყავა ვაწარმოოთ, არ არის აუცილებელი, ის საქართველოში მოდიოდეს, ამისთვის საჭიროა ის ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც ჩვენი კომპანიის საკუთრებაშია,” – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ლომთათიძემ.
ამჟამად Cherie ორი დასახელების ნალექიან ყავას აწარმოებს: „ჩერი – კლასიკი”, რომელიც წარმოადგენს 100 პროცენტით „არაბიკას” ჯიშის ყავების ნაზავს დახვეწილი გემოთი და, ასევე „ჩერი – ორიგინალი“, რომელიც აზიური „რობუსტასა” და სამხრეთამერიკული „არაბიკას” ჯიშის ყავების ნაზავია ძლიერი გემოთი. პროდუქტი გათვლილია საშუალო და მაღალ სამომხმარებლო სეგმენტზე. „ჩერი კლასიკის” 100-გრამიანი შეფუთვის საშუალო ფასია 3.50, ხოლო „ჩერი – ორიგინალის” – 2.50 ლარი.
სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის ხაზის გაფართოება და 12 დასახელების ყავის გამოშვება. კომპანიაში პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავენ.