ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
ალექსანდრე ჭავჭავაძეს ჰკითხეს: ჩიბუხს რატომ არ სწევო? „გოგჩის ტბის“ დამწერმა უპასუხა:
„მე ჩიბუხისა წევითა
ვერ გადავივლი მთასაო;
ასე რომ ბოლი მიყვარდეს,
ბუხარში შევყოფ თავსაო“.
***
რა არისო, რომ სამსჯავროში საქმის გარჩევის დროს მსაჯულებს მუნდირები აცვიათ, ადვოკატებს – ფრაკი და დამნაშავეები კი უფრო ხშირად შიშვლებიც არიანო? – ჰკითხეს აკაკის.
– ეს იმას ნიშნავს, – მიუგო პოეტმა, – რომ საქმის გარჩევა მსაჯულებისთვის სამსახურია, ადვოკატებისთვის – ბალი და დამნაშავეთათვის კი – აბანოო.
***
არჩევნების დროს ზოგიერთი აბეზარი კენჭოსნები ჰყვიროდნენ: „კენჭი მოგვეცით, კენჭი!.. კენჭმა უნდა გაგვასწოროსო“.
– ნეტავი თქვენ გასწორდებოდეთ და ვინ ოხერი ან ლოდს დაიშურებს თქვენთვისო, – მიაძახა აკაკიმ.
***
დილის 6 სრულდება. ნიაზი მაგარ „პახმელიაზეა“ და ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სახაშისკენ მიემართება. გზად ერთ ხელჯოხიან, ბებერ ინტრიგან მეზობელს გადაეყარა, რომელიც რძის ბიდონით დადიანის ქუჩაზე, სახაშიდან რამდენიმე მეტრში, ჩამოსასხმელი რძის საყიდლად მიდიოდა.
– საით მიიჩქარით, ყმაწვილო, ამ დილაადრიან? – ჰკითხა ინტრიგანმა, რომელსაც მშვენივრად მოეხსნებოდა, სად შეიძლებოდა წასულიყო სისხამ დილით ნიაზი.
– რადიო გამიფუჭდა და მეგობართან მივდივარ – ჰიმნის მოსასმენად (იმ დროს რადიოგადაცემები დილის 6 საათზე საბჭოთა კავშირის ჰიმნით იწყებოდა), – უპასუხა ნიაზმა, საათს დახედა, – უკაცრავად, მაგვიანდებაო, – და ნაბიჯს აუჩქარა.