კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხდებოდა აჩიკო მეფარიძის ცხოვრებაში სიმღერამდე „მითხარი“

მომღერალი აჩიკო მეფარიძე მსმენელმა 15 წლის წინ გაიცნო და მას შემდეგ არაერთი საინტერესო სიმღერა შესთავაზა მსმენელს. ბოლო დროს იშვიათად ჩანდა საქართველოში, მაგრამ როგორც თავად გვითხრა, ამჯერად შემოდგომისთვის გრანდიოზულ პროექტს ჰპირდება მსმენელს. როგორ გახდა ექიმი, წლების შემდეგ ცნობილი მომღერალი, ამას და სხვა საინტერესო ამბავსაც, მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

– მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს იშვიათად ჩანხართ, გამოჩენისთანავე ყურადღების ცენტრში ექცევით. ყოველთვის ფორმაში ხართ და აკმაყოფილებთ ყველა სტანდარტს, რაც მომღერალს მოეთხოვება. როგორ ახერხებთ წლების განმავლობაში მუდმივად ფორმაში ყოფნას?

– დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. ალბათ, ასე ვცხოვრობ და თავისთავად ხდება მერე უკვე ყველაფერი. ეს არის ცხოვრების წესი, რომელსაც თავად ირჩევ და მიჰყვები. მომღერლობა მარტო ის არ არის, რომ სიმღერა შეგეძლოს, ეს სტატუსიც უნდა ატარო. არსებობს მოვალეობების გარკვეული ნუსხა, რაშიც ასევე, შედის, რომ ყოველთვის იყო ფორმაში, მზად და მობილიზებული. საერთოდ, რა იმიჯსაც შეიქმნი, ის უნდა ატარო ძალიან ამაყად, თავდაჭერილად და თამამად. რა თქმა უნდა, გათავისებული უნდა გქონდეს, რომ ეს შენია. ეს ყველაფერი კი მერწმუნეთ, თავისთავად ხდება. 

– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გვიან გამოჩნდით, ეს ტყვიის გასროლასავით მოხდა. მაშინვე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდით. სიმღერით „მითხარი,” რომელიც რუსა მორჩილაძემ სპეციალურად თქვენთვის დაწერა, ალბათ, ყველაფერი ნათქვანმი იყო თქვენი მხრიდან საწყისი ეტაპისთვის.

– ნამდვილად ასე იყო. მიმაჩნია, რომ ყველას თავის ვარსკვლავი და ადგილი აქვს სამყაროში. ზოგთან მის შემოქმედებაში შემოვარდნის, აფეთქვებისა და წარმატების პერიოდი მოდის გამოჩენისთანავე, ზოგთან – არა. იღბალიც სწორედ ეს არის. რუსა მორჩილაძის „მითხარი,” მართალია, ჩემთვის ეს პირველი ნამღერი არ იყო, თუმცა ფართო მასისთვის სწორედ ამ სიმღერით გავხდი პოპულარული. მანამდეც საკმაოდ კარგად მიცნობდა მუსიკალური საზოგადოება, მაგრამ მსმენელთა უმეტესობამ მოგვიანებით გამიცნო. ჩემი შემოქმედება მათთვის ცნობილი გახდა სწორედ სიმღერით „მითხარი.” მე და რუსა მორჩილაძემ ერთმანეთი გავხადეთ პოპულარული. რუსამ მართლა ძალიან ბევრი კარგი სიმღერა დაწერა და მეც ბევრი მაქვს მისი შემოქმედებიდან შესრულებული. 

– ბოლო დროს იშვიათად ჩანხართ საქართველოში. ამჟამად თბილისში იმყოფებით და საინტერესოა, რაიმე კონკრეტული გეგმა თუ გაქვთ მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებით?

– ბოლო წლებია, მოსკოვში ვცხოვრობ და იქ ვმოღვაწეობ. ამჯერად კი, ოჯახური პირობების გამო, გადავწყვიტე, ამ ეტაპზე აქ ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, გეგმებიც მაქვს ძალიან კარგი, რომელსაც ჯერ ვერ გავახმაუროებ. როგორც იტყვიან, თვალი არ ეცეს. შემიძლია, გითხრათ ერთი, რომ მაყურებელს და მსმენელს კარგ რაღაცეებს ვპირდებით, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. 

– კარგი პროექტები ნამდვილად გვჭირდება. წლების წინ იყო ჯანსაღი კონკურენცია, არსებობდა მუსიკალური არხები და მომღერლებსაც უფრო დიდი სტიმული გქონდათ კლიპების გადაღებისა და რომელიმე არხზე მისი გამოჩენის.

– ჩემი პირველი ჰიტი „მითხარი” 1999 წელს შეიქმნა, რომლის შემდეგაც 15 წელი გავიდა. სამწუხაროდ, ბოლო 10 წელი იმას დაეთმო, რომ მთელი შოუ-ბიზნესი, ტელესივრციდან გამქრალიყო და პოლიტიკოსების დუეტებით ჩანაცვლებულიყო და ასე შემდეგ. ეს სწორი არ იყო, რადგან შოუ-ბიზნესს თავისი ადგილი აქვს, პოლიტიკას კი – თავისი. ამიტომ, ერთი მეორეს ხელს არ უნდა უშლიდეს. რაც უფრო პოლიტიზებულია მოსახლეობა, მისი ცხოვრება მით უფრო დაძაბული და ნერვულია. ძალიან ბევრია ისეთი ქვეყანა, სადაც საერთოდ არც კი იციან მთავრობის სათავეში ვინ არის. ხალხიც მშვენივრად ცხოვრობს, მშვიდად არიან და კარგად გრძნობენ თავს. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, ტელესივრციდან არ შეიძლება შოუ-ბიზნესის აორთქლება. 

– ალბათ, თქვენი ძირითადი პროფესია მაინც ექიმობაა. 

– რთულია ამის თქმა, რომელია ჩემთვის ძირითადი პროფესია. იმ პერიოდში, როცა მედიცინით ვიყავი დაკავებული, მაშინ ჩემი ძირითადი პროფესია ის იყო, შემდეგ კი, პროფესია შევიცვალე. ექიმი ბუნებით უნდა იყო, უნდა გიყვარდეს პაციენტი და ცდილობდე, მის განკურნებას ნებისმიერი გზით – იქნება ეს სიტყვით, მედიკამენტით თუ პროცედურით, არ აქვს ამას მნიშვნელობა. მე ძალიან მიყვარს პაციენტები, ამიტომ, რა თქმა უნდა, მედიცინით დღესაც ვარ დაკავებული. დღე არ გავა, ვინმემ არ დამირეკოს და რჩევა არ მკითხოს. ეს ძალიან კარგია და მახარებს. მოსკოვში ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი ვარ. მართალია სტომატოლოგია ცალკე განხრაა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. აქ მოღვაწეობას რაც შეეხება, არ ვიცი. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ მედიცინას ისევ დავუბრუნდე და ისევ შევეხო ამ პროფესიას. 

– მოწოდებით ექიმმა ერთ დღესაც გაიღვიძეთ და მიხვდით, რომ მომღერლის პროფესიაც უნდა შეგეთავსებინათ, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

– როგორც გითხარით, ადრეც ვმღეროდი და სიმღერა 15 წლის წინ არ დამიწყია. მინდა, ისიც გითხრათ, რომ სანამ „მითხარის” ვიმღერებდი, მანამდე ქართული სიმღერა არც მიმღერია. ადრე უნივერსიტეტის ორკესტრი არსებობდა, სადაც ვმღეროდი. მას ძალიან კარგი ჯაზმენი და ამჟამად კომპოზიტორი, ენრი ლოლაშვილი ხელმძღვანელობდა. ძალიან საინტერესო პროგრამა გვქონდა, ეს იყო სოული და ჯაზი, რასაც მე ვმღეროდი იქ. ასევე, ვმღეროდი ხალხურ ანსამბლშიც. რამდენიმე საგალობელიც კი ვისწავლე, რაც ჩემთვის საინტერესო იყო. არაჩვეულებრივი პედაგოგი, კოტე მშვიდობაძე ხელმძღვანელობდა ამ ანსამბლს. რუსეთში ვსწავლობდი და სტუდენტობის დროს მქონდა მცდელობა, ქართული სიმღერები მემღერა და მისგან ახალი, უფრო თანამედროვე ვერსიები გამეკეთებინა. მაგრამ, არც ერთი ისეთი ღირებული არ გამოვიდა, მაგალითად, როგორც იყო „მითხარი.”

– ალბათ, იმიტომ რომ, „მითხარი” სპეციალურად თქვენთვის დაიწერა და მანამდე არავის  ჰქონდა ნამღერი. 

– თან, სრულიად ახალი სტილის სიმღერა იყო. ამიტომაც გახდა პოპულარული გაჟღერებისთანავე და პოპ-მუსიკის განვითარებაში ახალი ეტაპი შემოიტანა. როცა დავრწმუნდი, რომ კარგი გამოვიდა, ამიტომაც გავაჟღერეთ ის რადიოებსა და ტელევიზიებში. შემდეგ კი მასზე კლიპიც გადავიღეთ. ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.  

– რუსეთში გამგზავრებას როდის გეგმავთ?

– ჯერჯერობით აქეთ ვიქნები, რადგან შემოდგომისთვის დიდ პროექტს ვამზადებთ. ბევრ საინტერესო სიმღერას და კლიპს იხილავთ ახლო მომავალში. ეს იქნება შემოდგომის დასაწყისისთვის. იქნება უფრო გრანდიოზული, ვიდრე აქამდე შეგვითავაზებია მაყურებლისთვის. 

 

скачать dle 11.3