რაში აიღო პირველი „ოსკარი“ საქართველოში წლების წინ წარმატებულმა პლასტიკურმა ქირურგმა მაია დვალაძემ და როგორ გახსნა მან მანჰეტენზე ქართული რესტორანი, რომელსაც 8 თვეში ვარსკვლავი მიანიჭეს
„ცხოვრებამ იმდენი რამ მანახა, ამას ვერასდროს ვინატრებდი... საქართველოში ყველაფერი მქონდა, რაც შეიძლება, ადამიანმა ინატროს და ამერიკაში მინუსიდან დავიწყე ყველაფერი. პირველივე დღიდან ვიბრძოდი იმისთვის, რომ სიტუაციიდან გამოვსულიყავი. 6 თვის განმავლობაში სულ ვტიროდი, ჩემი ტვინი ვერ აზროვნებდა, ვერ ხვდებოდა: რა უნდა მეკეთებინა. 6 თვის შემდეგ, სარკეში საკუთარი თავი რომ დავინახე, მივხვდი, ასე არ შეიძლებოდა ცხოვრების გაგრძელება. მე საქართველოში წლინახევრის შვილი დავტოვე, ეს ყველაზე დიდი საშინელებაა – მარიამის სუნს ამდენი წლის შემდეგ დღესაც ვგრძნობ. მივხვდი: არ მქონდა იმის უფლება, საკუთარი თავი დამეკნინებინა, ხელი ჩამექნია. ამიტომ, დავიწყე არსებობისთვის ბრძოლა. ჩემი შვილი ისევ საქართველოშია, მას ჩემი ძმა და რძალი ზრდიან. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი ადამიანები მყავს ოჯახში. ისინი მას იმას აძლევენ, რასაც მე ვერ მივცემ, რადგან მე რესტორანში ვცხოვრობ, სხვანაირად არაფერი გამოვა...“ – ეს სიტყვები თბილისში ერთ დროს ძალიან წარმატებულ პლასტიკურ ქირურგს, მაია დვალაძეს ეკუთვნის. რომელმაც გარკვეული პრობლემების გამო, წარმატებული კარიერა მიატოვა, წლინახევრის შვილი საქართველოში დატოვა და ამერიკაში წავიდა ცხოვრების მინუსიდან დასაწყებად. დღეს მაია პლასტიკურ ქირურგად აღარ მუშაობს, მაგრამ მანჰეტენზე აქვს საკუთარი, ქართული რესტორანი „ოდა ჰაუსი“, რომელიც ძალიან მცირე დროში საკმაოდ პოპულარული და წარმატებული გახდა.
მაია დვალაძე: თბილისში დავიბადე, გავიზარდე, დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი. შემდეგ ვსწავლობდი და ვმუშაობდი ჯერ ბულგარეთში, შემდეგ საფრანგეთში, ლიონში... ბულგარეთში მუშაობისას გავიცანი ჩემი პროფესორი, ალან ტენემბაუმი, რომელიც მთელი მსოფლიოს პლასტიკური ქირურგების ათეულშია შესული. ლიონში პლასტიკური ქირურგიის სკოლა საკმაოდ ძლიერია. მისვლისთანავე ორ ოპერაციაზე დამაყენა, აინტერესებდა, რას ვიზამდი და შემდეგ ამიყვანა თავის ჯგუფში. სწორედ საფრანგეთში ავირჩიე პლასტიკური ქირურგია. შემდეგ ისევ ბულგარეთში დავბრუნდი, იქიდან კი 1997 წლის ბოლოს საქართველოში ჩამოვედი. ჯერ ვმუშაობდი ქირურგიის ინსტიტუტში, შემდეგ ერთ-ერთ კლინიკაში. მერე კი საკუთარი კლინიკაც გავხსენი, რომელიც მხოლოდ ერთი წელი ფუნქციონირებდა... 1997 წლიდან 2007 წლამდე, ფაქტობრივად, 10 წელი პლასტიკურ ქირურგად ვიმუშავე. ერთ დღესაც ამერიკაში მიმიწვიეს კონფერენციაზე, ჩამოვედი და საბოლოოდ, აქ დავრჩი.
– როგორც ვიცი, საქართველოში საკმაოდ წარმატებული კარიერა გქონდათ. იმ დროს ერთ-ერთი ცნობილი პლასტიკური ქირურგი იყავით, ვისთანაც მაშინდელი ბომონდი და არა მხოლოდ ისინი, იკეთებდნენ პლასტიკურ ოპერაციებს.
– კი, რადგან პირველი ვიყავი წოპეს შემდეგ. ვერ ვიტყვი მათ სახელებს, ძალიან ბევრნი იყვნენ. თან, იმ დროს უმეტესობა ამას მალავდა. ძირითადად, ვმუშაობდი ლიპოსაქციებზე, აბდომინო-პლასტიკებზე, რინო-პლასტიკებზე, ნეფარო-პლასტიკებზე, მკერდის პლასტიკაზე. მაშინ ყველაზე მოთხოვნადი მაინც ლიპოსაქცია იყო. ლიპოსაქციის გაკეთება ალან ტენემბაუმმა მასწავლა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ლიპოსაქციის „მამაა“. მას მეუღლემ შვიდი შვილი გაუჩინა და იმის გამო, რომ ცოლი ფორმაში ჰყოლოდა, გამოიგონა ლიპოსაქციის ის მეთოდი, რასაც მე ვაკეთებდი. საკმაოდ კარგი შედეგი მქონდა, დღეს ჩემი საქმე ძალიან მენატრება. როდესაც ამერიკაში ჩამოვედი, დაახლოებით 2 წლის შემდეგ, გავაგზავნე ჩემი საბუთები სპეციალურ დეპარტამენტში, სადაც მას განიხილავენ და ისევ პროცესშია. ხალხი ერთ დიპლომს აგზავნის და მე კი სამი გავაგზავნე... ანუ, ამ განხილვის შემდეგ გარკვეულ წოდებას განიჭებენ, თუმცა მაინც უნდა ისწავლო. მაგრამ, ეს რომ არ გამეკეთებინა, მაშინ თავიდან უნდა დამეწყო ყველაფერი. როცა 17 წელია, ექიმი ხარ, ძალიან რთულია თავიდან დაიწყო ყველაფერი. აქ შემომთავაზეს ექიმის ასისტენტი ვყოფილიყავი. მაგრამ, როცა მთელი ცხოვრება ხელში ლანცეტი გიჭირავს, ძალიან ძნელია, ვიღაცას ასისტენტობა გაუწიო...
– რა მოხდა კონფერენციის შემდეგ?
– კონფერენცია ლას-ვეგაში იყო. იქიდან დავბრუნდი ნიუ-იორკში, სადაც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და დავრჩი, რადგან ასე იყო საჭირო.... ხალხი მალავს ასეთ რაღაცეებს, მაგრამ მე დასამალი არაფერი მაქვს. 25 სექტემბერს ოპერაცია გავაკეთე და 30 სექტემბერს ბებიასთან დავიწყე მუშაობა. თან, ისეთი ხასიათი ჰქონდა, ვერ გეტყვით... დიდი წითელი ფლომასტერი ვიყიდე და იმით ვშლიდი კალენდარში ყოველ დღეს, რომელიც ჩაივლიდა. ეს ბებია ღმერთმა გამომიგზავნა, საკმაოდ დიდ ფულს მიხდიდნენ და მალე გავისტუმრე ვალი, რის გამოც დავრჩი ამერიკაში. შემდეგ ბებიაც ჩააბარეს მოხუცებულთა თავშესაფარში. უკვე მიწევდა სხვადასხვა სამსახურში მუშაობა. ერთ დღესაც ჩემს ახლობელს დაბადების დღეზე ტორტი გამოვუცხვე. დაახლოებით 40 კაცი იყო რესტორანში და შემდეგ ყველა სათითაოდ მირეკავდა: თუ შეიძლება, რომ ტორტი შეგიკვეთოთო. ასე რომ, დაახლოებით 3 წელი ვიცხოვრე ჩემი ტორტებით, თან ერთი-ორი საფირმო ტორტი მაქვს. ვიქირავე სახლი და იქ ვაკეთებდი ყველაფერს. მარტო ვაცხობდი, არავინ მყოლია დამხმარე. რესტორნები, ოჯახები მიკვეთავდნენ ტორტებს და თავად მიმქონდა ავტომობილით. ისეთი გადარბენები მქონდა, არ მკითხოთ. ეს იყო თავის რჩენის კარგი საშუალება. თან ბავშვობიდან მიყვარდა კულინარობა. 7 წლის ვიყავი, პირველი ტორტი რომ გამოვაცხვე. დედა და მამა ფილმს უყურებდნენ, მე კი ჩემი ცხელ-ცხელი ნამცხვრით შევედი. დღემდე მახსოვს მამაჩემის გაოცებული სახე. სულ ვამბობ: ღმერთმა ორი რამის ნიჭი მომცა-მეთქი: ადამიანების სიყვარულის და საჭმელების კეთების. სამსახურს რომ ვეძებდი და მეკითხებოდნენ: ვინ ვიყავი, ვპასუხობდი, პლასტიკური ქირურგი-მეთქი. მაშინვე უკან იხევდნენ – როგორ შეიძლება, პლასტიკურმა ქირურგმა კერძების კარგად მომზადება იცოდესო. მაშინ ვთქვი: კარგი-მეთქი და ჩავაბარე მანჰეტენზე საკმაოდ პრესტიჟულ კულინარიულ სკოლაში. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. მასწავლეს იმ ყველაფრის მართვა, რასაც ახლა მე ვაკეთებ. იტალიელი შეფი მყავდა, სულ მეუბნებოდა: შენ მე ვერაფრით გამაკვირვებო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვაკვირვებდი. სკოლაში ორჯერ გავიმარჯვე კონკურსში. ნიუ-იორკში ყოველწლიურად ტარდება კულინაირიული კონკურსი, რომელშიც ძალიან ბევრჯერ მივიღე მონაწილეობა და იქაც გავიმარჯვე – შეფის ოქროსფერი სტატუეტი მაქვს. სულ ვამბობ, ეს ჩემი „ოსკარია-მეთქი“. ახლა პროფესიონალი შეფი ვარ, ჩემი ჰობი უკვე ჩემი პროფესიაა. რომ დამირეკონ და მითხრან: მობრძანდით, ქალბატონო მაია და როგორც ექიმმა, ისე იმუშავეთო, უარს ვეტყვი. ღმერთი ერთ კარს რომ გიკეტავს, მეორეს გიხსნის. ის კარი 17 წელი იყო ღია, ახლა კი ეს კარია ღია.
– რა არის ამ სფეროში თქვენი ყველაზე დიდი პლუსი?
– ძალიან სწრაფი ვარ. ეს პლუსიც არის და მინუსიც. ასევე, შემიძლია, ნებისმიერი ინგრედიენტით მოგიმზადოთ კერძი. ინგრედიენტს რომ ვუყურებ, უკვე ვიცი, მისგან რა გამოვა. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მიმიწვიეს „მარი ვანნაში“ „ეგზეკუტივ შეფად“. ეს არის რუსული რესტორანი მანჰეტენზე. „მარი ვანნას“ მეპატროენეებს უნდოდათ ქართული რესტორნის გახსნა და რომ მნახეს, ჩამავლეს ხელი და აღარსად გამიშვეს. რამდენიმე თვის შემდეგ წამოვედი იქიდან. ჩემს ახლობელს ბრუკლინში უნდოდა საცხობის გახსნა და მას მივეხმარე – ბრუკლინში წავედი. შემდეგ მანჰეტენზე ვიპოვე ადგილი, სადაც გავხსენი „ოდა ჰაუსი“. მანამდე იქ იყო იტალიური რესტორანი. პატრონი ბიზნესს ჰყიდდა და პირველად რომ შევედი, მივხვდი: ეს იყო ჩემი რესტორანი. საკმაოდ დიდი თანხა ღირდა, რომელიც არ მქონდა. მეპატრონეს დაველაპარაკე და უცებ მკითხა: საიდან ხარო. ვუთხარი: ქართველი ვარ-მეთქი. მეცო. არადა, ქართველის არაფერი ჰქონდა. ქართულად ვკითხე: როგორ თუ ქართველი ხართ, საიდან-მეთქი? მან კი მიპასუხა: არ მახსოვს ქართული სიტყვები, ერთი ვიციო – „დედა“. როგორც თავად მითხრა, მისი წინაპრები საქართველოდან საუკუნეების წინ შაჰ-აბასს გადაუსახლებია. თვითონ ირანში დაიბადა, დედა იტალიელი ჰყავს. მოკლედ, ქართული წარმოშობის იტალიელ-ირანელის მიქსია.
– საოცარი ამბავია, დაუჯერებელი.
– მე სულ ასეთ ისტორებში ვეხვევი მთელი ჩემი ცხოვრება. მისი გვარია – ხორხიანა, აშკარად კავშირშია საქართველოსთან. მოკლედ, ჩვენი მაშინდელი საუბარი ასე დამთავრდა, მითხრა: გადავიფიქრე გაყიდვა, მოდი, პარტნიორები ვიყოთო. ამის შეთავაზება მეც მინდოდა, მაგრამ მერიდებოდა და თავად შემომთავაზა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, ამას ვერც წარმოვიდგენდი. ასე რომ, ერთ თვეში გავხსენით რესტორანი – „ოდა ჰაუსი“. წარმოშობით რაჭიდან ვარ. ჩვენთანაც ეძახიან ხის პატარა სახლს „ოდას“. თავიდან მხოლოდ „ოდას“ დარქმევა მინდოდა, მერე გადავწყვიტეთ, „ჰაუსი“ დაგვემატებინა. კარგი გამოვიდა საბოლოოდ. ყველანაირად შევეცადე, ქართული გარემო შემექმნა. აქ არის აგურის კედელი, პატარა მაგიდები, თიხა. ბევრი ვიშრომე იმაზე, ადამიანებისთვის კერძები როგორ მიმეწოდებინა პორციულად. გახსნამ ძალიან კარგად ჩაიარა, ბევრი ხალხი მოვიდა. სამაგიეროდ, მეორე დღეს 26 დოლარი ვივაჭრეთ. ეს იყო კატასტროფა. ყველამ ყურები ჩამოყარა. ვეუბნებოდი: ნუ გეშინიათ, მე გპირდებით, აქ რიგს დავაყენებ-მეთქი. და მართლაც დავაყენე რიგი და საერთოდ, წინასწარ თუ არ ჩაეწერებიან, განსაკუთრებით ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათ-კვირას, ვერ დავსვამ. ასე რომ, რესტორანი პირველი დღეებიდანვე ინახავს საკუთარ თავს და რაც მთავარია, სახელი გავითქვით. ჩვენ შესახებ წერენ ცნობილი ადგილობრივი ჟურნალები, გაზეთები. „ვოლ სტრიტ ჟურნალში“ დაიბეჭდა ჩვენ შესახებ, სამ სატელევიზო არხზეც ვიყავით. ბოლოს კი „ნიუ-იორკ თაიმსიდან“ დამირეკეს და ასეთი რამ დაწერეს: ის პლასტიკური ქირურგი იყო ნიუ-იორკში ჩამოსვლამდე, აქ კი თავის დანას მიმართულება შეუცვალაო...
– რა მოსწონთ „ოდა ჰაუსში“ ყველაზე მეტად?
– ხალხს ყელში ამოუვიდა იტალიური, ჩინური საჭმელები, ერთი და იგივე. მე მათ რაღაც ახალი მივეცი. მენიუც სუფთა ქართულია. ჩურჩხელებსაც ვაკეთებთ, ლობიოს ქოთანში. ახლახან ისეთი ლორი შევბოლე, რაჭულად... თან, მამასთან გავიარე კონსულტაციები, რომელიც რძის ქარხნის დირექტორი იყო და ეს ტექნოლოგიები კარგად იცის. ისეთი ყველი გავაკეთე, გასაგიჟებელი. ჩემი აჭარული ხაჭაპური მანჰეტენის მასშტაბით 100 საუკეთესო კერძში შევიდა. გახსნიდან 8 თვე არ იყო გასული, შესაბამისმა ორგანიზაციამ რომ შეგვაფასა და ვარსკვლავი მოგვანიჭა. სულ სამი ვარსკვლავია. ჯერ ერთი გვაქვს და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. თან, მხოლოდ ერთი წლის გახსნილები ვართ. სტუმრებს ასევე, ძალიან მოსწონთ ჩაქაფული, ხინკალი. ზოგიერთები დამცინოდნენ: შენი ჩაქაფულის საჭმელად ხალხი მანჰეტენზე მოვაო და მოდიან. აბსოლუტურად ქართულია ჩვენი რესტორანი, კვირაში ერთ დღეს ქართული მუსიკაც უკრავს, მღერიან.
– როგორც ვიცი, თქვენს რესტორანში ბევრი ცნობილი ადამიანი დადის, მსახიობები...
– კი, ძალიან ბევრი. ქართველებიც დადიან და უცხოელებიც. მეუღლესთან ერთად მოსული იყო ჰელენ მირენი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფილმ „ქვინში“ ითამაშა – „ოსკარიც“ აქვს აღებული. ასევე დადიან დიზაინერები, მხატვრები. მათ ძალიან მოსწონთ ჩანახი, ჩაქაფული, ხაჭაპურზე ჩაციკლულები არიან. არ იცით, რა ხდება. თან, გაზეთებმა რომ დაწერეს, ფოტოებიც დაურთეს და იქიდან ამოხეული ფოტოებით მოდიან: ეს გვინდაო... ყველგან ძალიან კარგი შეფასებები გვაქვს. ძალიან კარგად წერენ ჩვენზე, რაც რესტორნის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის.