კონსერვატორიაში პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
12 მაისს კონსერვატორიაში პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნის საღამო გაიმართა. მანანა ანდრიაძე იყო პირველი ქართველი მუსიკათმცოდნე ქალი, რომელმაც დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დააარსა საეკლესიო მუსიკის კათედრა და შექმნა ქართული საგალობლების კვლევის სკოლა.
მანანა დოიჯაშვილი (კონსერვატორიის რექტორის მოადგილე): მანანა ანდრიაძე იყო ადამიანი, რომლის მსგავსი ამ ქვეყანას იშვიათად ევლინება. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თბილისის კონსერვატორიის ისტორიაში ასეთი პიროვნებები თითზე ჩამოსათვლელები არიან...
ანზორ ერქომაიშვილი: მახსოვს, მააღალი, მომხიბვლელი გარეგნობის, ღიმილიანი, ყველანაირად მოწესრიგებული, ზრდილობითა და სათნოებით გამორჩეული გოგონა, ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებული და გასაოცარი ადამიანური თვისებებით შემკული...
„მანანა ანდრიაძის სახელს უკავშირდება ქართული გალობის პოპულარიზაციისთვის გაწეული მრავალმხრივი საქმიანობა. ქალბატონ მანანას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, კონსერვატორიაში შეიქმნა ქართული გალობის მიმართულება და თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა ჩვენი საეკლესიო მუსიკის სამეცნიერო კვლევა. ის ჩვენი საყვარელი სულიერი შვილი იყო, დახვეწილი, სულიერი არისტოკრატობითა და ამავე დროს, ქართული სისადავით გამორჩეული ადამიანი“...
(სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე).
2013 წლის 19 თებერვალს გარდაცვლილი მანანა ანდრიაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები თავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გადაიხადა. 18 მარტს კი კონსერვატორიაში მანანა ანდრიაძის „მწუხრის საღამო“ ჩატარდა. როგორც მაშინ, 12 მაისსაც, სცენაზე გამომსვლელებმა პატივი მიაგეს არაჩვეულებრივ ქალბატონს. გარდა ამისა, 12 მაისის ხსოვნის საღამოზე კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამის „მუსიკის თეორიის“ მეოთხე კურსის სტუდენტს, შორენა მეტრეველს პროფესორ მანანა ანდრიაძის სახელობის პრემია გადაეცა. ქალბატონი მანანას მეუღლემ კი, ტიციან ტაბიძის შვილიშვილმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, გივი ანდრიაძემ მას ფულადი ჯილდო გადასცა.
ასე რომ, თბილისში კიდევ ერთი ლამაზი საღამო ჩატარდა, არაჩვეულებრივი ქალბატონის, მანანა ანდრიაძისადმი მიძღვნილი. მისი სახელობის პრემია კი ყოველ წელს დიდი სტიმული იქნება კონსერვატორიის სტუდენტებისთვის.