შუა ასაკში შექმნილი “შუადღის მზის ფერები„ – ქეთევან შარაბიძის ერთი წარმატებული გამოფენა
22-25 მაისს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ ხელოვან ქეთევან შარაბიძის ნამუშევრების (პოპ-არტი, თექა, მინის მხატვრული დამუშავება – „დეკუპაჟი“) გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სახელწოდებით – „შუადღის მზის ფერები“. მნახველის წინაშე 50-მდე ნამუშევარი იყო გამოფენილი. მათ შორის – პეიზაჟები, აბსტრაქცია, ნატურმორტები. ხელოვანმა პირველი გამოფენა დაახლოებით ერთი წლის წინ მოაწყო, როცა პოპ-არტზე მუშაობდა, რამაც წარმატებულად ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა, ისევე, როგორც ახლანდელმა გამოფენამ. ქალბატონი ქეთევანი, პოპ-არტის გარდა, მუშაობს თექაზე, სხვადასხვა ქსოვილზე და, ასევე, აკვარელით. ცოტა ხნის წინ მოწყობილ პერსონალურ გამოფენაზე მისი ბოლო ერთი წლის ნამუშევრები იყო გამოტანილი. როგორც თავად ხელოვანი ამბობს, ის არ არის პროფესიით მხატვარი, ამ საქმეს მან ხელი „შუა ასაკში“ მოჰკიდა, ახლა მის ცხოვრებაში მზის ფერებით განათებული შუადღეა და ამიტომაც უწოდა გამოფენას: „შუადღის მზის ფერები“.
ქეთევან შარაბიძე: რადგან ჩემი ცხოვრების შუა ასაკში ვარ, აქედან გამომდინარე, ჩემი ნახატები შუა ასაკის ნამუშევრებია და შუადღე შუა ასაკს დავუკავშირე – მათ შორის აშკარად იგრძნობა საერთო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გამოფენას გავაკეთებდი ამ ასაკში, მაგრამ, ცხოვრება ხომ მოულოდნელობით არის სავსე... ამ კუთხით ბევრი იდეა მაქვს და ახლო მომავალში აუცილებლად განვახორციელებ; გამორიცხული არ არის, ზეთის საღებავებზე გადავიდე.