ვინ დააარსა თბილისში კავკასიაში პირველი ფორტეპიანოების საწარმო და რა ბედი ეწიათ მის შთამომავლებს
მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში ბევრი გერმანული ოჯახი ჩამოასახლეს. ისინი ძირითადად, მათ მიერ აშენებულ, დღევანდელ აღმაშენებლის გამზირზე დასახლდნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მათგანმა, ჰერმან კერერმა კავკასიაში ფორტეპიანოს პირველი საწარმო დააარსა, რომლის ცენტრიც თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარეობდა. სწორედ მისი შვილიშვილი გახლავთ, შარშან, ბერლინში 90 წლის ასაკში გარდაცვლილი ცნობილი და მსოფლიოში აღიარებული პიანისტი რუდოლფ კერერი. რუდოლფის თბილისური ბავშვობის, საბჭოური გადასახლებისა და უკანასკნელი წლების შესახებ, მის შვილიშვილთან თბილისში, წინაპრების ნასახლარისა და ნაკვალევის საძიებლად ჩამოსულ, ელზა კერერთან ვისაუბრეთ.
– ელზა, როგორ მოხვდნენ თქვენი წინაპრები საქართველოში?
– ჩემი დიდი ბაბუა, ანუ რუდოლფ კერერის ბაბუა, გერმანიიდან მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოვიდა თბილისში. ჩემი წინაპრები იყვნენ შვაბი ემიგრანტები, რომელთაც სამშობლო რელიგიური მოტივით დატოვეს. ისინი პიეტისტები იყვნენ (ეს მიმდინარეობა ამხელდა ლუთერანული ეკლესიის მანკიერებებს). როგორც გადმოცემით ვიცი, იმ პერიოდში საქართველოში და კერძოდ, თბილისში, ძალიან ბევრი გერმანელი ემიგრანტი ჩამოვიდა. მათ შორის იყვნენ მშენებლებიც, რომლებმაც ააშენეს მთელი აღმაშენებლის გამზირი და იქვე დასახლდნენ.
– თქვენი წინაპრებიც აღმაშენებლის გამზირზე ცხოვრობდნენ? რა არის ცნობილი მათი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ?
– დიახ, ჩემი წინაპრებიც სწორედ აღმაშენებლის გამზირზე ცხოვრობდნენ, ახლანდელი მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება საქმიანობას, ჩემმა დიდმა ბაბუამ შექმნა კავკასიაში ფორტეპიანოების პირველი საწარმო, რომლის ცენტრიც იყო თბილისში, გოლოვინის გამზირზე. იქ დამზადებული ფორტეპიანოს საფირმო სახელწოდება იყო „Herman Kehrer”. როგორც მითხრეს, ეს პიანინოები დღესაც შემორჩენილია ზოგიერთ თბილისურ ოჯახში. ეს საწარმო ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ დაიხურა და მამაჩემის ბაბუა – ჰერმანის ვაჟიშვილი, მისი საქმის გამგრძელებელი, თბილისის კონსერვატორიაში დასაქმდა პიანინოების ამწყობად. 1923 წელს დაიბადა ბაბუა – რუდოლფ კერერი.
– როგორი იყო რუდოლფ კერერის თბილისური ბავშვობა?
– ბაბუასთვის, როგორც თვითონ ყვებოდა, თბილისში გატარებული ბავშვობა მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ხანა იყო. ის დაბადებიდანვე ეზიარა მუსიკალურ ხელოვნებას. მთელი ბავშვობა თბილისის კონსერვატორიაში გაატარა. სულ პატარა ყოფილა, როცა მშობლებმა და ახლობლებმა აღმოაჩინეს მისი მუსიკალური ტალანტი და მიაბარეს კონსერვატორიის „ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფში”. ის ხშირად იხსენებდა მის მეზობლად მცხოვრებ, შემდეგში ცნობილ მომღერალ ერნა კრაუზეს, რომლის სახლშიც, მთელი თბილისის მუსიკალური ელიტა იკრიბებოდა. ბაბუა გერმანულ სკოლაში სწავლობდა, თუმცა ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ოჯახში ეზიარა. ეს მისი ცხოვრების ძალიან ადრეული წლები იყო. 1939 წელს რუდოლფ კერერის მამა და ბიძები გერმანული წარმომავლობის გამო, ჯაშუშობის ბრალდებით გადაასახლეს. ისინი გულაგში დაიღუპნენ. 1941 წელს კი, თბილისში აღარც ერთი გერმანელი აღარ დატოვეს, გარდა იმ გერმანელი ქალებისა, რომლებსაც ქართველი ქმრები ჰყავდათ. მათი შთამომავლები ახლაც ცხოვრობენ თბილისში. ზოგიერთი მათგანი ნათესავადაც მეკუთვნის. მიხარია, რომ დღეს, თბილისში ვიზიტისას, მათი გაცნობის საშუალება მომეცა. მოკლედ, ბაბუა 16 წლის იყო, როცა დედასთან, დეიდასთან და ძმასთან ერთად, ყაზახეთის ყველაზე მივარდნილ სოფელში გადაასახლეს.
– როგორ გაიარა გადასახლების მძიმე წლებმა?
– ბუნებრივია, ძალიან რთულ პირობებში უწევდათ ცხოვრება, ოჯახმა გადაიტანა მალარია. ბაბუა და მისი ძმა „კოლხოზში” მუშაობდნენ, ოჯახი რომ ერჩინათ. ბევრი ასეთი საშინელი ცხოვრების პირობებში სულიერად გატყდებოდა, მაგრამ ბაბუა მტკიცე ნებისყოფის აღმოჩნდა. მთელი 13 წელი, დღე არ ყოფილა, რომ მუსიკის გარეშე ეცხოვრა. თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არც მუსიკის ხმა გაუგონია და არც ნამდვილ ინსტრუმენტს შეხებია. მან კლავიატურა მაგიდაზე დახატა და ასეთ წარმოსახვაში განაგრძო ცხოვრება.
– შემდეგ როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება?
– ის ბავშვობიდან კარგად ერკვეოდა მათემატიკაში და ყაზახეთის სოფლებში ბავშვებს მათემატიკას ასწავლიდა. 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ბაბუას მიეცა უფლება, წასულიყო ტაშკენტში და როგორც სოფლის მასწავლებელს კვალიფიკაცია აემაღლებინა მათემატიკაში. ტაშკენტისკენ მიმავალ გზაზე მუსიკის ხმა მოესმა რომელიღაც შენობიდან. გაჰყვა ამ ხმას და აღმოჩნდა ოთახში, სადაც უზბეკი პიანისტი როიალზე უკრავდა. გაეცნო მას და სთხოვა, ცოტა ხნით ინსტრუმენტი დაეთმო. მან მართლაც დაუთმო და ბაბუამ, თურმე შოპენის „რევოლუციური ეტიუდი” შეასრულა. ამ დღიდან ბაბუას ცხოვრება ისევ მუსიკას უკავშირდება.
– რამდენი წლის იყო ამ პერიოდისთვის ბატონი რუდოლფი?
– ამ დროს რუდოლფ კერერი 31 წლის იყო. 36 წლის ასაკში კი საკავშირო კონკურსზე მან მთელი რუსეთის ელიტა გააოცა არაჩვეულებრივი შესრულებით და პირველი წარმატებაც მაშინ ეწვია.
1961 წელს რუდოლფ კერერი ოჯახთან ერთად მოსკოვში გადაიყვანეს საცხოვრებლად და მას მერე, მან არაერთი ცნობილი პიანისტი აღზარდა მოსკოვის კონსერვატორიაში.
– როდის დატოვა რუდოლფ კერერმა საბჭოთა კავშირი?
– შეიძლება ითქვას, საბჭოთა კავშირი არ დაუტოვებია. რუსეთიდან ის 1990 წელს, მიწვევით წავიდა ავსტრიაში, ვენის კონსერვატორიაში, სადაც 1998 წლამდე ასწავლიდა. ჩვენც მალევე, 4 წლის შემდეგ გადავედით მოსკოვიდან ბერლინში. ბაბუა 1998 წლიდან 2010 წლამდე ციურიხში ცხოვრობდა და მუშაობდა. შემდეგ კი ჩვენთან გადმოვიდა. უკანასკნელი წლები ჩვენთან ერთად, ბერლინში გაატარა. გარდაიცვალა 2013 წლის ოქტომბერში.
– თქვენ და მისი ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრი ჩამოხვედით თბილისში, მოინახულოეთ ის ადგილები, სადაც ცხოვრობდნენ თქვენი წინაპრები. გაგვიზიარეთ ემოციები.
– საქართველოში ახლა პირველად ვართ, მე, მამაჩემი – ჰერმან კერერი და დეიდა – გაზელა რასპერი. შევხვდით ჩვენს შორეულ ნათესავებს, რომლებმაც არაჩვეულებრივად გვიმასპინძლეს. მათი ბებია, რუდოლფ კერერის დეიდაშვილი – მელიტა მაკერი გადასახლებას მეუღლის ქართული წარმომავლობის გამო გადაურჩა. ის სიცოცხლის ბოლომდე თბილისში ცხოვრობდა. მათი ბაბუა კი, ემილ მაკერი მშენებელი იყო და მისი აშენებულია დღევანდელი აღმაშენებლის გამზირის დიდი ნაწილი. ვნახეთ აღმაშენებლის 108 ნომერში ერთ-ერთი სადარბაზო, სადაც წერია, რომ ეს სახლი ააშენა ემილ მაკერმა. ეს ოჯახიც ჩვენსავით, 1814 წელს ჩამოვიდა თბილისში საცხოვრებლად. ვიყავით თბილისის კონსერვატორიაში, შევხვდით საქართველოში გერმანული საზოგადოების წევრებს. მამამ და გაზელამ ეროვნულ არქივში მოიძიეს საარქივო მასალები. ბედნიერი ვარ, რომ ისეთი თბილი და მოსიყვარულე ქალაქი აღმოვაჩინე, როგორიც თბილისია და თან, ამ ქალაქთან ჩემი წინაპრების წარსული მაკავშირებს. მართლა თბილები არიან. ალბათ ამიტომ, ბოლო წუთამდე ბაბუა დიდი სიყვარულითა და ნოსტალგიით იხსენიებდა ამ ქალაქსა და ხალხს.
– ჩემთვის ცნობილია, რომ ქართველი რეჟისორი დოკუმენტურ ფილმს იღებდა რუდოლფ კერერის შესახებ.
– დიახ, ქართველი რეჟისორი ნონა გიუნაშვილი. მე ახლა გავიცანი ის თბილისში. როგორც ბაბუასგან ვიცი, ნონას სურდა ბაბუაზე დოკუმენტური ფილმის გადაღება 2010 წელს. მაშინ ბაბუა ციურიხიდან ბერლინში აპირებდა გადასვლას და სწორედ ამ საბოლოო გადასვლის აღწერა სურდა ნონას ფილმში – როგორც სიმბოლო მისი მუდმივი მოგზაურობისა და გადასახლებისა. ვიცი, რომ მაშინ ამ პროექტით დაინტერესებულები იყვნენ გერმენელი პროდიუსერები, ასევე Arte-ს და Cannel 5-ის წარმომადგენლები. ნონა გერმანიაშიც იყო ამის გამო ჩამოსული. სამწუხაროდ, დაფინანსება ვერ მოესწრო. რადგან სცენარი სწორედ ამ გადასვლაზე იყო, ძალიან მოსწონდა ბაბუას ამ არშემდგარი ფილმის კონცეპტუალური იდეა და სათაური. ნონამ მიაგნო, – „პაუზის ხელოვნება” – ასე ერქვა ფილმს. ალბათ იმიტომ, რომ ბაბუას ცხოვრებაშიც იყო ძალიან დიდი, 13-წლიანი პაუზა.
„არ ასებობს ჰარმონია პაუზის გარეშე. პაუზა უნდა შეასრულო. პაუზა არის ყველაზე საჭირო ნოტი მუსიკაში”, – ეს სიტყვები ბაბუამ ბავშვობაში, მისი მასწავლებლისგან მოისმინა და იქცა კიდეც შემდგომში მისი ცხოვრების ფილოსოფიად. ეს ფილმიც იქნებოდა რწმენასა და ჭეშმარიტებაზე – არა ღმერთის, არამედ ხელოვნების რწმენაზე და ჭეშმარიტებაზე, რომელსაც შესწევს უნარი ადამიანის გაძლიერებისა და მისი გადარჩენისა. ამის ნათელი მაგალითი იყო სწორედ რუდოლფ კერერი.