ქურდული ცხოვრება
მოსკოვში, ერთ კონსპირაციულ ბინაში მოვეწყვე და დიდი საქმის მზადებას შევუდექი. „ნაკოლი“ ჯერ კიდევ „ზონაში“ მომცეს და როდესაც ყველაფერი მზად იყო, შესრულებას შევუდექი. საკეტს „ატმიჩკა“ მოვარგე, ცარიელ ბინაში შევედი და საიდუმლო სეიფის ძებნას შევუდექი, სადაც დიდი „კუში“ მეგულებოდა. ბინა ერთ ვალიუტჩიკს ეკუთვნოდა და სხვადასხვა ანტიკვარიატით იყო სავსე, თუმცა გამოცდილი თვალით შევატყვე, რომ ზოგიერთი ნივთი „თავის ადგილს“ აკლდა. „ნუთუ ვინმემ დამასწრო“, – გავიფიქრე ჩემთვის. ამ დროს ვიღაც ზურგიდან მომახტა, რაღაც მომადო კეფაზე და მითხრა:
– არ გაინძრე, თორემ გესვრი!
მივხვდი, რომ ნაკლებად კვალიფიციურ კოლეგასთან მქონდა საქმე და მივუგე:
– ეს რა შხამიანი სოკო ამოსულა ამ სამოთხის ბაღში. ზარბაზანი მოაშორე, არ გაგივარდეს.
– მოკეტე, თორემ დავაქუხებ! – არ დაიბნა უცნობი, თუმცა იარაღი მომაშორა.
– დააქუხებ და დაიწვები, – ვთქვი მე და დავტრიალდი, – ერთი კარგად დამენახვე, რომ შეგათვალიერო.
– შემათვალიერო რა, პატარძალი კი არ ვარ.
– ოროსანო, აბა, ჩქარა თქვი, ამ ცუდ საქმეში საიდან მოხვდი?
– შენ ხომ, რას ამბობ, შაბათობაზე შემოიარე.
– აბა, აბა, ძიას ნუ ეუზრდელები და მითხარი, სხვისი ნაჯაფარის მითვისებას როგორ აპირებდი?
– ზემოდან ჩამოვედი.
– ციდან ჩამოვარდი?
– არა. სახურავიდან ტროსით დავეშვი და ფანჯრიდან შემოვედი. აქ კი დაუპატიჟებელი სტუმარი დამხვდა.
– გეშლება, ოროსანო, მე აქ დიდი ხანია, მოწვეული ვარ. აი, შენი უდროო გამოჩენა კი, პეიზაჟს აფუჭებს. მოკლედ, რომ ვთქვათ, მზეს მიჩრდილავ. მე კი გათბობა მინდა.
– მერე და სადაა შენი მზე, რაღაც ვერ ვხედავ, რომ ოქროსფერი სხივები იფრქვეოდეს.
– ეს იმიტომ, რომ ოროსანი ხარ.
– შენ რა, ხუთებზე სწავლობდი?
– ჩემს სპეციალობაში ოქროს მედალი მაქვს აღებული. შენ კი, გეტყობა, სწავლა გეზარებოდა.
– შენ თუ იტყვი, – იწყინა უცნობმა, – აბა, ერთი სცადე და ასეთი რისკიანი ტრიუკი ჩაატარე.
– მაგაში არაა საქმე. შენს ვაჟკაცობას ვაფასებ და კლდეზე ცოცვაში ხუთიანს გიწერ.
– აბა, რა პრეტენზიები გაქვს და ოროსანს რატომ მეძახი?
– იმიტომ, ოროსანო, რომ ბაითში ბრმად შეძრომა წყალში ყრის მთელ შენს ვაჟკაცობასა და ტრიუკაჩულ ხელოვნებას.
– ბრმად, რატომ? მიმოიხედე ირგვლივ და დაინახავ, რამდენი ანტიკვარიატია. ამ ფაშიტს ფულიც ექნება და ოქროც. შეიძლება, ქვებიც კი.
– ქვებიც კი, – გავიმეორე მე, – ოროსანო, ერთი კარგად დაფიქრდი და მიპასუხე, ამდენი ხლამის გატანას როგორ აპირებ? ალბათ, დიდი ფურგონი გიყენია ეზოში და მილიციის ოპერების დახმარების იმედი გაქვს, რომ ყველაფერს კიბეებზე ჩაგატანინებენ.
– შენ თვითონ რისთვის შემოძვერი აქ?
– აი, ეს უკვე საქმესთან ახლოა და გიპასუხებ: იმიტომ შემოვძვერი, ოროსანო, რომ ეს ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და სათანადო უმაღლესი კვალიფიკაციაც გამაჩნია.
– კი ნუ მაბოლებ, შენ ის მითხარი, აქედან რისი წაღების იმედი გაქვს?
– დიდი კუშის.
– მერე და სადაა ეს დიდი კუში?
– მოსაძებნია.
– მოსაძებნია? – გაიმეორა „ოროსანმა“ და გადაიხარხარა, – ახლა არ მიმტკიცებდი ბაითში ბრმად შეძრომა არ შეიძლებაო? შენ თვითონ ბრმად შემოსულხარ – ამბობ, მოსაძებნიაო.
– ოროსანო, სავარძელში მოკალათდი და ძიას დაელოდე. სულ რაღაც ნახევარ საათში აბატ ფარიას საგანძურის ნაწილს იხილავ.
– ეგ ვინღაა?
– ვინ?
– აბატი ფარია.
– ეეჰ, ოროსანო, ოროსანო... რა უგნური თაობა წამოხვედით. კაცს რომ „გრაფი მონტე კრისტო“ არ ექნება წაკითხული, პირველივე ბოძზეა ჩამოსახრჩობი, – ვთქვი მე და ოროსანი შევათვალიერე, – ჩუმად იჯექი და კრინტი არ დაძრა – თევზაობას ვიწყებ და თევზი არ დამიფრთხო.
ოროსანი რბილ სავარძელში ჩაეშვა და ერთგვარი ირონიით მადევნებდა თვალყურს. ოციოდე წუთის შემდეგ კი, საძინებელში საიდუმლო სეიფი აღმოვაჩინე, სადაც დასტებით ფული და რკინის ყუთში მოთავსებული ძვირფასეულობა ელაგა. მთელი ეს ალაფი ოროსნის წინ დავდე და ვუთხარი:
– ვისაც სუსტი ნერვები აქვს, ვურჩევ, არ შეხედოს.
– ვა, რამდენი ფულია! – აღმოხდა ჩემს კოლეგას.
– შენ ეს ნახე, – ვთქვი მე და ძვირფასეულობით სავსე ყუთს თავი ავხადე, საიდანაც ძვირფასი ქვებიდან არეკლილი სხივები ამოვარდა.
– ეს რაღაა? – გაოცდა ოროსანი.
– რა და აბატ ფარიას საგანძურის ნაწილი, – ვუთხარი კოლეგას და ყუთი დავხურე, – აი, ხომ ნახე?! შენ კი დამცინოდი და ბრმას მიწოდებდი.
– არა, მე... – დაიწყო ოროსანმა, მე კი სიტყვა გავაწყვეტინე:
– ბოდიში, ხოტბის შესხმა და შამპანური მოგვიანებით იყოს. ახლა კი აქედან ავახვიოთ, თორემ ბინის პატრონი მოგვისწრებს და საქმე გართულდება.
– მოგვისწრებს და აქ არ მაქვს, – თქვა ოროსანმა და ქამრიდან „ნაგანი“ გააძრო.
– ეი, კოვბოი, ეს სათამაშო უკან დააბრუნე. აქედან რომ გავალთ, იაუზაში ჩააგდე. ცოდვისგან შორს დაიჭირე თავი და დროა, საფუძვლიან სწავლა-განათლებას შეუდგე. გასაგებია?
– გასაგებია.
– თუ გასაგებია, წავედით. მაგრამ სანამ ავორთქლდებოდეთ, ეგ ტროსი აახვიე და გააქრე, თორემ „მური“ კლდეზე მცოცავის ძებნას დაიწყებს. მიდი. მე ეზოში დაგელოდები და იჩქარე.
ოროსანი სახურავზე აძვრა ტროსის მოსახსნელად. მე ეზოში ჩავედი და კუთხეში დაველოდე. რომ დაბრუნდა და დამინახა, მითხრა:
– მე მეგონა, წასული იქნებოდით და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ დამელოდებოდით.
– თქვენობით რომ მელაპარაკები, უკვე კარგია, მაგრამ კაი ხალხზე ცუდის ფიქრი არ ვარგა. რას ჰქვია, წასული გეგონე. შენზე შეფობას ვიღებ, ოროსანო და სანამ არ გაგაფრიადოსნებ, არ მოგეშვები. აბა, წავედით, ღმერთი ჩვენკენ.
ოროსანი კონსპირაციულ ბინაში მივიყვანე. მანამდე კი „ნაგანის“ რევოლვერი მდინარეში გადავაგდებინე და სულის მოსათქმელად სავარძლებში რომ მოვკალათდით, ვუთხარი:
– აბა, დაწვრილებით მომიყევი, თუ როგორ მოხვდი ამ გაუგებრობაში, რამ დაგაყენა ქურდობის გზაზე?
– თანაგუნდელთან სეკაში ხუთასი მანეთი წავაგე და ფული რომ მეშოვა, ბინა გავქურდე. შემდეგ ნაკრებში არ ამიყვანეს, გული გამიტყდა და ჩალიჩს მივყავი ხელი.
– გასაგებია. ბანალური ბიოგრაფიაა. ესე იგი, სპორტსმენი იყავი. რაში ვარჯიშობდი?
– კლდეზე ცოცვაში.
მე გულიანად გადავიხარხარე:
– ესე იგი, არ შევმცდარვარ და მართლა „სკალალაზი“ ყოფილხარ. ნაკრებში რატომ არ აგიყვანეს?
– მწვრთნელმა თავისი შვილი არჩია. აი ის, ვინც ფული მომიგო.
– გასაგებია. რამდენი წლის ხარ?
– ოცის.
– ჯერ მთლად ნორჩი ხარ, მაგრამ ეგ არაფერი, გაიზრდები. შენ ის მითხარი, ქურდულ გზას გინდა, გაჰყვე, თუ სხვა საქმეს ეწევი?
– ქურდულს მინდა გავყვე.
– ჯარში ხომ არ გიმსახურია?
– არა. დედისერთა ვარ და არ წამიყვანეს.
– კარგი. შეგხედავ, დაგაკვირდები და ვნახოთ. მანამდე კი კარგად დაიმახსოვრე, ქურდი და ცეცხლსასროლი იარაღი შეუთავსებელი ცნებებია. „ნაგანი“ საიდან გქონდა?
– ოთხი თვის წინ ლენინგრადში ვიყიდე „ტალკუჩკაზე“.
– ჩათვალე, რომ მაგრად გაგიმართლა. ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში, ასეთი შენაძენი მილიციითა და ძალიან დიდი სროკით, ზოგჯერ დახვრეტითაც კი მთავრდება. რადგან, ასეთი იარაღები ჩვეულებისამებრ „სველია“ და რა საქმეებიც მისი საშუალებითაა ჩადენილი, ყველას მყიდველს ტენიან. ასე რომ, გული ნუ დაგწყდება მდინარეში გადაგდების გამო.
– გასაგებია.
– ახლა ერთმანეთს გავეცნოთ. რა გქვია?
– ვიტალი.
– დღეიდან „სკალალაზი“ იქნები. მე კი კობრა ვარ.
– კობრა? – მოულოდნელობისაგან განზე გახტა სკალალაზი.
– რამ შეგაშინა, კი არ გიკბენ.
– არა. ეგ ვიცი, უბრალოდ, არ მოველოდი.
– რას არ მოელოდი?
– იმას, რომ თვით კობრას შევხვდებოდი. მე თქვენზე ბევრი რამ მსმენია და ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ოდესმე თუ გაგიცნობდით.
– მთა მთას ვერ შეხვდება, თორემ კაცი კაცს – ყოველთვის. ერთი სიტყვით, ეს უკვე მომხდარი ფაქტია, ფაქტებს კი ვერსად გაექცევი. სკალალაზო, დღეს შეგიძლია, დაისვენო, ხვალიდან კი საფუძვლიან სწავლა-განათლებას ვიწყებთ. იცოდე, ჩემგან შეღავათი არ გექნება. ამავდროულად ისიც დაიხსომე, რომ მე პაბეგში ვარ და მეძებენ. ეს ბაითი კი ჩემი კონსპირაციული ბინაა, სანამ აქ მოხვალ, კარგად შეამოწმე, კუდი არ მოგყვეს უკან.
– გასაგებია, კობრა.
– ძალიან კარგი. ახლა კი მაცივრიდან არაყი და ზაკუსკა გამოიღე, შემდეგ პურიც მოაყოლე და ჩვენი გაცნობა აღვნიშნოთ.
სკალალაზი საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა და ქურდული საქმე, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიულ ასპექტში, საკმაოდ მალე და საფუძვლიანად აითვისა. ცოტ-ცოტა თვითგანათლებასაც მიჰყო ხელი, წიგნების კითხვაც დაიწყო და ერთ დღეს აღფრთოვანებულმა მითხრა:
– რა ტუზი დაეცა ედმონ დანტესს? ამდენი წელი ციხეში იჯდა, მერე კი გაიქცა და ამხელა მაყუთი იშოვა.
– „გრაფი მონტე კრისტო” წაიკითხე? – გამეცინა მე.
– ჰო და ძალიან დამევასა, მაგარი წიგნია, – მითხრა სკალალაზმა.
დღესდღეობით სკალალაზი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული და ქარიზმატული ნეპმანელი ქურდია. მასზე ოთხჯერ მოაწყვეს შეიარაღებული თავდასხმა და სამჯერ დაჭრეს, ერთხელ კი – ძალიან მძიმედ და ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მე ჩემი კოლეგა საავადმყოფოში მოვინახულე და რომ მნახა, მითხრა:
– კობრა, ძმაო, როგორ ხარ, შენი დანახვა ძალიან გამიხარდა.
– სკალალაზო, ვინ გაგიმეტა ასე, მე მაგის დედაც... – ვუთხარი ჩემს აღზრდილს და უმცროს კოლეგას, – ექიმები იმედს არ იძლეოდნენ, რომ გადარჩებოდი და ამბობდნენ ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებულიო.
– და, მაინც, ხომ გადავრჩი ჩემი მტრების ჯინაზე. ჩვენ კიდევ ვიომებთ ამ ბოზებთან და წირვასაც გამოვუყვანთ. მოიცადე, ჯერ ფეხზე დავდგე და მაგათ ვუჩვენებთ, თუ როგორ უნდა ნეპმანელებზე ხელის აწევა.
სკალალაზი რომ გამოჯანმრთელდა დიდი სხოდკა შევკრიბეთ, ოთხ ქურდს ტიტული ავყარეთ და გავაპანღურეთ. მეორე დღეს კი ოთხივე დახოცილი იპოვა მილიციამ მოსკოვის მახლობლად მდებარე ტყეში, სადაც მათ სოკოს მკრეფავები წააწყდნენ და მილიციას შეატყობინეს... ამ შემთხვევაში ქურდული სამართალი აღსრულდა და დამნაშავეებმა დამსახურებული სასჯელი მიიღეს. თუმცა, ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ნაკლებად ისჯებიან მსგავსი ტიპის დამნაშავეები. მათ გავლენიანი მფარველები ჰყავთ, ქურდულ სამყაროში კი ბესპრეძელშჩიკები მომრავლდნენ და ჩემი და სკალალაზის ყაიდის ქურდები ძაღლებისგანაც იდევნებიან და არა ნეპმანელი ქურდებისგან. სკალალაზი კი დღესდღეობით „ბელი ლებედში“ იხდის რვაწლიან სროკს და ერთი წელი დარჩა გათავისუფლებამდე. უკვე პაბეგში ვიყავი, როდესაც მისი ამბით დავინტერესდი და საკმაოდ დიდი რისკის ფასად გავიგე რაღაც-რაღაცეები. ერთ მშვენიერ დღეს ჩემს მასპინძელს ვუთხარი:
– სუფთა ტელეფონი და სიმბარათი მინდა, რომ მოსკოვში დავრეკო.
– კობრა, თუ ძალიან აუცილებელი არაა, არ გირჩევ ასეთი რამის გაკეთებას, – მითხრა ჩემმა მასპინძელმა.
– რატომ?
– დიდი შანსია, რომ დაიწვა და იმიტომ.
– სუფთა რეკვიზიტიც ამიტომ მინდა, რომ არ დავიწვა.
– მარტო ტელეფონსა და სიმბარათში არაა საქმე.
– აბა, რაში?
– მოსასმენ პროგრამაში. ჩვენს ძაღლებს „ფებეერის“ პროგრამა აქვთ და სულ ადვილად შეუძლიათ აგაგდონ, როგორც კი ტელეფონით დარეკავ.
– ეგ როგორ, ამიხსენი, – ვუთხარი ჩემს მასპინძელს, რადგან მართლა არ ვიცოდი, რას გულისხმობდა.
– პოპულარულად აგიხსნი და მომისმინე.
– გისმენ.
– შენ ხარ ბობოლა, ძებნილი ქურდი, ხომ ასეა?
– კი. მასეა, რა მერე?
– ძაღლებს შენი ხმა აუცილებლად ექნებათ ჩაწერილი.
– მერე რა?
– მერე ის, რომ როგორც კი თუნდაც შეცვლილი ხმით დაილაპარაკებ ტელეფონზე, „სოდის“ ტექნიკური სამსახურის დისპლეიზე შენი მონაცემები ამოვარდება. საკმარისია, ოპერატორმა ძებნის ღილაკს თითი დააჭიროს, სულ რაღაც ნახევარ წუთში, დაადგენენ შენს კოორდინატებს. ანუ, იმ ადგილს, საიდანაც რეკავ. აყვანის ოპერაცია კი უკვე ტექნიკის საქმეა და სპეცნაზს აამოქმედებენ.
– მაიცა, რა, – არ დავიჯერე და თავი გავაქნიე.
– რა მაიცა, არ გჯერა?
– შენ საიდან იცი ეს?
– ტელევიზორიდან. „დისქავერზე” ვუყურე. ტერორისტებს ეძებენ მასე.
– მერე, მე რომელი ბინ ლადენი ვარ?
– ბიჭო, ბინ ლადენი რა შუაშია. ძებნილი ხარ და სისტემა შენზეც ვრცელდება. ამიტომ, თავი შეიკავე, თუ, რა თქმა უნდა, ამით ქვეყანა არ დაინგრევა.
– ჩემი უმცროსი ძმა და კოლეგა ზის ციხეში და მის ოჯახს მინდა, დავურეკო მოსკოვში. ფოსტიდან დავრეკავდი, მაგრამ იქ იმდენი ხალხი ირევა, შეიძლება, ვინმემ შემთხვევით მიცნოს და მართლა დავიწვა. აქედან კი უსაფრთხოდ დაველაპარაკები. ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა, რომ უსაფრთხოდ დავრეკავდი.
– მე ჩემი გითხარი, კობრა და არჩევანი შენზეა. სუფთა რეკვიზიტებს კი უპრობლემოდ გაგიჩითავ.
– გამიჩითე. მე კი ქუჩიდან დავრეკავ და სულ ორი წუთი დაველაპარაკები. დავიჯერო, ორ წუთში დამაფიქსირებენ კიდეც, სპეცნაზსაც გამოუშვებენ და ამაგდებენ? – ვუთხარი ჩემს მასპინძელს, თუმცა, ნამდვილად არ მჯეროდა, რომ ასეთი სისტემითაც მეძებდნენ.
– აი, კობრა, ტელეფონი და კარტა. ანგარიშზე ოცი ლარია და შეგიძლია დარეკო, მაგრამ შენს ადგილზე მე თავს შევიკავებდი, – მითხრა ჩემმა მასპინძელმა და ტელეფონი წინ დამიდო.
მე ჩავიცვი, მზის სათვალე გავიკეთე და სანამ სახლიდან გავიდოდი, ჩემს მასპინძელს ვუთხარი:
– ყველაფერი კარგად იქნება. დარდი ნუ გაქვს. მე მალე მოვალ.
სახლიდან რომ გავდიოდი, მართლა ქუჩიდან დარეკვას ვგეგმავდი, მაგრამ ბოლო მომენტში გადავიფიქრე და სწორადაც მოვიქეცი. კონსპირაციული ბინიდან ხუთასიოდე მეტრში ტაქსი გავაჩერე და სოლოლაკში ავედი. იქიდან კი ჩიხებით „მუსორტრესტთან“ გადავედი და მთაწმინდის ტყეში, ჩემი ბავშვობის ბირჟაზე ავედი. იქაურობა კვლავ ძველებურად დამხვდა. ყველაფერი ხელუხლებელი იყო და ერთხანს მოგონებებში გადავეშვი. ბოლოს კი ტელეფონი ამოვიღე და სკალალაზის მშობლების ბინაში დავრეკე. ტელეფონი მისმა ბიძაშვილმა აიღო.
– გისმენთ.
– გალია ხარ?
– დიახ. ვის ველაპარაკები?
– გალიჩკა, კობრა ვარ.
– კობრა, ძვირფასო, როგორ ხარ, სად დაიკარგე.
– გალიჩკა, არა მიშავს. პაბეგში ვარ და დიდხანს ვერ დაგელაპარაკები. შენ ის მითხარი, სკალალაზი როგორაა?
– რა უჭირს, ერთი წელი დარჩა და „ბელი ლებედიდან“ გამოვა. ხშირად გვეკონტაქტება ქსივებით და ყოველთვის გკითხულობს.
– გალიჩკა, მოუბოდიშე, რომ ხმას ვერ ვაწვდენ, ჯურღმულში ვიჯექი და არ შემეძლო. ახლაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვარ და სკალალაზს ჩემგან დიდი მოკითხვა შეუთვალე, უთხარი, რომ უეჭველად შევხვდებით. ახლა კი ნახვამდის. შეხვედრამდე, – დავემშვიდობე გალიას, ტელეფონი გავთიშე. საათს დავხედე და ჩავილაპარაკე: „სულ რაღაც სამი წუთი ვიბაზრე და დავიჯერო, ასე მალე გამშიფრავდნენ?“
ტყიდან ფრთხილად დავეშვი, მაგრამ ათიოდე მეტრიც არ მქონდა გავლილი, რომ ჰაერში ვერტმფრენი გამოჩნდა, რომელიც მამადავითის მთაზე დაეშვა, იქიდან კი ტროსი ჩამოუშვეს და ათი სპეცნაზელი ძალიან სწრაფად ჩამოსრიალდა. გაოცებაც ვერ მოვასწარი, რომ „მუსორტრესტის” მხრიდან მანქანების დამუხრუჭების ხმა მომესმა, რასაც იარაღის ჩხაკუნი და ძაღლების ყეფაც დაერთო თან. აშკარა იყო, რომ ორმხრივ ალყაში ვიმყოფებოდი და ჩემს დასაჭერად სერიოზული ძალები გამოგზავნეს.
„აბა, კობრა, ბავშვობა გაიხსენე და აქედან აორთქლდი, თორემ დღის სინათლეს აღარ გაღირსებენ“, – შევუძახე საკუთარ თავს. შემდეგ ადგილს მოვწყდი და წყეული ტელეფონი ფიჭვნარში მოვისროლე, ოციოდე წამის მერე კი უკვე გამოქვაბულში ვიმალებოდი. ის გამოქვაბული ისე ოსტატურადაა შენიღბული, ვერავინ მიაგნებს. მე, ხუჭუჭა და ყბედალო არაერთხელ შევმძვრალვართ შიგნით და მის ლაბირინთებში გვივლია. სწორედ ჩვენ აღმოვაჩინეთ ის ბუნებრივი გვირაბიც, რომელიც მამადავითის მთიდან საკმაოდ შორს გადის და თბილისის ერთ-ერთ უბანში ამოდის. ბოლოს იქ ზუსტად 43 წლის წინ ვიყავით მე, ხუჭუჭა და ყბედალო. გამოქვაბულის შესასვლელში სანთლები, ასანთი და დინამო-ფანარი დავტოვეთ, რომელიც მექანიკური მოძრაობის შედეგად ინთებოდა. ამ ნივთების იქ შენახვა, რა თქმა უნდა, ხუჭუჭას იდეა იყო და მან ასე ახსნა ეს:
– ძმებო! რა იცით, რა ხდება. იქნებ რომელიმე ჩვენგანს, ან სულაც სამივეს, დამალვა, გაქცევა დაგვჭირდეს და გასანათებელი „პრიბორები“ ხომ გვინდა?
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფანარიც მუშაობდა და სანთლებიც მთელი იყო. მხოლოდ ასანთის ღერები იყო დანესტიანებული და რომ გაგეშრო, ალბათ, ისიც აინთებოდა. მე ფანარი ავამუშავე და ორმოცდასამწლიანი პაუზის მერე ფუნიკულიორის მთაში დაკლაკნილ გამოქვაბულს დავუყევი, სამშვიდობოზე გავედი და ფანარი გასასვლელთან დავტოვე. სახლში საღამოს მივედი და ჩემმა მასპინძელმა რომ დამინახა, მკითხა:
– მოხდა რამე?
– ისე აგვიხდეს ყველაფერი კარგი, როგორც შენი სიტყვები ახდა.
– გაგშიფრეს?
– თანაც, ძალიან სწრაფად და უფრო სწრაფად მომაქციეს ალყაში.
– სად, როგორ?
ჩემს მასპინძელს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ბოლოს ვუთხარი:
– კიდევ კარგი, რომ ტყეში ავედი და იქიდან დავრეკე, თორემ ქალაქში უეჭველად ამაგდებდნენ.
– ხომ გეუბნებოდი, შენ კი არ გჯეროდა, – მითხრა მასპინძელმა, – ხომ წარმოგიდგენია, რა ინდაურებივით გაგვბაწრავდნენ, აქედან რომ დაგერეკა.
– წარმომიდგენია, ძმაო და ვაღიარებ, რომ შენთვის უნდა დამეჯარებინა და საერთოდ არ დამერეკა.
– ეგ არაფერი. მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა, – ხელი ჩაიქნია ჩემმა მასპინძელმა, – სიმართლე გითხრა, მეც არ მეგონა, რომ ჩვენს ძაღლებს ამდენი შესაძლებლობები ჰქონდათ და ასე ოპერატიულად შეეძლოთ მოქმედება. საღოლ, ამერიკა! მაგრად აღუჭურვიათ ქართული პოლიცია.
– აზრზე ხარ, ტო? – ვთქვი მე, – კომუნისტების დროს რომ მილიციას ამდენი შესაძლებლობა ჰქონოდა, რას იზამდნენ?
– მაინც რას? – მკითხა ჩემმა მასპინძელმა.
– რას და პრისტუპნიკს არ გააჭაჭანებდნენ – აი, რას. არაფერი ჰქონდათ და როგორ გვავიწროებდნენ, სულ კუდზე გვესხდნენ და ყოველთვის ბეწვზე ვეკიდეთ.
– მახსოვს, – გაეცინა ჩემს მასპინძელს, – დანჯღრეული მანქანებით დადიოდნენ, პრისტუპნიკებს უკეთესი მანქანები ჰყავდათ.
– ეგ მე მკითხე, – ვუთხარი ჩემს მასპინძელს, – ერთი ამბავი გამახსენდა, რომელიც მე და ბერძენას შეგვემთხვა და გინდა მოგიყვე?
– მიდი, გისმენ, – მითხრა ჩემმა მასპინძელმა და გაჩუმდა.
– კაროჩე, ერთხელ მე და ბერძენამ ერთი წამლის ბარიგას ბაითი დავუბომბეთ, მაგარი კუში ავიღეთ და მშვიდად გავეცალეთ იქაურობას. მოპარული „ჟიგული“ ეზოში გვეყენა და ატხოდი იმით უნდა გაგვეკეთებინა. იმ ბარიგას ერთი ნაბოზარი მეზობალი ჰყავდა. თურმე დავუნახივართ, ბაითიდან რომ გამოვედით და მილიციაში დაურეკავს. ძაღლები კი ისე სწრაფად მოცვივდნენ, რომ პირველ სართულამდე ჩასვლაც ვერ მოვასწარით. მე და ბერძენას სათადარიგო „ატხოდის“ ვარიანტიც გვქონდა. ამიტომ, სახურავზე ავედით, სხვენით გადავედით სხვა სადარბაზოში და ამგვარად დავეშვით ქვემოთ. შემდეგ მოპარულ „ჟიგულიში“ ჩავსხედით და მანქანა ნელა დავძარით. ამ დროს სადარბაზოდან ძაღლებიც გამოცვივდნენ. მიმავალი მანქანა რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ ქურდები ვიყავით. თავიანთ მანქანაში ჩახტდნენ და გამოგვეკიდნენ. სულ რაღაც ერთი კვარტალი გვდიეს და გაჩერდნენ, რადგან მოტორმა „დაუსტუკათ“. წარმოგიდგენია, მილიციის სამმართველოს ძაღლების მანქანას მოტორმა „დაუსტუკა“ და ამის გამო ქურდები გაექცათ. სხვათა შორის, მეორე დღესვე ბესარიონ აბრალავამ თავის კაბინეტში მიაყვანინა ჩემი თავი ოპერებს და მითხრა:
– გინდა, ერთი თამაში გეთამაშო?
– რა თამაში, ძია ბესო, – მივუგე პოლკოვნიკს, თუმცა დაახლოებით ვიცოდი, რას გულისხმობდა მილიციის სამმართველოს უფროსი.
– ამ თამაშს გამოცნობანა ეწოდება. ჰა, ვითამაშოთ?
– თუ გნებავთ, დომინოს, ნარდს ან კარტს გეთამაშებით, მაგრამ გამოცნობანას თამაში არ ვიცი, ძია ბესო, – ვუთხარი აბრალავას.
– გაგაკარტებ მე შენ, – მითხრა აბრალავამ, – ძალიან ადვილი თამაშია. მე შენ გეტყვი, თუ რას აკეთებდი ან რას ფიქრობდი, შენ კი უნდა მითხრა, გამოვიცანი თუ არა. რას იტყვი, ვითამაშოთ?
– მოდი, ვცადოთ, – ვუთხარი აბრალავას, მან კი მითხრა:
– ჯერ შენი ფიქრებით დავიწყოთ.
– დავიწყოთ.
– აი, მაგალითად, მე შემიძლია, გითხრა, თუ რას ფიქრობდი გუშინ საღამოს.
– აბა, რას, ძია ბესო?
– რას და შენ ფიქრობდი, პერანგში დავიბადე და ძაღლის ბედი მაქვსო. ასე არაა, ბიძიკო?
– არა, ძია ბესო, ვერ გამოიცანით. გუშინ საღამოს მე ბრიჯიტ ბარდოს მონაწილეობით ფილმს ვუყურე და მთელი საღამო ვფიქრობდი, ეს ქალი გამაჟიმინა-მეთქი.
– ეს არარეალური ფიქრებია, – მითხრა აბრალავამ, – კარგი, კარგი, ფიქრებს თავი დავანებოთ და სხვა რამეზე გადავიდეთ. მე შენ ახლა გეტყვი, თუ რას აკეთებდი გუშინ დღისით დაახლოებით დღის პირველიდან ორ საათამდე. მხოლოდ ახლა მაინც არ მომატყუო და ზუსტი პასუხი გამეცი.
– თქვით, ძია ბესო, გისმენთ.
– გუშინ, დღისით, მზისით შენ და ბერძენამ ბარიგის ბინა გაქურდეთ საბურთალოზე, შემდეგ მანქანით – „ნოლ ტრი ჟიგულით“ გაექეცით ჩემს თანამშრომლებს და ჩვენი უწყების კუთვნილ „მოსკვიჩს“ მოტორი რომ არ დასტუკებოდა, დაგაკავებდნენ.
– ვერ გამოიცანით, ძია ბესო, – გავუღიმე აბრალავას და დავამატე, – უფრო სწორად კი, ნაწილობრივ გამოიცანით.
– ეგ როგორ?
– როგორ, ძია ბესო და მე და ბერძენა მართლა ვიყავით გუშინ ერთად, მაგრამ ბაითს კი არ ვქურდავდით, „პივას“ ვსვამდით, თევზს ვჭამდით და არაყს ვაყოლებდით.
– აბა, ახლა თვალებში ნაცარს ნუ მაყრი, თორემ გავბრაზდები, ზუსტად ვიცი, რომ შენ და ბერძენამ იჩალიჩეთ და თუ არ გამოტყდები, მაშინ არანაირ შეღავათს არ მოგცემთ და მაქსიმალურს მოგისჯიან – დამემუქრა პოლკოვნიკი.
– ძია ბესო, კარგი რა. განა არ ვიცი, რომ პონტს აგდებ. მშვენივრად იცი, რომ მე და ბერძენას არ გვიჩალიჩია. თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ ამაში და იმ იმედით, რომ რამეს წამომაცდენინებ, გამოცნობანას მეთამაშები.
– კობრა, კობრა, – თითი დამიქნია აბრალავამ, – ზუსტად ვიცი, რომ თქვენ იყავით და მორჩი ახლა ტყუილებს. გამოტყდი და სინდისს გეფიცები, მინიმალურ სროკს აგკიდებ. შეიძლება, პირობითიც კი მოგიხერხო. ჰა, რას იტყვი, არ ხარ თანახმა?
– ძია ბესო, ჩვენ არ ვყოფილვართ. შენ ხომ კარგად იცი, რომ მე და ბერძენა თბილისში არ ვჩალიჩობთ და იცი, რატომ? იმიტომ, რომ პატივს გცემთ.
– ჩუმად, შე მამაძაღლო! – მაგიდაზე ხელი დაარტყა პოლკოვნიკმა, სკამიდან მრისხანე სახით წამოდგა და იყვირა, – სულ ასეთ სიმღერებს მღერი. კმარა! ამჯერად თავს ვეღარ დააღწევთ პასუხისმგებლობას და ციხეში წახვალთ.
აბრალავას კარგად ვიცნობდი და ვიცოდი, ჩვენ წინააღმდეგ მხოლოდ ვარაუდებით მოქმედებდა, არანაირი ფაქტები არ ჰქონდა და პონტს აგდებდა. ამიტომ, ამოვიხვნეშე და მშვიდად ვუთხარი:
– ძია ბესო, თუ თქვენ იმ პრინციპით მოქმედებთ, რომ პატარა კაცს დიდ კაცთან სიმართლე არ გასდის, მაშინ თქვენი ხმალი და ჩვენი კისრები. მაინც ვერ ავცდებით სასჯელს და რა აზრი აქვს რამის თქმას? ხოლო, თუ კვლავ ძველ პრინციპებზე დგახართ, მაშინ გეუბნებით, ეს საქმე ჩვენი გაკეთებული არაა და გამიშვით.
– კობრა, მაბოლებ. დარწმუნებული ვარ, რომ ტყუილს ამბობ.
– მაშინ, ტყვია მესროლეთ, მომკალით და მეც მოვისვენებ და თქვენც.
აბრალავამ კაბინეტში გაიარ-გამოიარა, შემდეგ ჩემ წინ გაჩერდა და მითხრა:
– ბიჭო, სიმართლე მითხარი და კაცურად გეუბნები, არც ერთს ხელს არ გახლებთ.
აბრალავა არ მატყუებდა და რომ მეღიარებინა, ბარიგა ჩვენ გავქურდეთ-მეთქი, არც დაგვიჭერდა და არც „ვაზვრატს“ მოგვთხოვდა, მაგრამ, ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ, პოლკოვნიკს ჩემზე წარმოდგენა შეეცვლებოდა, ნდობას დავკარგავდი და მის მოტყუებას ვეღარასდროს შევძლედი. ამიტომ, თავი გავაქნიე და ვუთხარი:
– ძია ბესო, თუ გინდა, ჩემს თავზე ავიღებ ამ საქმეს და სროკზე წავალ, მაგრამ იცოდე, მართალ კაცს გასროკავ.
– კარგი. წადი და შენს სინდისზე იყოს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეგ საქმე თქვენი გაკეთებულია და იცი, რატომ?
– რატომ, ძია ბესო?
– იმიტომ, რომ არანაირი სამხილი, მცირედი ხელჩასაჭიდი ფაქტიც არ დაგიტოვებიათ. ასე კი, მხოლოდ თქვენ ჩალიჩობთ. მოკლედ, წადი და ჭკვიანად იყავით.
ერთი სიტყვით, ამჯერადაც მშვიდობიანად წამოვედი აბრალავას კაბინეტიდან და რომ არა „მოსკვიჩის“ „დასტუკებული“ მოტორი, ღმერთმა უწყის, ეს საქმე როგორ დასრულდებოდა, – ვუთხარი ჩემს მასპინძელს, – ძველები უფრო მაგრები იყვნენ და მათ რომ თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა ჰქონოდათ, მსოფლიოში ვერავინ აჯობებდათ. ნაღდი ძაღლები იყვნენ, „იდეინები“, დაუზარელები და ადვილად ვერც მოატყუებდი, ვერც შეაშინებდი. მართალია, წამორტყმაც ეხერხებოდათ და მაყუთიც უყვარდათ, მაგრამ საზღვარიც იცოდნენ და ყველაფერში ფულს არ იღებდნენ.
– შენ თუ მიგიცია როდესმე მილიციისთვის მაყუთი? – მკითხა ჩემმა მასპინძელმა.
– არასდროს და არც არავის მოუთხოვია. ყველამ იცოდა, რომ „იდეინი“ ქურდი ვიყავი, არაქურდულს არასოდეს ჩავიდენდი და მსგავსი რამ არც უკადრებიათ ჩემთვის, ერთი შემთხვევის გარდა.
– რა შემთხვევის?
– ახლავე მოგიყვები, – ვუთხარი ჩემს მასპინძელს, სიგარეტი გავაბოლე და დავიწყე, – მეოთხე სროკის დიდი ნაწილი ციმბირის სხვადასხვა ზონების სტროგაჩებში გავატარე. თბილისში რომ დავბრუნდი, ცოტა არ იყოს, ნერვებმოშლილი და დაღლილი ვიყავი, მეძინებოდა და შევდგი თუ არა სახლში ფეხი, წამოვწექი. ნახევარი საათიც არ იყო გასული, კარზე ბრაგა-ბრუგი ამიტეხეს. იძულებული გავხდი, ავმდგარიყავი და კარი რომ გავაღე, ბინაში ოთხი ძაღლი შემომიცვივდა. ასეთი რამ პირველად მაკადრეს და ძალიან გავმწარდი. მზად ვიყავი, ოთხივე ძვლებში დამელეწა, მაგრამ თავს ვძლიე და დაუპატიჟებელ სტუმრებს ვუთხარი:
– რა მოხდა, ვინ ხართ, რაშია საქმე?
ჩემს სიტყვებზე ძაღლებმა გადაიხარხარეს. შემდეგ მათ ერთი თავგასიებული, ბულდოგისსახიანი, ზორბა კაცი გამოეყო, „ნაგლი“ სახით შემომხედა და კიდევ უფრო „ნაგლად“ მითხრა:
– ვინ ვართ, ვერ ხვდები, ბიჭო?
– მარჩიელობას ხომ არ დავიწყებ? თანაც, ყოველგვარი უფლების გარეშე ბინაში შემომიცვივდით. რა ხდება, რისთვის გარჯილხარ?
ბულდოგისსახიანმა თავისი მახინჯი სახე კიდევ უფრო მეტად დაჯღანა და მითხრა:
– მე პოდპოლკოვნიკი ზელიმხან ქიბროწაშვილი ვარ. კალინინის რაიონის მილიციის უფროსი და შენთან პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად მოვედი.
გაგრძელება შემდგე ნომერში