კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

***

ზარის ხმის გაგონებისთანავე, გიორგი წამოხტა და კარისკენ გაიქცა. დიმიტრის გაეცინა ძმის საქციელზე და მიაძახა:

– ნუ გეშინია, არავინ მოგტაცებს შენს დეზდემონას!

– მე მზიას მოტანილი პასუხის გაგება მეჩქარება, – თავი იმართლა გიორგიმ, – შენ, რა, არ გაინტერესებს, რა ამბავს მოიტანს?

– როგორ არ მაინტერესებს, მაგრამ, ასე თავ-პირის მტვრევით არ გავიქცეოდი, – გაეხუმრა დიმიტრი.

– გეყოფა მაიმუნობა, – გაბრაზდა გიორგი, – ყველაფერზე მასხრობა არ გამიგია!

– ჰო, კარგი, გაუღე კარი და შეეგებე შენს ფერიას, – ისევ სიცილით უთხრა დიმიტრიმ და თვითონაც მოემზადა მზიას მოსასმენად.

გიორგიმ ხელი ჩაიქნია – შენ რა უნდა გელაპარაკოო და კარი გააღო. მზია დაფიქრებული სახით შევიდა სახლში, კაცებისთვის წესიერად არც კი შეუხედავს და სავარძელში ჩაჯდა.

– აღარ ამოიღებ ხმას? – თითქმის ერთდროულად ჰკითხეს ძმებმა და მოლოდინით შეაჩერდნენ.

მზია დუმდა.

– ნახე ნანიტა? – აღელვებული ხმით იკითხა დიმიტრიმ.

– ვნახე, – პატარა პაუზის შემდეგ უპასუხა მზიამ.

– მერე? – ჩაეკითხა დიმიტრი.

– არაჩვეულებრივი ქალია, მოხიბლული დავრჩი, – თქვა მზიამ და დიმიტრის შეხედა.

– გოგო, მე შენ საცოლის გადასანახულებლად კი არ გამიგზავნიხარ იქ, შენს აღფრთოვანებას რომ გამოხატავ, საქმეზე გაგიშვი, თორემ, ნანიტა როგორი ქალია, შენზე უკეთ ვიცი, –  ცოტა უხეშად თქვა დიმიტრიმ.

– არ გეწყინოს, ბატონო დიმიტრი, მაგრამ, უკეთ რომ გცოდნოდა, ნანიტასნაირ ქალს ასე არ მოექცეოდი, – წაგესლა მზიამ, – ნამდვილი ანგელოზია.

– ჰო, ის ანგელოზია, მე კი ჯოჯოხეთის მოციქული! – გაბრაზდა დიმიტრი, – მაინც, რაო, იმ შენმა ანგელოზმა, გამოგიტყდა, რომ მან გამომიგზავნა წერილი?

– არაფერშიც არ გამომტყდომია. წერილი არც მიჩვენებია, უფრო სწორად, კონვერტი კი დაინახა, მაგრამ, შიგნით რა ეწერა, არ მითქვამს.

– რატომ?

– ასე იყო საჭირო.

– აბა, რა აზრი ჰქონდა შენს მისვლას?

– გაგეცინებათ და, ჩვენ თითქმის დავმეგობრდით, ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა ნანიტამ, – ამაყად გამოაცხადა მზიამ, – მერე კი მითხრა, ორ დღეში დაგირეკავ და შევხვდეთ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გიამბოო.

– ეს გოგო გამაგიჟებს... – ჩაილაპარაკა დიმიტრიმ.

– ვინ, ნანიტა? – დაინტერესდა ექთანი.

– ნანიტა კი არა, შენ.

– რა გავაკეთე გასაგიჟებელი? – გაუკვირდა მზიას.

– მე გიპასუხებ მაგ კითხვაზე, – ღიმილით ჩაერია საუბარში გიორგი, – შენ ისეთი ტიპი ხარ, კაცის მოსაკლავად რომ გაგიშვან, იმ კაცთან ფიცვერცხლნაჭამი დაბრუნდები იქიდან... მართლა საოცარი გოგო ხარ, ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნიკალური ნიჭი გაქვს. ხომ ვერ გაგვანდობ, რა საიდუმლო ხერხი გაქვს ასეთი, რომ დანახვისთანავე ყველა გენდობა?

– არაფერი საოცარიც არ ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, – დაიმორცხვა მზიამ, – ჩემი „საიდუმლო“ კი ის არის, რომ არასდროს ვატყუებ სხვას და, კიდევ, მოსმენა შემიძლია, სულ ეს არის.

– გეყოფათ ლირიკული გადახვევები, საქმეზე ვილაპარაკოთ! – ისევ გაბრაზდა დიმიტრი.

– ბატონო დიმიტრი, ჯერჯერობით მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, რაც უკვე გითხარით.

– როგორ, ლამის ორი საათი იჯექი ნანიტასთან და მაგ ორი-სამი წინადადების მეტი არაფერი გითქვამთ ერთმანეთისთვის? – არ დაუჯერა დიმიტრიმ, – აკი ტყუილს არასდროს ვამბობო?

– მე ტყუილი არ მითქვამს. საქმესთან დაკავშირებით არაფერი გვილაპარაკია, ისე ვისაუბრეთ, ზოგად თემებზე, რაც თქვენ არც ერთს არ გეხებათ, – თქვა მზიამ და გაწითლდა, მერე კი ნათქვამი გამოასწორა: – უფრო სწორად, საქმეს არ ეხება.

– ახლა ეს დასახვრეტად რომ გაიყვანო, მეტს მაინც ვეღარაფერს ათქმევინებ, – უთხრა დიმიტრიმ ძმას, – ამიტომ, ახლა შემდეგ საკითხზე გადავიდეთ.

– შემდეგი საკითხი რომელია? – ჰკითხა გიორგიმ და მერე ისევ თვითონ უპასუხა თავის შეკითხვას: – ჰო, გამახსენდა, ანუ, ახლა ვის უნდა შეხვდეს მზია...

– თორნიკესთან შეხვედრა, როგორც უკვე ვთქვით, გამორიცხულია. რჩებიან გუგა, ნუცა და ბატონ დიმიტრისთან განსაკუთრებით დაახლოებული რამდენიმე ქალბატონი, რომლებსაც, თეორიულად, შეეძლოთ რამე გველობის ჩადენა.

– ქალები გამორიცხე! ქალებს რა მიზნით უნდა გამოეგზავნათ ასეთი წერილი? – გააპროტესტა დიმიტრიმ.

– შურისძიების მიზნით, –  გიორგიმ დაასწრო მზიას პასუხი, – პირადად მე არ გამოვრიცხავ, რომ, თუ ყველასთან არა, რომელიმე მათგანთან მაინც გექნება რამე სერიოზულად მიქარული.

– ამ ბოლო დროს ჩემი დაგესვლის მეტს არაფერს აკეთებ, – ეწყინა დიმიტრის, – რა უნდა მიმექარა ვიღაც მიმალიოტნი ქალებთან?

– ეგ მერე განვიხილოთ, ანუ, მერე დავადგინოთ, ღირს თუ არა რომელიმესთან მზიას შეხვედრა. ახლა კი გვყავს ორი კანდიდატურა – ნუცა და გუგა. რადგან გუგას ნახვა ჯერჯერობით შეუძლებელია, გვრჩება ნუცა. მაგრამ, ნუცა მოზარდია, თან, ცოტა უცნაური გოგოა და მასთან შეხვედრისას მეტი სიფრთხილეა საჭირო, – დაფიქრებით თქვა გიორგიმ.

– მაგის ნუ გეშინია, – ირონიულად გაიღიმა დიმიტრიმ, – ხუთ წუთში ისე დაუდაქალდება ნუცას, შეიძლება, ჩემმა შვილმა მეჯვარედაც კი წაიყვანოს, როცა გათხოვდება.

– ყველაფერში გეთანხმებით, ბატონო გიორგი, მაგრამ, სანამ ქალბატონ ნანიტას არ შევხვდები და არ გავიგებ, რისი მოყოლა უნდა, აზრი არ აქვს სხვების ნახვას, – ყურადღება არ მიაქცია მზიამ დიმიტრის ქილიკს.

– შენ თქვი, ნანიტა ორ დღეში დამირეკავსო. რატომ უნდა დავკარგოთ ორი დღე? – აღელდა დიმიტრი, – ამ ორ დღეში, შეიძლება, გავგიჟდე.

– ნუ გეშინია, არ გაგიჟდები, ბატონო დიმიტრი, – გაეღიმა ექთანს, – ჩვენ გაგართობთ.

– ყველანი ჩემს შაყირზე ხართ გადასულები. არც ერთი არ ითვალისწინებთ იმას, რომ მე მძიმე ავადმყოფი ვარ, თანაც, ხეიბარი და ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება, – თავი მოისაწყლა დიმიტრიმ.

– კი არ გაშაყირებთ, გეხუმრებით, რომ ცოტა ხასიათზე მოგიყვანოთ, – დაუყვავა მზიამ.

– ხომ შეიძლება, საერთოდაც, გადაიფიქროს ნანიტამ დარეკვა, ან, ორ დღეში კი არა, ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ დაგირეკოს, მაშინ რა უნდა ვქნათ? – ისევ აფორიაქდა ავადმყოფი.

– გამორიცხულია, – დარწმუნებით თქვა მზიამ, – არ არსებობს, რომ ორ დღეს გადააცილოს. ის კი არა, გული მიგრძნობს, რომ ორ დღესაც ვერ მოითმენს... – მზიას წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მისი მობილური აწკრიალდა. ზარმა სამივე შეაკრთო. მზიამ სასწრაფოდ აიღო ტელეფონი, ნომერს დახედა და მრავალმნიშვნელოვნად აზიდა წარბები, შემდეგ კაცებს ნიშნის მოგებით გაუღიმა, მწვანე ღილაკს თითი დააჭირა და ძალიან თბილი ხმით წარმოთქვა:

– გისმენთ, ქალბატონო ნანიტა!

***

გუგა თავის ნარზე იჯდა, ნახევრად განათებულ საკანში, თვალები დახუჭული ჰქონდა და თავის მომავალ ცხოვრებაზე ფიქრობდა. სხვათა შორის, თვითონაც უკვირდა, მის გონებაში მოულოდნელად რომ წამოტივტივდა ეს, უკვე დიდი ხნის წინ მივიწყებული თემა. საკმაოდ სევდიან ფიქრებში თვალი გადაავლო თავის წარსულს, აწმყომდე მოვიდა და, თვითონაც ვერ იგრძნო, ისე დაიწყო ბუტბუტი. საკანში მყოფმა პატიმრებმა გაოცებით გადახედეს ერთმანეთს, ერთ-ერთმა, ყველაზე ახალგაზრდამ გუგას „წაღადავება“ დააპირა, მაგრამ, დანარჩენებმა შეუბღვირეს და ამით მიახვედრეს, რომ გაჩუმებულიყო და თვითონაც გაჩუმდნენ.

„ვინ ვარ ახლა მე? თუმცა, „ვინ ვარ“ კი არა, „რა ვარ“ უნდა მეთქვა... – თავის თავს ელაპარაკებოდა გუგა, – ჯერ ახლა რას წარმოვადგენ და, წლების მერე ვის რაში დავჭირდები? ან კი, ვიცოცხლებ მანამდე? არადა, მაინც არ მინდა ციხეში სიკვდილი... საფლავი მაინც ხომ უნდა მქონდეს? მართალია, არავინ მოვა ჩემს საფლავზე, მაგრამ... ბოლოს და ბოლოს, მაინც ადამიანი მქვია, ძაღლი ხომ არა... – მერე სახე მოისრისა და ირონიულად ჩაიცინა: – ხუთი ათას ლარს თუ შემოიტან, გაგიშვებთო... ხუთი ათასი კი არა, ხუთი ლარი არ გამაჩნია-მეთქი, რომ ვუთხარი, მირჩიეს, გადაურეკე ახლობლებსო. სად მყავს ახლობლები! ყველას არ ვკიდივარ? ხუთი ათასი ლარი გადამიხადოს კი არა, ერთი ადამიანი არ მეგულება დედამიწის ზურგზე, ჩემი ამბავი ადარდებდეს. აქამდე ასე იყო და ახლა ვინ გამოჩნდება ასეთი სულელი, რომ ჩემისთანა არარაობისთვის ამხელა თანხა გადაყაროს?!.”

– არ გეწყინოს, ძმაო, შენს საქმეში რომ ვერევი, მაგრამ, არაფერია გამორიცხული, – უთხრა გუგას მოპირდაპირე ნარზე ჩამომჯდარმა პატიმარმა.

– ბატონო? – ფიქრებიდან გამოერკვა გუგა, – რამე მითხარით?

– არა, უბრალოდ, ხმამაღლა ლაპარაკობდი და ძალაუნებურად გავიგონეთ. იმიტომაც გითხარი, გამორიცხული არაფერია-მეთქი.

– რა არ არის გამორიცხული? – ვერ მიხვდა გუგა.

– ვინმე კეთილი ადამიანის გამოჩენა. ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ხდება, – უპასუხა თანასაკნელმა, – აი, აქ, შენ გარდა ხუთნი ვართ და თითოეულის ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომხდარა ისეთი სასწაული, როგორზეც ვერც კი ვიოცნებებდით.

– ნამდვილად ხდება ხოლმე სასწაული. მართალია, არც ისე ხშირად, მაგრამ, მაინც ხდება, – დაუდასტურეს დანარჩენებმა.

– ჰო, მაგაში მეც გეთანხმებით, – ნაღვლიანად გაიღიმა გუგამ, – სასწაული არ არის, ციხეში თქვენისთანა ხალხი რომ დამხვდა?! მე მეგონა, აქ ყველა მკვლელი, ბანდიტი და მძარცველი იჯდა, თქვენ კი, რომ გიყურებთ, დუმბაძის „თეთრი ბაირაღები” მახსენდება, ოღონდ, მგონი, თქვენ უფრო კარგი ტიპები ხართ.

– ჩვენ ჩვენი წილი ცოდვა და დანაშაული ყველას გვაქვს ჩადენილი და, შესაბამისად, სხვადასხვა დოზით სასჯელი ყველას გვეკუთვნის, – თქვა ყველაზე ხნიერმა პატიმარმა და მცირეოდენი ჩაფიქრების შემდეგ განაგრძო: – მაგრამ, ყველაზე მძიმედ გადასატანი ის არის, რომ, ხშირ შემთხვევაში, ბრალს გდებს და გასამართლებს ის, ვისთან შედარებითაც უმანკო კრავი ხარ და არა საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება. შენ კი, მართალია, მთლად ზაზა ნაკაშიძეს არ ჰგავხარ, მაგრამ აშკარად წესიერი კაცი ჩანხარ. ჰოდა, როგორც ნაკაშიძის შემთხვევაში მოხდა, ხომ შეიძლება, ახლა აქაც შემოვიდეს ბადრაგი და დაიძახოს – „სანებლიძე, ს ვეშჩამიო“?!

– ასე მხოლოდ ფილმებში და წიგნებში ხდება, – ხელი ჩაიქნია გუგამ.

– და მაინც, იმედი არ უნდა გადაიწუროს კაცმა. აი, მაგალითად, მე სულ ველოდები, რომ გააღებენ კარს და გამიშვებენ, – თქვა ხნიერმა პატიმარმა, – ამის იმედი რომ არ მქონდეს, კარგა ხნის წინ მოვკვდებოდი. იმედი მაცოცხლებს დღემდე.

– ჰო, იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ ჩემი იმედი თითქმის ოცი წლის წინ მოკვდა, – სევდიანი ხმით თქვა გუგამ.

– ეგ შენ გგონია, რომ მოკვდა. იმედის გარეშე ვერ იცხოვრებ.

– მერე, ვინ გითხრა, რომ მთელი ეს ოცი წელი ვცხოვრობდი? ან, თქვენ გგონიათ, ძალიან მინდა აქედან გასვლა? ვის დავკარგვივარ?

– აბა, აქ გირჩევნია ჯდომა და ამ დამპალი კედლების ყურება? – გაუკვირდა ყველაზე ახალგაზრდა პატიმარს.

– იცი, რაშია საქმე? ჩემთვის ახლა აბსოლუტურად სულერთია, სად ვიქნები და სად ამომხდება სული უპატრონოდ. ერთადერთი, ნამდვილად არ მინდა, რომ ციხის სასაფლაოზე დამმარხონ, ესეც იმიტომ, რომ ჩემი მშობლების... – მაგრამ გუგამ წინადადების დასრულება ვერ მოასწრო, რომ საკნის კარი გაიღო, ბადრაგი შემოვიდა და გამოაცხადა:

– სანებლიძე, გამომძიებელია შენთან მოსული და გელოდება, წამოდი!

ეს ისეთი მოულოდნელი იყო, ყველა გაოცებით მიაჩერდა ჩასუქებულ ბადრაგს. გუგა დაიბნა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო და ტანსაცმელი ხელით გაისწორა, მერე იქვე, მაგიდაზე დაგდებულ სავარცხელს დასწვდა და თმა გადაივარცხნა.

– ქალის გასაცნობად კი არ მიმყავხარ, – გაეცინა ბადრაგს, – დროზე, გამოადგი ფეხი.

– ს ბოგომ! – მიაძახა ახალგაზრდა პატიმარმა და გუგას შორიდან ჯვარი გადასახა.

გუგას ხელები ზურგს უკან ჰქონდა დაწყობილი და უხმოდ მიჰყვებოდა ბადრაგს. თვითონაც უკვირდა, ისე აინტერესებდა, რატომ მოვიდა მასთან გამომძიებელი, მაგრამ, არაფერს ეკითხებოდა თავის გამყოლს, რადგან, ეშინოდა, რამე საშინელება არ გაეგო და წინასწარ არ გახეთქვოდა გული.

„ეტყობა, მაინც მყვარებია თავი, – გაიფიქრა გაოცებით, – მეგონა, რომ უკვე ყველაფერი სულერთი იყო“.

– არ გაინტერესებს, რატომ მოვიდა შენთან გამომძიებელი? – ფიქრებს მიუხვდა ბადრაგი.

– არა, – უპასუხა გუგამ.

– კარგი, მაშინ, არ გეტყვი, – გაეღიმა ბადრაგს.

ისეთი მეგობრული იყო მისი ხმა, რომ გუგამ სახეში შეხედა და დააკვირდა.

 „სულ მთლად ახალგაზრდა ბიჭია, თან, კეთილი თვალები აქვს. ასეთები აქ იშვიათად მოდიან სამუშაოდ. ეტყობა, სხვა სამსახური ვერ იშოვა, თორემ, ამ ცოდვის სახლში რატომ მოვიდოდა?“ – გაიფიქრა და თვითონაც გაუღიმა.

– ჰო, მართალი ხარ, სამსახური ვერ ვიშოვე და იმიტომ დავიწყე აქ მუშაობა, – ისევ ღიმილით უთხრა ბადრაგმა, – მერე კი შევეჩვიე და ასე შემოვრჩი აქაურობას. ბევრს ვერაფერს ვახერხებ, მაგრამ, ვცდილობ, პატიმრებს ოდნავ მაინც შევუმსუბუქო მდგომარეობა.

– შენ რა, სხვისი ფიქრების გამოცნობა შეგიძლია? – გაუკვირდა გუგას.

– ჰო, ბავშვობდან მაქვს ამის ნიჭი, – გაეცინა ბადრაგს, – მაგრამ, აქ ამას არ ვამხელ, მეშინია, რამე ისეთი არ დამავალონ, რის გაკეთებასაც არასდროს ვიკადრებ.

– რა გქვია? – უკვე შინაურულად ჰკითხა გუგამ.

– ვახტანგი, ვახო.

– სადაური ხარ?

– ქართლელი ვარ, გორის რაიონიდან. სკოლა იქ დავამთავრე, მერე აქ ჩავაბარე იურიდიულზე და, ფული რომ ვეღარ გადავიხადე, აკადემიური ავიღე. ახლა ფულს ვაგროვებ, რომ თავი აღვიდგინო, მაგრამ, მგონი, აღარ მინდა იურისტობა, ძალიან ძნელია.

– რითაა ძნელი, სწავლა გიჭირს?

– არა, მორალურად გამიჭირდა, ძალიან ძნელია, მთელი ცხოვრება გამწარებულ და დაჩაგრულ ადამიანებს უყურო.

- ან – დამნაშავეებს, – დაუმატა გუგამ.

– ჰო, ეგ ძალიან მძიმე კატეგორიაა, მაგრამ, მაგათ შორისაც ბევრია კარგი ადამიანი, უბრალოდ, ცხოვრება ვერ ააწყვეს და მერე გაბოროტდნენ.

– მდგომარეობას ვუმსუბუქებო, წეღან რომ მითხარი, როგორ აკეთებ ამას? – დაინტერესდა გუგა.

– გეტყვი, თუ არ გამთქვამ.

– არსად არ ვიტყვი, გეფიცები.

– როგორ და, ჯერ ერთი, ადამიანურად ვეპყრობი, არ ვამცირებ და შეურაცხყოფას არავის ვაყენებ; მეორეც, ხან სიგარეტი მომაქვს ამათთვის, ხან თავიანთ ახლობელთან მთხოვენ დარეკვას, რომ, ვუთხრა, კარგად არიან ან რამე შემოუგზავნეთ-მეთქი. ხანდახან წიგნებიც მომაქვს ხოლმე – არის აქ რამდენიმე პატიმარი, წიგნის გარეშე რომ ვერ ძლებს და, რაც სახლში ნორმალური წიგნი მქონდა, სულ ამათ მოვუზიდე, მაგრამ, ამას სატრაბახოდ კი არ ვამბობ, რადგან შენ მკითხე, იმიტომ გითხარი.

– კარგი ბიჭი ხარ შენ, ვახო. მეცოდები და მენანები აქაურობისთვის, მაგრამ, ასეთ ჯოჯოხეთს უფრო სჭირდება შენისთანა ადამიანები, – თქვა გუგამ და მერე უცბად ჰკითხა: – პატიმრები თუ გიცემია ოდესმე?

– შეიძლება, არ დამიჯერო, მაგრამ, ყოველთვის ვახერხებ ხოლმე ამის თავიდან აცილებას.

– აი, მე კი კარგა მაგრად მბეგვეს შენმა კოლეგებმა, აქ როცა მოვხვდი, პირველივე დღეს,  მერეც რამდენჯერმე მომხვდა. ისინიც შენხელა ბიჭები იყვნენ, ერთი-ორი თუ ერია ჩემი ხნის, მაგრამ, ისეთი სიამოვნებით ასრულებდნენ ამ „საპატიო“ დავალებას, მათ მაგივრად მე შემეშინდა...

– მოვედით, – შეაწყვეტინა ლაპარაკი ვახომ, მერე კაბინეტის კართან მდგარ ბადრაგს უთხრა, პატიმარი მოვიყვანეო და, დაახლოებით ორი-სამი წუთის შემდეგ გუგა პატარა ოთახში შეიყვანა.

– გამარჯობა, ბატონო გუგა, – წამოდგა გამომძიებელი და ხელი გაუწოდა.

გუგა არ ელოდა ასეთ შეხვედრას და დაიბნა, მით უმეტეს, რომ გადაჩვეული იყო ასეთ მიმართვასაც, ასეთ ურთიერთობებსაც და უხერხულობისგან გაეცინა.

– რა გაცინებთ? – ჰკითხა გამომძიებელმა, თუმცა, მაშინვე მიხვდა მიზეზს.

– „ბატონოზე“ გამეცინა, ბატონო გამომძიებელო, – გულწრფელად უპასუხა გუგამ, – დაკითხვებიდან მოყოლებული, ძალიან მანებივრებთ და, ისე უცხოა ჩემთვის ეს ყველაფერი, პატარა ბიჭივით ვიბნევი.

– ბატონო გუგა, ყველაფრის მიუხედავად, თქვენი დანახვისთანავე მივხვდი, რომ არ ხართ უბრალო კაცი, არც დამნაშავის გეტყობათ რამე და, ჩემი აზრით, იმსახურებთ ელემენტარულ ადამიანურ მოპყრობას. 

– დიდი მადლობა, – ისე აუჩუყდა გუგას გული, კინაღამ ცრემლები გადმოყარა, – თქვენ ძალიან კეთილი ადამიანი ბრძანდებით, რაც ასე იშვიათია თქვენს სისტემაშიც და საერთოდაც.

– კეთილი მე კი არა, ბატონი ირაკლი და ბატონი გიორგი არიან, – ღიმილით უთხრა გამომძიებელმა და გაოცებისგან თვალებდაჭყეტილ პატიმარს სკამზე მიუთითა, – დაჯექით, სალაპარაკო მაქვს თქვენთან.

გუგა მექანიკურად დაჯდა და მოლოდინით შეაცქერდა გამომძიებელს.

– საქმე ისაა, – განაგრძო გამომძიებელმა, – რომ თქვენთვის ეს, წესით, სხვას უნდა ეთქვა, მაგალითად, ადვოკატს, მაგრამ, მე ვითხოვე ამ მისიის შესრულება და იმიტომ ვარ ახლა აქ.

– ბატონო გამომძიებელო, სანამ თქვენს მისიას შეასრულებთ, ძალიან გთხოვთ, მითხარით, რა შუაშია ირაკლი ქებაძისა და დიმიტრის ძმის სიკეთე, თორემ, ინტერესისგან ლამის გავგიჟდე, – შეუთამამდა გუგა.

– სწორედ მაგის თქმას ვაპირებ, – ისევ გაეღიმა გამომძიებელს, – თუმცა კი, ორივემ მთხოვა, რომ ისინი არ მეხსენებინა, მაგრამ, მინდა იცოდეთ, რომ ამქვეყნად ჯერ კიდევ არიან უანგაროდ კეთილი ადამიანები და სწორედ ასეთების მხრებზე დგას დღეს დედამიწა... – უცებ გამომძიებელს ხმამაღლა გაეცინა და უხერხულად განაგრძო: – რაღაც, ძალიან ამაღლებულად და პათეტიკურად ნათქვამი გამომივიდა, მაგრამ, სინამდვილეში სწორედ ასეა.

– ვერ გავიგე, რისი თქმა გინდათ, – მთლად დაიბნა გუგა.

– ჰო, ცოტა გაუგებრად აგიხსენით, მაგრამ, ახლა გეტყვით კონკრეტულად: საქმე ისაა, რომ ამ ორმა ადამიანმა შეიტანა თქვენს სახელზე ის ხუთი ათასი ლარი და, შესაბამისად, ხვალიდან თავისუფალი იქნებით.

– რაა?! – ყურებს არ დაუჯერა გუგამ.

– დიახ, არ მოგესმათ, – თქვა გამომძიებელმა და პატიმარს ჭიქა წყლით აუვსო, – დალიეთ.

გუგამ ჭიქა აიღო და, იმის ნაცვლად, რომ დაელია, თავზე დაისხა. შემდეგ თავი გააქნია, სახიდან წვეთები ჩამოიფერთხა და გაოგნებული შეაჩერდა გამომძიებელს.

– არ ელოდით, ხომ? – უფრო იმიტომ ჰკითხა გამომძიებელმა, რომ სიჩუმე დაერღვია, – არა უშავს, გადაიტანთ. სიხარული უფრო ადვილად გადააქვს ადამიანს, ვიდრე მწუხარება.

– სიხარული აქ არაფერ შუაშია, – როგორც იქნა, ხმა ამოიღო გუგამ, – მე იმან გამაოცა, რომ ჩემთვის სრულიად უცნობმა და უცხო ადამიანებმა იზრუნეს ჩემზე. დამეთანხმებით, რომ ეს ხშირად არ ხდება, უფრო სწორად, მეგონა, რომ მხოლოდ ზღაპრებში ხდებოდა.

– ზღაპრებიც ცხოვრებაში მომხდარი ამბების საფუძველზე იწერება, – თქვა გამომძიებელმა, წამოდგა და ხელი გაუწოდა, – კარგად იყავით. ალბათ, მე ვეღარ გნახავთ, ყოველ შემთხვევაში, ამ ტერიტორიაზე. წადით საკანში და დილისთვის მოემზადეთ.

– დიდი მადლობა... – ამოღერღა გუგამ.

– რისთვის? – გაიკვირვა გამომძიებელმა.

– ყველაფრისთვის, უპირველესად კი – ნდობისთვის, – თვალები აუცრემლიანდა გუგას.

– მე არაფერ შუაში ვარ, ეს ნდობა თქვენ თვითონ გამოიწვიეთ. წარმატებებს გისურვებთ, – გამამხნევებლად გაუღიმა გამომძიებელმა, შემდეგ ღილაკს დააჭირა თითი და ოთახში შემოსულ ბადრაგს უბრძანა, პატიმარი საკანში დაებრუნებინა.

იგივე დერეფანი თავის საკნამდე გუგამ ისე გაიარა, ხმა არ ამოუღია. ახლა ვახო კი არა, სხვა ბადრაგი მიჰყვებოდა, რომელიც ცინიკური ღიმილით ათვალიერებდა, თითქოს უნდოდა, რაღაც დამამცირებელი ეთქვა, მაგრამ, სიტყვებს ვერ პოულობდა. ბოლოს მაინც „იპოვა“:

– რაო, ნარკუშ, დაგერხა?

გუგამ პასუხი არ გასცა. არც სწყენია. ყველა ბადრაგი ვახოსნაირი ხომ არ იქნებოდა. ამიტომ, „გაატარა“, ვითომ არც გაუგონია, მაგრამ, გულის სიღრმეში მაინც ეწყინა.

საკანში რომ შევიდა, პატიმრები გაჩუმდნენ და მოლოდინით შეაჩერდნენ, როდის მოყვებოდა გუგა, რატომ დაიბარა გამომძიებელმა, მაგრამ ის იდგა, ხმას ვერ იღებდა და გრძნობდა, როგორ ევსებოდა თვალები ცრემლით, მერე კი ლოყებზე ჩამოუვიდა ღვარად და ქვის იატაკზე წკაპუნით დაეწვეთა.

– რაო, აღარაფერი გიშველისო? – ვერ მოითმინა ახალგაზრდა პატიმარმა.

გუგა ისევ ვერ იღებდა ხმას – ეშინოდა, გულაჩუყებულს ხმამაღალი ბღავილი არ დაეწყო, მერე ჩუმად ჩამოჯდა ნარზე და ბიჭებს გადახედა.

– აღარ იტყვი, შე ჩემა, რა მოხდა? – უყვირა ხნიერმა პატიმარმა, – წამალი გაგიკეთეს თუ რამ გამოგათაყვანა ეგრე ძალიან?

– თქვენ მართლები იყავით, – ჩურჩულით თქვა გუგამ და ცრემლები მაჯებით შეიმშრალა.

– რაში ვიყავით მართლები? – იკითხა ერთ-ერთმა.

– სასწაულები, თურმე, მართლაც ხდება და, თურმე, ჯერ კიდევ დადიან დედამიწაზე უანგაროდ კეთილი ადამიანები.

– „უანგაროდ კეთილი“ რას ნიშნავს? – იკითხა ახალგაზრდა პატიმარმა და დანარჩენებს გახედა.

– ეს იმას ნიშნავს, – თვითონვე აუხსნა გუგამ, – როცა კაცი ისე აკეთებს სიკეთეს, რომ იქიდან სარგებელს არ ელის.

– ვაა!.. აი, მესმის! – გაუკვირდა ახალგაზრდას, – მაგრამ, შენ ის გვითხარი, რაო, იმ გამომძიებელმა, რა მინდაო?

– ხვალ მიშვებენ, – უცებ თქვა გუგამ და თავი ჩაღუნა, თითქოს იმის შერცხვა, რომ მას უშვებდნენ, დანარჩენები კი ისევ იქ უნდა დარჩენილიყვნენ.

ამ სიტყვებზე ხანდაზმული პატიმარი მიუახლოვდა, წინ ჩამოუჯდა და მშვიდად უთხრა:

– სანამ ყველაფერს დაწვრილებით არ მოყვები, ხომ იცი, რომ არ მოგეშვებიან. ყველა გბალეშჩიკობთ და, ამიტომ, შეგიძლია თუ არ შეგიძლია, მიდი, დაიწყე.

გუგამ წყლით სავსე ჭიქა ერთი ყლუპით დაცალა და შემდეგ სიგარეტი ითხოვა. როცა მოკიდებული ღერი მიაწოდეს, ღრმა ნაფაზი დაარტყა, ბიჭებს გახედა და უკვე ცოტათი გონზე მოსულმა თქვა:

– საპროცესოს თანხა ორმა თითქმის უცნობმა ადამიანმა გადაიხადა და ხვალ მიშვებენ.

– ვინ ორმა ადამიანმა? – დაეჭვებით იკითხა ხნიერმა პატიმარმა და სახე უსიამოვნოდ დაეძაგრა, – ვინ არიან, არ ითქმევა?

– ერთი – პროფესორია, დიმიტრის მკურნალი ექიმი, მეორე კი – დიმიტრის ძმა, რომელიც სტუდენტობის მერე, მგონი, აღარც მინახავს.

დიმიტრის შესახებ გუგამ თანასაკნელებს მხოლოდ ის მოუყვა, რაც თვითონ ჩათვალა საჭიროდ, ნანიტაზე კი კრინტიც არ დაუძრავს. ამიტომ, პატიმრებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ბავშვობის ძმაკაცები ბიზნესის გამო იქცნენ მტრებად და ამ მდგომარეობამდე გუგა სწორედ დიმიტრიმ მიიყვანა.

– აი, ეს კი მართლა სასწაულია! – ხელები გაშალა ხნიერმა პატიმარმა, რომელსაც არასდროს არაფერი უკვირდა, – კარგი, ვთქვათ, ის ძმა კეთილშობილი კაცია და დიმიტრის დანაშაულის შემსუბუქება უნდოდა, მაგრამ, პროფესორი რა შუაშია შენთან, გიცნობდა?

– პრაქტიკულად, არა. ერთხელ ვყავარ ნანახი, საავადმყოფოში რომ დავადექი დიმიტრის თავზე, მაშინ (გუგამ არ იცოდა, რომ ირაკლი ქებაძე შუშის მიღმიდან ადევნებდა თვალს მის დაკითხვებს).

– მაგარი კაცები ყოფილან, ძმაო, – აღტაცება ვერ დამალა ახალგაზრდა პატიმარმა, – დედას ვფიცავარ, რომ გამოვალ, მე თუ არ ვუკისრო მაღარიჩი! კაცობას გეფიცები, თუ არ დაგპატიჟოთ ყველა ერთად ჩემთან და მაგარი ქეიფი თუ არ გავმართო!

ხნიერმა პატიმარმა მოფერებით თმა მოუჩეჩა ემოციამოძალებულ ბიჭს და გუგას მიუბრუნდა:

– ახლა რას აპირებ?

– როდის ახლა? – დაბნევით შეხედა გუგამ.

– რომ გახვალ, მერე რას აპირებ? – დაუზუსტა თანასაკნელმა.

– აზრზე არა ვარ. წავალ სახლში, უფრო სწორად, ოთახში, სადაც დაჭერამდე ვცხოვრობდი, დავწვები და გამოვიძინებ, – თქვა გუგამ და გაიღიმა, – მეტი მაინც არაფერი მაქვს საკეთებელი.

– რომ გაიღვიძებ, მერე რა უნდა აკეთო?

– წარმოდგენა არა მაქვს. ალბათ, სიტუაცია მიჩვენებს.

– სახლში რითი მიდიხარ?

– არ ვიცი, ალბათ, ტრანსპორტით.

ამ სიტყვების გაგონებაზე ბიჭებმა ყურები ჩამოყარეს, რადგან, ქეში ფული ერთი ლარიც კი არ მოეძევებოდა არც ერთს. უცებ ხნიერი პატიმარი წამოდგა და კარზე დააბრახუნა. პატარა სარკმელი მაშინვე გაიღო მეორე მხრიდან და ადამიანის თვალი გამოჩნდა.

– რა გინდა?  – ჰკითხა მკაცრად ბადრაგმა.

– ვახტანგი რომელი საათიდან მორიგეობს? – ჰკითხა პატიმარმა.

– ერთ საათში შეგვეცვლება ცვლა. რამე გადავცე?

– უთხარი, როცა მოვა, შეგვეხმიანოს, – თქვა პატიმარმა და თავის ნარს დაუბრუნდა.

– ვახოსგან რა გინდა? – ჰკითხეს დანარჩენებმა.

– როცა მოვა, გაიგებთ, – უპასუხა მან და გუგას მიმართა: – ვიცი, გაგიჭირდება, მაგრამ, მაინც შეეცადე, თვალი მოხუჭო, ხვალისთვის ძალები გაქვს აღსადგენი, ასეა თუ ისე, დიდი ემოციები გექნება. მანამდე კი ის მითხარი, დილით  რომელზე გიშვებენ?

– მგონი, თერთმეტზე, – თქვა გუგამ და ნარზე წამოწვა.

– კარგი, დაისვენე. თქვენ კი არ იხმაუროთ, ჩუმად იყავით, – მიმართა დანარჩენებს და გუგასთვის დაძინებაში ხელი რომ არ შეეშალა, თვითონაც წამოწვა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3