წაიკითხე და მოკვდი!
ჰოლმსს იმ დილით თავისი ერთადერთი კოლეჯელი მეგობარი ესტუმრა, ვინმე ვიქტორე ტრევორე ნორფოლკის საგრაფოდან და, საკმაოდ შეწუხებულმა, უცნაური შინაარსის ბარათი მოუტანა: „ნანადირევის საქმე დასრულდა. ჰადსონმა ბუზების ხოცვის შესახებ ყველაფერი თქვა. გეშინოდეთ ხოხბის მსგავსი ქათმების“.
დოქტორმა უოტსონმა ხმამაღლა გაიცინა, როცა ჰოლმსმა ბარათის შინაარსი მის გასაგონადაც წაიკითხა.
– თქვენ გეცინებათ, მისტერ, მაგრამ, ამ ბარათმა მამაჩემი კინაღამ მოკლა! – შეჰვირა ახალგაზრდა კაცმა. სერიოზულმა მოსამართლემ კი, წაიკითხა თუ არა, მაშინვე გულის შეტევა მოუვიდა და ახლა სულს ღაფავს. ჰოლმს, მამაჩემი უპატიოსნესი და უწესიერესი ადამიანია. გამაგებინეთ, რა საიდუმლოს მსხვერპლი შეიძლება გახდეს ის, ნუთუ ეს ბავშვური ნაჯღაბნი რამეს ნიშნავს?
ჰოლმსი შეიჭმუხნა.
– ნაჯღაბნის გამო გულის შეტევით არ კვდებიან, საქმე გაცილებით სერიოზულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ვიქტორე, დაწვრილებით მომიყევით, რა იცით ამ ყველაფრის შესახებ.
ჰოლმსის სტუმარი დაფიქრდა:
– აბა, რა გითხრათ. მამაჩემი წყნარი, პატივსაცემი მემამულეა. ოცი წლის განმავლობაში ნორფოლკის მოსამართლედაც იყო არჩეული. მე მისი ერთადერთი შვილი ვარ. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ცოლი არ შეურთავს. მამული ლაგმეროს ჩრდილოეთით, პატარა სოფელ დონიფორპიში შეიძინა. ვიცი, რომ ახალგაზრდობისას ბევრს მოგზაურობდა. შეიძლება, ბევრი წიგნი არ წაუკითხავს, მაგრამ, ბევრი უნახავს და გამოცდილებაც შეიძინა. კეთილი და გულისხმიერია. მტრები, როგორც მახსოვს, არ ჰყოლია. თუმცა, ვერც იმას ვიხსენებ, მეგობრები გვსტუმრებოდნენ. მხოლოდ ერთი პიროვნებისგან მოდიოდა ხოლმე მიპატიჟება ნადირობის სეზონზე – ვინმე მისტერ ბედოზასგან.
– მამათქვენს სუსტი გული ჰქონდა?
– რა გითხრათ... მხოლოდ ერთხელ მახსენდება შემთხვევა, როცა ცუდად გახდა და გონებადაკარგული იატაკზე დაეცა.
– ეს როდის მოხდა?
– დაახლოებით ორი თვის წინ, როცა მის ხელზე ამოსვირინგებული „გ“ და „ს“ ვნახე. ვკითხე: ვინ იყო ის ადამიანი, რომლის სახელის ინიციალებიც ამოისვირინგე, ეტყობა, ბევრს ნიშნავდა შენთვის-მეთქი და სწორედ მაშინ დაეცა მოცელილივით.
– კიდევ რა მოხდა უცნაური და უჩვეულო? – შეჭმუხნილმა იკითხა ჰოლმსმა, რომელიც ყურადღებით უსმენდა ტრევორე-უმცროსს.
– ერთ თვეზე ცოტა მეტია გასული იმ დღიდან, რაც ჩვენს მამულში ვიღაც ჩამოძონძილი კაცი, ყოფილი მეზღვაური მოვიდა. სერიოზულად არ აღმიქვამს და, ისიც კი ვიფიქრე, რომ ჩვეულებრივი მათხოვარი იყო, მაგრამ, მამაჩემს მძაფრი რეაქცია ჰქონდა მის დანახვაზე.
– ხომ მიცანი? – უთხრა იმ მაწანწალამ, – მე ჰადსონი ვარ.
მამაჩემმაც თავი დაუქნია. მე გავიფიქრე, რამდენიმე გროშს მისცემს და ისიც წავა-მეთქი. მაგრამ, ასე არ მოხდა. მამამ ის ჯერ მებაღედ დანიშნა, მერე კი მსახურთუფროსად დააწინაურა... წარმოუდგენელი თავხედი იყო. ბილწსიტყვაობდა და მოსამსახურე გოგოებს უხეშად ეარშიყებოდა. ისინი მამაჩემთან მორბოდნენ საჩივლელად, მაგრამ მამა ჰადსონს ვერაფერს ეუბნებოდა, პირიქით, თავისი საყვარელი, საუკეთესო სანადირო თოფიც კი აჩუქა. ერთხელ შევუსწარი, როგორ უყვიროდა მამაჩემს, ის კი თავდახრილი სთხოვდა, დამშვიდებულიყო. ვეღარ მოვითმინე და კინწისკვრით მივაბრძანე ბიბლიოთეკიდან, სადაც მამაჩემი ბრენდის სვამდა ხოლმე. იმავე საღამოს მამა ლამის მუხლებში ჩამივარდა და შემეხვეწა, იმ ნაძირალასთვის ბოდიში მომეხადა.
– სად არის ახლა ის ჰადსონი? – ჰკითხა პოლმსმა.
– ოთხი დღით ადრე, სანამ მამაჩემს შეტევა მოუვიდოდა, წავიდა. გამოაცხადა, აქ ცუდად მეპყრობით, ახლა ფორდინგბრიჯში უნდა წავიდეო. მამაჩემს კონვერტით ნაღდი ფული გამოართვა და წავიდა ცინიკური ღიმილით. როგორ ვნანობ, რომ მაგრად არ ვცემე.
– წერილი, რომელიც მამათქვენმა მიიღო, ფორდინგბრიჯიდან იყო?
– დიახ, ჰოლმს...
– ის კაცი, ბედოზა, მიპატიჟებებსაც ხომ ფორდინბრიჯიდან უგზავნიდა მამათქვენს?
– დიახ...
ჰოლმსმა ხელები მოიფშვნიტა:
– ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. მამათქვენი შანტაჟის მსხვერპლი გახდა. შესაძლოა, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მსხვერპლი გამოჩნდეს – მისტერ ბედოზა... თუმცა, ვინ იცის, როგორი რეაქცია ექნება მას შანტაჟისტის მუქარაზე.
– კი მაგრამ, მამაჩემი პატიოსანი კაცი იყო. წესიერი და კრისტალური წარსულით. რით უნდა დაეშანტაჟებინა იმ ნაძირალას?
– მაგას მალე გავიგებ, – თქვა ჰოლმსმა და ჩიბუხი გატენა, – რა თქვით? სად ჰქონდა მამათქვენს სვირინგი?
– მხოლოდ ინიციალები – „გ“ და „ს“... მაჯაზე, შიგნითა მხრიდან, – ცოტა არ იყოს გაოცებით მიუგო ტრევორე-უმცროსმა.
– კარგი. თორმეტი საათი მჭირდება და გეტყვით, რა მოხდა სინამდვილეში, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა ჰოლმსმა.
– ძვირფასო მეგობარო, არ მჯერა, რომ თქვენ იცით მაგ უცნაური ბარათის ჭეშმარიტი შინაარსი! – შეჰყვირა უოტსონმა.
– ეგ ყველაზე იოლი საქმეა, – მხრები აიჩეჩა ჰოლმსმა, – წერილი მუქარას შეიცავს – ამაში დარწმუნებული ვარ. დანარჩენ კითხვებზე კი პასუხს მოგვიანებით მიიღებთ.
მეორე დღეს, საღამოს, ჰოლმსთან ვიქტორე ტრევორე დამწუხრებული მოვიდა.
– მამა გარდაიცვალა, – თქვა მგლოვიარე ხმით, – დილით, ისე, რომ ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო, გარდა ერთისა: „თუ ოდესმე სიმართლეს გაიგებ, არ განმსაჯო...“ რა ხდება, ჰოლმს, რა უნდა გავიგო?
– ზოგი რამ მამათქვენის წარსულის შესახებ, ჩემო მეგობარო, – ჰოლმსმა მწუხარედ მოუთათუნა მხარზე ხელი ტრევორეს, – მამათქვენი ხომალდზე კატორღელი იყო. „გლორია სკოტი“ – გსმენიათ რამე მის შესახებ? დარწმუნებული ვარ, რომ არა. ყველაფერი ზუსტად გავიგე. დავუკავშირდი ბედოზას, რომელიც ასევე პატიმარი იყო „გლორია სკოტზე“ და მან ყველაფერი მომიყვა. ბარათის ავტორიც ის გახლავთ. ხომალდზე აჯანყება მოხდა. ექვსმა პატიმარმა და მოძღვრის სამოსში გამოწყობილმა ბანდის მეთაურმა, რომელიც გემზე იყო შეპარული, „გლორია სკოტზე“ ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. ბედოზი ბანკის თანხების მითვისებისთვის იყო დაპატიმრებული. ისე დაიჭირეს, ფული ვერ უპოვეს – როგორც ჩანს, საიმედო ადგილას ჰქონდა გადამალული. ამ ფულის საშუალებით მოისყიდა მან რამდენიმე ჯარისკაცი და იქირავა მკვლელი – ჰადსონი. მოსახდენი მოხდა. მამათქვენი ბედოზას მოეწონა და დაუმეგობრდა. ყველაფერი რომ დასრულდა, ჰადსონი, ბედოზა და მამათქვენი ნავში გადასხდნენ, გემი კი ააფეთქეს. ყველა დაიღუპა. ბუნებრივია, ეს სამიც დაღუპულად ჩათვალეს და ბედოზასაც ეს უნდოდა. მან ჰადსონს დანაპირები თანხა მისცა და ასე მოიშორა თავიდან, მამათქვენი კი ოქროს სარეწებზე წავიდა სამუშაოდ და იქ გამდიდრდა. ეტყობა, სინდისი იმ დროიდან აწუხებდა. დანარჩენი ცხოვრება როგორც წარმართა, უკვე იცით. მაგრამ, წარსულმა მაინც მოძებნა. ჰადსონი გამოჩნდა და მისი დაშანტაჟება დაიწყო. მამათქვენისგან ბედოზას მიადგა. ბედოზამ მამათქვენს გამაფრთხილებელი წერილი გამოუგზავნა – ატყობინებდა, ჰადსონმა ყველაფერი დაფქვა და ჩვენი საიდუმლო გაამჟღავნაო. მამათქვენის გულმა ამ ინფორმაციას ვერ გაუძლო. რაც შეეხება ბედოზას, მას შემდეგ, რაც მე სიმართლე გამიმხილა, გაუჩინარდა; ასევე, გაქრა ჰადსონიც. ვვარაუდობ, რომ ბედოზამ ის მოკლა. მამათქვენისგან განსხვავებით, კერკეტი კაკალი აღმოჩნდა – მთელი ფული წაიღო და ქვეყანა დატოვა, თუმცა, ეს თქვენთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა... ძალიან ვწუხვარ, ჩემო მეგობარო...