რატომ მოისურვა სტალინმა, რომ ვერსია პეტრე დიდის ქართული წარმოშობის შესახებ საიდუმლოდ შეენახათ
ბევრი მკვლევარი ლაპარაკობს პეტრე პირველის ქართული წარმოშობის შესახებ. ამ ვერისების თანახმად, ისტორიაში დიდ რუს იმპერატორად ცნობილი პეტრე დიდის მამა, რუსეთში გადახვეწილი ერთ-ერთი ქართველი ბანოტიშვილი – ნიკოლოზი გახლავთ. ის, ვინც ქართველ ბატონიშვილ ნიკოლოზად მოიხსენიება, იყო კახეთის დიდი მეფის, თეიმურაზ პირველის ვაჟის, დავითის შვილი – ერეკლე. ამ ვერისების განხილვამ შორის რომ არ წაგვიყვანოს, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ქართველი ბატონიშვილისა და პეტრეს დედის, ნატალია ნარიშკინას ფიზიკური სიახლოვის მაუწყებელია მათი მიმოწერა. ცნობილია, რომ ამ დიდი იმპერატორის ცხოვრება თავის ნაწარმოებში ასახა ალექსანდრე ტოლსტოიმ. სტალინი და გორკი დიდ ყურადღებას იჩენდნენ ამ რომანის მიმართ. ბელადი პირადადაც რამდენჯერმე შეხვდა ალექსანდრე ტოლსტოის რომანზე მუშაობის პერიოდში. იოსებ სტალინთან ერთ-ერთი შეხვედრისას, მწერალმა ბელადს ნატალია ნარიშკინას წერილებიდან სწორედ ის ამონარიდები წარუდგინა, რომლებიც დიდი „რუსი” იმპერატორის ქართულ წარმოშობას ადასტურებდა. როდესაც სტალინმა ისინი წაიკითხა, ტოლსტოის ჰკითხა: „გინდათ, ეს დოკუმენტი გამოიყენოთ თქვენს რომანში? და პასუხს არ დალოდებია, ისე დასძინა – არ გირჩევთ, ჩემი თხოვნაა, საერთოდ ნურავის ნურაფერს გაუმხელთ ნატალია ნარიშკინასა და ქართველი ბატონიშვილის ამ მიმოწერის შესახებ. რუსეთს ორი სახელოვანი, ნიჭიერი და გამჭრიახი მმართველი ჰყავდა: ივანე (მეოთხე) მრისხანე და პეტრე დიდი. ივანე არ იყო წარმოშობით რუსი. ის რიურიკოვიჩების შტოს წარმომადგენელი გახლდათ. ახლა, გამოდის, რომ პეტრეც არ ყოფილა წარმოშობით რუსი“. ამის შემდეგ, ბელადმა ჟდანოვს დაურეკა და მისი მეშვეობით სახელმწიფო არქივის დირექტორს მისცა კატეგორიული მითითება, ნატალია ნარიშკინას წერილები საიდუმლო ფონდში მოეთავსებინა და არავითარ შემთხვევაში არ გადაეცა მკვლევარებისთვის.
სტალინი თავის საქციელს ამგვარად ხსნიდა: თუ პეტრე პირველის წარმოშობასთან დაკავშირებულ ამ საიდუმლოს გაახმაურებთ, ამაში მე დამდებენ ბრალს. ამიტომ, ამას ნუ იზამთო. ალექსანდრე ტოლსტოისთან დამშვიდობებისას კი ბელადს ღიმილით ჩაულაპარაკებია: ახლა კი მივხვდი, რატომ იყო პეტრე ასეთი ყოჩაღი, მის ძარღვებში ხომ სამი მეფის სისხლი ჩქეფდა: რიურიკების, ბაგრატიონებისა და ცოტაც რომანოვებისო. რიურიკების რატომღა? – მაინც უკითხავს ტოლსტოის, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო, ბელადი შეცდა. რიურიკების მოხსენიება პეტრე დიდის უშუალო წინაპრებში არაფერ შუაში იყო. როგორ, ასეთმა ერუდიტმა რუსეთის ისტორიის საკითხებში, არ იცი, რომ პირველი რომანოვი მეფის, მიხეილ თეოფორეს ძის დედა ივანე მეოთხეს ღვიძლი და იყო და მაშასადამე, რიურიკიო.
ბელადის გატუმრების შემდეგ ალექსანდრე ტოლსტოის მეუღლესთან უთქვამს აღფრთოვანებულს: ვერ გავიგე, ამ ქართველმა როდის მოასწრო ასეთი ცოდნის შეძენა, მაშინ, როცა ადრეული წლებიდანვე აქტიურ რევოლუციურ მოძრაობაში იყო ჩაფლული, რის გამოც სულ დევნიდნენ, ავიწროვებდნენ. ხან გისოსებს მიღმა, ხან კი გადასახლებაში ამყოფებდნენ, ეს ხომ ნამდვილი სასწაულიაო.
ბელადთან გამართული ამ დიალოგის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, მწერალს ხსენებული წერილის ფრაგმენტები აღარ გამოუყენებია რომანში. თუმცა, ფილმში მაინც გაილევა პეტრეს არარუსული წარმოშობის შესახებ მცირე ფრაგმენტმა.
ჩანს, იოსებ სტალინის ღრმა განსწავლულობით მხოლოდ ალექსანდრე ტოლსტოი არ იყო განცვიფრებული. ცნობილია, რომ ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი სტალინის შესახებ აღნიშნავდა: რა ერუდიცია აქვს, რა ზღვა ცოდნა – საწინააღმდეგოს უმტკიცებ, საბუთები მოგყავს, ფიქრობ, დაარწმუნე. ის მოთმინებით გისმენს, მაგრამ შემდეგ თავისი ლოგიკის ბასრი ხმლით მოგწვდება და პირდაპირ თავს გაგდებინებსო. ცნობილია, რომ აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა, მოსკოვში ერთ-ერთ საარქივო საქმეში, სრულიად მოულოდნელად, მიაკვლია ნატალია ნარიშკინას მიმოწერას ბატონიშვილ ერეკლესთან, როცა ერეკლე ჯერ კიდევ მოსკოვში იმყოფებოდა. ამ წერილებში, ნატალია, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ჯერ კიდევ ყრმა პეტრეს, მისსა და ერეკლეს შვილად მოიხსენიებს. ამ წერილების ასავალ-დასავალი დღეს ჩვენთვის უცნობია.
საინტერესოა, იოსებ სტალინის დამოკიდებულება ცნობილი ისტორიული გმირის, გიორგი სააკაძისადმი. ის დიდ მოურავზე ფილმის გადაღების იდეით დაინტერესდა. გადაღებები გაგანია ომის პარალელურად მიმდინარეობდა. ცოტა ხნით ადრე, 1940 წლის 11 ოქტომბერს საბჭოთა ბელადის მიერ კინემატოგრაფიის საკავშირო კომიტეტის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში, რომელიც „გიორგი სააკაძის” კინოსცენარის შეფასებაა, ვკითხულობთ: „ამხანაგ ბოლშაკოვს! ამ დღეებში მე მივიღე სცენარი თემაზე გიორგი სააკაძე. ერთი ანტონოვსკაიასი, მეორე – ლეონიძის. ჩემი აზრით, ლეონიძის სცენარი წარუმატებელია. ის ღარიბია მხატვრულად, რამდენადმე პრიმიტიულია ისტორიული მასალის შერჩევისა და გამოყენების თვალსაზრისით. ანტონოვსკაიას სცენარი თავისუფალია ამგვარი ნაკლოვანებებისგან, მაგრამ აქვს ხარვეზები. ის მთავრდება სააკაძის პოლიტიკისა და პირადად მისი გამარჯვებით, მაგრამ ასეთი ფინალი, როგორც ცნობილია, არ შეეფერება ისტორიულ სინამდვილეს. ეს ქმნის ყალბ წარმოდგენას საქართველოს წარსულზე. სინამდვილეში, როგორც ისტორია მოგვითხრობს, სააკაძის პოლიტიკამ, – პროგრესულმა საქართველოს მომავალი პერსპექტივის თვალსაზრისით, მარცხი განიცადა (ხოლო თვით სააკაძე დაიღუპა). სააკაძის დროინდელი საქართველო ჯერ კიდევ არ იყო მომწიფებული ასეთი პოლიტიკისთვის – მისი გაერთიანებისათვის ერთ სახელმწიფოდ, სამეფო აბსოლუტიზმის განმტკიცებისა და თავადთა ხელისუფლების ლიკვიდაციის გზით. მიზეზი ნათელია: თავადები და ფეოდალები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ, ხოლო მეფეები და აზნაურები უფრო სუსტნი, ვიდრე სააკაძე ფიქრობდა. სააკაძე გრძნობდა ამ შინაგან სისუსტეს და ეცადა, დაეძლია საქმეში გარეშე, უცხო, ძალის ჩართვით. მაგრამ, საგარეო ფაქტორის ძალას არ შეეძლო ქვეყნის შინაგანი სისუსტის კონპენსირება. როცორც ცნობილია, ეს ასეც მოხდა. ამ გადაუჭრელ წინააღმდეგობათა ვითარებაში სააკაძის პოლიტიკას უნდა განეცადა და კიდევაც განიცადა მარცხი. ვფიქრობ, ეს ისტორიული სიმართლე უნდა აღდგეს ანტონოვსკაიას სცენარში. და თუკი აღდგენილი იქნება, ანტონოვსკაიას სცენარი, უნდა მივიჩნიოთ საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.”
სტალინი დიდი ყურადღებით მოეკიდა ფილმ გიორგი სააკაძის გადაღებებსაც. ბელადი მიიჩნევდა, რომ ის ჯარისკაცთა პატრიორული სულისკვეთების ამაღლებას სჭირდებოდა. ამბობდა კიდეც, რომ მის შექმნას უდიდესი პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ის ხალხს რწმენას ჩაუსახავს. ჩვენ ის გამარჯვებისთვის გვჭირდებაო.
სტალინმა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელს მოსთხოვა, ფილმი რადაც არ უნდა დასჯდომოდა, 6 თვეში დაესრულებინა, მაშინ, როცა თვითონ ჭიაურელი ფილმის დასასრულებლად ორ წელს ითხოვდა. სტალინმა ყველანაირი დახმარება აღუთქვა ქართველ რეჟისორს. მიხეილ ჭიაურელიც საქმეს შეუდგა და მართლაც, სულ მოკლე დროში გადაიღო კიდეც ფილმი. არ ვიცით, სინამდვილეში რა როლი შეასრულა „გიორგი სააკაძემ” მებრძოლთა სულისკეთების ამაღლებაში, მაგრამ ერთი რამ თვალშისაცემია და ალბათ, შემთხვევითიც არ არის. კერძოდ ის, რომ საბჭოთა ჯარისკაცის პატრიოტული სულიკვეთების ამაღლებას, სტალინი ქართველი ისტორიული გმირის მაგალითით აპირებდა.