მამა პაისი მთაწმინდელის სასწაულები
თესალონიკელი მოძღვრის ნაამბობი
მცირე ხნის წინ ჩემთან ერთი ახალგაზრდა მოვიდა და მითხრა: „მამაო, ღმერთმა სიკვდილს გადამარჩინა!“ მოტოციკლით მანქანას დავეჯახე. დარტყმის ძალამ შორს გადამისროლა. ამ დროს მოხუცმა ბერმა ხელი ჩამკიდა და დაცემა შემიმსუბუქა. ასე გადავრჩი. ხატები და თანამედროვე მოღვაწეების ფოტოები ვაჩვენე – იქნებ მათ შორის შენი მხსნელი ამოიცნო-მეთქი. ჭაბუკმა ყურადღებით დაათვალიერა ალბომი და მამა პაისის ფოტოსურათზე აღელვებით წამოიძახა: „აი, ეს ბერი იყო, მამაო!”
რამდენიმე დღის შემდეგ ჭაბუკი კვლავ მოვიდა და მომიყვა, რომ ქურთუკის ჯიბეში, რომელიც მას ავარიის დღეს ეცვა, მაცხოვრის ხატი და მამა პაისი მთაწმინდელის ფოტო აღმოაჩინა, რომლებიც მისთვის დედამისს იმ დღეს ფარულად ჩაუდევს.
ეშმაკეულის განკურნება
1996 წლის დეკემბრის დილას, სუროტის მონასტრის მაღაზიაში ასეთი რამ მოხდა: შუახნის ქალბატონი მოულოდნელად ძირს დაეცა და კრუნჩხვებში ჩავარდა. საშინელი შესახედავი იყო, ხალხი მის დახმარებას ცდილობდა. მოულოდნელად, საბრალო ქალი მამაკაცის ბოხი ხმით აყვირდა: „ცოტაც დამაცადეთ და მალე მოგივლით ყველას! სულ მალე აღგიბეჭდავთ ხელებს ჩემი ნიშნით და თაყვანს მცემთ!“ – და ბილწ გინებას მოჰყვა. უეცრად ის ისეთი ხმით აყვირდა, ყველა მიხვდა, რომ ვიღაცის ეშინოდა: „პაისი, ნუ მწვავ, ნუ მწვავ! ჩემი ჯოჯოხეთში გაგზავნა გინდა! ეს საძულველი ქალიც სულ მონასტრებში დამათრევს! რატომ ეხმარები მას? ნუ მწვავ, ნუ მწვავ!“ ქალი სულ უფრო ხმამაღლა მოსთქვამდა და თავს იატაკს ურტყამდა: „აი, მარიამიც მოვიდა! ნუ მწვავ, ნუ მწვავ, პაისი!“
უეცრად ქალი დამშვიდდა და თვალები გაახილა. ხალხი წამოდგომაში დაეხმარა. ქალი ატირდა და მადლობა შესწირა უფალს: „გმადლობ, უფალო! გმადლობთ, ასე რომ შემეწიეთ მე უღირსს!“ შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან მივიდა და ლოცვით მის წინ განერთხა.
ბოლოს, როდესაც დამშვიდდა, ქალმა მონაზონს უამბო, რომ წინა ღამით სიზმარში მამა პაისი იხილა, რომელმაც უთხრა: „ჩემს საფლავთან მოდი და მე განგკურნავ“. ქალი სწორედ ამიტომ ჩავიდა მონასტერში და მამა პაისის საფლავი მოილოცა. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ყველამ იხილა.