კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდებიან თეთრი სახლის მესვეურები რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატების მფლობელები და რომელ პრეზიდენტს აქვს მისი ნახატების კოლექცია

ბავშვობიდან მახსოვს სიუჟეტი თუ დოკუმენტური ფილმი 5-6 წლის ნიჭიერ გოგონაზე, რომელიც ხელის ერთი მოსმით ხატავდა. ისე მომეწონა, ისეთი დიდი ემოცია გამოიწვია ამ ყველაფერმა ჩემში, რომ ეს კადრები დიდხანს მესიზმრებოდა... ის ნიჭიერი ბავშვი რუსუდან ფეტვიაშვილი გახლდათ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ მასთან ინტერვიუს ჩაწერის პატივი მექნებოდა და, მისი მითოლოგიური, როგორც თვითონ ამბობს, „იგავური” ფიგურებით სავსე სამყაროში ვიმოგზაურებდი.

 

რუსუდან ფეტვიაშვილი: ხატვა წლისა და 10 თვის ასაკში დავიწყე. 4 წლისას პირველი გამოფენა მქონდა, 6 წლის ასაკში ჩემი პირველი პერონალური გამოფენა მოეწყო, რომელიც ელენე ახვლედიანმა გახსნა. 8 წლისას მოსკოვში მქონდა ორი პერსონალური გამოფენა. 12 წლის ასაკში, ისევ მოსკოვში, ძალიან დიდი გამოფენა მომიწყვეს – დაახლოებით 200 ნამუშევარი მქონდა გამოფენილი. ეს გამოფენა ორკვირიანი უნდა ყოფილიყო და 3 თვე ვერ დახურეს, იმდენი დამთვალიერებელი მოდიოდა. ამის მერეც ძალიან ბევრი გამოფენა იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – გარეთ. მასხოვს, თბილისში ძალიან კარგი გამოფენა მქონდა თემო გოცაძესთან. მაშინ ბილეთები იყიდებოდა. ბატონმა თემომ დამიძახა და მითხრა: შენ ათი წლის გეგმა შეგვასრულებინე, იმდენი ბილეთი გაიყიდა, ამიტომ, ჩვენც გვინდა, მადლობა კარგი ჟესტით გამოვხატოთ და გამოცდის გარეშე დაგიშვათ აკადემიაშიო. მართლაც, გამოცდის გარეშე გავხდი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი – ასეთი სიკეთე გამიკეთეს. ამის შემდეგ „ქართული ხალხური ზღაპრებისა” და „ვეფხისტყაოსნის” გაფორმება მომიწია პარიზში. 

– ყველაფერს ისე ადვილად ყვებით, თითქოს ნებისმიერ მსურველს შეეძლოს ამ ყველაფრის მიღწევა...

–  ყველაფერს თავისი სიძნელეები ჰქონდა, მაგრამ, ეს სიძნელეები ხან ილახება, ხან – ვერა.

– დღეს როგორ ცხოვრობთ?

– ბევრს ვმუშაობ ძალიან. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა გავხსენით ბათუმში „არტ გალერი-კაფე.” მთელი ჩემი დანაზოგი მასში ჩავდე, არადა, თბილისში არც სახლი მაქვს, არც სახელოსნო. თბილისშიც მქონდა გალერეა, რომელიც ბატონ ზურა ჟვანიას ეგიდით გაკეთდა, მაგრამ, რეკონსტუქციაში მოყვა და ჯერჯერობით ქალაქპროექტის შენობაში ვართ. 

– გაიხსენეთ თქვენი მისამართით ნათქვამი ყველაზე მნიშვნელოვანი კომენტარი.

– ომის პერიოდი იყო... რუსთაველზე თანამედროვე ხელოვნების გალერეა მდებარეობდა. მთხოვეს გამოფენის მოწყობა – ბევრი ხალხი მოვა და, ეგებ, შევინარჩუნოთო. ერთი თვით გავაკეთეთ გამოფენა. იცით, ეს რომელი პერიოდი იყო, ტრანსპორტი რომ არ მოძრაობდა ქალაქში. ბევრი ხალხი დაესწრო გახსნას. მახსოვს, ლია ელიავა მოვიდა თვალებაცრემლებული და მითხრა: ძალიან დიდი მადლობა, რომ საქართველოდან არ წახვედითო. ასეთ მძიმე პერიოდში ყველამ დატოვა საქართველო, ვისაც კი შეეძლო და შანსი ჰქონდა, თქვენ კი, ვიცი, რომ შანსი გქონდათ, და არ წახვედით, ძალიან დიდი მადლობა ამისთვისო. იმავე გამოფენაზე იყო ნოშრევან თავხელიძე – ნუ ჩქარობ! ნუ ჩაერევი ამ დედამიწისეულ ორომტრიალში! მშვიდად გააკეთე შენი საქმეო – მითხრა. ეს ორი ადამიანი დამამახსოვრდა იმ რთული პერიოდიდან.

მართლაც, მქონდა პანიკის გრძნობა, იმის გამო, რომ ომია... საერთოდ, ხელოვნება არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ნაწილობრივ მაინც სიმშვიდეა. სიმშვიდის გარეშე ხელოვნება თითქმის არ არსებობს. თუმცა კი, ომის პერიოდებში პალტოთი ვიჯექი და უზარმაზარ ტილოებზე ვმუშაობდი. ახლა ყველა ის ტილო ამერიკაშია წაღებული.

– რა არის დამახასიათებელი ყველა თქვენს ნახატში?

– მრავალფიგურიანია ჩემი ნახატები, ბევრი ისტორიაა შიგ ჩადებული და ძალიან მიყვარს რომ არის სავსე. მე რასაც ვგრძნობ ყოველთვის ის გადმოდის იმ ნამუშევარში. ვთქვათ, ადამიანის გამომეტყველება, ან სევდა, ან თხოვნა. იყო ნახატი, რომელიც 1992 წელს ეძღვნებოდა. სამწუხაროდ, ეს ნამუშევარი დღეს გაყიდულია.

– ძნელი არაა შეელიო ასეთ მნიშვნელოვან ნამუშევარს?

– ყველა ნამუშევარი მნიშვნელოვანია და არც ერთი არ ღირს იაფი, აქედან გამომდინარე, როცა ვიცი, რომ ადამიანს მოსწონს ის, რაც მეც მომწონს და მასში არ ენანება ფულის გადახდა, მე ვფიქრობ, რომ ის მოუვლის ჩემს ნახატს და იმასაც ჩემნაირი გრძნობა გაუჩნდა ჩემი ნამუშევრის მიმართ. თავისთავად დასაფასებელია, როცა ადამიანს ის მოსწონს, რაც – შენ, ყიდულობს და მიაქვს სახლში.

– რომელი ცნობილი ადამიანები არიან თქვენი ნახატების მფლობელები?

–  ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს ჩემი ნახატები, – მარგარეტ ტეტჩერს, ჯორჯ ბუშს...  

– ტეტჩერს სად შეხვდით?

– როდესაც თბილისში იყო ჩამოსული, მაშინ გამოფენა მოაწყვეს სპეციალურად. ამ გამოფენაზე გადავეცი ჩემი სურათი. დამამახსოვრდა, რომ ძალიან დიდი პიროვნული სიძლიერე მოდიოდა ამ ქალისგან, გახსნილი მზერა ჰქონდა და ძლიერი ძალიან. ეს დამამახსოვრდა, ასე ვთქვათ, ფიზიკური შეგრძნების დონეზე. ბუშს რაც შეეხება ვიცი რომ, როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა, მე მაშინ გერმანიაში ვიყავი, ჩემი ნახატი შეიძინეს და გადასცეს მას საჩუქრად. ძალიან ბევრ ჩემს ნამუშევარს ყიდულობენ, მიაქვთ თეთრ სახლში და ვიცი, რომ ამერიკის ბევრი მინისტრი ჩემი ნახატების მფლობელია. პრეზიდენტებსაც აქვთ, ალიევს აქვს ძალიან დიდი კოლექცია ჩემი ნახატების, ასევე ეკვადორის ექს სახლახო მრჩეველს, კიდევ ძალიან ბევრ ელჩს...  ყველა არ მახსენდება. ალბათ იმიტომ, რომ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. იტალიაში როდესაც მქონდა გამოფენა, მახსოვს, შემოვიდა ერთი ადამიანი, რომელიც იყო ყოფილი მფრინავი, უკვე პენსიაში მყოფი. ის ერთ ნახატთან დადგა და თქვა: ეს ნახატი მინდა, რომ ჩემი იყოს! არადა ის ნახატი ღირდა ძვირი. იმდენად საშინლად მოეწონა, თავიდან ბოლომდე რომ იგრძნობს ადამიანი ნახატში რაც ჩავდე. მასზე გამოსახული იყო ხელებგაშლილი ადამიანი, რომელიც მინდვრებზე მიფრინავს და ამ ადამიანმა რატომღაც თავის თავთან ასოცირება მოახდინა ამ ნახატის. დღეების განმავლობაში მოდიოდა. მე მაგდენი ფული არ მაქვსო თქვა და იდგა და იდგა ამ ნამუშევართან, სხვაგვარად არ შემიძლია – ეს ნამუშევარი ჩემი უნდა გახდესო. ვაჩუქე ბოლოს. წამოვედი და დავტოვე ბედნიერი. მსგავსი ისტორიები გადამხდა ინგლისში და ესპანეთშიც. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემი ნამუშევარი ძალიან დააფასეს, ასეთები კი ყველა მამახსოვრდება. ეს უფრო მნიშვნელოვანია.

– ოჯახზე მიამბეთ.

– მყავს მეუღლე, შვილები არ გვყავს. დიდ ოჯახს რაც შეეხება, 5 და-ძმა ვართ. ჩემი ძმა, გიორგი, ერთადერთია ჩვენ შორის, ვინც ხელოვნებას არ გაჰყვა.

– მეუღლე რა პროფესიისაა?

– მეუღლე პროფესიით რეჟისორია, არის თოჯინების თეატრის დირექტორი. ჩემს მშობლებს რაც შეეხება, მამა წელს პენსიონერი გახდა, მანამდე აკადემიაში ასწავლიდა; დედა კი არის ლიტერატორი, მთარგმნელი, მწერალი და სალიტერატურო ნაწილის გამგე თეატრში. 

– რუსუდანი რატომ დაგარქვეს?

– დედაჩემის დედის სახელია. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვესწარით, გვიყვარდა. იმდენ თბილ ისტორიას გვიყვებოდა დედა მასზე. ნინო, ქეთი და ანა – ეს სამი სახელი მომწონდა ძალიან. მერჩივნა, რომ მათგან რომელიმე მრქმეოდა. რუსუდანი ჩემთვის ძალიან სერიოზული სახელია. ცუდი კი არაა, მაგრამ, მე მინდოდა უფრო მოფერებითი... დედაჩემს ჰქონდა პრინციპი, რუსიკოსაც არ მეძახდა, არც რუსკას. ხუთივე და-ძმას სრულ სახელებს გვეძახდა. 

– რაზე შეიძლება გაბრაზდეს რუსუდანი?

– შეიძლება, მარტივ რაღაცეებზეც გავღიზიანდე, ნერვები მომეშალოს და ადვილად გამოვიდე წყობიდან, მაგრამ, მეორე წუთში აღარ მახსოვს აღარაფერი. ფეთქებადი ხასიათი მაქვს, თუმცა, საბედნიეროდ,  გულში არაფერს ვიტოვებ. მნიშვნელოვანია, რომ გული იყოს სუფთა, ისე ვერაფრით ვერ ვიმუშავებ. გაბრაზებულზე მუშაობა არ გამომდის, ძალიან გახარებული როცა ვარ – არც მაშინ. რომ დახატო მნიშვნელოვანია, გული გქონდეს სუფთა და იყო გაწონასწორებული.

კიდევ როგორი ვარ... მოწესრიგებული ვარ შინაგანად, თუმცა, გარეგნულად არ ვტოვებ ასეთ შთაბეჭდილებას. მიყვარს ყველაფერი აწყობილი და დალაგებული – გონებაშიც და გარშემოც. 

– ყოფითში როგორია რუსუდანი, მაგალითად, სამზარეულოში ფუსფუსებს?

– აქ ნაკლებად, იმიტომ რომ ძირითადად ჩემი დედამთილი განაგებს მაგ ტერიტორიას. მე და ჩემი მეუღლე დედამთილთან და მულთან ერთად  ვცხოვრობთ. როცა მივდივართ საზღვარგარეთ, იქ უკვე მიწევს. არ მეზარება, – მეხალისება.

– თქვენი ნახატები სადაურია?

– მართალია, გადატანითი მნიშვნელობით ვხატავ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩემი ნახატები ქართულია.  

 

скачать dle 11.3