ინტიმური საუბრები
ჩემს გრძნობაში ეჭვი მეპარება
წელიწადზე მეტია, ვხვდები ბიჭს, რომელიც ძალიან მომწონს, უფრო სწორად, აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მიყვარდა. მაგრამ, ახლა, როცა თავისი მშობლები გამაცნო და ოფიციალურად მთხოვა ცოლობა, როცა მთელი ოჯახი მოვიდა ჩვენთან ჩემი ხელის სათხოვნელად და ჯვრისწერაც და ქორწილიც დავნიშნეთ, უკვე ეჭვი მეპარება, მართლა მიყვარს თუ არა. კარგა ხანს ვერ ვხვდებოდი, რატომ დამემართა ასეთი გაორება: ხან მგონია, რომ ზუკას გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ, ხან კი ეჭვის ჭია მიღრღნის გულს – ვაითუ, ვერ შევეგუო მასთან ერთად ცხოვრებას-მეთქი. უკვე მეორე წელი დაიწყო, რაც ერთმანეთს ვიცნობთ და ვხვდებით. და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გვიჩხუბია, არც კი წავკინკლავებივართ ერთმანეთს, მაგრამ, შინაგანი ხმა მკარნახობს, რომელსაც არ მინდა, რომ დავუჯერო, მაგრამ, მაინც მაშფოთებს, ჩვენი ურთიერთობა არ არის ნამდვილი სიყვარული – მონატრებით, ერთმანეთის გაგების სურვილით, თუნდაც ვნებებით აღსავსე, რაც ჩვენს ასაკში, წესით, აუცილებლად უნდა იყოს (მე 23 წლის ვარ, ზუკა – 25-ის). ყველაფერი რაღაცნაირად მშვიდად მიმდინარეობს – არც ვნებათაღელვა, არც თუნდაც სიმბოლური ეჭვიანობა, არც ფოიერვერკებისა და სიურპრიზების მოწყობის სურვილი... მოკლედ, ჩვენი შეხვედრები მოკლებულია ყველანაირ რომანტიკას. ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც ძალიან დიდი ხნის დაქორწინებულებს. ზოგჯერ, „გარედან“ რომ ვუყურებ ჩვენს შეხვედრებს, მინდა ვიყვირო, რატომ ხართ ერთად, რა საერთო გაქვთ ერთმანეთთან-მეთქი, მაგრამ, ვერ ვბედავ. ასეთი გრძნობა განსაკუთრებით მაშინ მიჩნდება, როცა მთელი საათი დავსეირნობთ ან ვსხედვართ სკვერში (კაფეში ძალიან იშვიათად მპატიჟებს) და ერთმანეთისთვის არაფერი გვაქვს სათქმელი, მოსაყოლი. ძირითადად ჩუმად ვართ და, თუ რამეს ვეტყვით ერთმანეთს, მხოლოდ ზოგად, არაფრისმთქმელ ფრაზებს, რომლებიც არ შეეხება არც ჩვენს სიყვარულს, არც დაგეგმილ ქორწილს, არც მომავალში ერთად ცხოვრების გეგმებს. მოკლედ, თანდათან ვრწმუნდები, რომ ზუკასთან შინაგანად არაფერი მაქვს საერთო. იმიტომ კი არა, რომ მე კარგი ვარ და ის ცუდია, უბრალოდ, როგორც ვატყობ, ჩვენი წყვილი არ შედგა, რადგან, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპები აღმოვჩნდით.
ჩემი ეჭვები დედაჩემს გავანდე, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ შეწუხებულიყო, მითხრა, გათხოვების წინ ყველა გოგო ნერვიულობს და ამიტომ ყველას ემართება ასეთი რამ. ახლა რა დროს ეჭვებია, ნიშნობა გქონდა და ქორწილიც დანიშნული გვაქვს, რას იტყვის ხალხი. ახლა თუ არ გიყვარს, მერე შეგიყვარდება, თანაც, რას ერჩი ზუკას, ეგეთი ბიჭი სანთლით არის საძებარიო. ძალიან მეწყინა, რომ დედამ ვერ გამიგო. ზუკას დაკარგვა იმიტომ არ უნდა, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიქნები, რადგან, დედისერთაა და, ასე თუ ისე, ნორმალურად ცხოვრობენ. მაგრამ, კიდევ ხომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობები?! ყველაზე მეტად იმან მატკინა გული, რომ დედაჩემისთვის მთავარი ის აღმოჩნდა, ხალხმა არაფერი თქვასო, დანარჩენი კი, რაც პირადად მე მეხება, მისთვის მეორეხარისხოვანი ყოფილა.
ერთი დეიდა მყავს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ულამაზესი და უნიჭიერესი გოგო იყო, მაგრამ, პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა – დედამისის ხათრით თუ დაძალებით გათხოვდა კაცზე, რომელიც არ უყვარდა და მერე მალე გაშორდა კიდეც, რადგან, ვერ შეეგუა მის უყურადღებობასა და გულცივობას. მეორედ გათხოვება აღარც უფიქრია და მარტომ გაზარდა შვილი. არადა, ჰყავდა შეყვარებული, რომელსაც ოჯახმა დააშორა, რადგან ღარიბი ბიჭი იყო. დეიდაჩემი არაფერს ამბობს ხმამაღლა, მაგრამ ვიცი, რომ ახლაც ის უყვარს. მისი ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ, როცა ჩემი და დედაჩემის საუბარი გაიგო, საშინლად ეჩხუბა თავის დას – შენც იგივე შეცდომა გინდა დაუშვა და ისევე გააუბედურო ბავშვი, როგორც მე გამაუბედურა დედაჩემმაო. მერე მე გამიყვანა ცალკე ოთახში და მითხრა: ძალიან კარგად დაფიქრდი და, თუ დარწმუნდები, რომ ზუკა არ გიყვარს, ჯობია, ახლავე ჩაშალო ქორწილი, ვიდრე მერე ირბინო სასამართლოებში და ბავშვით ხელში დარჩე მარტოო. ისიც კი შემომთავაზა, თუ გინდა, მე დავურეკავ ზუკასაც და მის მშობლებსაც და დაველაპარაკებიო.
აი, ასეთ მდგომარეობაში ვარ ახლა. დილიდან საღამომდე იმაზე ვფიქრობ, როგორ მოვიქცე და ვერაფრით მივიღე გადაწყვეტილება. არადა, ქორწილის დღე თანდათან ახლოვდება. იმედი მაქვს, უფალი დამეხმარება და სწორ არჩევანს გამაკეთებინებს.
თათა, 23 წლის.
ჩემი შვილის არჩევანი არ მომწონს
თითქმის ყველა დედა, ვისაც მე ვიცნობ, იმას ცდილობს, თავის შვილს საცოლედ და საქმროდ მდიდარი ოჯახის შვილი მოუძებნოს. შეიძლება, ბევრს ასეთი საქციელი გამართლებულად მიაჩნდეს, მაგრამ, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, ჩემს შვილს სასიმამროს ჯიბის სისქის მიხედვით აერჩია საცოლე. ის კი არა, ბავშვობიდანვე იმას ჩავჩიჩინებდი, განებივრებული და გატუტუცებული გოგო ცოლად არ გამოგადგება-მეთქი. იმის მაგალითი ხომ ბევრია, ეს მდიდარი სიდედრ-სიმამრი ან დედამთილ-მამამთილი როგორ აყვედრიდნენ რძალსა თუ სიძეს თავიანთ ქონებას. ხშირად წამოაძახებდნენ ხოლმე, ღატაკი და მშიერი შემოძვერი ჩვენს ოჯახში და ახლა გინდა, ყველაფერს დაეპატრონოო. პრინციპში, შეიძლება, სხვაგვარადაც მომხდარა, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, არ მინდოდა რძლად მილიონერის შვილი, რადგან, მე ისე გავზარდე ჩემი ბიჭი, უშრომლად ნაშოვნი ერთი ლუკმაც არ მიჭმევია მისთვის. თვითონაც ძალიან მშრომელი და პატიოსანი კაცი დადგა. მაგრამ, როგორც ჩანს, ცხოვრებაში სწორედ იმას გადაეყრები, რასაც გაურბიხარ. ჩემმა რეზიკომ მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო ერთი გოგო, რომელიც შეუყვარდა. იმასაც უყვარდა და სულ ერთად დადიოდნენ, მაგრამ, როცა გავიგე, რომ მამამისი საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი იყო და ძალიან შეძლებულად ცხოვრობდნენ, ჩემს შვილს ვუთხარი, კარგად დაფიქრდი, მერე სანანებელი არ გაგიხდეს-მეთქი. არ დამიჯერა და შეირთო მაცაცო ცოლად. მხოლოდ სამი თვე იცხოვრეს ჩემთან, მერე კი ჩემმა რძალმა აიტეხა, მშობლებთან მინდა გადასვლაო და რეზიკომაც ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა, რადგან, ცოლი ორსულად ჰყავდა და არ უნდოდა მისი განერვიულება. გადავიდნენ და, შეიძლება ითქვას, შვილი დავკარგე, რადგან საერთოდ ვეღარ იცლის, რომ კვირაში ერთხელ მაინც მნახოს. მხოლოდ ტელეფონით თუ მომიკითხავს და თვეში ორას ლარს (თავისი ხელფასიდან) ცოლის ჩუმად მიტოვებს ხოლმე.
ერთხელ მივედი მათთან სტუმრად და ჩემი მძახალი (ქალი) ისეთი „ვაჟნი“ სახით შემხვდა, კინაღამ უკან გამოვბრუნდი. მაგრამ, ჩემს თავს ვინ ჩივის, კინაღამ გული გამისკდა, როცა ჩემი შვილისა და მის დიალოგს შევესწარი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ამაყი და თავმოყვარე ბიჭი ხელზე მოსამსახურედ ჰყავს ქცეული და ეს სულელი ვერაფერს გრძნობს, ისე უყვარს ცოლი. ის კი დედის პარალელურად, თვითონაც „ხელის ბიჭივით“ დაარბენინებს ქმარს წინ და უკან. თან, იქით აყვედრის, რომ მის მოტანილსა და გაკეთებულს კადრულობს.
მოკლედ, გულგახეთქილი დავბრუნდი სახლში და იმის მერე სურვილი აღარ გამჩენია, მათთან მივსულიყავი. მე კი ჩემს გულს ვასკდები, მაგრამ, რა აზრი აქვს ამ ნერვიულობას? ჩემი შვილი, ეტყობა, კარგად არის იმათთან, სულაც არ გრძნობს თავს დამცირებულად. მე ხომ არ დავუწყებ ჩხიკინს და ოჯახს არ დავუნგრევ? ახლა ჯერ კიდევ ეიფორიაშია, შვილს ელოდებიან და მხოლოდ კარგზე ფიქრობს, მაგრამ, გონს რომ მოვა და მიხვდება, რაში გაყო თავი, უკვე ძალიან გვიან იქნება.
დალი, 64 წლის.