რატომ შეელია „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდის ახალი შეფი ბიზნესს და სად მიაგნო მან „ტყვედ აყვანილ” არჩილ გოგელიას
„საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყბადაღებულ ბორდს ახალი შეფი ჰყავს – 40 წლის გიგი გოგელია „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს მომავალი სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მას ამ ტელევიზიასთან, პროფესიული ინტერესის გარდა, „პირადი კავშირიც” აქვს – გიგი გოგელია არჩილ გოგელიას შვილია, ადამიანის, რომელიც „პირველი არხის” ხელმძღვანელი ძალიან რთულ პერიოდში იყო. გიგი გოგელიას „შრომის წიგნაკი” საკმაოდ „დახუნძლულია”. როგორ შეიცვლება „საზოგადოებრივი მაუწყებელი” მისი ხელმძღვანელობით, ამას მომავალი გვიჩვენებს. თავად ამბობს, რომ საინტერესო გეგმები აქვს, რომელზე მუშაობაც კოლეგებთან ერთად უკვე დაიწყო.
– როგორ მოხვდით „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციაზე, რაც ბოლო რამდენიმე წელია, ხმაურიანი ბატალიების თემა ხდება ჩვენში?
– ჟურნალისტიკიდან ძალიან შორს ნამდვილად არ ვყოფილვარ, წლების წინ პოპულარულ გამოცემა „დრონში” გამგეობის თავმჯდომარეც კი ვიყავი. ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ პროფესიით საერთაშორისო სამართლის იურისტი გავხდი. ასევე, ვარ ბიზნესის მართვის სპეციალისტი. 1992 წლიდან ვმუშაობ ბიზნესში, ვიყავი ამერიკული კომპანია „ქსეროქსის” დილერი და წარმომადგენელი საქართველოში, ვყიდდით ქსეროქსებისა და სხვა მსგავსი ტიპის აპარატებს. ერთ დღეს, როდესაც ჩავთვალე, რომ ბიზნესი აღარ იყო ჩემთვის საინტერესო, შევიცვალე გეზი და ცხოვრება დავუკავშირე ჩინოვნიკურ საქმიანობას. ვმუშაობდი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, მანამდე კი – „საქართველოს ტელეკომში”. მაქვს აკადემიური საქმიანობის გამოცდილება, ვკითხულობდი ლექციებს კავკასიის სამართლის სკოლაში. 2013 წლის სექტემბერში „საზოგადოებრივ მაუწყებელში” მიმიწვიეს გენერალური მდივნის მრჩევლად. შედგა ჯგუფი, რომელმაც დაიწყო მუშაობა „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სტრატეგიასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე. იმ პერიოდში საკმაოდ ღრმად ჩავიხედე ამ ორგანიზაციის მექანიზმში, მის ამოცანებში. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ ამ არჩევნებზე გადავწყვიტე, მეცადა ბედი ბორდში. კონკურსისა და გასაუბრების მერე, ჯერ ბორდში მოვხვდი, ამის შემდეგ კი ამირჩიეს სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელად.
– „საზოგადოებრივ მაუწყებელთან” მამის წყალობითაც ხართ დაკავშირებული. როგორ გახსოვთ ის პერიოდი, როცა მამა, არჩილ გოგელია, „პირველ არხს” ხელმძღვანელობდა?
– საკმაოდ მძიმედ, იქიდან გამომდინარე, რომ მამა არასდროს იყო სახლში – დილით ადრე გასული, შუაღამისას ბრუნდებოდა ხოლმე შინ. შვილი ეგოისტურად უდგება მამის სამსახურს, როცა მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის საშუალება არ აქვს, თუმცა, მამაჩემი არაჩვეულებრივი კაცი იყო, კარგ მამობასაც ასწრებდა და აქტიურ საქმიანობასაც. მაშინ რამდენჯერმე მეც ვარ ნამყოფი ტელევიზიაში. მძიმე დრო იყო, ძალიან რთული. სამოქალქო ომის პირობებში საზოგადოება შუაზე იყო გაყოფილი, ადამიანები ერთმანეთზე მტრად იყვნენ გადაკიდებული. ჩვენს სახლში იყო ბევრი ზარი, მუქარა. ერთხელ ტანკით შემოცვივდნენ ტელევიზიაში, მამა მაშინვე გამოიქცა სახლიდან. ცოტა ხანში ვიღაცამ დარეკა, მამაშენი ტყვედ აიყვანესო. მახსოვს, მეც აქეთ წამოვედი. 18 წლის ვიყავი. სროლა და უბედურება იყო ირგვლივ. მამაჩემი ხესთან იდგა, ტყვედ არ იყო აყვანილი, ვიღაცამ ბოროტად იხუმრა. ასე რომ, აქაურობის წყალობით, მთლად სასიამოვნო მოგონებები არ მქონდა. მამა ტელევიზიიდან 1999 წელს წავიდა, თუ არ ვცდები, შვიდწლიანი პერიოდის შემდეგ. მას შემდეგ აქ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა, ღვთის წყალობით, სხვა ტექნიკური საშუალებებია. მახსოვს, მამაჩემის ხელმძღვანელობის დროს, ტელევიზიას სულ რაღაც სამი-ოთხი კამერა და მწირი ტექნიკური საშუალებები ჰქონდა. მაშინ „პირველ არხზე” 4 000 ადამიანი მუშაობდა, რომელთაც მძიმე სოციალური პირობები ჰქონდათ. მათი დათხოვნა სამსახურიდან მძიმე მორალურ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად, ის რეფორმები, რაც უფრო ადრე უნდა გატარებულიყო, არსებული გარემოებების გამო ფერხდებოდა. მამას, ჩემგან განსხვავებით, ძალიან რთულ პერიოდში მოუწია აქ ყოფნა, თუმცა, მისი „კვალი” აქ კარგად დამხვდა – არიან ადამიანები, ვინც მის დროს მუშაობდნენ ტელევიზიაში და მის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. იმედია, რომ მათი შეფასებები არის გულწრფელი, მე ამისი მჯერა. მამა ძალიან დიდ როლს ასრულებდა ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო შუქურას როლი. მისი სახელი ბევრ რამეში დამხმარებია, თუმცა მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ვინც ეგრეთ წოდებულ „მამის ჩრდილზე” იწყებს საუბარს. კარგი მამის სახელი დიდი ბედნიერებაა. ვისაც „ჩრდილი” აწუხებს, თავისი კომპლექსი და პრობლემები აქვს.
– დღეს მამა რას საქმიანობს?
– მამა არის საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, დაკავებულია მოფარიკავეების აღზრდით – ეს მისი საყვარელი საქმეა. მამა მაღალი დონის მოფარიკავე იყო. თავის დროზე საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, წლების შემდეგ კი დაუბრუნდა იმ საქმეს, რაც ძალიან უყვარდა. ახლა ტელევიზიასთან ყველაზე მეტად ის აკავშირებს, რომ შვილს გულშემატკივრობს ახალ პოზიციაზე (იცინის).
– შეიძლება ითქვას, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე” „გოგელიას ხანა” დაბრუნდა?
– არა, ასე ვერ ვიტყოდი. ახლა სხვა გარემოა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი” სტრუქტურულადაც სხვა მექანიზმია – საბჭო არის კოლეგიალური ორგანო, სადაც მაქვს ერთი ხმა მანამ, სანამ ხმები არ გაიყოფა. შეიძლება ითქვას, რომ ამ პოზიციაზე მოსვლისას ორგვარი ინტერესი მქონდა – პროფესიონალურიც და პიროვნულიც, მამის გზა შვილის ცხოვრებაში ემოციურ დონეზე მაინც რჩება, ვნახოთ, მე რა გამომივა (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ მამას ძალიან უნდოდა, გავმხდარიყავი ბორდის წევრი, ალბათ, იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც ამ საქმიანობას ახლავს და რაც მან ძალიან კარგად იცის.
– „ხეზე ასვლის” მთავარი წესები გასწავლათ?
– როცა გვერდით გყავს საიმედო და კომპეტენტური ადამიანი, რატომ არ უნდა გაიზიარო ან არ გაითვალისწინო მისი აზრი?! მამას ძალიან დელიკატური დამოკიდებულება აქვს ჩემი საქმიანობის მიმართ, თავისი ინიციატივით არ გამოთქვამს რეკომენდაციებს, მაგრამ, მე თუ ვკითხავ, რა თქმა უნდა, მპასუხობს. მისი მთავარი რჩევაა, მოვუსმინო ადამიანებს – ეს მეც მიყვარს. ხშირად ადამიანს არ შეუძლია, დაინახოს ყველა ფრაგმენტი, სხვამ კი, შეიძლება, სხვა კუთხით დაგანახვოს პრობლემა, რაც გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან დადებითი ფაქტორია. მამის სხვა რჩევებს ვერ ვიტყვი, ყველა წესის გახმაურება არ გამოვა (იცინის).
– რა შეიცვლება თქვენი ხელმძღვანელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელში”?
– „საზოგადოებრივი მაუწყებელი” სტრუქტურულად არის ბორდი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და არის გენერალური დირექტორი. ჩვენი უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები გამიჯნულია – ბორდი არ ახორციელებს ტელევიზიის ოპერატიულ მართვას; ჩვენ ვაწარმოებთ სტრატეგიას, მონიტორინგს, რეკომენდაციებს. სწორი მართვის შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს გავლებული საზღვარი ბორდისა და გენერალური დირექტორის კომპეტენციებს შორის.
– საზოგადოებას არ აინტერესებს საზღვრები და კომპეტენციები, მას სურს, ჰქონდეს მაღალი სტანდარტის ტელევიზია, რომელიც მისი ჯიბიდან არის დაფინანსებული.
– ეს ძალიან კარგად მესმის. იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს კარგი ტელევიზია, უნდა იყოს სწორი მართვა და უნდა გატარდეს შესაბამისი პრინციპები. საზღვრების გავლებით, რა თქმა უნდა, არ მიიღება კარგი პროდუქტი, მაგრამ, მას შემდეგ, რაც შეიქმნება კორპორაციული სტრატეგია, ის „ჩაიშლება” გადაცემების სტრატეგიამდე. ამას მოჰყვება უზარმაზარი ანალიტიკური სამუშაოები, დაწყებული მომხმარებლის სეგმენტირებით დამთავრებული კონკურენტული ანალიზებით. სტრუქტურული რეფორმა, მოტივაციის პოლიტიკა, კონტროლის მექანიზმები, კორპორაციული კულტურა, ადამიანები – ეს ყველაფერი გამართულ მენეჯმენტს უკავშირდება, რაც, საბოლოო ჯამში, მაღალი სტანდარტის შედეგამდე მიგვიყვანს. ჯერ დავიწყოთ მოქმედება და მერე ფიქრი, რას ვმოქმედებთ – არ არის სწორი. ჯერ უნდა გადავწყვიტოთ, რისი გაკეთება გვსურს და მერე დავსახოთ მიზნები.
– კარგი, სტრატეგიები გვერდზე გადავდოთ. აქაური მძიმე კულისები არ გაშინებთ, თუ მშვიდობა იქნა მომავალი სამი წლის განმავლობაში?
– სამი წელი ვიმუშავებ თავმჯდომარის პოზიციაზე, ბორდში ვიქნები მინიმუმ ან ოთხი, ან ექვსი წელი – გააჩნია, რა კოჭი ამომივა. მე მჯერა მაკიაველის, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება არის ბედისწერა და სიქველე – 50-50-ზე. ხანდახან მარტო ფორტუნა გწყალობს, ხანდახან – სიქველე. მე აბსოლუტურად არ მეშინია მძიმე კულისების, არასდროს მიყვარდა კულუარული ურთიერთოები, ყოველთვის ვრჩებოდი კულისებს მიღმა. ან, რა კულისები უნდა იყოს აქ?! ბორდში ძალიან კარგი ადამიანები არიან და გვაქვს კონსტრუქციული თანამშრომლობა. კარგი ურთიერთობა მაქვს ტელევიზიის გენერალურ დირექტორთან. საერთოდ, გააჩნია, სადამდე გაჰყვები კულისებს; მე აქეთ გაყოლას და „ჩათრევას” არ ვაპირებ. ჩემი პრინციპი, როგორც პრაგმატული, ასევე, მორალური – არის გამჭვირვალობა, რომლის დარღვევასაც არ ვაპირებ. არც დასამალი მაქვს რამე, არც მისაჩქმალი.
– ახალმა სამსახურმა როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
– ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ რადიკალური ცვლილებებია, ჩვეულებრივი, სტანდარტული ცხოვრება მაქვს. არც მამას უყვარდა ზედმეტი საჯაროობა და, მეც დიდად არ გამოვირჩევი ამ მხრივ. მეცნიერის ცხოვრებას, ხშირ შემთხვევაში, სჭირდება განმარტოება და მუშაობა, რაც აისახება კიდეც ცხოვრების წესზე. დავიბადე და გავიზარდე ვერაზე, დავამთავრე 53-სკოლა, მყავს ბევრი მეგობარი. არც გამოკეტილი ვყოფილვარ როდისმე, არც ზედმეტად ხმაურიანი. მყავს მეუღლე და ორი შვილი. იმედია, მეც ისეთი მამა ვარ ჩემი შვილებისთვის, როგორიც მამა იყო ჩემთვის. მამაჩემის მსგავსად, მეც ცხოვრების სპორტული წესით გამოვირჩევი – რვა წელი ჩოგბურთზე ვიარე, მერე „დინამოში” ვთამაშობდი კალათბურთს. 90-იან წლებში, სამწუხაროდ, თბილისში ისე აირია ყველაფერი, კალათბურთისთვის ვიღას ეცალა. სპორტი დღემდე ძალიან მიყვარს, როგორც კი თავისუფალ დროს გამოვძებნი, მას ვარჯიშისთვის ვიყენებ.
– ამიტომაცაა, რომ თქვენი ასაკის გამოცნობა ისეთივე რთულია, როგორც ბორდის ამბები.
– ეს მარტო ვარჯიშის დამსახურება არაა. ადრე ბევრ სიგარეტს ვეწეოდი, მერე გამოვიმუშავე ნებისყოფა და დავანებე თავი. ბოლო წლებში ჩემი არჩევანი ჯანსაღი ცხოვრების წესია. ჩემი გარეგნობა ამ წესისა და გენეტიკის დამსახურებაა. თუ ასე ახალგაზრდულად გამოვიყურები, ეს ნიშნავს, რომ გენეტიკა ამაშიც კარგად „დამეხმარა” (იცინის).