რა საერთო აქვთ გიორგი მუსხელიშვილსა და მის მეუღლეს მისტერ და მისის სმიტებთან და რით ინახავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ცოლი წყნეთში
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი საკრებულოს მარათონში მშობლიური ვაკის რაიონიდან ჩაერთო – საარჩევნო ბატალიებში დიდად გამოცდილ გიორგი მუსხელიშვილს, რომლის „ანგარიშზეც” საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს რეგიონებში მოწყობილი არაერთი ხალხმრავალი და ხმაურიანი აქციაა ზურგს ყველაზე საიმედო და ერთგული თანამებრძოლი ნინო ვადაჭკორია უმაგრებს. ერთად იმდენი თავგადასავალი გაიარეს, მეგობრები ცოლ-ქმარს ხუმრობით მისტერ და მისის სმიტებს უწოდებენ, რასაც გიორგი მუსხელიშვილი და მისი მარჯვე მეორე ნახევარი ჩვენც „გვიმხელენ.”
– ბატონო გიორგი, საკრებულოს იმ მძიმე ბატალიების შემდეგ, რაშიც წელიწად-ნახევარი იყავით ჩართული, კვლავ გადაწყვიტეთ საკრებულოს დეპუტატობა?
გიორგი მუსხელიშვილი: ეს წელიწად-ნახევარი იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. როგორც თქვენც აღნიშნეთ, საკმაოდ რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა „ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად, ახლა კი მინდა ვიმუშაო ჩვენს გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქისთვის.
– რატომ ცდით ბედს ვაკეში და, რთულ, მაჟორიტარულ არჩევნებში?
– მე მაქვს გამოცდილი საარჩევნო მარათონი. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე აქტიურად ვიყავი ჩართული „ქართული ოცნების” საარჩევნო მარათონში – იმ პერიოდში რეგიონებში გამართული ყველა დიდი ღონისძიების ერთ-ერთი „ავტორი” მე ვარ. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს ვაკეში, მე აქ ვარ დაბადებული და გაზრდილი, საბავშვო ბაღი, სკოლა, დიდი სამეგობრო. ექვსი წელია, რაც წყნეთში ვცხოვრობთ, მაგრამ მთელი ცხოვრებით ვაკესთან ვარ დაკავშირებული. ვაკელმა კაცმა ყველაზე კარგად იცის ვაკის პრობლემები. ყველა ეზოში მეგობარი და ახლობელი მყავს, არ მინდა შორს წასვლა იმის გასაგებად, რისი მოგვარება სჭირდება აქ ხალხს. დედა, დეიდა, ბიძა – ყველანი ვაკეში ცხოვრობენ.
– დედა, დეიდა და ბიძა ვაკის საარჩევო კამპანიაშიც „მუშაობენ”?
– ახლობელი ადამიანები, თავიანთ მეგობრებთან ერთად, ყველგან დიდი ძალაა, თუმცა, მარტო მათ იმედზე კი არ ვარ (იცინის). აქ უარმავი ხალხია, ვისთან ერთადაც გავიზარდე, დავკაცდი. სპორტსმენი ბიჭი ვიყავი, ფეხბურთს ვთამაშობდი და სახლში ჯდომა არ მიწევდა. როცა „ზბორებზე” მივდიოდით, წიგნები მიმქონდა თან და ვკითხულობდი. ამიტომაცაა, რომ კარტის თამაში არ ვიცი და მეგობრები ამაზე ხშირად ხუმრობენ. ფეხბურთს ტრავმის გამო ჩამოვშორდი, მაგრამ, სპორტის ამ სახეობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.
– ნინო, იოლად გაიმეტეთ ქმარი რთული ქართული პოლიტიკისთვის?
ნინო ვადაჭკორია: როგორც მეუღლე და მეგობარი, მაქსიმალურად ვუდგავარ გიორგის გვერდში. ჩვენ, შეიძლება ითქვას, თანამებრძოლები ვართ. როცა მე და გიორგი „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაში ვიყავით ჩართული და წელიწად-ნახევარი საქართველოს რეგიონებში გვიწევდა სიარული, მეოთხე შვილი ძალიან პატარა გვყავდა. უფროსები დიდები არიან, დაოჯახებულები, ისინი თავად ზრუნავდნენ საკუთარ თავზე, ელისაბედს კი ვერსად ვტოვებდით და ყველგან თან დაგვყავდა. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, ჩვენ გვიწევდა ხალხში სიარული და იმ შიშის გატეხა, რაც მათში „ნაციონალური მოძრაობისგან” იყო დათესილი. ჩვენ ხშირად სასტუმროებშიც არ გვიშვებდნენ და გვიწევდა „მასკიროვკა” – ერთი ჩემი მეგობარი ბრიტანეთის მოქალაქეა და მის სახელზე ვჯავშნიდით სასტუმროს ნომერს. იმ პერიოდში საკმაოდ ბევრ ხიფათიან ისტორიას ვართ გადარჩენილი. ალბათ, ის პერიოდი გიორგისთვის უფრო რთული იქნებოდა, მე რომ მის გვერდით არ ვყოფილიყავი. მახსოვს, ერთხელ, გვიან ღამით მოგვიწია ახალციხიდან ზუგდიდში გადასვლა. ბავშვი მეგობრებს გამოვაყოლეთ თბილისში, რადგან, მასთან ერთად ზუგდიდში წასვლის შემეშინდა. გვიან ღამით გზა აგვერია. უკუნეთ სიბნელეში ადამიანის ჭაჭანება არ იყო, სადღაც გამოჩნდა შუქი. გავყევით იმ შუქს დაიმედებულები, რომ ვინმე გზის გაკვლევაში დაგვეხმარებოდა და, აღმოვჩნდით სასაფლაოზე, განათებულ აკლდამებს შორის. როგორც იქნა, გავიკვლიეთ გზა, გამთენიისას მივედით ზუგდიდის სასტუმროში, რომელიც ძლივს დავჯავშნეთ. ჩვენ გვეცვა „ოცნების” მაისურები. შევდივართ სასტუმროში მაისურებში გამოწყობილები და იქ დაგვხვდა „ნაციონალური მოძრაობის” ელიტა, ასე აღმოვჩნდით „მტრის” ბანაკში.
– მისტერ და მისის სმიტებივით ხართ.
გიორგი: მეგობრებიც ასე გვეძახიან: მისტერ და მისის სმიტები ვართ, ოღონდ, სროლისა და იარაღის გარეშე (იცინის).
ნინო: ახლაც, როგორც შემიძლია, ისე ვდგავარ გიორგის გვერდით – მორალურად, ფიზიკურად. ბოლომდე გავათავისუფლე საოჯახო თემებისგან, რაც, გიორგის ხასიათიდან გამომდინარე, მუდმივად მისი საზრუნავი იყო. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი რთული პერიოდი გვაქვს გადატანილი – სადაც იყო გიორგი, იქ ვიყავი მეც.
გიორგი: ნინო იყო ჩემი მთავარი თანაშემწე ბიზნესში. ჩვენ სამკერვალო საწარმო გვქონდა, დიზაინერებთან და მოდელებთან ურთიერთობა ნინოს ჰქონდა ჩაბარებული – თვითონ დაინიშნა თავი ზედამხედველად, თუმცა, ვაღიარებ, რომ საკმაოდ მარჯვედ ართმევდა თავს საქმეს.
– ნინო, თქვენ რა პროფესიის ხართ და სად მუშაობთ?
ნინო: მე ვმუშაობ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში. სამი პროფესია მაქვს. სამედიცინო ინსტიტუტში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ როდესაც სკოლა დავამთავრე იმ წელს მედლის პრიორიტეტი გაუქმდა და, წელი რომ არ დამკარგვოდა, სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტზე ჩავაბარე. გადაწყვეტილი მქონდა, პირველი კურსის დასრულების შემდეგ გადამეტანა საბუთები სამედიცინოზე, მაგრამ, იმ პერიოდში ერთი ინსტიტუტიდან მეორე ინსტიტუტში გადასვლა აიკრძალა, მე დამენანა ჩემი წარმატებული ერთი წელი და დავამთავრე ინსტიტუტი, თუმცა, მერე სამედიცინო ინსტიტუტი მაინც დავამთავრე. მეტყევე კოდალა ხომ ვიყავი, მერე მბურღავი სტომატოლოგი გავხდი. მას შემდეგ, რაც სტომატოლოგიასაც დავანებე თავი, ქმარს ვუბურღავ ტვინს (იცინის).
– როგორ დაიწყო თქვენი ოჯახური ისტორია?
გიორგი: ერთმანეთი საერთო მეგობრის წაყლობით გავიცანით, შეიძლება ითქვას, სრულიად შემთხვევით. ნაბახუსევზე, ჩემი პატარა ძაღლით მივსეირნობდი ქუჩაში, სადაც ჩვენს საერთო მეგობარსა და ნინოს შევხვდი. მომეწონა ნინო, გავიკითხე, ვინ იყო, „საიდან”. გავიგე, რომ, თურმე, მამაჩემის მეზობელი ყოფილა სოლოლაკში. მოკლედ, ისე დამაინტერესა, მეორე დღესვე დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. დაახლოებით ორ კვირაში გადავწყვიტეთ დაქორწინება.
– ასე ექსპრომტად?
ნინო: ეს გადაწყვეტილება არასდროს მინანია. ადრე ბევრს მეხუმრებოდნენ ხოლმე, თავადების ოჯახში შემოხვედი გლეხის ქალიო (იცინის). გიორგის ბაბუა იყო როსტომ მუსხელიშვილი, რომელიც კოტე აფხაზთან ერთად დახვრიტეს. აჯანყების მოწყობის ბრალდებით სხვათა შორის, მე მისი ბაბუის სახელობის ქუჩაზე გავიზარდე. ვცხოვრობდი მუსხელიშვილის ქუჩაზე და მუსხელიშვილს გავყევი ცოლად, თუმცა, გვარით ვერ გადამიბირეს (იცინის).
– ნინო, გიორგის გვერდით გატარებული ეს წლები რთული იყო?
– გიორგი ძალიან კომფორტული ადამიანია, იმ სირთულეებს, რაც ჩვენს ცხოვრებას ახლდა, იოლად მატანინებდა. მის გარეშე ყოფნა ბევრად რთული იქნებოდა ჩემთვის. გიორგი საოცარი მამა და მეუღლეა, ყურადღებიანი, მზრუნველი. მას ყველა სიტუაციაში თვალდახუჭული ვენდობი.
– როგორც ვიცი, თქვენც ძალიან ზრუნავთ მასზე და, წყნეთში, სადაც ცხოვრობთ, ნამდვილი ედემი შეუქმენით.
– წყნეთში ჩვენი იდილია გვაქვს. გიორგის ძალიან უყვარს ეზოში ფუსფუსი, იმ თვასაზრისით, რომ, სულ აქვს სურვილი, სახლს რამე მიაშენოს. სულ შენებაშია, თან, გარემო და ტერიტორია აძლევს ამის საშუალებას. რაც შეეხება სხვა „ფუსფუსს,” ეს ჩემი საქმეა. გიორგი თავადური წარმომავლობის კაცია, მიწასთან ჩემსავით ვერ „მეგობრობს”. მე, როგორც გლეხის ქალმა, ორი წლის წინ გადავწყვიტე, გამეკეთებინა მეურნეობა. უნდა ნახოთ, ჩემს ეზოში, როგორი კიტრი და პომიდორი მოდის. (იცინის)
– შეიძლება ითქვას, რომ ცოლი გინახავთ თავისი კიტრითა და პომიდვრით?
გიორგი: მწვანილი არ დაგავიწყდეთ, ნინო მარჯვე გოგოა და ოჯახზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ზრუნავს.
– ნინო, პოლიტიკაში ჩართვამ გაართულა თქვენი ცხოვრება? მოგწონთ მეუღლე დეპუტატის რანგში?
– ცოტა გიორგის შეეცვალა ხასიათი და ეს იმ პასუხისმგებლობის დამსახურებაა, რაც მას აკისრია. უფრო მეტად ფიქრობს საქმეზე და მე ფიქრში არ ვუშლი ხელს, უფრო მეტიც, ვხვდები, როდის უნდა „გავიხიზნოთ” სახლიდან მე და ბავშვები, რომ მას ხელი არ შევუშალოთ. შეიცვალა ჩვენი ცხოვრების წესიც, ანუ, უფრო ნაკლები თავისუფალი დრო გვაქვს. მე და გიორგის ძალიან გვიყვარს ერთად სადმე წასვლა, განმარტოება, თუნდაც ორი დღით, მაგრამ, ამ ბოლო პერიოდში ეს აღარ გამოგვდის. იდეის ავტორი ასეთ შემთხვევებში უფრო გიორგია ხოლმე. ძალიან კრეატიულია (იცინის), შეუძლია, მომადგეს სამსახურში და უცებ მასთან ერთად აღმოვჩნდე კახეთში ან სადმე სხვა კუთხეში. გიორგის ძალიან უყვარს ბუნება, ლაღი ცხოვრება, ამიტომაც გადავედით საცხოვრებლად წყნეთში. როდესაც საკრებულოში დაძაბული პერიოდი იყო, მეც ძალიან განვიცდიდი. გიორგიმ ღირსეულად გაართვა თავი ყველაფერს. გიორგი ძალიან აქტიური ადამიანია, შესაბამისად, ის საქმე, რაც, საკრებულოს სპეციფიკიდან გამომდინარეა, მის ხასიათში ზის. გიორგი არის ადამიანი, რომელიც არ შეიძლება კაბინეტში გამოიკეტოს; მას უყვარს ხალხთან ურთიერთობა, ადამიანების დახმარება. დარმუნებული ვარ, ვაკის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს, გიორგი კი, როგორც მას სჩვევია, თავს არ დაზოგავს საქმისთვის და ამ ხალხისთვის.