პრასმომარაგებულები
„მე რაღაცა მაქვსო, შენ კი არა გაქვსო“
რფ თითქოს ხელს არ გვიშლის, თუმცა, თუ სოხუმში განვითარებულ მოვლენებსა და იმასაც გავიხსენებთ, რომ ენგურჰესზე მომხდარმა ავარიამ ლამის მთელი საქართველო ჩააბნელა, მთლად სიკეთის მომასწავებელიც არ უნდა იყოს ეს რუსული სიჩუმე. მეორე მხრივ, უკვე ვიცით, რომ ასოცირების შეთანხმებას 27 ივნისს მოეწერება ხელი და იმაზეც შევთანხმდით, ვინ მოაწერს.
მანამდე კი, 27 მაისს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გამოაცხადა, რომ დამატებით უფლებამოსილებას (ოღონდ – ერთჯერადსო, რათა თავში არ ავარდნოდა?!) ანიჭებს პრემიერმინისტრს და დიდსულოვნად რთავს ნებას, მოაწეროს ხელი ასოცირების დოკუმენტს („მე რაღაცა მაქვსო, შენ კი არა გაქვსო“).
თავის მხრივ, მისი ეს დიდსულოვნება არად ჩააგდო უფლებამოსილებამინიჭებულმა. კერძოდ, ბ-ნმა ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად მას არავითარი დამატებითი უფლებამოსილება არ სჭირდება (ისედაც მაქვსო! რა თქმა უნდა, კონსტიტუციითო).
აქვს თუ არ აქვს, პრეზიდენტმა შესაბამისი აქტი მაინც გამოსცა, რომლისთვისაც (აქტისთვის) სულერთია, გამოიყენებენ თუ არა რამეში. უფრო მეტიც, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ისიც კი მოგვახსენა, რომ, რაკი ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის მოლაპარაკებები მთავრობამ დაიწყო, თვით ევროკაშვირში გაწევრიანების ხელშეკრულებასაც (სერიიდან: „აბრაამს არქმევდნენო“) ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს. ანუ ვითარება სტაბილურად უცვლელია: პრასი, როგორც ყოველთვის, გვაქვს.