დალაქავებულები
ალაგ-ალაგ რეპუტაციაშელახულები
ისე მოხდა, რომ გასულ კვირას ჩვენი თანამემამულეები რეზო თაბუკაშვილი და გიორგი მგელაძე 100-100 ლარით დააჯარიმეს ჩვენივე თანამემამულე ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის ჩაის ჭიქის დამსხვრევის გამო. ყველაზე მკაცრად მომხდარს იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის იმიჯს ამგვარი ქმედებები ფრიად ლახავს, მით უფრო, რომ ძალადობა იმ ხელისუფლების სავიზიტო ბარათია, რომელსაც ბ-ნი ჭიაბერაშვილი წარმოადგენდა (თუმცა ჩვენ შეხსენებაც არ გვჭირდება, ვინაიდან მეხსიერებას არ ვუჩივით, თუმცა აი, ის კი აღარ ვიცით, რატომ არ სჯის კანონის მსახვრალი ხელი ძველ მოძალადეებს, – ვითომ იმიტომ, რომ „ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს“?!).
მომხდარი უგულისყუროდ არც ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის, აშშ-ის ელჩს, ბ-ნ ნორლანდს დაუტოვებია და შეგვიძახა (მომყავს ციტატა მისი აღმატებულება ელჩის კომენტარიდან): „ვინც არ უნდა იყოს ჩამდენი, რაც არ უნდა ყოფილიყო მოტივაცია, ეს არის ის ლაქა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებს.“
და იქვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, ადგილობრივი არჩევნების წინ საარჩევნო გარემო იყოს მშვიდი (ვით შემოდგომის დღე… „დღე ნაღვლიანი, სასომიხდილი“ – ).
თუ მოვლენათა ლოგიკას მივყვებით და გავიხსენებთ, რომ ლაქისმაგვარიც არ უხსენებია არასდროს არც ამ ჩვენს ოკეანისგაღმელ დიპლომატს და არც ჩვენ სხვა დასავლელ პარტნიორებს, როდესაც ბ-ნი ჭიაბერაშვილის თანაპარტიელები თავ-ყბას უსიებდნენ ოპონენტებსა და ამომრჩევლებს (რაც, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ ახლა ისინიც უნდა გაასიონ ცემაში, ოდენ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ), ჩნდება ეჭვი, რომ ან ბ-ნი ნორლანდიც დარწმუნებულია, რომ, ჯერ ერთი, „ნაციონალური“ ხელის მოხვედრა მადლია და, რაც მთავარია, რეპუტაციაც ალაგ-ალაგ ილაქება (იმისდა მიხედვით, ვისი ვის მოხვდება). თუმცა ისიცაა, თუკი იმ ძველმა ლაქებმა ვერაფრით შეარყიეს ჩვენი იმიჯი, ახალი ლაქები ვითომ უფრო დააჩნდება?! .