რამდენ ფრონტზე იბრძვის დავით ლაბაძე, როგორ გახდა ის ოქროსხელება და ვინ არის საქართველოში „უჟმურების უჟმური“
„TV 11-ის” „ოქროსხელება” სახეს – დავით ლაბაძეს კარგად იცნობს საზოგადეობა. უფრო მეტიც, უყვართ და გულშემატკივრობენ. მართალია, ინტერვიუს დროს ხშირად მიმეორებდა „უჟმური ვარო”, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მსგავსი ვერაფერი შევამჩნიე. პირიქით, ის იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, საკმაოდ გახსნილი და სასიამოვნო მოსაუბრეა.
– რომ გკითხოთ „TV 11-ში” როგორ მოხვდითო, სისულელე იქნება. თქვენი ოთხეული ხომ არის ამ არხის არტერია, გული, თუ ხელები...
– იმათ შორის, ვინც იქ მუშაობს, მე ყველაზე ნაკლებად ვარ ჩართული. იმიტომ რომ, ექვსგან ვმუშაობ და ცოტა დრო მრჩება. ზუსტად რომ გითხრათ, ეს არის 3 დღე თვეში.
– თქვენი გადაცემის იდეა საიდან მოვიდა?
– სხვათა შორის, ძალიან ბევრ არხზე გადიოდა რაღაც მსგავსი. გარდა ამისა, „იუთუბიზეც” წააწყდები მსგავს გადაცემებს. ანუ, არაფერი ორიგინალური ამაში არ არის. ჩვენ, არხის ფორმატიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შევამოკლეთ და სადღაც, ხუთწუთიანი გადაცემაა. შევეცადეთ, ძალიან სერიოზული არ ყოფილიყო და ასე გამოვიდა „ოქროს ხელები”.
– სახელწოდება ვინ მოუფიქრა?
– ყველაზე უფრო ძნელი ამ სფეროში სახელის მოფიქრებაა, ამიტომ, რაღაც დროის შემდეგ, ეტყობა, რომ მობეზრდა ყველას სახელების მოფიქრება, დავიწყეთ მარტივი სახელწოდებების შერჩევა: „რომ გადახვალ, გააჩერე”, „თქვენი გადახდილია”, „ოქროს ხელები”...
– თქვენ და თქვენი ოთხეულია ამ ყველაფრის ავტორი?
– უფრო მეტი ხალხი.
– სიუჟეტები ვისია?
– ჩვენი ოთხეულიდან: ჩემი სცენარისტია ირაკლი ვახტანგიშვილი. ის ეძებს რაღაც ვიდეოებს, მე თუ ვნახავ ვუგზავნი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მერე ირაკლი ტესტავს ამ ყველაფერს, თორემ რაღაცეები არის უკვე დაწერილ სცენარშიც. ხანდახან გადაღება დაიწყება და აღმოვაჩენთ, რომ ეს ასე რომ უნდა გაკეთდეს, არ გამოდის. ჰოდა, მერე უცებ გავიქცევით, მოვნახავთ სხვას, მოგვაქვს რეკვიზიტი და ვანაცვლებთ. ამ ყველაფერს აკეთებს ირაკლი. მე მხვდება გამზადებული სცენარი და რეკვიზიტები.
– ბევრი დუბლი გჭირდებათ?
– მე ცუდი მსახიობი ვარ და ტექსტის დამახსოვრება ძალიან მიჭირს. ყოველთვის მიჭირდა. საზეპიროები და რაღაც ასეთები ხომ არის სკოლაში?! – ვერასდროს ვერაფერს ვიმახსოვრებდი, ლექსებსაც კი. ამიტომ, დიდხანს ვუნდები. დღეში ხუთ გადაცემაზე მეტს ვერ ვწერ.
– სხვა ფრონტებზე რა ხდება?
– სხვა, „ოთხი ოთხზე” გადის „მაესტროზე“. აგრეთვე, ვარ „ნანუკას შოუში”. კიდევ – მსოფლიო ბანკში მონაცემთა დამუშავების ექსპერტი ვარ. ეს მიმართულება, სადაც ახლა ვმუშაობ, მიწის და უძრავი ქონების რეგიტრაციას შეეხება. ამ სფეროში ადრეც მიმუშავია – საჯარო რეესტრში. კიდევ ვარ რამდენიმე ფრონტზე, მაგრამ თავს არ შეგაწყენთ ჩამოთვლით.
– საერთოდ, პირველად ტელევიზიაში როგორ მოხვდით, ეს ფიზიკოსი კაცი?
– ძალიან ჩვეულებრივად. დიდი ხანია ვმეგობრობ ყველასთან, ვინც „ღამის შოუშია“, ჯერ კიდევ „კავეენებიდან” მოყოლებული. ესენი ჩემზე უმცროსები არიან. ჩემს ხელში დაიზარდნენ (იცინის). „კაცების შოუს” რომ აკეთებდნენ, მეც მითხრეს, ვცადოთო. ვცადეთ და შედეგი სახეზეა.
– ისე, ყველაზე კარგი რესპონდენტი ვინ იყო ამ შოუში?
– გვყავს საყვარელი რესპონდენტები. ძირითადად, თითო-თითოჯერ მოდიან. კარგი რესპონდენტია ის, ვისაც უყვარს ლაპარაკი და არ არის ჩაკეტილი.
– აქვს იუმორი.
– ხანდახან არ არის საჭირო იუმორი, რადგან იუმორი შეიძლება, შეცვალოს ენერგიამ. იუმორს კი, ჩვენ დავუმატებთ. ანუ უნდა იყო თავისუფალი, გახსნილი – შეგეძლოს და გიყვარდეს ლაპარაკი. ეს არის აუცილებელი. ენერგიულიც თუ ხარ, საერთოდ, მშვენიერი სტუმარი გამოხვალ.
„ოთხი-ოთხზე,” ცოტა არ იყოს, ძნელი პროექტია, იმიტომ რომ სრული იმპროვიზაციაა და თან, ძალიან ხარ დამოკიდებული მდგომარეობაზე. მე მივდივარ ჩაწერაზე სამსახურის მერე, ხანდახან ისე ვარ გასავათებული და ისეთ უჟმურ ხასიათზე ვარ, ძნელია, უცებ გადაერთო.
– საერთოდ როგორი ხასიათი გაქვთ?
– უჟმური ვარ ძალიან. მე უჟმური ვარ, ჯანელიძე ხომ, უჟმურების უჟმურია. არა ვართ კარგი ხასიათის ხალხი. რატომ გადავწყვიტეთ იუმორისტული გადაცემის კეთება, რამე ისეთი გაგვეკეთებინა – უჟმური, გაცილებით წარმატებული პროექტი იქნებოდა. ფორმატი ვერ მოვიფიქრეთ (იცინის).
– ოჯახში როგორი ხართ?
– იქაც უჟმური (იცინის). ჩვეულებრივი ვარ. სამწუხაროდ, ვერ ვატარებ იმდენ დროს ოჯახში, რამდენიც მინდა. რასაც ვატარებ, იმასაც უჟმურად (იცინის).
– ეგ, ახლა რითმისთვის თქვით, ჰო?
– დაღლილი მიდიხარ სახლში და ეს დაღლილობა ხანდახან ხასიათში გადადის. თუმცა, ვცდილობ, ასე თუ ისე, ვიყო მხიარული, მაგრამ ხშირად არ გამომდის.
– შვილებზე მიამბეთ.
– ორი შვილი მყავს. 16 და 13 წლის გოგონები – ნუცა და ანა. ძირითადად, მათთან კამათი არ გვიწევს, იმიტომ რომ, კარგი გოგონები არიან.
– თავად როგორი ბავშვი იყავით?
– ძალიან ცელქი ბავშვი არ ვიყავი. ხანდახან რაღაც დროს წიგნებსაც ვუთმობდი. ზოგი რომ დღე და ღამე კითხულობს, ეგეთი არ ვყოფილვარ. რაღაცას დავძვრებოდი, ვჩხირკედელაობდი.
– რომ შემდეგში „ოქროსხელება” კაცი დამდგრიყავით.
– რა ვიცოდი, თუ ეს ყველაფერი შემდეგ ცხოვრებაში დამჭირდებოდა (იცინის). ასე არ იციან ხოლმე თქმა?
– როგორი შეყვარებული იყო დავით ლაბაძე?
– როგორც ყველა შეყვარებული – მეც ვიყავი ჩაფიქრებული და გიჟი.
– ყველა ერთხმად აღიარებს, რომ თევზაობაშიც ოქროსხელება ყოფილხართ.
– ვინ თქვა?... ესე იგი, თევზაობა არის საქმე, რომელსაც ჩემთვის დაცინვის გარდა, არაფერი მოუტანია (იცინის). თქვენ რომ ნახოთ, როგორ მივდივარ მე სათევზაოდ, იფიქრებთ, სხვაგან გადავდივარ საცხოვრებლად, იმდენი რამ მიმაქვს. 2-3 გზა უნდა გავაკეთო მანქანამდე, რომ ეს ყველაფერი ჩავტვირთო. ასეთი დატვირთული კაცი რომ სადღაც მიდის, თან დაკავებული, წესით, ელოდები, რომ იქიდან წამოიღებს, არ ვიცი რა...
– და სინამდვილეში რა მოაქვს იქიდან?
– არაფერი (იცინის). იმაზე ნაკლები მომაქვს, რაც წავიღე, იმიტომ რომ, რაც მიმაქვს, დიდი ნაწილი თევზის საკვებია, რომ მოვიტყუო, გავასუქო. რა ვიცი, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრჯერ მომეცარა ხელი. ისედაც, რომ დავიჭერ, ძირითადად, ვუშვებ. მე თვითონ არ მიყვარს თევზი.
– მაინც ხომ ვერ იცოცხლებს ანკესით დაჭერილი თევზი?
– როგორ გეკადრებათ. სპორტული თევზაობის მთელი მუღამი ეგ არის. ყველაფერს ისეთს ხმარობ, რომ თევზი არ დაზარალდეს. ანკესსაც ისე აწყობ, რომ, გაგიწყვიტოს და გაიქცეს – ისეთი რამე არ აჰყვეს, რომ მერე მოკვდეს. ამ ბოლო დროს უკვე, უთავო ნემსკავებს ვიყენებ, რომელიც ტრავმატულიც ნაკლებადაა.
– რამხელა იყო თქვენი დაჭერილი ყველაზე დიდი თევზი?
– ყველაზე დიდი თევზი, მაშინ დავიჭირე, სანამ სერიოზულ თევზაობას დავიწყებდი. აზერბაიჯანში, მინგაჩაურის შესართავთან ჩვეულებრივი ანკესით შვიდკილო-ნახევრიანი ლოქო დავიჭირე. ლოქოსთვის დიდი არ არის, ფაქტობრივად, ბავშვია, მაგრამ მაინც დიდი თევზია. ამ ბოლო დროს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეთოდოლოგიებით ვთევზაობ, ყველაზე დიდი, რაც დამიჭერია სამკილო-ნახევრი, ოთხკილომდე წონის თევზი იყო.
– ძირითადად, სად დადიხართ ხოლმე სათევზოდ?
– ნებისმიერ გუბეში შემიძლია, ვითევზაო – თვითონ თევზაობა მიტაცებს და არა თევზი. როცა ცოტა დრო მაქვს, ავდივარ ლისის ტბაზე, კუმისზე, დებედაზე, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ, არ მაქვს ორდღიანი ტურების ფუფუნება, რომ შაორზე დავცე კარავი. კახეთისკენ დავდივართ. ძალიან ცოტა ადგილია სათევზაოდ. კიდევ უფრო სამწუხაროდ, მდინარეებში ბრაკონიერებმა, ფაქტობრივად, გაანადგურეს თევზი.
– ვისთან ერთად თევზაობთ?
– მარტო არასდროს ვთევზაობ, მეგობრებთან ერთად დავდივარ. თქვენი ნაცნობებიდან ვახტანგიშვილთან და კაკაბაძესთან ერთად ვთევზაობ ხოლმე. კაკაბაძე და ვახტანგიშვილი უფრო ნადირობისკენ არიან, მაგრამ, მე ვცდილობ, თევზაობაში ჩავითრიო. ვახტანგიშვილთან უფრო გამომივიდა, კაკაბაძემ კი: არ არის თევზაობა ჩემი საქმეო.