ლევან ყოჩიაშვილის კულინარიული რეცეპტი
მიყვარს მწვადისა და ხორციანი კერძების მომზადება. ამჯერად თქვენს მკითხველს გულ-ღვიძლის ჩემებურ რეცეპტს ვთავაზობ.
საჭირო ინგრედიენტები: 600-800 გრამი ხბოს ან ღორის გულ-ღვიძლი, 330 გრამი ხახვი, 5 კბილი ნიორი, 30 გრამი ცოცხალი ქინძი, 20 გრამი რეჰანი, 2 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი, 80 გრამი კარაქი, 1 დიდი ან 2 პატარა დაფნის ფოთოლი, 1 ცალი მწვანე წიწაკა, 100 მილილიტრი თეთრი ღვინო, შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: გულ-ღვიძლი გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი – წვრილად. მწვანილი, მწვანე წიწაკა და ნიორი დანაყეთ ან ასევე, წვრილად დაჭერით. უპირველესად, მოშუშეთ ხახვი კარაქში და დაასხით ღვინო, 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი გულ-ღვიძლი და კიდევ 5 წუთი დატოვეთ ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ დაახლოებით 1 ჩაის ჭიქა გადადუღებული წყალი ან ბულიონი. ყაურმა არ უნდა იყოს ძალიან წვნიანი. ბოლოს მოაყარეთ მწვანილი, ხმელი ქონდარი, მწვანე წიწაკა, ნიორი, ხელით დაფშვნილი დაფნა, მარილი და შავი პილპილი. სეზონზე შეიძლება გამოიყენოთ ცოცხალი 20 გრამი ქონდარი. შეგიძლიათ ასევე, ბროწეული ან ცოცხალი ოხრახუშიც მოაყაროთ. იმედია, მოგეწონებათ ჩემი საყვარელი კერძი. მისი მომზადება კეცზეც შეიძლება და ჩვეულებრივ, ცეცხლგამძლე ჭურჭელშიც.