ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
ვორონცოვმა პლატონ იოსელიანი ათონის მთაზე რომ გაგზავნა, პლატონმა, სხვათა შორის, საბერძნეთის მეფე, ოტტონიც ნახა.
როდესაც ჩვენი ფილოსოფოსი წარდგა მეფის წინაშე, მეფემ შემდეგი თავაზიანი სიტყვა უთხრა:
– მე დიდად მიხარიან, რომ გხედავ შენ, მშვენიერის საქართველოს ერის წარმომადგენელს.
მშვენიერებაზედ შორს მყოფმა ჩვენმა სწავლულმა ამ პასუხით მოირიდა ეს საქებარი:
– თქვენო დიდებულებავ, გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ სხვებიც ასეთნი არიან საქართველოში, როგორც მე. მოგეხსენებათ, ოჯახს თითო მახინჯი არ მოაკლდებაო.
***
აკაკი ხონში იყო. წამოსვლისას ეტლში ერთი ადგილი დაიქირავა, მეეტლემ ჩასვა პოეტი ეტლში და, ჩვეულებისამებრ, ბაზრის ირგვლივ, ძახილით – „ვის გინდათ, ვის გინდათ,“ – რამდენიმეჯერ შემოატარა. აკაკიმ გააჩერა მეეტლე და უთხრა: „ვის გინდათ, ვის გინდათ“ რომ იძახი, ხომ ხედავ, არავინ მყიდულობს; ისევ მე მითხარი, რამდენად ვარ შეფასებული, იქნებ, შევიძლო თავის გამოხსნაო.
***
ერთ მაგიდაზე ქაღალდს თამაშობდნენ, მათში ერია კ... ჩ-ძეც. ქაღალდი არ მოსდიოდა, ჯავრობდა და ცქმუტავდა. აკაკიმ შენიშნა. კ-ს ეწყინა და თამაშს თავი დაანება. მისი ადგილი ერთმა დარბაისელმა ხელჯოხიანმა დაიჭირა. ქაღალდი არც იმას მოუვიდა და იმანაც ჯავრობა დაიწყო. მაშინ მიუბრუნდა აკაკი ჩ-ძეს და უთხრა: უკაცრავად, ტყუილად შეგნიშნეთ, თურმე, ეს ოხერი ადგილი ყოფილა მოუსვენარიო. დარბაისელი გაწითლდა, მაგრამ, კრინტიც აღარ დაუძრავს.
***
ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ, ვასო ყუშიტაშვილი შინსახკომში (შინაგან საქმეთა სამინისტროს წინამორბედი უწყება) 12 საათისთვის დაიბარეს. მივიდა დროულად. ზის მოსაცდელში. 12 საათს კარგა ხანი გადასცდა. ადგა – მივდივარო... შეიყვანეს. უნდათ, რამე დააცდენინონ და შარის მოსადებად ჰკითხეს: რა განსხვავებაა ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორისო? – იქ 12 საათზე რომ დაგიბარებენ, ზუსტად თორმეტზე მიგიღებენო...