რა ორი უკიდურესობა ახასიათებს ნათია თადიაშვილს და როგორ მიაღებინა მას მომავალმა მეუღლემ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება
„X ფაქტორში“ თამთა გოდუაძის ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ნათია თადიაშვილია, რომელმაც პირველივე გამოსვლისთანავე შეძლო როგორც ჟიურის, ასევე მაყურებლის მოხიბვლა. სცენაზე მორიდებული, პროფესიონალი მომღერალი, ცხოვრებაში საკმაოდ ენერგიული, ხალისიანი და მოუსვენარია.
ნათია თადიაშვილი: ამჟამად მხოლოდ რესტორანში ვმღერი, რადგან სხვა რამის დრო, ფიზიკურად არ მრჩება, ვერ ვასწრებ, ოჯახიც ხომ მთავარი საქმიანობაა. ზოგჯერ ჩემი ოჯახის წევრებს, მეუღლესაც სწყინს, ერთმანეთთან რატომ აიგივებო, მაგრამ ორივე: ოჯახიც და საქმეც ჩემთვის მთავარია. ადრეც ვამბობდი, ორი ოჯახი მაქვს: ერთი – სახლი, მეორე – რესტორანი „კრწანისი“-მეთქი, სადაც ამაჟამად ვმუშაობ. ნახევარ დღეს იქ ვატარებ, ყველა ძალიან მიყვარს. ასე რომ, მეტის დრო არც მრჩება, თორემ ისეთი მოუსვენარი ვარ, სახლშიც ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. სულ მოქმედებაში ვარ. დედაჩემი მეუბნება: ამდენს როგორ ახერხებ, ერთხელაც გადაიწვებიო.
– ასეთი მომენტი გქონია?
– არა, არ მქონია. ასეთ დროს, თითქოს, მეორე რაღაც იხსნება, რომელიც გადაწვაში მიშლის ხელს.
– გამაცანი შენი ოჯახი.
– მყავს მეუღლე, 2 ბიჭი. ფაქტობრივად, ერთი წელი ვიცხოვრეთ დედამთილთან და მამამთილთან ერთად, იმის მერე კი მარტოები ვცხოვრობთ. თუმცა, მშობლები, როგორც შეეძლოთ, გვეხმარებოდნენ. ასე რომ, მარტო, ძიძის გარეშე ვზრდიდით ბავშვებს. ფაქტობრივად, ახალშეუღლებულები ვიყავით, რამდენიმე თვის მყავდა ბავშვი, როდესაც მუშაობა დავიწყე ცაბაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში. იქ 12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი პედაგოგად. 16 წლიდან სულ მყავდა მოსწავლეები, ვინც მღეროდა. თან, ფორტეპიანოზე აკომპანირება ყოველთვის შემეძლო. ბოლო პერიოდში ძალიან მინდოდა საქსოფონზე დაკვრა მესწავლა. ჩემი მეუღლე კლარნეტზე უკრავს, კონსერვატორია აქვს ამ სპეციალობით დამთავრებული, მაგრამ საქსოფონზეც უკრავს. ფეხმძიმედ რომ ვიყავი და საქსოფონს ავიღებდი ხელში, ის მორბოდა და მართმევდა: რამე არ მოგივიდესო. მერე, დროის უქონლობის გამო, ვეღარ შევძელი სწავლა გამეგრძელებინა.
– რა ასაკის არიან შენი შვილები?
– უფროსი 14 წლის ხდება, პატარა 8 წლისაა. რთულია ბიჭების გაზრდა, მაგრამ არც გოგონას გაზრდაა ადვილი. რაც დედაჩემმა გამოიარა ჩემს ხელში, ამას არავის ვუსურვებ. ძალიან აქტიური ვიყავი, მოუსვენარი, სულ – ძიებაში, ყველაფერი მაინტერესებდა – ისიც მინდოდა, ისიც და ისიც. ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, ანსამბლში უნდა გადავეყვანე მასწავლებელს. იმ დროს ფორტეპიანოსაც ვსწავლობდი, ძალიან კარგი პედაგოგი მყავდა – ნელი ნადირაძე, ღმერთმა აცხონოს. კარგი სკოლა გამატარა, ფაქტობრივად, ყოველდღე მავარჯიშებდა. რაც ჩემში მუსიკის ნიჭი დაინახა, თან გადამყვა. სულ ტკბილად მახსენდება. საბოლოოდ დედამ გადაწყვიტა: ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ქართველი ქალი კლასიკურ მუსიკაზე უნდა იზრდებოდესო და ყველაფრიდან გამომიყვანა. საშინელი რეაქციები მქონდა. ციცინო ციცქიშვილთანაც დავდიოდი, ანსამბლ „მთიებშიც“ ვმღეროდი, მთელი თვის განმავლობაში მშობლები, ბავშვები მაკითხავდნენ: მოდი, დაგვიბრუნდიო. მაგრამ დედა პასუხობდა: არა, არა, კლასიკური განათლება უნდა მიიღოს, სხვა რამეში დროს ტყუილად ვკარგავთო. მთელი დღე ყური ჰქონდა კარზე მოდებული, გავჩერდებოდი, შემოაღებდა: დაუკარიო. ზარმაცი ვიყავი, მით უმეტეს, გარდატეხის პერიოდში. იმიტომ რომ, ადვილად გამომდიოდა, რაც 4 საათის განმავლობაში უნდა მესწავლა, ერთ საათში ვსწავლობდი და ეს მაკმაყოფილებდა. ეს, ალბათ, ცუდიც იყო. ჩემში, შეიძლება, პიანისტი იმალებოდა, მაგრამ არ ვნანობ, მაინც იმ გზით წავიდა ჩემი ცხოვრება, როგორც მინდოდა. არ მქონდა დიდი სცენა, მაგრამ ეს არავის ბრალი არ არის. უბრალოდ, მაშინ ისეთი დრო იყო, 90-იანი წლები, დანგრეული თბილისი, ომი, მხედრიონი, საშინელება... გლდანში ვცხოვრობდი და რუსთაველზე სასწავლებლად დედა, მამა, ბებია, მეზობლები, ყველა ერთად მაცილებდნენ. მერე მეტროსთან მხვდებოდნენ, რომ ერთად წავსულიყავით სახლში, დენი არ იყო, ტრანსპორტი არ დადიოდა. დედა სათბურს მითბობდა, ფეხებთან მედო, რომ გაყინულ ოთახში მემეცადინა. მაგრამ, მადლობელი ვარ, რომ მაშინ კლასიკური განათლება მივიღე, რადგან ეს ახლა ძალიან მეხმარება. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ასაკში ვერ ვეწევი სხვებს. ცოტა ადრე რომ ყოფილიყო ყველაფერი, უკეთესი იქნებოდა. რომ შეიძლებოდეს პასპორტის შეცვლა, დავიპატარავებდი თავს. 26 წლის მაინც, რომ ვიყო.
– რას შეცვლიდი?
– სულ იმის შიში მაქვს, რომ რაღაცას ვერ მოვასწრებ, ამიტომ ვცდილობ, ბევრი არ მეძინოს. ალბათ, ამიტომ ვნერვიულობ, თორემ ჩემს ასაკშიც შეიძლება, ბევრი რამის მოსწრება. მე რომ 18-19 წლის ვიყავი, მაშინ ფილარომინია, მგონი, სულ დაკეტილი იყო. ახლა მოვიდა, ალბათ, ჩემი დრო. ეს წელი კარგად დაიწყო, კარგად მიდის. სურვილების ასრულების წელია. „X ფაქტორში“ გამოსვლაც წინა ღამეს გადავწყვიტე. ჩემს მეუღლეს დიდხანს არ სჯეროდა, რომ ამაზე ადრე არ ვფიქრობდი. ერთი ამბავი გვქონდა, დიდიხანს ვერ დავაჯერე. ქალების დიდი ნაწილი ხომ ოცნებობს კარგ გაზქურაზე, საცხობზე, ოქროულზე. არაფერი მაინტერესებს, სცენაა ჩემთვის ყველაფერი, ლამის ვაკოცო ხოლმე. შუქები რომ ანათებს, მტვერია, დახუთულობა, ბოლი – ყველაფერი მაგიჟებს.
– ალბათ, ბავშვობიდან მღერი.
– ბავშვობიდან ვმღეროდი, ჩემს ოჯახში ყველა მღერის, სმენა ყველას აქვს. თუმცა, არავინ არის პროფესიონალი მუსიკოსი. დედა მხატვარია, მამა – სასოფლოში ლექციებს კითხულობდა, მეცნიერ-მუშაკი იყო და ასე შემდეგ. ორივე ძალიან ნიჭიერი ადამიანია, წითელ დიპლომზე აქვთ დამთავრებული. მეც სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ერთი პერიოდი კი ავურიე, მაგრამ მაინც ხუთიანები მყავდა. აღარ მინდოდა სწავლა, სიზარმაცემ შემომიტია. ლექსების წერა დავიწყე, ვიღაც შემიყვარდა, გარეთ მინდოდა გასვლა, მეგობრები... ხომ იცი თინეიჯერობის ასაკი – სკოლას ვაცდენდით, დავსეირნობდით. თან, ზოდიაქოს ნიშნით „სასწორი“ ვარ, ორი უკიდურესობა მახასიათებს. სხვათა შორის, ცხოვრების თანამგზავრის არჩევნის დროს, ორი ადამიანი იყო და ძლივს გადავწყვიტე. ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე – 15 წელია, ერთად ვართ და ძალიან ბედნიერი ვარ.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– მერვე კლასიდან ნიჭიერთა ათწლედში კლასელები ვიყავით. ვმეგობრობით. ისიც გლდანში ცხოვრობდა და ერთად მივდიოდით, მოვდიოდით. ამან კიდევ უფრო დაგვაახლოვა. მასთან ყველანაირ თემაზე ვსაუბრობდი. გოგონები ნიკას ვუყვებოდით შეყვარებულების შესახებ. ყველაზე ვიფიქრებდი ამას და ნიკაზე არა. შემდეგ ორივემ კონსერვატორიაში ჩავაბარეთ. ერთ დღესაც, კაფეში ყავაზე დამპატიჟა. გამიკვირდა: მწვადზე გაზრდილ ბიჭს, რა ყავა მოუნდა-მეთქი. ერთხელ მითხრა, გავუტარე, მეორედაც, მესამედაც, არ მომხვდა ყურში კარგად. შემდეგ მითხრა, რაღაც სალაპარაკო მაქვსო, მომატყუა, რაღაც მიზეზები მოიგონა და საბოლოოდ, სიყვარულში გამომიტყდა. საშინელი რეაქცია მქონდა, ლუდის ბოთლი მედგა წინ და ცოტა დამაკლდა, რაღაც არ გამეკეთებინა. მოკლედ, ამის მერე აღარ ველაპრაკებოდი. ის კი რეკავდა სახლში, ტელეფონთან არ მივდიოდი. ჩემებმა მთხოვეს: დაელაპარაკეო. ბოლოს შევხვდი და იქ „დამკერა“. თან, მეგობართან ერთად შევხვდი, მარტო არ წავედი, პროტესტი მქონდა. მეგობრები ძალიან გვგულშემატკივრობდნენ, მათი მშობლებიც. მახსოვს, ჩემი მეგობრის დედა, მადონა დეიდა, იმდენად მოწადინებული იყო, რომ კონსერვატორიაში ვემალებოდი. საბოლოოდ დამანახვა, რომ ძალიან ვუყვარდი და ეს დღემდე გრძელდება. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ: ნეტავ, მეც თუ მიყვარს იმ დონეზე, როგორც მას-მეთქი. ბოლო დროს ეჭვიანობაც დაიწყო, მაგრამ ესეც იმის ბრალია, რომ ვუყვარვარ და ნორმალურად აღვიქვამ.
– როგორ მიგიყვანა გათხოვების გადაწყვეტილებამდე?
– ყველაფერი უცებ გადავწყვიტეთ. მშობლებმა რომ გაიგეს ჩვენი ამბავი, დაიწყეს: დავნიშნოთ, ამ დროს ქორწილი გავაკეთოთ, ამდენი ხალხი დავპატიჟოთ, როგორი ბეჭედი და ასე შემდეგ. ნიკამ ერთ დღესაც მითხრა: გეხვეწები, შარვალ-კოსტიუმით და ყვავილებით ნუ მატარებო და გავიპარეთ. ცოლად რომ გავყევი, რადგან მასთან მეგობრულად ვიყავი, ცოტა გამიჭირდა. თუმცა, მაშინაც გულით მიყვარდა და ახლაც მიყვარს. ჩვენი სიყვარული თანაცხოვრების შემდეგ უფრო მოვიდა. თვითონაც აღიარებს: ადრე სხვა სიყვარული გვქონდა, ახლა სხვა გვაქვსო.
– ქართველ კაცებს მაინცდამაინც არ მოსწონთ, როდესაც მათი მეუღლეები რესტორანში მღერიან. შენს მეუღლეს ამაზე როგორი რეაქცია ჰქონდა?
– რაც ნიკას ცოლი ვარ, შეიძლება ითქვას, დავტანჯე: გეხვეწები, გამიშვი... მეუბნებოდა: ხომ გაქვს სამსახური, რა გინდაო. კარგია, ბავშვებს რომ ამეცადინებ, მოიკლავ თავს, მაგრამ გავა დრო და... იშვიათია ბავშვმა გაგიმართლოს. ეს არ მაკმაყოფილებდა, 12 წელი გავძელი, ყოველ საღამოს ვტიროდი, ისტერიკა მქონდა: შენი ბრალია, გამიშვი. მისმენდა, მისმენდა და ერთ დღესაც თავის მეგობარს, ტიგრან ნიკოიანს დაურეკა, რომელიც უნიჭიერესი მევიოლინეა და უთხრა: უშველე რამე, სანამ ჭკუიდან გადავაო და ცოტა ხანში „კრწანისში“ დავიწყე მუშაობა. აქ სულ ხალხმრავლობაა და ეს მაგიჟებს. ახლა მეუღლე ხშირად მოდის, მისმენს. მე ვუშლი: ჩემი სამსახური, გასართობი ადგილი არ არის-მეთქი. მოდის მეგობრებთან ერთად და ძალიან ეამაყება. თვითონ ინსტრუმენტალისტია. თავდაცვის საჩვენებელ ორკესტრში მუშაობს – ძალიან ძლიერი ორკესტრია. კარგია, რომ ორივე მუსიკოსები ვართ, ერთმანეთის უფრო მეტად გვესმის.