კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

შუაღამე სრულდებოდა. მე ქსივა დავწერე, ერთ-ერთ ნადზორს ასმანეთიანთან ერთად მივეცი და ვუთხარი:

– ეს მაყუთი შენია, ოღონდ, ახლავე თბილისში უნდა დარეკო და, ან თავად ანზორას ეტყვი, ან, მისთვის გადასაცემად იმას, ვინც გიპასუხებს, ამ ქსივას წაუკითხავ. გასაგებია?

– კი.

– პასუხს დაუყოვნებლივ ველოდები. აბა, შენ იცი, – ვუთხარი ნადზორს.

დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ანუ ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ნადზორმა ბარაკიდან გამომიხმო და მითხრა:

– კობრა, თვითონ ანზორას ველაპარაკე და ასე მითხრა, ყველაფერი რიგზე იქნებაო.

პასუხმა ისე გამახარა, რომ მას კიდევ ორმოცდაათი მანეთი ვაჩუქე და ვკითხე:

– პირველში მუშაობ?

– არა, ორში ვარ მორიგე.

– მოკლედ, ასე, – ვუთხარი ნადზორს, – ვინმეს მორიგეობა გაუცვალე და პირველ იანვარს გამოდი სამუშაოზე. შუადღემდე ოცდახუთ ათას მანეთს ჩამოიტანენ, ზონაში შენ უნდა შემოიტანო და ჩამაბარო. ამისთვის კი ათას მანეთს მიიღებ დამატებით. გაწყობს?

– მაწყობს რომელია, – სიხარულისგან ლამის ჰაერში აიწია ნადზორი, – ყველაფერს ისე ვიზამ, როგორც შენ მითხარი.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დავგეგმე. პირველ იანვარს, ზუსტად დილის 10 საათზე, ოცდახუთი ათასი მანეთი შემომიტანა ნადზორმა, ჩამაბარა და მითხრა:

– ახალ წელს გილოცავ, კობრა!

ნადზორს ათასი მანეთი მივეცი და ვუთხარი:

– მეც გილოცავ. ეს კი შენი წილია, დაიმსახურე.

ნადზორმა ფული გამომართვა და სიხარულისგან გაფრინდა... მე მიხო მოვიკითხე და მითხრეს პრომზონისკენ მიდიოდაო. „პრომზონა“ (სამრეწველო) სამუშაო ადგილია ზონაში, სადაც დაზგები და სხვა მოწყობილობებია განლაგებული და მოშორებით მდებარეობს. გულმა ცუდი მიგრძნო. ფული ბუშლატში ჩავიტენე, პრომზონისკენ გავვარდი და ბრიტვასავით ალესილი ფოლადის ნაჭრით იმ დროს გადავჭერი თოკი, როცა მიხომ ყულფში გაყო თავი. ის ტომარასავით დაენარცხა ბეტონის იატაკს, მე კი მასთან მივედი და ვკითხე:

– ჰა, რას იტყვი, როგორია საიქიო?

– აბა, სააქიოში რა მინდა? იმიტომ გადამარჩინე, რომ გამაქათმონ? – მითხრა მიხომ და ფეხზე წამოდგა. მე მას სილა შემოვკარი, იატაკზე დავანარცხე და ვუთხარი:

– ხომ შევთანხმდით, რომ უჩემოდ არაფერს მოიმოქმედებდი, რატომ მომატყუე?

მიხო ფეხზე წამოდგა, მხრებში გაიმართა და მითხრა:

– კაცად დავიბადე და კაცურად უნდა მოვკვდე, გაიგე?

– გავიგე, – ვუთხარი მიხოს, – მერედა, ვინ გიშლის ხელს? მაგრამ, ჯერ ძალიან ადრეა, ჯერ მხოლოდ ოცი წლის ხარ და  მთელი სიცოცხლე წინ გაქვს. კაცურად სიკვდილს ასი წლის მერეც მოასწრებ, მანამდე კი კაცურად უნდა იცხოვრო.

– ეჰ, კობრა, – ხელი ჩაიქნია მიხომ, – კარგი კაცი ხარ და გეცოდები, მაგრამ, არაფერი გამოვა.

მე ბუშლატის ჯიბიდან ფული  ამოვიღე, მიხოს დავანახვე და ვუთხარი:

– აი, შენი თავანი, წამოდი და ჩააბარე, მაგრამ, მოცემული პირობა არასდროს დაარღვიო და კაცურად იცხოვრე.

მიხოს გული წაუვიდა და, სანამ მოვასულიერე და ხოდზე დადგა, თორმეტის ნახევარიც შესრულდა. მან, როგორც იქნა, ენა ამოიდგა და მითხრა:

– კობრა, ძმაო, თავი ზღაპარში მგონია, არ მჯერა, რომ სასწაული მოხდა.

– მოხდა, მიხოჯან, ნამდვილად მოხდა სასწაული და ღმერთს მადლობა შესწირე. ახლა კი მაყუთი აიღე და თავანი ჩააბარე, თორემ, ისინი, ალბათ, უკვე კბილებს ილესავენ და შენს გასაფუჭებლად ემზადებიან, – ვუთხარი მიხოს და ოცი ათასი მანეთი მივეცი...

ყველაფერმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე ვვარაუდობდი – მიხო ორ წელიწადში გამოიხსნეს ციხიდან მისმა ახლობლებმა. გასვლის წინ მიხო ჩამეხუტა, ატირდა და მითხრა:

– კობრა, ძმაო, შენი ხმალი და ჩემი კისერი. ჩემი სიცოცხლე რომ დაგჭირდეს, როცა გინდა, მოდი და წაიღე; ან, მიხმე, მე თვითონ მოვალ და შემოგწირავ.

– კარგი, გეყოფა სისულელეების ლაპარაკი. მშვიდობით იარე და, სვაბოდაზე რომ შევხვდებით, დანარჩენი მაშინ ვილაპარაკოთ, – მივუგე მიხოს და ზონიდან გავისტუმრე.

მიხომ ვალიც სულ მალე გადაიხადა და სამჯერ მეტი პატივიც მცა. მიუხედავად იმისა, რომ ვუთვლიდი, გრევი აღარ გამოგზავნო-მეთქი, ის მაინც არ იშლიდა თავისას და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა. თავანის ფული კი ვერცხლისქუჩელმა ანზორამ გაიღო და თავადვე ჩამოიტანა ზონაში, რადგან, სიტყვა ჰქონდა მოცემული და, რომ არ გაეტეხა, ეს ურთულესი მისია თავადვე იკისრა. სროკიდან რომ გავთავისუფლდი და თბილისში დავბრუნდი, გავიგე, რომ მიხო რუსეთში გამგზავრებულიყო სასწავლებლად. 

მას მერე მრავალი წელი გავიდა და, მიუხედავად იმისა, რომ მიხოს არსად შევხვედრივარ, მისგან რეგულარულად ვიღებდი გრევებსა და ერთი და იმავე შინაარსის წერილებს. მათში მიხო მხსნელს მიწოდებდა, გადარჩენისთვის უდიდეს მადლობას მიხდიდა და იმედს გამოთქვამდა, რომ, ადრე თუ გვიან შევხვდებოდით ერთმანეთს. მიუხედავად რეგულარული, ცალმხრივი კომუნიკაციისა, მიხო არაფერს მწერდა საკუთარ თავზე, ამიტომ, არ ვიცოდი, სად იმყოფებოდა და რას საქმიანობდა. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვში, რესტორან „არაგვში“ ვიმყოფებოდი ერთ ქართველ ქალთან ერთად, რომელიც დღეს საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა და მის ვინაობას არ დავასახელებ. ჩვენ კუპეში ვისხედით და სხვა კლიენტებისგან იზოლირებულები ვიყავით. რესტორნის შემდეგ მის ფეშენებელურ ბინაში უნდა წავსულიყავით და, რა თქმა უნდა, ღამით იქ უნდა დავრჩენილიყავით. ჩემს თანმხლებ ქალს ტუალეტში გასვლა მოუნდა, მომიბოდიშა და გავიდა. ხუთიოდე წუთის მერე კი, ცოტა არ იყოს, აღელვებული დაბრუნდა, რაც არ გამომპარვია და ვკითხე:

– რა გჭირს, მოხდა რამე?

– არა, არაფერი, – მითხრა ქალმა და, აღელვება რომ დაეფარა, სიგარეტი გააბოლა.

– სიმართლე მითხარი, რა მოხდა, – არ მოვეშვი ქალს, მან კი მიპასუხა:

– ისეთი არაფერი. ერთი ძველი ნაცნობი შემხვდა და, რომ დამინახა, არ მომეშვა და თავის სუფრასთან მიმიპატიჟა. როცა ვუთხარი, მარტო არ ვარ-მეთქი, შენთან ერთად დამპატიჟა.

– სულ ეს იყო? – ვკითხე ქალს.

– მეტი რა უნდა ყოფილიყო?

– თუ მეტი არაფერი, აბა, რამ აგაღელვა? – ვუთხარი ქალს და წითელი ღვინო ჭიქებში ჩამოვასხი.

– ცოტა უცნაური კაცია და იმან, – მითხრა ქალმა და დაამატა: – ისეთი ტიპია, შეიძლება, ჩვენს კუპეში მოვიდეს და ისევ დაგვპატიჟოს, მე კი არ მინდა, რომ უსიამოვნება მოხდეს.

ქალს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ჩვენი კუპეს კარი გაიღო და ძალიან ელეგანტურად ჩაცმული, სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა. მან ჯერ ქალს გაუღიმა, შემდეგ თავი დამიკრა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ, სიტყვა პირზე შეეყინა და მომაშტერდა.

– გამარჯობა, მიხო, როგორ ხარ? – გავუღიმე ელეგანტურ, სიმპათიურ მამაკაცს, რომელშიც მიხო შევიცანი და ძალიან გამიხარდა. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ რესპექტაბელურად გამოიყურებოდა და აშკარად ეტყობოდა, რომ თანამდებობის პირი იყო, ჩემს დანახვაზე ჯერ გაოცება, შემდეგ კი აღფრთოვანება გამოეხატა სახეზე, ჩემ წინ დაიჩოქა და მითხრა:

– კობრა, ძმაო! ჩემო მხსნელო, როგორ ხარ?

მიხო ფეხზე წამოვაყენე და ვუთხარი:

– ხომ არ გაგიჟდი, რას მიჩოქებ, არ გრცხვენია?

მიხომ მოგვიბოდიშა და გავიდა. შემდეგ დაბრუნდა და გვითხრა:

– ჩემს თანასუფრელებს ვუთხარი, რომ უჩემოდ გააგრძელონ ქეიფი, მე კი თქვენ უნდა შემოგიერთდეთ და, ალბათ, არ გეწყინებათ.

– პირიქით, შენი ნახვა ძალიან გამიხარდა. დაბრძანდი, – მივუგე მიხოს და სუფრასთან მოვიპატიჟე.

– შენ რომ არა, ჩემო კობრა, დღეს ჩემი ძვლებიც არ იქნებოდა, – იმეორებდა მიხო და ჩემს თანმხლებ ქალს დაწვრილებით უყვებოდა თავის თავგადასავალს.

– კარგი, კარგი, ნუ გამომიყვანე სასწაულმოქმედი, – ვუთხარი მიხოს. მან კი მითხრა:

– სწორედაც რომ სასწაული მოხდა მაშინ და ეს შენ მოახდინე.

– ღმერთმა, ჩემო მიხო, ღმერთმა მოახდინა ის სასწაული და მე მხოლოდ მისი ნება შევასრულე, – მივუგე მიხოს და ნამდვილად არ ვმეტიჩრობდი, როდესაც ამას ვამბობდი, რადგან, ზებუნებრივი, ადამიანებისთვის აუხსნელი ძალის ჩარევის გარეშე ასეთი რაღაცეები არ ხდება.

რესტორნიდან გვიან წამოვედი. მეორე დღეს მიხო უკვე სახლში გვეწვია და გვიანობამდე დარჩა ჩვენთან. წასვლის წინ კი მითხრა:

– ხვალ საზღვარგარეთ მივემგზავრები. ახალ თანამდებობაზე დამნიშნეს და მინიმუმ ექვსი თვე მაინც ვერ ჩამოვალ. ნახვამდის. იმედია, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.

როგორც ადრე ვთქვი, მიხო, დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია და სხვებზე უკეთ უძღვება თავის სფეროს. 

ჩემს პაბეგამდე სამი დღით ადრე, ანუ, იმ დღეს, როდესაც ციხიდან გავთავისუფლდი, მე და მიხო კვლავ შევხვდით ერთმანეთს. შუაღამე გადასული იყო. ძალიან დაღლილი ვიყავი და დაძინებას ვაპირებდი, როდესაც კარზე დააკაკუნეს.

„ძაღლები” რომ იყვნენ, ასე მოკრძალებულად არ დააკაკუნებდნენ. ან ბრახუნს ატეხდნენ, ან, სულაც, შემომინგრევდნენ. ნეტა ვინაა?“ – გავიფიქრე გულში, კარი გავაღე და ძალიან უბრალოდ ჩაცმული, შავსათვალიანი კაცი დავინახე, რომელიც უცებ ვერ ვიცანი და ვკითხე:

– ვინ გნებავთ?

ზღურბლზე მდგომმა კაცმა სათვალე მოიხსნა და მკითხა:

– ვერ მიცანი, კობრა?

– მიხო, ძმაო! შემოდი, – გამიხარდა მე. მან კი ტუჩებზე თითი მიიდო, სახლში შემოვიდა და, სანამ გადამეხვეოდა, მითხრა:

– ჩუ... აქ ინკოგნიტოდ ვარ მოსული და მობილურიც არ წამომიღია, რომ არ მომისმინონ. როგორ ხარ? რას აპირებ?

– რას ვიზამ? ეს საშინელი ანტიქურდული კანონი ისევ მოქმედებს. კარგად ჩაცმული პოლიცია ისევ ბესპრეძელშჩიკობს და სულ ტყუილად ჰპირდებოდნენ ხალხს, სიმართლეს დავამყარებთო.

– „ძაღლებს” რა შეცვლის, ჩემო კობრა, – თქვა მიხომ, – მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმუშავია და მიცხოვრია და, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ პოლიციელი ყველგან ერთნაირია. სხვაგანაც სცემენ ისინი ადამიანებს და იარაღსა და ნარკოტიკებს უდებენ. მეთოდები ყველგან ერთნაირია და მათ შორის დიდი განსხვავება არაა.

– არც მიკვირს, – ვუთხარი მიხოს, – ვლასტი რომ შეიცვალა, თითქმის ყველას ეგონა, რომ ქურდებს ცოტა შეღავათს მოგვცემდნენ, მე კი ეს არ მჯერა და, მართალია, დღეს გავთავისუფლდი, მაგრამ, არა მგონია, რამე შეიცვალოს.

– ჰოდა, მეც სწორედ ამიტომ გესტუმრე ასე ოპერატიულად. კობრა, ძმაო, ჯერჯერობით ქურდებისთვის არაფერი იცვლება სასიკეთოდ და, რაც შეიძლება მალე უნდა გაემგზავრო სადმე. შენ ეს არ გაგიჭირდება და ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ რესპუბლიკაში სიამოვნებით მიგიღებენ ქურდები. ერთი წელი მაინც მოშორდი აქაურობას და მერე ვნახოთ, იქნებ რამე შეიცვალოს სასიკეთოდ.

– რაღაც, არა მგონია, რომ მასე მოხდეს.

– რა იცი, ყველაფერი ხდება, – მითხრა მიხომ და მაგიდაზე ცელოფნის პაკეტი დამიდო, – ეს ფული ცოტა ხანს მაინც გეყოფა და მერე ღმერთი მოგცემს.

მიხომ ათი ათასი დოლარი დამიტოვა, გამომემშვიდობა და, სანამ წავიდოდა, მითხრა:

– შენს ვალს ვერასდროს გადავიხდი. არ ვიცი, კიდევ როდის შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ, როგორც კი ამის შანსი გამიჩნდება, არ გავმაზავ.

ალბათ, გული მიგრძნობდა, რაც უნდა მომხდარიყო და მიხოს გრევი საიდუმლო გვირაბში დავმალე, ხოლო, რომ გავიქეცი, თან წავიღე. ერთი სიტყვით, მრავალი წლის წინ ჩადენილი სიკეთე უკან დამიბრუნდა და, როგორც ენერგია არ იკარგება ბუნებაში, არც სიკეთე ქრება უკვალოდ, ისევე, როგორც ბოროტება, უბრუნდება უკან მის ჩამდენს. ჩემი სიტყვების სისწორეში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და არავინ იფიქროს, რომ ჰაერზე ვლაპარაკობ. ბოლო-ბოლო, თვრამეტი წელი ციხეში მაქვს გატარებული, ციხე კი განმარტოების, საკუთარ თავთან დარჩენისა და ფიქრისთვის საუკეთესო ადგილია. სწორედ რომ მრავალწლიანი ფიქრისა და საკუთარი ცხოვრების ანალიზის შედეგად მივედი ასეთ დასკვნამდე და, დარწმუნებული ვარ, არ შევმცდარვარ. თუკი ჩემი სამოცწლიანი სიცოცხლის განმავლობაში, სადმე რამე დავაშავე, ყველაფერზე პასუხი მომეთხოვა ღმერთისგან და ყველაფერზე ვაგე პასუხი. ჩემი დღევანდელი სტატუსიც პასუხისგებაა ჩემ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო და, მართალია, ციხის საკანში გამომწყვდეული არ ვარ, მაგრამ, პაბეგში ყოფნაც ძალიან დიდი შეზღუდვაა ადამიანისთვის, რადგან, თავს დევნილი მხეცივით გრძნობ, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე სასიკვდილო საფრთხე ჰყავს ჩასაფრებული... ბავშვობასა და ადრეულ ახალგაზრდობაში პაბეგში ყოფნა და ქურდული ცხოვრების სხვა ატრიბუტიკა ძალიან მიმზიდველია და აზარტული, მაგრამ, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ძალიან მძიმე ტვირთად გაწვება და ყველა ვერ უძლებს. პაბეგში ყოფნისას ფსიქიკა და გულ-სისხლძარღვთა სისტემა ბევრად დიდი დატვირთვით მუშაობს, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ამიტომ, შეცდომის დაშვებისა და ჯანმრთელობის შერყევის ალბათობაც გაზრდილია. ასეთ დროს ყველაფერი შენ წინააღმდეგ მუშაობს და ორგანიზმის მგრძნობელობა იმდენად გაზრდილია და ისეთ ხმებსა თუ სუნებს გრძნობ, რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ყურადღებასაც კი არ მიაქცევდი. ამ მდგომარეობას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. დადებითი ისაა, რომ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში მობილიზებული ხდები. ხოლო, თუ ფსიქიკამ გიმტყუნა და თვითკონტროლის უნარი დაკარგე, შეიძლება, საკუთარი თავიც დაიღუპო და სხვაც დაღუპო. 

ერთხელ, ერთი ცნობილი საბჭოთა მძარცველი მოსკოვის ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში ემალებოდა მილიციას. ერთ დილას მისი ოთახის კარზე ვიღაცამ დააბრახუნა და კაცის ხმამ თქვა: „გაიღვიძეთ, ჩქარა, ინსტიტუტში წადით“. ძებნილმა მძარცველმა, რომელიც საწოლში იწვა, ბალიშის ქვეშიდან პისტოლეტი ამოაცურა და კარის მიმართულებით დაიწყო სროლა. შემდეგ ფანჯრისკენ გაქანდა, მესამე სართულიდან გადახტა და ქვაფენილზე დაენარცხა... ძებნილმა ორივე ფეხი მოიტეხა და ის ადგილზევე აიყვანეს, მის მიერ გახსნილმა ცეცხლმა კი საერთო საცხოვრებლის კომენდანტი მძიმედ დაჭრა და ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს. სწორედ რომ, საერთო საცხოვრებლის კომენდანტი აბრახუნებდა, ყველა იქ მცხოვრებ სტუდენტს აღვიძებდა, რომ მათ ლექციაზე არ დაეგვიანათ. ძებნილმა მძარცველმა კი, რომელიც სიტყვებს არ დაუკვირდა, იფიქრა, მილიცია დამადგაო, დაიბნა, სროლა ატეხა და „დაიწვა“... ერთი სიტყვით, მას ნერვებმა უმტყუნა და შესაბამისმა შედეგმაც არ დააყოვნა. მე ვერ ვიტყვი, რომ შეუმცდარი ვარ-მეთქი, ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი „იაღლიში“ არასდროს მომივა. პირიქით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მილიცია ჩემს დასაჭერად მოსულა, მე კი თავი დამიძვრენია.

ერთხელ სოლოლაკში ვიმალებოდი. ერთ მოხუც ბებოსთან პატარა ოთახი მქონდა დაქირავებული და იქ ვცხოვრობდი. ყალბი პასპორტის დამზადებას ველოდებოდი, რომ რუსეთში გავმგზავრებულიყავი და დღე-დღეზე უნდა მოეტანათ. ერთ მშვენიერ დღეს, სააბაზანოში წვერს ვიპარსავდი. მთელი სახე ქაფით მქონდა დაფარული და ბასრ სამართებელს ნელა ვისვამდი კანზე, რომ სახე არ გამეჭრა. უცებ აბაზანის კარი მკვეთრად გაიღო, ორი პისტოლეტმომარჯვებული „ოპერი” შემოვარდა და ერთ-ერთმა მიღრიალა:

– არ გაინძრე, კობრა! ხელები მაღლა!

წესით, არ უნდა „დავმწვარიყავი“, რადგან, ჩემი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ, თურმე, სრულიად შემთხვევით გავიშიფრე. იმ მომენტში კი, აბა, რა ვიცოდი, რომ ჩემს ასაყვანად მილიციის ოპერჯგუფი იყო გამოგზავნილი, თორემ, წვერის პარსვის ნაცვლად, იქიდან მოვუსვამდი. მე კი მშვიდად ვისვამდი კანზე სამართებელს, პისტოლეტმომარჯვებული „ოპერების” დანახვაზეც კი არ დავბნეულვარ და მივუგე:

– რომ გავინძრე, ყელს გამოვიჭრი, მაგრამ მე თენგიზი ვარ და არა ვიღაც კობრა.

– როგორ, შენ გოგი გველესიანი არა ხარ? – მკითხა ოპერმა.

– არა, ბატონო, მე თენგიზ ამირანის ძე პატარიძე ვარ, თბილისის ქალაქკომის მდივნის რეფერენტი. მაგ ვიღაც კობრას კი ნამდვილად არ ვიცნობ და გეშლებათ.

– როგორ, აქ არ ცხოვრობ?

– არა, ბატონო, აქ მე წუხელ მოვედი. ჩვენთან, საბურთალოზე, ცხელი წყალი ოთხი დღითაა გამორთული და მართა ბებოსთან მოვედი, რომ მებანავა. თანაც, ჩემი სამსახურიც აქვეა და ორი წუთი მჭირდება იქ მისასვლელად.

– სახლის პატრონი ვიღაა?

– მართა ბებია.

– ახლა სადაა?

– პენსიის ასაღებად.

– სახლში სხვა ვინმე არის?

– ალბათ, მართა ბებიას მდგმური, მაგრამ მე მას არ ვიცნობ.

– რომელ ოთახშია?

– დერეფანში რომ გახვალთ, ხელმარცხნივ, ბოლოს წინა ოთახია და იქ ცხოვრობს. რაშია საქმე, რა მოხდა? – ვუთხარი ოპერებს.

– არფერი. გარეთ ჯერ არ გამოხვიდე, – მითხრა „ოპერმა” და თავის კოლეგასთან ერთად დერეფანში გავიდა, სადაც კიდევ ოთხი „ოპერი” იმყოფებოდა.

მე კარამდე მივაცილე მილიციელები. კარი ჩავკეტე. ჩემი ბარგი-ბარხანა სპორტულ ჩანთაში ჩავტენე, სახიდან ქაფი მოვიშორე საკუჭნაოდან მეზობელი სახლის სახურავზე გადავძვერი და მოვუსვი... ნახევარი საათის შემდეგ კი უკვე ჩემი ნაცნობის ბინაში ვიმყოფებოდი, ვისაც ჩემთვის ყალბი პასპორტი უნდა მოეტანა.

– რა მოხდა, კობრა, აქ რატომ მოხვედი? – მკითხა შეშფოთებულმა მასპინძელმა, როდესაც დამინახა.

– „ძაღლებს” მოვუტყდი.

– საიდან, როგორ? – გაეცინა მასპინძელს.

– სოლოლაკში ერთ ბებოსთან ოთახი მქონდა დაქირავებული, რომ დამადგნენ, სპექტაკლი დავუდგი და „ჭამეს”.

– კაროჩე, შენი პასპორტი ზეგ იქნება და, თუ არსად გაქვს წასასვლელი, შეგიძლია, აქ დარჩე. მაინც მარტო ვცხოვრობ და არავინ მოგაკითხავს.

მადლობის მეტი რა მეთქმოდა. დავთანხმდი. ოთხი დღის შემდეგ კი ჯიბეში უკვე ყალბი პასპორტი მედო და მატარებლით მოსკოვში მივემგზავრებოდი. ეგრეთ წოდებული „ესვეთი“ ვმგზავრობდი, რომელიც იმ პერიოდში ყველაზე კომფორტული კუპირებული ვაგონი იყო და ბილეთში ორმოცდაათი მანეთი მქონდა გადახდილი. თითოეულ კუპეში მხოლოდ ორი საწოლი იყო და ზედმეტად არავინ გაწუხებდა. მატარებელი სოჭის გავლით მიდიოდა. სოჭში თორმეტი საათი ჩერდებოდა და მგზავრებს საშუალება ეძლეოდათ, ზღვაში ებანავათ. თბილისიდან სოჭამდე ერთი მოხუცი ფილოლოგი დამემგზავრა, რომელიც თითქმის არ იღებდა ხმას და ზედმეტი კითხვებით არ მაწუხებდა. ჩასვლის წინ კი ის გამომემშვიდობა და მითხრა:

– იცით, მთელი გზა ვფიქრობდი, სად მინახავხართ და მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ თქვენ ერთ ფოტოზე გამოსახულ კაცს მიგამსგავსეთ, ის ფოტო სადგურის მილიციის სტენდზე იყო გამოკრული. აბა, ბედნიერად, ყმაწვილო, კარგად ბრძანდებოდეთ!

– კარგად ბრძანდებოდეთ, – მივუგე მოხუცს და, რომ ჩავიდა, გამცილებელ გოგონას ვკითხე:

– რამდენ ხანში გავემგზავრებით? 

– ახლა ჩიხში გადაგვიყვანენ. ღამის თერთმეტ საათზე ახალ შემადგენლობაზე ჩაგვაბამენ და შუაღამეზე მოსკოვისკენ ავიღებთ გეზს. შეგიძლიათ, ქალაქში გახვიდეთ და ზღვაში იბანაოთ. ბარგის გამო კი ნუ იღელვებთ, ჩიხს მილიციის პატრული იცავს და ქურდები იქ არ მოდიან.

– ძილი მირჩევნია. კუპეს გამოვკეტავ და წავუძინებ. ახალი მგზავრი თუ მოვა, გთხოვთ, კუპე უხმაუროდ გააღოთ, – ვუთხარი გამცილებელს.

– ახალი მგზავრი მხოლოდ გასვლის წინ შემოგიერთდებათ. ასე რომ, შეგიძლიათ, მშვიდად იძინოთ, – მითხრა გამცილებელმა და გამიღიმა.

მე კუპე ჩავკეტე, წამოვწექი და მოხუცის სიტყვები გამახსენდა, რომელმაც მითხრა, რომ სტენდზე გაკრულ ფოტოს მიმამსგავსა. ეს ასეც იყო, რადგან, საბჭოთა კავშირის ყველა დიდი ქალაქის სადგურზე თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მდებარე მილიციის სტედნებზე იყო გამოკრული ჩემი სურათები. ძებნილი ვიყავი და ამიტომ.

თითქმის მთელი დღე ფიქრში გავატარე და კუპედან არ გამოვსულვარ. მატარებლის გასვლამდე თხუთმეტი წუთით ადრე კი, როდესაც ჩვენი შემადგენლობა სოჭის რკინიგზის სადგურის პირველ ლიანდაგზე იდგა, კუპეში ახალი მგზავრი შემოვიდა. ორმოციოდე წლის, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი გამცილებელმა გოგონამ შემოიყვანა, თავისი ადგილი უჩვენა და წავიდა. ჩემი ახალი მეზობელი, ძველისგან განსხვავებით, საკმაოდ ენაწყლიანი აღმოჩნდა, გამეცნო და მითხრა:

– ორი დღე ერთად მოგვიწევს მგზავრობა და, იმედია, კარგ დროს გავატარებთ.

– რა თქმა უნდა, – მივუგე ახალ მეზობელს, – ახლა კი, თქვენის ნებართვით, დავიძინებ. მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი ამის გაკეთებას, მაგრამ, თვალი ვერ მოვხუჭე.

– კარგი, დაისვენეთ. წინ მთელი ორი დღე გვაქვს და კიდევ მოვასწრებთ ერთმანეთისთვის თავის მობეზრებას, – მითხრა ახალმა მეზობელმა და სიგარეტის მოსაწევად კუპედან გავიდა.

მე კარგა ხანს არ მომიხუჭავს თვალი და მხოლოდ მას მერე ჩამეძინა, როდესაც ჩემი მეზობელი დაწვა. დილით კარის გაღების ხმამ გამაღვიძა – ჩემი მეზობელი პირსახოცგადაკიდებული გადიოდა ტუალეტში ხელ-პირის დასაბანად. უკან რომ დაბრუნდა, მე უკვე ჩაცმული ვიყავი და მითხრა:

– დილა მშვიდობისა. როგორ გეძინათ?

– გმადლობთ, კარგად. თქვენ?

– მეც კარგად. თავის მოწესრიგებას რომ მოათავებთ, რესტორანში გავიდეთ და ჩვენი ნაცნობობა აღვნიშნოთ, მე გეპატიჟებით. რას იტყვით?

– შემხვედრი წინადადება მაქვს, – მივუგე ჩემს ახალ მეზობელს, ჩანთიდან არყის ბოთლი ამოვიღე, მაგიდაზე დავდგი და დავამატე: – ვაგონ-რესტორანში გასვლას, ჯობია, აქ აღვნიშნოთ ჩვენი შეხვედრა. მით უმეტეს, რომ არც საჭმლის ნაკლებობას განვიცდით – დედაჩემმა ქართული კერძები გამომატანა გზაში.

– ლიმონათიც ხომ არ გაქვთ?  – მკითხა ჩემმა მეზობელმა, – იცით, არაყს ყოველთვის ლიმონათს ვაყოლებ.

– არა, სამწუხაროდ, ლიმონათი არ მაქვს.

– მაშინ, მე ლიმონათს მოვიტან და დავიწყოთ, – მითხრა ჩემმა მეზობელმა და კუპედან გავიდა.

ჩანთაში თბილისის ვაგზლის რესტორანში ნაყიდი საჭმელები მელაგა. ვაგონ-რესტორანში კი იმიტომ არ მივდიოდი, რომ შემთხვევით ვინმეს არ ვეცნე. ჩემი მეზობელი სულ რაღაც ათ წუთში დაბრუნდა. მან ლიმონათი და ექვსი ბოთლი ლუდი მოიტანა, მაგიდაზე დააწყო, გაშლილ სუფრას დახედა და თქვა:

– რაც მართალია, მართალია. ქართველებს სუფრის გაშლაში ბადალი არ გყავთ, – შემდეგ არაყი ჭიქებში ჩამოასხა და დაამატა:

– ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს!

ერთი ბოთლი არაყი რომ დავცალეთ, ჩემი მეზობელი საკმაოდ შეზარხოშებული იყო, მაგრამ, მეორე ბოთლს წაატანა ხელი, გახსნა და არაყი ჭიქებში ჩამოასხა, შემდეგ ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:

– არა, რა, თავს დავდებ, რომ სადღაც მყავხარ ნანახი. წუხელ, როგორც კი დაგინახე, იმწუთსავე ნაცნობად მომეჩვენე.

„ესღა მაკლდა. ალბათ, ამანაც სადმე მილიციის სტენდზე გაკრული მნახა“, – გავიფიქრე გუნებაში, ჩემს მეზობელს კი ვუთხარი:

– ხდება ხოლმე. ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან და, ალბათ, ვიღაცას მიმამსგავსე. მოდი, გაგვიმარჯოს!

– გაგვიმარჯოს! – თქვა ჩემმა მეზობელმა, არაყი გადაკრა და მითხრა, – არა, ნამდვილად სადღაც მინახავხარ. მე კარგი ვიზუალური მეხსიერება მაქვს, აუცილებლად გავიხსენებ.

– მოდი, დავლიოთ. თქვი სადღეგრძელო. რისი სადღეგრძელო შევსვათ?

– რის და, მილიციის, – მოულოდნელად მითხრა ჩემმა მეზობელმა და მკითხა: – წინააღმდეგი ხომ არ ხარ?

– არა, რას ამბობ. ბიძაშვილი მყავს მილიციელი, – ვიცრუე მე.

– ჩემი კოლეგა ყოფილა. მეც მილიციელი ვარ, მილიციის მაიორი და „მურში“ ვმუშაობ, – მითხრა ჩემმა მეზობელმა და მხედრულად გამომეჯგიმა...

„აი, თურმე, რატომ აქვს ვიზუალური მეხსიერება, „ძაღლი” ყოფილა. როდესაც გამოფხიზლდება, აუცილებლად გავახსენდები. ამიტომ, დროზე უნდა ავახვიო აქედან. მანამდე კი დავათრო და დავაძინო“, – გავიფიქრე გუნებაში, შემდეგ მორიგი სადღეგრძელო დავალევინე ჩემს მეზობელს, რომელიც თითქმის „მზად” იყო...

ჩემს მეზობელს მორიგი ჭიქა რომ მივაწოდე, ერთი ყლუპი შესვა, შემდეგ ჭიქა ხელიდან გაუვარდა და მაგიდაზე ჩამოეძინა. მე მაიორი კოიკაზე დავაწვინე და ტყავის ჩანთა ჩამოვიღე, კუპედან ფრთხილად გავედი, ტამბურში დავდექი და, როგორც კი მატარებელმა სვლა შეანელა, გადავხტი... მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი ბოთლი არაყი მქონდა დალეული, აბსოლუტურად ფხიზელი ვიყავი. მტვრიანი ტანსაცმელი გავიწმინდე და ტყის პირს გავუყევი, თან დაძაბული აქეთ-იქით ვიყურებოდი და მზად ვიყავი, საჭიროების შემთხვევაში, გავქცეულიყავი. ნახევარსაათიანი „მარშ-ბრასოკის“ შემდეგ დავადგინე, რომ როსტოვის ოლქში ვიმყოფებოდი, როსტოვიდან 70 კილომეტრის მოშორებით. მე ტრასაზე გავედი, როსტოვისკენ მიმავალი, ხე-ტყით დატვირთული მანქანა გავაჩერე და ერთ საათში უკვე საბჭოთა კავშირის ქურდულ დედაქალაქში ამოვყავი თავი. ქალაქის ცენტრში ტაქსი ავიყვანე და ყბედალოსთან წავედი. მანქანა ასიოდე მეტრის მოშორებით გავაჩერე, ფული გადავიხადე და დარჩენილი გზა ფეხით გავიარე. საღამოს 9 საათი სრულდებოდა, როდესაც კარზე დავაკაკუნე და რომ გამიღეს, ზღურბლზე მშვენიერი რუსი გოგონა გამოჩნდა. მან ყურადღებით შემათვალიერა და მკითხა:

– ვინ გნებავთ?

– მე ზურაბი მინდა, – ვუთხარი გოგონას.

– ბალტუნს ხომ არ ეძებთ?

– დიახ.

– ის ჯერ არ მოსულა. შემოდით და დაელოდეთ, ბალტუნი მალე მოვა.

მე სახლში შევედი და პირმშვენიერ გოგონას ვკითხე:

– ბოდიში, მაგრამ, პირველად გახედავთ.

– მერე რა, მეც პირველად გახედავთ, – გაეცინა გოგონას, მხრები აიჩეჩა და მითხრა, – მე ანა მქვია, თქვენ?

– გოგი.

– გოგი? – სახე დაემანჭა გოგონას და მითხრა, – ესე იგი, თქვენ, უბრალოდ, მისი ნაცნობი ხართ და მის წრეს არ ეკუთვნით.

– ასე რატომ ფიქრობთ? – გამეცინა მე.

– იმიტომ, გოგი, რომ ბალტუნის ყველა მეგობარს მეტსახელი აქვს, ის კი მხოლოდ თავისი წრის ხალხთან მეგობრობს.

– აი, თურმე, რაშია საქმე, – გამეცინა მე,  – თუ ასეა, ანუშკა, მე კობრა ვარ.

– კობრა?! – ისე შეჰკივლა გოგონამ, თითქოს მას მართლა კობრა დაესხა თავს. შემდეგ კარგა ხანს აღტაცებული მათვალიერა და ბოლოს მითხრა:

– თქვენზე ბევრი რამ გამიგონია. ბალტუნი ხშირად გახსენებთ. ადრე კი, სანამ ძია ვასიას ჩასვამდნენ, ბრილიანტი და რიტაც ლაპარაკობდნენ თქვენზე. მოშიებული იქნებით, ახლავე სუფრას გაგიშლით, თქვენ კი სავარძელში მოისვენეთ.

– მოიცა, მოიცა, ანუშკა. ბალტუნს დაველოდები, შენ კი აქ დაჯექი და დამელაპარაკე. 

ანა ჩემ პირდაპირ, სავარძელში ჩაჯდა და გამიღიმა, მე კი ვკითხე:

– რიტა როგორ არის, რას შვება?

– როგორც ყოველთვის, ძია ვასიას ელოდება, ზეგ კი ზონაში მიდის მის სანახავად.

– კაი ხანია, ძია ვასია არ მინახავს. რიტას კი ხვალვე ვნახავ. სხვა რა ხდება, როგორაა ჩემი ძმა ბალტუნი?

– მშვენივრად. სამუშაოს ნაკლებობას და ჭამის მადას არ უჩივის, ლაპარაკიც ძველებურად უყვარს. ერთი სიტყვით, ისევ ისეთი ბალტუნია, როგორიც ადრე იყო.

– შენ რა იცი, ანუშკა, როგორი იყო ის ადრე, რამდენი წლის ხარ?

– ცხრამეტის.

– ცხრამეტის? რა პატარა ყოფილხარ. ბალტუნთან საიდან მოხვდი?

– ეს სასაცილო ისტორიაა, – ჩაეცინა ანას და მკითხა: – მოგიყვეთ?

– რა თქმა უნდა. აბა, მიდი, გისმენ, – ვუთხარი ანას და სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი.

– ექვსი თვის წინ სახლიდან გამოვიქეცი. დედა გარდამეცვალა, მამამ სულ მალე ვიღაც ძუკნა მოათრია და სულ ვჩხუბობდით. ერთ მშვენიერ დღეს კი ის ძუკნა მათრახით ვცემე. შემდეგ დავკარი ფეხი და სოფლიდან როსტოვში ჩამოვედი. ერთი კვირა აქეთ-იქით ვიწანწალე, მაღაზიებიდან პურსა და ძეხვს ვიპარავდი და თავს ამით ვირჩენდი. ღამით კი ვაგზლის მოსაცდელ დარბაზში მეძინა. ერთ დღეს ტრამვაიში ავედი. ძალიან მშიოდა და ვიღაც კაცს ჯიბეში ჩავუყავი ხელი, რომ საფულე ამომეღო. ის კაცი კი ბალტუნი აღმოჩნდა, რომელიც, თურმე, თავად იპარავდა და მე კი ეს ვერ შევამჩნიე. მან ცალი ხელი მაჯაში ჩამავლო, მეორით საფულე მოიპარა, შემდეგ ქვევით ჩამიყვანა და მკითხა:

– რა გქვია?

– ანა, – მივუგე ბალტუნს, რომელმაც ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:

– საკმაოდ კოხტა ჩამოსხმა ხარ. როსტოვში ჯიბგირობის სტაჟირებაზე გამოგგზავნეს?

– არა, სახლიდან გამოვიქეცი. ძუკნა დედინაცვალი ვცემე და იქ აღარ დამედგომებოდა.

– ღამის გასათევი არ გაქვს?

– არა.

– გინდა, ჩემთან წამოხვიდე?

– ჩემთან დაწოლა გინდა და სახლში მეპატიჟები, არა? – ავფეთქდი მე. ბალტუნმა კი მხრები აიჩეჩა და მითხრა:

– რა სულელი ხარ! მინდა, ჭერი და ცხელი საჭმელი შემოგთავაზო, დასაწოლად კი ცალკე კოიკას გამოგიყოფ. წამო, ნუ გეშინია, მე კეთილი ვარ და არაფერს გავნებ.

ერთი სიტყვით, ბალტუნს სახლში წავყევი და, როგორც თქვა, ისე მოიქცა. ჩემთან დაწოლაზე სიტყვაც არ დაუსველებია, მხოლოდ ორი თვის მერე მე თავად ვაცდუნე ის. მას შემდეგ, ერთად ვცხოვრობთ და, მიუხედავად იმისა, რომ ვეხვეწები, ჯიბგირობა მასწავლოს და საქმეებზე მატაროს, ის სასტიკ უარზეა. მე კი მომბეზრდა უქმად სახლში ჯდომა და მუქთამჭამელობა. იქნებ თქვენ უთხრათ, რომ საქმეში გამიყვანოს?

– ეს ბალტუნმა უკეთ იცის და მის საქმეში ვერ ჩავერევი. ასე რომ, ანუშკა, ბოდიშს გიხდი, მაგრამ ვერ დაგეხმარები, – ვუთხარი ანას. ამასობაში ყბედალოც მოვიდა და, რომ დამინახა, ჩემკენ წამოვიდა, გადამეხვია და მითხრა:

– კობრა, ძმაო, საიდან სადაო?!

– მოსკოვში მივდიოდი და მატარებლიდან ერთ მურელ ძაღლს მოვუტყდი, რომელმაც მიცნო.

– გამოგეკიდა?

– კუპეში ვსვამდით, დავათვრე და ისე მოვუტყდი. მიყურებდა და მიმეორებდა: მეცნობი, მეცნობი და აუცილებლად გამახსენდება, საიდანო. მე კი ვერ დავიცდიდი, სანამ ის გამიხსენებდა და დროზე ავახვიე.

– სწორედაც მოქცეულხარ. ჩვენთან დარჩი და ფსკერზე დაწექი.

– ცოტა სულს მოვითქვამ, მერე კი ვნახოთ, – მივუგე ყბედალოს, ანაზე მივუთითე და დავამატე, – მშვენიერი გოგონაა. უკვე მომიყვა, როგორ შეხვდით ერთმანეთს.

ყბედალოს გაეცინა და მითხრა:

– ჩემზე არანაკლებად უყვარს ლაპარაკი. არ უთქვამს შენთვის, სთხოვე, ჯიბგირობა მასწავლოსო?

– კი.

ყბედალოს გაეცინა და თქვა:

– აზრზე ხარ?! ძია ვასიას ყურები გამოუჭედა, უთხარი, ჯიბგირობა მასწავლოს და საქმეებზე მატაროსო.

– ჩემზე ლაპარაკობთ, ხომ? – ღიმილით გვითხრა ანამ, რომელიც ამ დროს ოთახში შემოვიდა და სუფრასთან მიგვიპატიჟა: – მობრძანდით, სუფრა გაშლილია და ივახშმეთ.

როსტოვში ერთი კვირა დავრჩი, შემდეგ კი მატარებლით კვლავ მოსკოვში გავემგზავრე, თუმცა, ამჯერად პატარა გრიმი მქონდა სახეზე გაკეთებული, თავზე კი პარიკი მოვირგე და მეტი სოლიდურობისთვის სათვალე მეკეთა და თავს დოცენტად ვასაღებდი.

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3