ყველა კაცი ერთნაირია
შეთქმულების თეორია
ნინის მოეჩვენა, რომ ეს წამი უსასრულოდ გაგრძელდა. გარშემო ხმაური შეწყდა და შემაწუხებელმა მდუმარებამ დაისადგურა. ხედავდა მხოლოდ გიგის თვალებს და ბეჭდის კოლოფზე მიბჯენილ მის მზერას. საერთოდ დაავიწყდა, სად იყო და რისთვის. რეალობაში მკლავზე თომას ხელის შეხებამ დააბრუნა.
– ახლავე ნუ მიპასუხებ. სანამ წვეულება ჩაივლის, დაგელოდები. ოღონდ, თუ გახსნი და მოისინჯავ, გამიხარდება, – უთხრა ბიჭმა, – ცოტას გავივლი, უფრო მშვიდად ვიქნები, სანამ შენ ბეჭედს ნახავ.
ნინიმ თავი ასწია. გიგი ისევ ორ ნაბიჯში იდგა და მას უყურებდა. გოგო გაფითრდა და თითები აუთრთოლდა.
– გახსენი, მეც მაინტერესებს, – გიგის ხმაში ირონია ჟღერდა.
– შენც აქ ხარ? – ნინი შეეცადა, უდარდელი და მხიარული იერი მიეღო.
– შენ წარმოიდგინე. ბოლო დროს ძალიან შემთხვევით ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს და ეს შემთხვევითობები საკმაოდ გაგვიხშირდა. რას ვიზამთ, პატარაა თბილისი, – ჩაიცინა გიგიმ, – რამდენიც არ უნდა ეცადო, ვერსად დაიმალება კაცი.
– მე არც მიცდია შენგან დამალვა, არასდროს, – ნინის ნელ-ნელა დაუბრუნდა სიმხნევე და ბიჭს ჯიქურ მიაშტერდა, – საერთოდ, რა გინდა ჩემგან?
გიგიმ მოგონილი გულგრილობით აიჩეჩა მხრები:
– არაფერი. შენი ბედნიერება მიხარია, თან, მაინტერესებს, როგორ გაფასებს შენი ახალი შეყვარებული თუ საქმრო. დიდი ინტერესით ვნახავდი ბეჭედს, თუ შენ საწინააღმდეგო არაფერი გექნება, რა თქმა უნდა.
ნინი ბრაზით წამოჭარხლდა:
– რა შენი საქმეა, საქმროა ეს ბიჭი ჩემი თუ არა? ჩვენ საერთო აღარაფერი გვაქვს. ამიტომ, ვალდებულებაც არ მეკისრება, რამე შეგითანხმო ან საქმის კურსში ჩაგაყენო.
– გეთანხმები. აბსოლუტურად მართალი ხარ. მაგრამ, თუ მე ისევ მინდა შენთან მეგობრობა?!
ნინიმ თვალები მოჭუტა და კოლოფი მაგრად ჩაბღუჯა.
– ჩემთან მეგობრობა? მეეჭვება, გამოგვივიდეს, მით უმეტეს, რომ მშვენიერი მეგობარი უკვე გიპოვია. ჰო, მართლა, სად არის, არ წამოიყვანე?
– მეგონა, ჩემი ამბავი არ გაინტერესებდა.
– არც მაინტერესებს. უბრალოდ, შეგახსენე, რომ არც შენ ხარ თავისუფალი.
– მე თავისუფალი ვარ, თუმცა, ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
– არც არაფერი, – ნაძალადევად გაიღიმა ნინიმ, – ისე, მშვენიერი გოგოა, ჩვენ მოგვეწონა.
გიგიმ ჩაიცინა და ტუჩები გამომწვევად მობრიცა:
– მაინც, ვინ – „ჩვენ“, შენ და იმ ტუტუც ლიზას?
– შენი საქმე არ არის და, საერთოდ, ჩემს დაქალზე ასე ნუ ლაპარაკობ, გიკრძალავ!
– ტუტუცი რომ არ იყოს, შტერ ზუკას გადაეკიდებოდა? თუ, არ იცი, ზუკას საყვარელი რომ იყო?
– ვიცი, მაგრამ, ლიზა არავის ეკიდება. ზუკა კი მართლა შტერია. თუმცა, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
– კარგი, – მაშინვე დაეთანხმა გიგი, – ჩვენზე ვილაპარაკოთ.
– ჩვენზე ლაპარაკიც რომ არ მინდა? მოდი, დავემშვიდობოთ ერთმანეთს და ჩვენ ჩვენს ცხოვრებას მივხედოთ. დამიჯერე, ასე აჯობებს.
გიგიმ ამოიოხრა და ნინის გამომცდელად მიაშტერდა.
– ბეჭედს არ მაჩვენებ?
– რად გინდა?
– მაინტერესებს.
– ჩაიხშე შენი ინტერესები, ჩემი პირადი შენ აღარ გეხება.
– როდისმე მეხებოდა?
– აი, ეგ უკვე შენი პრობლემაა, საყვარელო. კარგი დროის გატარებას გისურვებ, – ნინიმ კოლოფიანი ხელი ზურგს უკან დამალა და წასვლა დააპირა. მაგრამ გიგიმ არ გაუშვა.
– მოიცადე, ნინი! არ მინდა შენი დაკარგვა.
– მართლა? უცნაური სურვილია. ვერ ხვდები, რომ უკვე დამკარგე?
– და შენ ამას შეეგუები?
გიგიმ მხარზე დაადო ხელი გოგოს და თვალებში ჩააშტერდა. ნინი წამით დაიბნა, მაგრამ, მალევე მოახერხა ემოციის გაკონტროლება:
– გიგი, არ გინდა, რა! შენც ხომ კარგად იცი, რომ ეს ყველაფერი ტყუილუბრალო ლაპარაკია, ისევ გავაწვალებთ ერთმანეთს და ეგ იქნება.
– თუ ვიტყვი, რომ არა?! – ათრთოლებული ხმით ჰკითხა ბიჭმა.
მისი ხმა დამაჯერებლად ჟღერდა და მუდარაც ისმოდა. ნინი შეყოყმანდა:
– რა აზრი აქვს? სიტყვები სიტყვებად დარჩება. შენ მე არ გჭირდები.
– იქნებ, შენ არ გჭირდები? ჩემ მაგივრად რატომ ლაპარაკობ? ყველაფერი უკვე გადაგიწყვეტია და ახლა ბეჭდის თითზე გაკეთებაღა დაგრჩა.
ნინის თვალები აუცრემლდა.
– შენ ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ თითზე სხვა კაცის ნაჩუქარი ბეჭედი მკეთებოდა, – ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა.
– ბეჭედშია საქმე? ხვალვე გიყიდი უკეთესს. შენ მარტო მაჩვენე, ხელი დაადე, როგორი გინდა.
– არა, გიგი, შენ მაინც ვერაფერი გაიგე. ბეჭედი რა შუაშია, აქ პასუხისმგებლობაა მთავარი, რომელიც ამ ბეჭედს ახლავს თან. აი, რა არის შენი პრობლემა.
– ჩემი პრობლემა ის არის, რომ შენ აღარ მენდობი.
– მერე, გიკვირს ეს?
გიგიმ მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი. მგონი, ისეც არაფერი დამიშავებია, რომ ასე დავსჯილიყავი.
– ნუ მაცინებ. მე რომ თომას გავყვები ცოლად, ამით შენ დაისჯები? კარგი რა... ეგერ, შენი ახალი მეგობარი მოდის... მაგასაც ნუ აწყენინებ.
– ნინი, არ წახვიდე, გთხოვ... თიკო ჩემი თანამშრომელია... მოიცადე, გაგაცნობ! – მიაძახა გიგიმ და ხელები გამეტებით მომუშტა, მაგრამ ნინი აღარ შემობრუნებულა, დარბაზში მოსეირნე ხალხს შეერია და გიგიმ დაინახა, როგორ გამოსდო მკლავი თომას.
– რა მოხდა, გიგი? – ფრთხილად ჰკითხა თიკომ მოღუშულ ბიჭს.
– თხოვდება. აქვე, ჩემ თვალწინ მისცა იმ იდიოტმა ბეჭედი. წარმოგიდგენია?! რა მოეწონა ნინის ამ მუტრუკის, დაბერილი კუნთები? რა უცნაური არსებები ხართ ქალები, გამაოგნებლად უცნაურები, არადა, ვგრძნობ, ვხვდები, რომ მე ვუყვარვარ.
– და, ეს უთხარი მას? ეჰ, გიგი... რა სისულელე გაგიკეთებია.
– არ მითქვამს, თუმცა, ამას რა აზრი აქვს? აღარ უნდა, რომ ჩემ გვერდით იყოს, აღარ უნდა და, როგორ დავაძალო? ახლა ისეთ გუნებაზე ვარ, მინდა მივიდე და იმ მუტრუკს თავ-ყბა გავუნგრიო, ქალი რომ დამაწერა. ფუი, რა გულის ამრევი და არაკაცური საქციელია. ვითომ აქ რატომ მოუტანა, რა უნდოდა ამით ეთქვა? გამაგებინე, ქალებს ეგეთი სირები რატომ მოგწონთ?
თიკო შეიჭმუხნა და სახელოზე შეუმჩნევლად მოქაჩა.
– ჩუმად, რა გაყვირებს! ვინ გითხრა, რომ სირები მოგვწონს? ეგ მერე გაირკვევა ხოლმე, რომ, თურმე, სირი ყოფილა. რას იზამ, გიგი. ადამიანს ერთი შეხედვით არ ეტყობა, გულში რა უდევს. ნახე, ის ლევანიც როგორ მოიქცა? მე მიმტკიცებდა, ცოლთან არაფერი მაკავშირებსო და ახლა კაბის კალთაზე გამოკერებული დაჰყვება უკან ფინია ლეკვივით. როგორ ფიქრობ, მე როგორ გუნებაზე უნდა ვიყო?
– არ ვიცი, თიკო, არ ვიცი, მაგრამ, იმ ვიღაც ნაბიჭვარ თომას ამას რომ არ შევარჩენ, მაგაში დარწმუნებული ვარ.
– გაგიჟდი? რის გაკეთებას აპირებ? – შეშინებული თიკო ორივე ხელით ჩაებღაუჭა ბიჭს.
– იმას, რასაც იმსახურებს – ვცემ. ფეხებზე მკიდია მაგისი დაბერილი კუნთები.
– ბიჭო, დაგავიწყდა, სად ხარ? ამდენი ხალხია, სირცხვილია.
– ეგეც ფეხებზე მკიდია. გარეთ გავათრევ და თუ არ გამოვა, არც ეგ იქნება ჩემი პრობლემა. აქვე მივნაყავ.
– გეუბნები, დამშვიდდი! ამით მარტო იმას მიაღწევ, რომ პოლიციაში წაგაბრძანებენ.
– არა უშავს, იმას ხომ დავასახიჩრებ ისე, რომ საკუთარ ქორწილში არ ივარგოს! ნაბიჭვარი... ათამაშებს აქ კუნთებს და, ჰგონია, რომ ასე ადვილად შერჩება ყველაფერი.
– ვაიმე, შენ, მგონი, აღარ ხუმრობ. ვახოს უნდა დავუძახო... – შეშფოთებული თიკო ვახოს მოსაძებნად გაემართა, გიგი კი დარბაზში ხალხს შეერია. გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და თავის განზრახვაზე ხელის აღებას არ აპირებდა.
ლიზამ რამდენჯერმე გამომცდელად შეხედა ქმარს. ლევანი ნაძალადევად იცინოდა და ნაცნობებს ესალმებოდა.
– დიდხანს იქნები ჩუმად? – შემპარავი ხმით ჰკითხა ქალმა.
– რამე უნდა ვთქვა? – ყასიდად გაიოცა კაცმა.
– ჰო, გელოდები.
ლევანმა მხრები აიჩეჩა:
– წარმოდგენა არ მაქვს, რა გინდა. მართლა. დავაშავე რამე?
– ჯერ არ ვიცი... წამოდი ერთი, ჩანჩქერთან დავსხდეთ, უნდა დაგელაპარაკო.
ლევანმა ამოიოხრა.
– ლიზა, რა დროს ჭირვეულობა და კაპრიზებია?
– არც ვჭირვეულობ და არც კაპრიზია ის, რის თქმასაც ვაპირებ. ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ. რატომ მოიქეცი ასე?
– მე? ლიზა, შენს თავს ვფიცავ, ვერ ვხვდები, რას გულისხმობ და რა გინდა ჩემგან.
– თავს ნუ იკატუნებ, მშვენივრად ხვდები... ვახოს და მის თანამშრომლებს ასე ცივად და უხეშად რატომ მოექეცი? მიზეზი მაინტერესებს. რამით უკმაყოფილო ხარ და მე არ ვიცი?
– ჩვეულებრივად მივესალმე, რაღაც გეჩვენება... თუ ღმერთი გწამს, ლიზა, ჩამამთავრებინე ეს წვეულება ისე, როგორც წესია. სხვათა შორის, მისი მოწყობა შენი იდეა იყო.
– ეს არაფერ შუაშია იმასთან, რაზეც მე გელაპარაკები. მე რაღაცას ვეჭვობ და, თუ ეს ეჭვი გამართლდა, კარგად არ წაგივა საქმე. მგონი, ისევ მატყუებ.
– მორჩი ამ სისულელეებს! შენ ახლა ორსულად ხარ და ემოციური ფონი გამწვავებული გაქვს. მოდი, გავერთოთ და დრო გავატაროთ. ყველაფერი კარგად არის, დამიჯერე. როგორ გავბედავ შენს მოტყუებას, ჩემო პრინცესა...
– კარგი... რადგან ასე გინდა, – ლიზამ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა, – ლევან, საყვარელო, მით უმეტეს, თუ ემოციური ფონიც გამწვავებული მაქვს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინე, შემთხვევით რამეში არ გამოგიჭირო.
ლევანმა გაიცინა, ცოლს ლოყაზე აკოცა და თვალი ჩაუკრა:
– ჩემი ლამაზი და ჭკვიანი... ისეთი ბედნიერი ვარ, ამ ბედნიერებას არაფერზე არ გავცვლი. შეგიძლია, დამშვიდდე და დაივიწყო, ეჭვი რომ არსებობს ქვეყანაზე...
***
თიკომ სინანულით მიაბრუნა თავი და გული ეტკინა. იმის დანახვა, როგორ ჰკოცნიდა ლევანი ცოლს, მეტისმეტი იყო და ლამის ცრემლებიც წამოუვიდა. დაავიწყდა კიდეც, კოქტეილის ჭიქით ხელში რისთვის გამოვიდა ზამთრის ბაღში და მხოლოდ ვახოს დანახვისას გაეხსნა გონება. მისი უფროსი ცოლთან ერთად იჯდა მოწნულ სავარძელში და რაღაცაზე გაცხარებული ელაპარაკებოდა. თიკო მორიდებით მივიდა და უხერხულად გაჩერდა:
– მაპატიეთ, რომ შემოგეჭერით, მაგრამ, მგონი, პრობლემა გვაქვს.
ვახომ გაოცებული მზერა მიაპყრო:
– რა მოხდა?
– ჯერ არაფერი, მაგრამ, თუ გიგის დროზე არ ნახავთ და არ დაელაპარაკებით, აუცილებლად მოხდება, – ამოიხვნეშა თიკომ, – თანაც, საშინელება მოხდება.
ვახოს გამომეტყველება შეეცვალა:
– ზუკა მოვიდა?
– არა, ზუკა საერთოდ არაფერ შუაშია, გიგი აპირებს ჩხუბს.
– რაო?! ვისთან?
– ვიღაც თომასთან. ვერაფრით ვერ გადავარწმუნე. იმდენი ველაპარაკე, მაგრამ, მაინც იქაჩება...
ქეთი შესამჩნევად გაფითრდა. თომას ხსენებაზე კანიც კი დაუბუსუსდა და სიტყვა ვერ დაძრა.
– მოიცა, კარგად გამაგებინე. გიგის უნდა ვინმესთან ჩხუბი?
– ჰო, უნდა ვცემოო. გარეთ თუ არ გამომყვება, აქვე დავუნგრევ თავ-ყბასო. ესღა გვაკლდა... მე ვერაფერი გავაწყვე და, იქნებ, თქვენ გადაარწმუნოთ.
– გიგი სად არის ახლა?
– იმ თომას ეძებს. მეშინია, რომ მართლა სცემს, ან, პირიქით, ის სცემს. უნდა ნახოთ, რამხელა კუნთები აქვს. მგონი, სპორტსმენია, ნამდვილად შემოაკვდება გიგი. თან, რა სკანდალი მოჰყვება ამას, ხომ ხვდებით.
ვახოს რაღაც ენიშნა და ცოლს ორაზროვნად გადახედა. ქეთი თითქმის არ სუნთქავდა. გაფითრებული და ტუჩებზე ფერდაკარგული, თავდახრილი იჯდა და, საკუთარ თითებს ჩაშტერებული, იმაზე ფიქრობდა, ახლა რა გავაკეთოო. ბოლოს გაუბედავად ჩაილაპარაკა:
– წავალ, ლიზას მოვძებნი.
– იჯექი მანდ! – უბრძანა ვახომ, – ლიზას წიკვინი არაფერში მჭირდება, მე თვითონ მივხედავ ყველაფერს.
– აქ თუ ჩხუბი ატყდება, ყველა დაზარალდება და, შენი კომპანია – პირველ რიგში. იქნებ ლიზამ და ლევანმა უფრო სწრაფად განმუხტონ სიტუაცია.
– იჯექი-მეთქი და ბევრს ნუ ლაპარაკობ. თიკო, ქეთისთან დარჩი და გიგის მე მივხედავ.
– ხომ არ იჩხუბებთ? – სიტყვა დააწია თიკომ, მაგრამ ვახოს ყურადღება არ მიუქცევია.
– ვაიმე, რა მოხდება? – თიკო ჩამოჯდა და ლოყებზე შემოიწყო ხელის გულები.
– თიკო, უნდა გამომყვე... ლიზა უნდა ვნახო და გავაფრთხილო, – სწრაფად თქვა ქეთიმ და წამოდგა. თიკო შეყოყმანდა.
– ვახომ რომ თქვა, აქ იყავითო? გაგვიბრაზდება...
– რა დროს ეგაა, ცუდად არის საქმე. სასწრაფოდ გამომყევი, სანამ გვიან არ არის.
– იქნებ მაინც ვაცალოთ ვახოს? დაუჯერებს გიგი, დარწმუნებული ვარ.
– დაუჯერებს კი არა... შენ არ იცი, შეიძლება, ვახომ უფრო იჩხუბოს, – ხელი ჩაიქნია ქეთიმ.
– ვახომ? იჩხუბოს? არა... ვერ დავიჯერებ.
– ხომ გითხარი, შენ კიდევ არ იცი-მეთქი. ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდება.
თიკოს თვალები გაუფართოვდა:
– თქვენ გამო? რას ამბობთ? თქვენ რა შუაში ხართ?
– ვარ, ვარ... მერე მოგიყვები, ოღონდ ახლა ადექი და გამომყევი, ძალიან გთხოვ...
ვახომ გიგის ბართან მიაგნო... წინ ლიმონიანი და ყინულიანი არაყი ედგა და სვამდა. ვახოს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა:
– შენ გეძებდი. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნება, ერთი ტიპი რომ ვცემო?
– მერე, რატომ სვამ? პოლიციაში ბრალი რომ დაიმძიმო? ანუ, ის არის? მაშინ, მე უნდა ვცემო, შენ რა შუაში ხარ?
– ჰმ! მეც ვარ შუაში, ხელები მექავება... ტყუილია, დღეს ეგ უნდა იცემოს, გადაწყვეტილია, – მუქარით ჩაილაპარაკა გიგიმ და ჭიქა მოიყუდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში