ქალური შურისძიება
***
მზია მითითებულ მისამართზე ტაქსით მივიდა და ზარი დარეკა. რამდენიმე წამში ბინიდან ფეხის ხმა მოისმა და კარი გაიღო. ორი ქალი უსიტყვოდ შეაჩერდა ერთმანეთს.
– მზია ხართ? – ჰკითხა ბოლოს მასპინძელმა.
– დიახ.
– შემობრძანდით, – ნანიტამ გზა დაუთმო, რომ სტუმარი ბინაში შესულიყო და კარი ჩაკეტა.
– ოთახში შებრძანდით, – საკმაოდ ცივად შესთავაზა დიასახლისმა ჰოლში უხერხულად მდგარ უცხო ქალს.
მზია ოთახში შევიდა და ნანიტას შეხედა, რომელმაც დაუფარავი ინტერესით შეათვალიერა მოსული და შემდეგ ორაზროვნად ასწია ცალი წარბი, სავარძელში ჩაჯდა და მზიასაც ხელით ანიშნა, დამჯდარიყო. მზია მაშინვე დაჯდა, ჩანთიდან კონვერტი ამოიღო და კალთაში ჩაიდო, ჩანთა კი ზურგსუკან დადო და ახლა მან შეათვალიერა მასპინძელი დაკვირვებით. მიუხედავად იმისა, რომ ნანიტა ძალიან დაღლილი და მოტეხილი ჩანდა, თან, აშკარად ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა, მზია აღფრთოვანდა მისი გარეგნობით და თავისებური უშუალობით უთხრა:
– ძალიან ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით, უცნაურად ლამაზი...
– უცნაურად ლამაზი როგორია? – ოდნავ გაეღიმა ნანიტას.
– რაღაცნაირი იდუმალი და მიუწვდომელი.
– დიდი მადლობა, მაგრამ, ალბათ, ამის სათქმელად არ მოსულხართ.
– სამწუხაროდ, მართალი ხართ, ქალბატონო ნანიტა, მე საკმაოდ უსიამოვნო თემაზე სასაუბროდ მოვედი თქვენთან. ეს ჩემთვისაც ძალიან მძიმე მისიაა, მაგრამ, იძულებული ვარ, ბოლომდე მივიყვანო ეს საქმე. ამიტომ, თუ გსურთ, რომ დიდხანს არ გაგაცდინოთ და არ დაგღალოთ ჩემს საზოგადოებაში ყოფნით, ძალიან გთხოვთ, გულწრფელად მიპასუხეთ სულ რამდენიმე კითხვაზე.
– იცით, მე კი დაგრთეთ ნება, ჩემთან მოსულიყავით, მაგრამ, მგონი, ახლა ამას ვნანობ, – ნანიტა წამოდგა, სიგარეტი, სანთებელა და საფერფლე მოიტანა და ჟურნალების მაგიდაზე დააწყო, მერე ერთი ღერი ამოიღო, ხელის ძლივს შესამჩნევი კანკალით მოუკიდა და ხარბად მოქაჩა. მზია დაჟინებით აკვირდებოდა მას სახეზე, თითქოს მის ტვინში შეღწევას ცდილობდა, რათა მისი ფიქრები და აზრები ამოეცნო. ეტყობა, ნანიტა გრძნობდა ამას და ნერვიულობდა. ცდილობდა, არ შეეხედა სტუმრისთვის და თავი ხელში აეყვანა, მაგრამ, არ გამოსდიოდა. არც საუბარი აეწყო. დიმიტრის ექთანი დუმდა და არც ცდილობდა, უხერხულობა გაეფანტა. ნანიტას მოთმინების ფიალა აევსო. თავიდან საერთოდ არ უნდოდა ამ უცხო გოგოსთან საუბარი, მაგრამ, ისე დაამძიმა ამ დუმილმა, ერთი სული ჰქონდა, მის სტუმარს ხმა ამოეღო, თუნდაც ერთი ფრაზა, ერთი სიტყვა ეთქვა, რა – სულერთი იყო, ოღონდ კი ამ სიჩუმეს მოღებოდა ბოლო, მაგრამ, მზია დუმდა და ისევ დაჟინებით აკვირდებოდა. ნანიტამ გადაწყვიტა, გამძლეობაში გაჯიბრებოდა – თვითონაც არ ამოეღო ხმა და, შეეცადა, „სულერთია“ სახე მიეღო, მაგრამ, გაიფიქრა თუ არა ეს, მაშინვე ხელით გაუჩოჩა სიგარეტის კოლოფი და ჰკითხა:
– თქვენ არ ეწევით? მოწიეთ, ნუ გერიდებათ!
მასპინძლის ხმაც და ტონალობაც დაძაბული და ნერვიული იყო, თუმცა, ქალი აშკარად ცდილობდა, გულგრილობის ნიღაბი აეფარებინა სახეზე. მზია მიხვდა, რომ დიასახლისზე ფსიქოლოგიურად გაიმარჯვა, მაგრამ, გამარჯვების სიხარულის ნაცვლად, სიბრალულისა და უცნაური თანაგრძნობის, უფრო სწორად, ქალური სოლიდარობის განცდა დაეუფლა, რადგან, მთელი არსებით შეიგრძნო და, თან, ნანიტას თვალებშიც ამოიკითხა, რომ მის წინ იჯდა ძალიან უბედური, ბედს დამორჩილებული და დათრგუნული, თუმცა, ამაყი ქალი, რომლის მზერაშიც შინაგანი ტანჯვა და ტკივილი იხატებოდა, თუმცა, ეს არაფერს აკლებდა მის საოცარ კდემამოსილებასა და დახვეწილობას.
– არა, გმადლობთ, არ ვეწევი, – თქვა მზიამ და კალთაში ჩადებულ კონვერტს დახედა.
ნანიტა მიხვდა, რომ ამ უცნობი ახალგაზრდა ქალის ვიზიტი სწორედ ამ კონვერტთან იყო დაკავშირებული და დაძაბული მზერით მიაჩერდა.
– გისმენთ, – თქვა ბოლოს, – ჩემს გასაცნობად ხომ არ მოსულხართ. როგორც ვხვდები, მაგ კონვერტში დევს ის, რის გარკვევასაც აპირებთ.
– დიახ... – ჩაიჩურჩულა მზიამ და უცებ თემიდან გადაუხვია: – მე თქვენ გიცნობთ, ქალბატონო ნანიტა, თუმცა, შეიძლება, თქვენ არ გახსოვართ.
– მიცნობთ?! – გაუკვირდა ნანიტას, – საიდან?
– მე რეანიმაციის ექთანი ვარ და ბატონ დიმიტრის ვადექი თავზე, თქვენ რომ მობრძანდით მის სანახავად...
– აა... ჰო... მართალია, მაშინ იქ ვიღაც ქალი იყო თეთრი ხალათით, მაგრამ, სახეზე არ შემიხედავს. ეტყობა, ამიტომაც ვერ დაგიმახსოვრეთ, – რატომღაც მოუბოდიშა ნანიტამ.
– არა უშავს. სამაგიეროდ, მე არ დამვიწყებია თქვენი სახე. მაშინაც ისე მომეწონეთ, თვალი ვერ მოგწყვიტეთ. მაპატიეთ, მაგრამ, ახლაც იგივე მემართება, – მორცხვად თქვა მზიამ.
– მადლობელი ვარ, მაგრამ, ალბათ, მხოლოდ ამის სათქმელად არ მოხვიდოდით, – გაუმეორა ნანიტამ და უცებ იგრძნო, რომ დაძაბულობა მოეხსნა და ამ უცნაური გოგოს მიმართ ნდობით განიმსჭვალა, – გისმენთ, დაიწყეთ.
– ქალბატონო ნანიტა, ძალიან მძიმე და უხერხულ თემაზე მომიწევს თქვენთან საუბარი და ამისთვის წინასწარ მინდა ბოდიში მოგიხადოთ.
– ნუ ღელავთ, რადგან დაგთანხმდით შეხვედრაზე, ესე იგი, ყველაფრისთვის მზად ვარ, – ნანიტამ ახალ სიგარეტს მოუკიდა და, რადგან მზიამ პაუზა გააკეთა, განაგრძო: – ყავას ხომ არ მიირთმევთ? ან, თუ გნებავთ, კარგი კონიაკი მაქვს, ცოტა სიმხნევეს შეგმატებთ.
– არა, გმადლობთ. შევეცდები, მოკლედ ვთქვა სათქმელი და თქვენი მოთმინებით ბოროტად არ ვისარგებლო. სანამ მთავარს ვიტყოდე, ერთი კითხვა უნდა დაგისვათ და უტაქტობად ნუ ჩამომართმევთ: თქვენ დღემდე გიყვართ ბატონი დიმიტრი?
ნანიტა ყველანაირ შეკითხვას ელოდა იმის გარდა, რაც მოისმინა და გაკვირვებით აიწია წარბები:
– ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის ამის ცოდნა?
– პირადად ჩემთვის არა, საქმისთვის, – დააზუსტა მზიამ, – და, ძალიან გთხოვთ, სიმართლე მიპასუხეთ.
– სანამ გიპასუხებთ, ერთ კითხვას მეც დაგისვამთ, უფრო სწორად, ორ კითხვას და თქვენც სიმართლე უნდა მითხრათ.
– ბრძანეთ, ყველა კითხვაზე გულწრფელად გაგცემთ პასუხს.
– პირველი კითხვა: ამის გასაგებად დიმიტრიმ გამოგგზავნათ?
– არა, – მტკიცედ და დამაჯერებლად თქვა მზიამ, – მე გადავწყვიტე თქვენთან შეხვედრა. ბატონი დიმიტრი წინააღმდეგიც კი იყო, მაგრამ, ბოლოს დამიჯერა. სიმართლე გითხრათ, ამ შეკითხვის დასმას არც ვაპირებდი, მაგრამ, უცბად მომივიდა თავში აზრად, რომ თქვენი გულახდილი პასუხი რაღაცეების გარკვევაში დამხმარებოდა.
– ძალიან უცნაური გოგო ხართ, – გაეღიმა ნანიტას, – დადებით ენერგიას ასხივებთ და თქვენ მიმართ ნდობას იწვევთ.
მზიას შერცხვა და, ეს უხერხულობა რომ გაეფანტა, ჰკითხა:
– მეორე შეკითხვა?
– ბატონო? – ვერ მიხვდა ნანიტა.
– წეღან რომ მითხარით, ორი შეკითხვა უნდა დაგისვაო. ეს პირველი იყო. კიდევ რისი კითხვა გინდოდათ?
– ჩემი პასუხი თქვენს შეკითხვაზე მართლა რაღაცის დასადგენად გჭირდებათ თუ პირადად თქვენ გაინტერესებთ? – მასპინძელს ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
– ვერ გავიგე, რას გულისხმობთ, – გაწითლდა მზია.
– კი გაიგეთ, მაგრამ, თუ გინდათ, მაინც დაგიზუსტებთ: თქვენ თვითონ შეგიყვარდათ დიმიტრი და, რადგან ბუნებით წესიერი ადამიანი ჩანხართ, გინდათ, დაადგინოთ, ისევ მიყვარს თუ არა ჩემი ყოფილი ქმარი, რომ...
– არა, – თამამად შეაწყვეტინა მზიამ, – ამიტომ არ მიკითხავს.
– ანუ, დიმიტრის მიმართ არაფერს განიცდით?
– რას უნდა განვიცდიდე? – კიდევ უფრო მეტად გაწითლდა მზია.
– სიყვარულს, – დაუკონკრეტა ნანიტამ.
მზია ცოტა ხანს გაჩუმდა და თავი ჩაღუნა, მერე უცებ თვალებში შეხედა მასპინძელს და თამამად უთხრა:
– კარგი, სიმართლეს გეტყვით. თავიდან მართლა ვიგრძენი რაღაც სიყვარულის მაგვარი, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ეს სიყვარული კი არა, მხოლოდ თანაგრძნობა და თანადგომა იყო.
– იმედი გაგიცრუათ?
– რაში უნდა გაეცრუებია იმედი?
– უფრო ახლოს რომ გაიცანით, მიხვდით, რომ არ იყო შესაყვარებელი კაცი, ანუ, ისეთი თვისებები გამოამჟღავნა, მიხვდით, რომ ასეთ კაცს ქალი ვერ შეიყვარებს. ასე არ არის?
მზია დააფიქრა ნანიტას სიტყვებმა. რომ გააანალიზა მისი ნათქვამი, მიხვდა, რომ ძალიან ახლოს იყო სიმართლესთან და, კიდევ იმას მიხვდა, რომ ეს ყველაფერი დიმიტრის ცოლს თვითონ ჰქონდა განცდილ-გადატანილი, ოღონდ, გაცილებით უფრო მძაფრად და მტკივნეულად, რადგან მისი ოფიციალური ცოლი იყო და მასთან ერთად ცხოვრობდა წლების განმავლობაში. მერე დიმიტრის ნაამბობიც გაახსენდა და ნანიტას მიმართ საოცარი გრძნობა გაუჩნდა – მისთვის თითქმის უცნობი და უცხო ქალი თავისიანი გახდა, ისეთი ახლობელი, ვისზეც გული შესტკიოდა და ვისაც თანაუგრძნობდა. იმ საქმეზე, რისთვისაც მივიდა, ჯერ სიტყვაც არ ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ, მზია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ წერილთან ნანიტას არავითარი კავშირი არ ჰქონდა, უფრო მეტიც, არც კი იცოდა ამ წერილის არსებობის შესახებ. ის კი, რაც წერილში ეწერა, იმდენად ამაზრზენ ცილისწამებად, უფრო სწორად, ისეთი ბოროტი ადამიანის მოგონილ სისულელედ ჩათვალა, რომ, გადაწყვიტა, ჯერჯერობით ამ თემაზე ხმა არ ამოეღო. ამიტომ, კონვერტი ისევ ჩანთაში ჩადო და ნანიტას კითხვას გულწრფელად უპასუხა:
– მთლად ისე არა, როგორც თქვენ თქვით, მაგრამ, რაღაც მსგავსი მართლაც იყო, ოღონდ, გაცილებით უფრო მსუბუქ ფორმებში.
– თვითონ?
– რა – „თვითონ“? იმის გაგება გინდათ, შევუყვარდი თუ არა? – ღიმილით ჰკითხა მზიამ.
– დიახ, – არ დამალა თავისი ცნობისმოყვარეობა ნანიტამ.
– არა, არაფერი ამის მაგვარი არ ყოფილა. უფრო მეტსაც გეტყვით – ვერც კი მიხვდა, რომ... – მზია უცბად გაჩუმდა, რადგან, სიტყვა „შემიყვარდა“ დიმიტრისთან მიმართებაში უკვე ძალიან შეუსაბამოდ და ხელოვნურად მოეჩვენა.
– გასაგებია, ეს მისი სტილია. ისე, როგორ გექცეოდათ? – ჩაეძია ნანიტა.
– ძალიან კარგად. პატარა ბავშვივით მომეკედლა, დღემდე ყველაფერში მემორჩილება და, ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარო, მეუბნება.
– ჩემზე რა გიამბოთ? – ჰკითხა ნანიტამ მოულოდნელად და სტუმარს თვალებში შეხედა.
მზია შეაცბუნა ამ შეკითხვამ. ტყუილს ვერ იტყოდა, სიმართლის თქმა კი არ უნდოდა და, ამიტომ, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მცირეოდენი ფიქრის შემდეგ თითქოს მიაგნო გამოსავალს და მასპინძელს საკმაოდ თამამად მიმართა:
– ქალბატონო ნანიტა, არ გეწყინოთ, მაგრამ, თითქოსდა მე მოვედი თქვენთან შეკითხვების დასასმელად და რაღაცის გასარკვევად, მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ სულ თქვენ მისვამთ კითხვებს. თანაც, მე მხოლოდ ორ კითხვაზე დაგთანხმდით.
– ჰო, რაღაც, დაკითხვასავით გამომივიდა, – მოიბოდიშა ნანიტამ, – მაგრამ, მაინც მინდა, ვიცოდე, ჩემზე რა გიამბოთ დიმიტრიმ.
– კარგი, გეტყვით. თქვენზე კი არა, საკუთარ თავზე გვიამბო. ძალიან ნანობდა ყველაფერს, უკანასკნელი სიტყვებით ილანძღავდა და იდანაშაულებდა თავს.
– „გვიამბო“ რას ნიშნავს, თქვენ გარდა კიდევ ვის უამბო?
– მე და ირაკლი ექიმს, ნაწილობრივ – თავის ძმასაც.
ესე იგი, ირაკლი ქებაძემ და გიორგიმაც დაწვრილებით იციან ჩემი „ბედნიერი” ცხოვრების ყოველი დღე? ეს კიდევ ერთი არაკაცური საქციელია დიმიტრის მხრიდან, – გული ეტკინა ნანიტას, – თუმცა, მისგან რა უნდა გამიკვირდეს.
– არა, იმ მიზნით ნამდვილად არ მოუყოლია, რომ თქვენზე ელაპარაკა.
– რა მიზანიც არ უნდა ჰქონოდა, შედეგი ერთია – მან საკმაოდ ფართო აუდიტორიის წინაშე ილაპარაკა თუნდაც ყოფილ ცოლზე და, ალბათ, მასთან, ანუ ჩემთან ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე, ეს კი ძალიან დამამცირებელია, არ მეთანხმები?
– დამამცირებელი იქნებოდა, მართლა ასე რომ მომხდარიყო, მაგრამ, სინამდვილეში ბატონმა დიმიტრიმ აღსარება თქვა ჩვენთან და მართლა მოინანია ყველაფერი.
– მაგ საქმისთვის მღვდელი არსებობს, – მკაცრად თქვა ნანიტამ.
– დიახ, მაგრამ, ისიც აღნიშნა ბატონმა დიმიტრიმ, რომ მოძღვარი არასდროს მყოლია და, ამიტომ, სასულიერო პირთან ისე ვერ გავიხსნები, როგორც თქვენთანო. ძალიან განიცდიდა ამ ყველაფერს, მართლა.
– თქვენ ახლა იცავთ დიმიტრის. შეიძლება, თქვენდაუნებურად, მაგრამ, მაინც იცავთ.
– სულაც არა. მე სიმართლეს ვამბობ.
– მერე, ამით რა მოიგო?
– პირიქით, წააგო.
– კარგი, მაშინ, სხვანაირად გკითხავთ: რა წააგო?
– ჩვენი მხრიდან კეთილგანწყობა დაკარგა.
– მაგრამ, არც ერთს არ მიგიტოვებიათ.
– ქალბატონო ნანიტა, ირაკლი ქებაძე და მე, მართალია, სხვადასხვა რანგში, მაგრამ, მედიცინის მუშაკები ვართ, ბატონი გიორგი კი მისი ერთადერთი ძმაა.
– გასაგებია. ახსნა ყველაფერს აქვს, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფრის გაგებაა შეუძლებელი.
– გეთანხმებით, მაგრამ, ხანდახან თავს ძალა უნდა დავატანოთ, რომ ვიღაცას გავუგოთ.
– ეგ ცარიელი სიტყვებია.
– ჰო, მაგრამ, არა ყოველთვის.
– თქვენ იცით, მე რა კოშმარები მაქვს გადატანილი? – ნანიტამ უცბად დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე და იგრძნო, რომ ისტერიკა ეწყებოდა.
– სამწუხაროდ, დაახლოებით ვიცი და თანაგიგრძნობთ. არ არსებობს ქალი, მით უმეტეს – გათხოვილი, რომ თავისი წილი კოშმარი არ ჰქონდეს გადატანილი.
– მაგრამ, ყველა ერთნაირად ვერ უძლებს ამ კოშმარებს, – ოდნავ დაწყნარდა ნანიტა. მასზე აშკარად დამამშვიდებლად მოქმედებდა სტუმრის ტონიც და სიტყვებიც.
– ქალბატონო ნანიტა, თქვენ წეღან არ გამეცით პასუხი ჩემს მთავარ კითხვაზე.
– რომელ კითხვაზე? – ვერ გაიხსენა ნანიტამ.
– ისევ გიყვართ, ბატონი დიმიტრი?
– „ისევ“ რას ნიშნავს?
მზიამ არ უპასუხა.
– „ისევ“, ანუ, ადრე მიყვარდა და ახლაც მიყვარს თუ არა? – ისევ ისტერიკა გაერია ხმაში მასპიძნელს, – ამაზე ვერ გიპასუხებ, რადგან, არც კი ვიცი, ოდესმე მიყვარდა თუ არა.
– მას კი უყვარხართ. ახლა უფრო უყვარხართ, ვიდრე მაშინ, როცა მისი ცოლი იყავით, – თქვა მზიამ და ისევ თვალებში შეხედა.
– ეგ ჩემთვის ბევრს აღარაფერს ნიშნავს. ჩემი, როგორც ქალის ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როცა დიმიტრი გავიცანი და საბედისწერო შეცდომა დავუშვი. მართალია, მასთან ორი შვილი გამიჩნდა, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ: როგორც ქალი, ანუ, პიროვნულად, ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ და, სამწუხაროდ, ამას ძალიან გვიან მივხვდი.
– თქვენ ისევ გუგა გიყვართ? – მორიდებით ჰკითხა მზიამ, მაგრამ იმ კაცის სახელის ხსენებამ ნანიტაზე ისე იმოქმედა, რომ სავარძლიდან წამოხტა, სტუმარს კარისკენ მიუთითა და მთელი ხმით იყვირა:
– ახლავე წადით აქედან! ახლავე და, მეორედ აღარ გაბედოთ არც მისი სახელის ხსენება და არც აქ მოსვლა, გაიგეთ?
– დიახ... – მზია დააბნია ნანიტას მოულოდნელმა აფეთქებამ, – მაპატიეთ...
– ვერაფერიც ვერ გაიგეთ! რამე რომ გაიგო, ყველაფერი უნდა იცოდე, შენ კი არაფერი იცი იმის გარდა, რაც დიმიტრიმ გიამბო; არადა, რომ იცოდე, კიდევ რამდენი ადამიანის აღსარება უნდა მოისმინო, რომ მართალი და მტყუანი გაარჩიო... გინდა, მეც გადაგიშალო გული? იქნებ, მეც მომეშვას და ცოტათი მაინც გამიაროს ამ მტანჯველმა გრძნობამ, ამდენი წელია, რომ მაწამებს?!
მზიამ აღარ იცოდა, დარჩენილიყო თუ წასულიყო, წამოდგა და უხერხულად გაჩერდა.
– მაპატიეთ, ქალბატონო ნანიტა, აღარ შეგაწუხებთ, – ჩაიჩურჩულა და გასასვლელისკენ გაემართა.
– არა, მოიცა! – შეაჩერა ნანიტამ, – მეც მინდა, რომ ყველაფერი მოგიყვე. რადგან შენი ნებით თუ შენდა უნებურად ჩარეული აღმოჩნდი ჩემს პირად ცხოვრებაში და რაღაცეების გარკვევას ცდილობ, რატომ არ უნდა გაიგო სიმართლე? რატომ არ უნდა იცოდე ყველაფერი ბოლომდე?
– თქვენ მართლა გინდათ, რამე მიამბოთ? – ისევ დაიბნა მზია.
– თანაც ძალიან. მე ვგრძნობ, რომ ახლა ჩემ მიმართ სიმპათიითა და თაგანრძნობით ხართ განწყობილი და, რაც უკვე იცით, იქიდან გამომდინარე, ყველაფერში მე მამართლებთ და დიმიტრის ამტყუნებთ, მაგრამ, როცა გაიგებთ, სინამდვილეში ვინ ვარ, რადიკალურად შეგეცვლებათ აზრი და მიხვდებით, რომ არც ისეთი ანგელოზი ვარ, როგორიც გგონივართ, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ აქამდე ჩემი ნებით კი არ მივსულვარ, მიმიყვანეს. მაგრამ, ეს არ მამართლებს, რადგან, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ სიტუაციაში თვითონ აკეთებს არჩევანს კარგსა და ცუდს შორის, როგორ იძულებასაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი და, სწორედ ამ არჩევნის გაკეთებით ვლინდება მისი ღირსება. ეს გამოცდაა, მძიმე და მწარე გამოცდა, რომელსაც მე ვერ გავუძელი და ახლა ძალიან ვნანობ. თუმცა, როცა ვფიქრობ, როგორ მოვიქცეოდი, დრო რომ უკან დაბრუნებულიყო და ისევ იმ არჩევნის წინაშე დავმდგარიყავი, ვგრძნობ, რომ ისევ იმას გავიმეორებდი, რაც გავაკეთე და რითაც ჩემს საკუთარ თავს, მორალსა და პრინციპებს ვუღალატე... – ნანიტა უვე თითქმის მშვიდად ლაპარაკობდა და მზიამ მთელი არსებით იგრძნო, რომ მის მასპინძელს მართლა მოუნდა მასთან საუბარი, თუმცა, არ უნდოდა, ამ დატანჯული ქალის ემოციებით ესარგებლა და ძალიან თბილად უთხრა:
– ქალბატონო ნანიტა, თუკი რამეში დახმარება შემიძლია, თქვენ გვერდით მიგულეთ. გნებავთ – მოგისმენთ, გნებავთ – რაც გინდათ, დამავალეთ და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის.
– ის, რაც მინდა, რომ გიამბო, ჩემი ტრაგიკული საიდუმლოა, თუმცა, ჩემ გარდა იცის კიდევ ორმა ადამიანმა – ჩემმა უახლოესმა დაქალმა და კიდევ ერთმა პიროვნებამ. მაგრამ, რატომღაც, დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, რომ ეს ყველაფერი შენც იცოდე. მაპატიე, „შენობით“, რომ მოგმართავ, ასე უფრო მიადვილდება საუბარი...
– როგორც გაგიხარდებათ, ისე მომმართეთ, პირიქით, ასე უფრო თქვენიანად ვგრძნობ თავს, – გაუღიმა მზიამ.
– მაგრამ, – განაგრძო ნანიტამ, – დღეს, თანაც, ჩემს საკუთარ სახლში, ამის გაკეთებას ვერ შევძლებ, ამდენ ემოციას ერთ დღეში ვერ გადავიტან. ამიტომ, ერთი-ორი დღის შემდეგ მე თვითონ დაგირეკავ და შევხვდეთ. ლაღად გაზრდილი გოგო ჩანხარ და, სიმართლე გითხრა, არ ვიცი, გამიგებ თუ არა, მაგრამ, ისეთი ნდობა გამოიწვიე ჩემში, რომ, ასაკობრივი სხვაობისა და ბევრი სხვა რამის მიუხედავად, ჩემი უახლოესი მეგობრების არცთუ გრძელ სიაში უყოყმანოდ ჩაგწერე, – ნანიტამ გაუღიმა და კარისკენ გაუძღვა.
– მართლა მიხარია, ასე თუ ფიქრობთ ჩემზე, მაგრამ, მაინც ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში ასე უცერემონიოდ შემოვიჭერი და აგაფორიაქეთ, – მოუბოდიშა მზიამ.
– ბოდიში კი არა, ნეტავ ადრე მცნობებოდი; მაშინ, ალბათ, ჩემი ცხოვრებაც სხვანაირად წარიმართებოდა. შენ საოცარი ენერგეტიკა გაქვს – სიკეთეს ასხივებ და ყველაზე დადებითად მოქმედებ. ეს კი, ალბათ, შენი შინაგანი ბუნების გარდა, მშობლების დამსახურებაცაა – სწორად და კარგად აღგზარდეს და შედეგიც სახეზეა. თან, ეტყობა, არანაირი სერიოზული ტკივილი არ მოუყენებიათ შენთვის ადამიანებს და, ამიტომაც უყურებ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით; ამიტომ გგონია, რომ დედამიწა მხოლოდ კეთილი ადამიანებით არის დასახლებული.
მზიამ თავი ჩაღუნა და გულაჩუყებულმა უპასუხა:
– არც ასეა საქმე, ქალბატონო ნანიტა. მეც ბევრჯერ დამიღვრია სიმწრის ცრემლი, მეც ბევრჯერ მომქცევიან სასტიკად და უსამართლოდ, თან, ყველაზე ახლობელი ადამიანები, მაგრამ, ეტყობა, ძლიერი აღმოვჩნდი და ვერ გამტეხეს.
– რას გულისხმობ? – დაინტერესდა ნანიტა.
– ნათქვამია, ყველა ოჯახში თითო ქოთანი დუღსო და, მეც ბევრჯერ დავიწვი ხელი ამ „ქოთანზე“, მაგრამ, გამოუსწორებელი ოპტიმისტი გამოვდექი – მაინც მჯერა, რომ სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია და, კარგი და კეთილი ადამიანი გაცილებით მეტი დადის დედამიწაზე, ვიდრე ცუდი და ბოროტი.
– ასეთი რა გადაიტანე?
– უფრო დაწვრილებით მეც სხვა დროს მოგიყვებით, ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დედა ადრე მომიკვდა, დედინაცვალმა კი ჩემი თავი შეაძულა მამაჩემს, ბოლოს შეყვარებულსაც, უფრო სწორად, ქმარს დამაშორეს და, სამუდამოდ წამოვედი სახლიდან.
– საწყალი გოგო... – ჩაილაპარაკა ნანიტამ, – მე კი თან ვარ გადაყოლილი ჩემს ქალიშვილზე, მაგრამ, ის მაინც ყველაფრით უკმაყოფილოა, არავინ და არაფერი არ მოსწონს და, რაც ყველაზე მეტად მაშინებს, ზედმეტად თამამი, ცინიკური და დაუნდობელია. არადა, ბავშვობაში ასეთი არ იყო...
– ჰო, ნუცა ცოტა თამამი გოგოა, – წამოსცდა მზიას.
– შენ საიდან იცნობ ნუცას? – დაიძაბა ნანიტა.
– არ ვიცნობ, უბრალოდ, ერთხელ მყავს ნანახი, საავადმყოფოში მოვიდა ბატონი დიმიტრის სანახავად, – არ დაუმალა მზიამ.
– მერე, როგორი შეხვედრა ჰქონდა მამა-შვილს?
– არც არანაირი. ბატონი დიმიტრი მაშინ კომაში იყო და, ალბათ, არც გაუგია შვილის მოსვლა.
– კი მაგრამ, რა ჩაიდინა იქ ნუცამ, ასეთი შთაბეჭდილება რომ დაგიტოვათ და დღემდე არ დაგვიწყებიათ?
– კაცმა რომ თქვას, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ, რატომღაც, ასე დამამახსოვრდა. ეტყობა, მაინც ასაკის ბრალია. მერე პროფესორმა გაიყვანა თავის კაბინეტში და ის ესაუბრა.
– იმასთანაც ცუდად მოიქცა?
– არა, ცუდად საერთოდ არ მოქცეულა, უბრალოდ, ცოტა თამამად დაგველაპარაკა... ეტყობა, მეც გადავეჩვიე მოზარდებთან ურთიერთობას და ამიტომ მომეჩვენა ასე, – გამოასწორა თავისი ნათქვამი მზიამ, – ახლა კი წავალ, ქალბატონო ნანიტა და მოუთმენლად დაველოდები თქვენს ზარს. ნახვამდის.
– ნახვამდის. აუცილებლად დაგირეკავ ორ-სამ დღეში და სადმე დავსხდეთ.
– როგორც თქვენ იტყვით. მე ყველაფერზე თანახმა ვარ, – გაუღიმა მზიამ და წავიდა.
ნანიტა კარგა ხანს იდგა მიხურულ კართან და თავის უცნაურ სტუმარზე ფიქრობდა. თვითონაც ვერ ხსნიდა, რატომ მოუნდა, თავისი ცხოვრების შესახებ პრაქტიკულად უცნობი ადამიანისთვის მოეთხრო. მიუხედავად იმისა, რომ მზიას მოსვლამ რაღაც მომენტში წყობიდანაც კი გამოიყვანა, საბოლოო ჯამში, მაინც რაღაცნაირი გრძნობა დაეუფლა, ოღონდ, ვერ გარკვეულიყო, რა იყო ეს – სიმშვიდე, თანადგომის იმედი თუ სინდისის ქენჯნისაგან გათავისულების მოლოდინი. ერთადერთი, რამაც დაძაბულობა დაუტოვა, ის სიტყვები იყო, რაც მზიამ ნუცაზე თქვა, რადგან, ნანიტა ვერ გაერკვა, მზიამ ყველაფერი უთხრა ნუცას შესახებ თუ რაღაც მთავარი და მნიშვნელოვანი დამალა.
***
მზია აფორიაქებული გამოვიდა ნანიტას ბინიდან და ჯერ ტაქსის გაჩერება გადაწყვიტა, რომ დროზე მისულიყო თავის ავადმყოფთან, მაგრამ, მერე გადაიფიქრა და ფეხით გაუყვა გზას. გიორგის სახლამდე სულ ორი კვარტალი იყო, თან, შინ მისვლამდე აუცილებლად სჭირდებოდა ცოტა გონზე მოსვლა და მომხდარის შესახებ დაფიქრება.
საკმაოდ ნელი ნაბიჯით მიდიოდა, მაგრამ, მოეჩვენა, რომ ძალიან მალე მივიდა სახლამდე. ცოტა ხანს კორპუსის წინ, სკვერში ჩამოჯდა. წარმოიდგინა, როგორ მოთუთმენლად ელოდნენ ძმები ახალი ამბების გაგებას და გეგმებს აწყობდა, რა და როგორ ეთქვა მათთვის. მაგრამ, ბოლოს გადაწყვიტა, რომ მისი და ნანიტას საუბარი მხოლოდ მათ შორის უნდა დარჩენილიყო, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ დრომდე და, ამ გადაწყვეტილების მიღებით დამშვიდებული, დინჯად აუყვა კიბეებს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში