მკვლელი კექსი
აგნეს ფლემინგი კიბეზე დაგორდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. თითქოს ამაში უჩვეულო არაფერი უნდა ყოფილიყო – 80 წლის ასაკში მოხუცები ხშირად ეცემიან და კისერს იტეხენ. პოლიციაც არ აიტკივებდა ამ ამბით თავს, რომ არა აგნესის ძმის შვილიშვილი, ჟურნალისტი ჯეი ფლემინგი. ის ინსპექტორ ვულთან მივიდა და უთხრა:
– ბებიაჩემი მოკლეს. ის ფანტასტიკური ჟანრის რომანებს წერდა, ერთი კარადა ჰქონდა სავსე ამ რვეულებით. სამი დღის წინ ყველა ადგილზე იყო, ახლა კი ერთსაც ვერ მივაგენით.
ინსპექტორი შეიჭმუხნა. კარგად იცოდა, ჟურნალისტებთან სიფრთხილე იყო საჭირო, მაგრამ, მკვლელობის ვერსია იმდენად აბსურდულად მოეჩვენა, რომ გაუღიმა.
– ტყუილად იცინით, ბებიაჩემი მოკლულია! – გაცხარდა ქალიშვილი, – ზუსტად ვიცი, რომ იმ დღეს მას სტუმარი ჰყავდა – სამზარეულოში, მაგიდაზე კექსის ცარიელი ფორმა ვნახე. ბებიაჩემი ფანტასტიკურ შოკოლადის კექსებს აცხობდა. ლარნაკში მისი საყვარელი ნარცისებიც ეწყო. ესე იგი, იმან, ვინც იქ იყო, იცოდა, ბებია აგნესს რომელი ყვავილები მოსწონდა.
– ეჭვი გაქვთ ვინმეზე?
– არა. თუმცა, ბებია ამბობდა, თაყვანისმცემელი გამომიჩნდა და საათობით შეუძლია, ჩემს რომანებს უსმინოსო.
– იცნობდით მას?
– ვის, ბებოს თაყვანისმცემელს? არა. ვფიქრობდი, ესეც ბებოს ფანტაზიის ნაყოფი იყო. თუმცა, ახლა ვრწმუნდები, რომ ის არსებობდა.
– რომანები რამე ღირებულებას წარმოადგენდა?
– არა. არც კი დაბეჭდილა. ბებო წერდა, სულებზე, მოჩვენებებზე, უძველესი საგვარეულოს წარმომადგენლებზე, მათ საიდუმლოებით მოცულ ინტრიგებზე... დავპირდი – ვეცდები და ერთ მოთხრობას დაგიბეჭდავ ჩემს ჟურნალში-მეთქი და უხაროდა.
– დავუშვათ, მკვლელი არსებობს... მოტივი? რატომ უნდა მოეკლათ მოხუცი ქალი?
– ეგ უკვე აღარ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ჯეიმ.
– წაბრძანდით და, როგორც კი რამე ახალს გავიგებთ, შეგატყობინებთ, – ამოიოხრა ინსპექტორმა.
ჯეი პოლიციიდან გამოვიდა. დარწმუნებული არ იყო, რომ ამ საქმეს ხელს სერიოზულად მოჰკიდებდნენ. მკვლელი თავად უნდა მოეძებნა. თუ თაყვანისმცემელი არსებობდა, ის ამ ქალაქის მკვიდრი უნდა ყოფილიყო. სად შეეძლო ბებია აგნესს მისი გაცნობა, ის ხომ თითქმის არსად დადიოდა? ეკლესიაში თუ შეივლიდა ან ანტიკვარიატით მოვაჭრეს მოინახულებდა – ერთობოდა ძველებური ნივთების თვალიერებით. ჯეიმაც გეზი იქით აიღო.
ანტიკვარული მაღაზიის მფლობელი სიმპათიური, იმპოზანტური მამაკაცი აღმოჩნდა. ხალხს მოზრდილ დარბაზში კლიენტის ნახატს აჩვენებდა და სულისშემძვრელ ისტორიას უყვებოდა მის შესახებ. ჯეის მუხლები აუკანკალდა, რადგან ეს ისტორია წვეთი წყალივით ჰგავდა ბებიამისის ერთ-ერთი რომანის სიუჟეტს. არწმუნებდა, ამ ნამუშევრის მთავარი ღირსება მხატვრული ღირებულება კი არა, სწორედ ეს უძველესი ისტორიააო... ავსტრალიელ ცოლ-ქმარს ბევრი აღარ უფიქრია და ტილოში სოლიდური თანხა გადაიხადა. მისტერ დარემმა მათ ახლა პატარა ქანდაკება წარუდგინა: ეს გოგონა იმით არის სახელგანთქმული, რომ ღამღამობით ცოცხლდებოდა და მორლენდების ციხე-კოშკში დასეირნობდაო. ეს ამბავიც ნაცნობი იყო ჯეისისთვის... ანტიკვარიატის სალონიდან გამოვიდა და პოლიციაში დაბრუნდა.
– ბებიაჩემი მისტერ დარემმა მოკლა, მისი რვეულები კი მოიპარა... რომანები დარემს კლიენტების მოსატყუებლად სჭირდება. ამ სიუჟეტებს კოლოსალური წარმატება აქვს სიძველეების მოყვარულებისთვის. დარემი მათ აბრუებს ფანტაზიებით, რომლებიც ბებიაჩემმა შეთხზა და, ყალბ, უნიჭოდ შესრულებულ ნამუშევრებს სიძველეების ფასში ასაღებს, – უთხრა მან ინსპექტორს.
ინსპექტორმა გაიღიმა.
– კი მაგრამ, ქალიშვილო, როგორ დავაპატიმრო დარემი, როცა მისი არც თითების ანაბეჭდები გვაქვს, არც რვეულები... ნივთმტკიცების შესახებ რამე გსმენიათ?
ჯეიმ ამოიოხრა.
– კარგი, გექნებათ ეგ ნივთმტკიცება...
ქალიშვილმა ეს კი თქვა, მაგრამ, წარმოდგენა არ ჰქონდა, საიდან მოუტანდა პოლიციელს ნივთმტკიცებებს, თუმცა, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ რვეულები მისტერ დარემს ჰქონდა. კაცი მიდიოდა ბებია აგნესთან, როგორც მისი ნიჭის თაყვანისმცემელი, ისმენდა ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობებს და მერე კლიენტებზე ნახატების ისტორიად ასაღებდა ან ვიღაცას ახატვინებდა სწორედ ამ სიუჟეტების მიხედვით. მერე აგნესმა კაცს უთხრა, რომ ჯეი, მისი შვილიშვილი, რომანების გამოქვეყნებას აპირებდა და ამით საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი. დარემს შეეშინდა, რომ მისი აფერა გამოაშკარავდებოდა და, არათუ ნახატებს ვეღარ გაყიდდა, ციხეშიც მიაბრძანებდნენ თაღლითობისთვის. ამიტომ, სხვა გზა აღარ დარჩა და საწყალი მოხუცი მოკლა... მოტივი უკვე ჰქონდა, მაგრამ, პოლიციისთვის ეს საკმარისი ვერ იქნებოდა. ჯეი დარემის სახლის პირდაპირ, სკვერში, სკამზე იჯდა და გამოსავალზე ფიქრობდა. უცებ სახლის კარი გაიღო და იქიდან ატირებული მულატი გოგონა გამოიქცა. ჯეი მაშინვე გაეკიდა, მკლავზე მოჰკიდა ხელი და გამოელაპარაკა. გოგონა საკმაოდ ადვილად გაეხსნა. დარემის მოსამსახურე აღმოჩნდა – ანა. ბატონს სახლს ულაგებდა, მაგრამ, დარემი საოცრად ძუნწი იყო, ყველაფერზე ეკონომიას აკეთებდა და გოგონას მათხოვრულ გროშებს უხდიდა, საჭმელსაც არ აძლევდა. ახლაც იმიტომ ეჩხუბა, რომ მაცივარში გადანახული შოკოლადის კექსსს პატარა ნაჭერი მოაციცქნა.
– შოკოლადის კექსს?! – შეჰყვირა ჯეიმ, – ჟოლოთი ხომ არ იყო მორთული?
– მგონი, კი... ორი დღის წინ საიდანღაც მოიტანა ძველი რვეულებით გატენილ ზურგჩანთასთან ერთად და, გამაფრთხილა, ხელი არ ახლოო.
– ანა, საყვარელო, – შეეხვეწა ჯეი, – შენი დახმარება მჭირდება. ის მკვლელია და პასუხი უნდა აგოს ამაზე. მერე ყველაფერი უამბო, დაჰპირდა, რომ თავისთან წაიყვანდა და იმაზე სამჯერ მეტ ხელფასს გადაუხდიდა, ვიდრე დარემი. ანამ უყოყმანოდ მისცა გასაღები, თან გააფრთხილა, დარემმა ყოველთვის მოულოდნელად იცის მოსვლაო.
***
სახლი დიდი არ იყო. ჯეიმ რვეულებიანი ზურგჩანთა საძინებელ ოთახში, საწოლის ქვეშ აღმოაჩინა. ჰოლში გამოიტანა და მაცივრისკენ გაემართა მთავარი ნივთმტკიცების – კექსის წასაღებად... თითქმის სამშვიდობოს იყო, რომ საკეტში გასაღებმა გაიჩხაკუნა და ზღურბლზე დარემი აღიმართა. ჯეი გაშეშდა კექსით ხელში. ზურგჩანთაც იქვე იყო... მისი გონება სწრაფად მუშაობდა. რაღაც ისეთი უნდა ეთქვა, თუნდაც სრულიად წარმოუდგენელი და შოკის მომგვრელი, რომ აქედან გაეღწია. დარემს რამე რომ ეეჭვა, აუცილებლად მოკლავდა... აგნესის გენმა იმძლავრა:
– მე მორლენდების გვარიდან ვარ... მოვედი, რომ გავიგო, რატომ ყვებით ჩვენს კეთილშობილ ოჯახზე საზიზღრობებს და ანგარიში გავასწორო უსინდისო თაღლითთან...
ჯეის იდეამ გაამართლა: დარემი გაოგნებული უყურებდა ხან მას, ხან – კექსს... მერე ნელ-ნელა გაფითრდა...
– ეს კექსი... – ამოილუღლუღა დაფეთებული ხმით.
– დიახ, ეს კექსი, – ჯეის შეეშინდა, რომ დარემი გონს მოვიდოდა და მიხვდებოდა, რომ მას რაღაც კავშირი ჰქონდა აგნეს ფლემინგთან, – კექსი მოწამლულია. შხამი ნელ-ნელა მოქმედებს და ხვალ დილამდე აუცილებლად მოკვდებით... დრო ძალიან ცოტა დაგრჩათ... ჩვენი გვარი შეურაცხყოფას არავის აპატიებს!
ჯეის გასაოცრად, ამ სიტყვებმა მაგიურად იმოქმედა დარემზე – ის შეტორტმანდა და მოცელილივით დაეცა იატაკზე. ჯეი გარეთ გამოვარდა. მეორე დღეს მას ინსპექტორი ესტუმრა:
– თქვენ მართალი იყავით, ბებიათქვენი მართლაც დარემს მოუკლავს. მის სახლში რვეულებიანი ზურგჩანთა და იატაკზე დაგდებული კექსი აღმოვაჩინეთ – ეტყობა, მათ თავიდან მოშორებას აპირებდა.
– და... დააპატიმრეთ? – ყოყმანით იკითხა ჯეიმ და გაიფიქრა: „იცოდა კი ინსპექტორმა, რა მოხდა დარემის სახლში?”
ინსპექტორმა ვულმა თავი გადააქნია.
– რანაირად? ის მკვდარია... გულის შეტევითო – ასე თქვა ექიმმა. ეტყობა, ნერვებმა ვეღარ გაუძლო...