ფლორის სამყაროში
კითხვა: რით შევუწყო ხელი ცინერარიას, რომ კარგად იყვავილოს?
პასუხი: უპირველესად, მისი ნიადაგი მუდამ ტენიანი უნდა იყოს – მიწის გამოშრობა საგრძნობლად ამცირებს ყვავილობის პერიოდს. ცინერარია ტენსა და სიგრილეში მეტხანს ყვავის. დამატებითი კვება არ სჭირდება, რადგან, დაყვავილების შემდეგ უნდა გადააგდოთ. ამ მცენარეს ადვილად აზიანებენ ფოთლის პარაზიტები.
კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა მოსწონს პლატიცერიუმს?
პასუხი: პლატიცერიუმს უყვარს კაშკაშა სინათლე, თუმცა, თუ მაღალ ტენიანობას ვერ უზრუნველყოფთ, მოარიდეთ მზეს. მისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა, 18-24 გრადუსი. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 13 გრადუსი – ამაზე ნაკლები სითბო მცენარეს დააზიანებს.
კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყა სანსევიერა?
პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში სანსევიერას მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, ზამთარში კი, პირიქით – მიწას შეშრობა აცალეთ და იშვიათად მორწყეთ. მცენარის გულში წყალს ნუ ჩაასხამთ. სიცივისა და ბევრი წყლისგან, სანსევიერას, შეიძლება, ძირში ფოთლები დაულპეს. მას არ მოსწონს ბევრი წყალი. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ ხოლმე. იზრდება ნელა და გადარგეთ 2-3 წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე.
კითხვა: როგორი ადგილი მოსწონს „ვენერას ქოშს?”
პასუხი: ეს მცენარე მზეს მოარიდეთ და ოდნავ ჩრდილიან ადგილას დადგით. მისთვის კარგია ნაკლებად განათებული ოთახი. რაც შეეხება ტემპერატურას, ზამთარში იტანს 13 გრადუსს. დაყვავილების შემდეგ ტემპერატურის 3-4 გრადუსით შემცირება ხელს უწყობს ახალი ყვავილების ამოსვლას.
კითხვა: რამდენად გამძლე მცენარეა ზამთარში ზეთისხილის ხე?
პასუხი: ზეთისხილის ხე ზამთარში მინუს 2 გრადუსსაც აიტანს, წლის დანარჩენ დროს კი მოსწონს ოთახის ტემპერატურა. ყვავილობისთვის ზეთისხილს ორი თვის განმავლობაში მაინც სჭირდება 10 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა. თუ გსურთ, რომ ფორმაც კარგი ჰქონდეს და არც მეტისმეტად გაიზარდოს, დაყვავილების შემდეგ ან შუა ზაფხულში გაკრიჭეთ.
კითხვა: იოლი მოსავლელია თუ არა ფილოდენდრონი?
პასუხი: ფილოდენდრონი ნამდვილად არ შეგიქმნით პრობლემებს, მას მინიმალური მოვლაც კი აკმაყოფილებს, ოღონდ, პარაზიტებს უნდა მოარიდოთ. განსაკუთრებით ცრუფარიანა ემტერება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, ზამთარში კი 14-15 გრადუსი.
კითხვა: სოლია როგორ პირობებში ხარობს უკეთ?
პასუხი: სოლია გამძლე მცენარეა და 2-3 გრადუს ტემპერატურასაც იტანს. მოსწონს მზის გულზე ყოფნა. ზაფხულში საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა. ზაფხულობით მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, ხოლო ზამთარში, როცა ტემპერატურა დაბალია, მორწყვაც უნდა შეამციროთ. ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. დიდი მცენარე კარგად უნდა გასხლათ და გაზაფხულზე გადარგოთ, რათა კომპაქტურობა და სიჯანსაღე შეინარჩუნოს. მისთვის უკეთესია, თუ საკიდ კალათში მოათავსებთ და ზამთრის ბაღში ჩამოკიდებთ.
კითხვა: როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო სედუმი?
პასუხი: ეს მცენარე საკმაოდ იოლი მოსავლელია. თუ გსურთ, რომ მან კომპაქტურობა შეინარჩუნოს, დადგით მზის გულზე. ზამთარში კარგი განათება სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში. იტანს გრილ ზამთარს, ოღონდ, არანაკლებ 10 გრადუსისა.