როგორ ზემოქმედებს ენერგეტიკულ დონეზე ცოლ-ქმარი ერთმანეთზე და როდის იწყება მათ შორის უმიზეზო ჩხუბი და გაუგებრობები
ბედის წარუმატებლობა თავად ადამიანის ბრალიცაა და ამას, მარტო უიღბლობა არ განსაზღვრავს. ამქვეყნად უბრალოდ და შემთხვევით არაფერი ხდება და ამაში ყოველდღიურად მომხდარი ფაქტები და მათი ანალიზიც მოწმობს. როგორც პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლარა ამბობს, მისთვის მთავარია, ადამიანებს თავდაცვის ის წესები ასწავლოს, რომელიც მან უცხოეთში შეისწავლა შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციით. ასევე, გვასწავლოს, თუ როგორ გავხდეთ უფრო წარმატებული, ბედნიერი და იღბლიანი. მისი თქმით, ნებისმიერი, ჩვენს ირგვლივ არსებული ნივთი, ჩვენზე მოქმედებს.
ლარა: ბევრი მეკითხება, ვერ გავიგეთ, რაშია ოჯახური ბედნიერების საიდუმლო – წყვილს ერთმანეთი უყვარდა, არც ეკონომიურად უჭირდათ, მაგრამ ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნება, მაინც ვერ შეძლესო. ოჯახები თითქმის უმიზეზოდ ინგრევა. აი, ეს არის დღევანდელი სამწუხარო რეალობა. გეტყვით, რომ ყოველ ოჯახს თავისი ენერგეტიკული ველი და აურა აქვს. ეს კი დამოკიდებულია სწორედ ცოლ-ქმრის აურაზე, მათ შორის არსებულ ენერგეტიკულ ურთიერთობებზე. ეს ქვეცნობიერად, ენერგიების დონეზე ხდება. თუ ეს ველი დარღვეულია, მაშინ ყველა უსიამოვნება და უბედურება, რაც ოჯახში ხდება, სწორედ ამას უკავშირდება. თუ ოჯახს ერთიანი ველი აქვს, ის უფრო დაცულია და დანგრევის საფრთხე არ ემუქრება.
– და, როგორ წარმოიქმნება ის?
– გეტყვით, რომ თუ ოჯახს ერთიანი ველი აქვს, ის ნებისმიერ დარტყმას, პრობლემას, წინაღობასა თუ ბარიერს გაუძლებს და გადალახავს. ბევრს აინტერესებს, როგორ წარმოიქმნება ის და გიპასუხებთ: ყველამ იცის, რომ ადამიანებს გარშემო აურა აკრავს. ის მოციმციმე გარსია და იქმნება ენერგიების იმ ნაკადით, რაც ადამიანის ორგანიზმის ენერგეტიკული ცენტრებიდან გამოდის. ასეთი შვიდი ცენტრი აქვს ადამიანს. თითოეულიდან გამოსული ენერგია კი ჩვენ გარშემო მოციმციმე, ძლიერ ვიბრირებად შრეს ქმნის. ბიოველში სულ შვიდი ენერგეტიკული შრეა. რაც უფრო კარგად მუშაობს ენერგოცენტრი, მით უფრო სქელია მისგან გამოსხივებული შრე. ცოლ-ქმარი კი ერთმანეთზე ზემოქმედებას ამ ბიოველების საშუალებით ახერხებს. როცა კავშირი ჰარმონიულია, ისინი ერთი მექანიზმით მუშაობენ, ერთმანეთისაც კარგად ესმით და იდილიაშიც ცხოვრობენ. მაგრამ, თუ ოჯახის საერთო ველი დარღვეულია, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ უგებს – ხშირად კამათობენ, უმიზეზოდ ჩხუბობენ. როცა ოჯახი იქმნება, დიდი მნიშვნელობა აქვს, ეწყობა ერთმანეთს თუ არა წყვილი ენერგეტიკული თვალსაზრისით, რომ სამომავლოდ, სირთულეები გადალახონ.
– შესაძლებელია თუ არა ოჯახის საერთო ველის გაძლიერება და ამით მომავალი პრობლემების თავიდან აცილება?
– შეიძლება და ამაში თავად მიგიძღვით დიდი წვლილი. თუ ხვდებით, რომ ადამიანთან ურთიერთობის დროს თავს უხერხულად გრძნობთ, იღლებით და დისკომფორტი გეწყებათ, მასთან ღრმად ნუ შეტოპავთ – ნუ აირჩევთ მას ცხოვრების მეგზურად და ამით საქმეს ნუ გაირთულებთ. ზოგი ამ დისკომფორტს თავიდანვე გრძნობს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. არადა, ეს მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსია, შემდგომი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ამან, შესაძლოა, კრიზისულ სიტუაციამდე მიგიყვანოთ ოჯახური თანაცხოვრების დროს. თუ მენდობით, გირჩევთ, ნუ წამოიწყებთ რომანს იმ ადამიანთან, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად და მშვიდად ვერ გრძნობთ. მაგრამ, თუ ხვდებით, რომ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრის შემდეგ, მშვიდდებით, დუნდებით, კმაყოფილებით ივსებით და გრძნობთ, მასთან განშორება გიჭირთ, ესე იგი, ეს ისაა, ვისთანაც საერთო ენერგეტიკული ველი მყარი გექნებათ. ეს იდეალური ოჯახური ცხოვრების საწინდარია, რაც პრობლემასაც აგაცილებთ თავიდან და არც ოჯახის დანგრევის წინაშე აღმოჩნდებით.
– დღეს, უთანხმოების მიზეზი, ძირითადად, მატერიალური პრობლემებია, რაც ხშირად სკანდალებითა და ოჯახის დანგრევით მთავრდება. როგორ მოვიქცეთ, რომ ფინანსური პრობლემა ავიცილოთ თავიდან?
– ფულის პრობლემა თავიდან რომ აიცილოთ, მას გონივრულად უნდა მიუდგეთ. მე მოგცემთ რჩევებს და გაგიზიარებთ ეზოთერულ გამოცდილებას, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ და ფინანსურ შემოსავლებსაც გაგიზრდით. მაგალითად, არასდროს დაიბრუნოთ გასესხებული ფული ნაწილ-ნაწილ, რომ ასევე ნაწილ-ნაწილ არ გავიდეს თქვენი ჯიბიდან. თუ გსურთ, ვალის მევალესთვის დაბრუნება არ გაგიჭირდეთ, ფული ისესხეთ სამშაბათს ან ხუთშაბათს. სანამ ფულს სხვას ასესხებთ, სამჯერ შემოივლეთ თავზე და ისე მიეცით. მაშინ ამ ფულს მევალე დათქმულ დროს მოგცემთ. აგრეთვე, თუ გინდათ, მატერიალური გაჭირვების წინაშე არ დადგეთ, ყოველთვე, ხელფასიდან შეიძინეთ შაქარი, ბრინჯი და სანთელი. ჩაყარეთ შაქარი და ბრინჯი გამჭვირვალე ღვინის ჭიქაში და ჩადეთ მასში სანთელი. ყოველ დილით, სახლიდან გასვლამდე დაანთეთ სანთელი და მერე ჩააქრეთ. ერთი თვის შემდეგ, ეს შაქარი გამოიყენეთ ჩაიში, ბრინჯი კი საჭმელში. შაქარი ოჯახში სიტკბოებას შემოიტანს. ბრინჯი კი, როგორც იცით, სიმდიდრის სიმბოლოა. ასევე, თუ გსურთ, სახლში ფული არ გამოგელიოთ, შესასვლელის კუთხეებში დადეთ ხურდები და ბრინჯის მარცვლები. აგრეთვე, არსებობს წესი, რომლითაც ცოლ-ქმარს შორის დაძაბული ურთიერთობის განეიტრალება შეიძლება. მაგალითად, თუ ხვდებით, რომ მეუღლესთან სიტუაცია გეძაბებათ, აიღეთ შაქარი, გამჭვირვალე ღვინის ჭიქა, ორი წვეთი ვაშლის ძმარი და საქორწინო ბეჭედი. ჭიქაში ჩაასხით ონკანის წყალი, ვაშლის ძმარი, ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი, ჩააგდეთ საქორწინო ბეჭედი და დადგით თქვენი საწოლის ქვეშ. დილით, გამოიღეთ ჭიქა, კარგად ამოურიეთ, ამოიღეთ ბეჭედი და ამ წყლით მოუმზადეთ მეუღლეს ჩაი ან ყავა. ასე მოიქეცით კვირაში ორჯერ და ნახავთ, როგორ დატკბება თქვენი მეუღლე, როგორ დარეგულირდება სიტუაცია თქვენს შორის. ძალიან ძნელია, როცა საყვარელ ადამიანთან სიტუაცია რთულდება, ვეღარ უგებთ ერთმანეთს და ცდილობთ, მაქსიმალურად შორს დაიჭიროთ მისგან თავი. ეს მხოლოდ განშორების მიზეზია და თუ შეგიძლიათ, ამ რიტუალით გააძლიეროთ თქვენს შორის ენერგიული ველი, დაარეგულიროთ სიტუაცია, დაიმკვიდროთ სიმშვიდე და იდილია სახლში, ვფიქრობ, ამისთვის ღირს ელემენტარული, ეზოთერული გამოცდილების გაზიარება.
– გამიგია, რომ ნაჩუქარ ნივთს მაგიური ძალა აქვს და მისი ზემოქმედებით, შესაძლოა, უბედურება გარდაუვალი გახდესო. თუ შეგიძლიათ, ამ თემასთან დაკავშირებით მოგვაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია?
– ამაზე, ნამდვილად უნდა გაამახვილოს ნებისმიერმა ადამიანმა ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოს ამა თუ იმ ნაჩუქარი ნივთის მიმართ. მაგალითად, თუ ვინმეს არ ემეტება და უბრალოდ, იძულებულია, გაჩუქოთ, იმ ნივთმა შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენზე. საგნებშიც ხდება ცუდი ზრახვების ტრანსფორმირება და თითოეული იმავე ენერგიას ასხივებს, რასაც მისი ყოფილი პატრონი ავლენდა კონკრეტული ადამიანის მიმართ. ასე რომ, რაც არ უნდა ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ იმ ადამიანისგან, ვისაც გულზე მაინცდამაინც არ ეხატებით, მომავალში მისგან კარგი დღე არ გელით. თუ ასეთ ნივთს გააჩუქებთ და ისეთ ვინმეს მისცემთ, ვინც მჩუქებელს არ იცნობს, მაშინ ის ძალას კარგავს. ამიტომ, თუ სახლში ასეთი ნივთები გაქვთ, ნუ დაგენანებათ და სასწრაფოდ გააჩუქეთ. ბევრი ვერ ელევა ნაჩუქარ ნივთებს და არც კი ფიქრობს, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა, ის ნივთები იყოს.