ფოტოხელოვნებით გატაცებული ტაილანდის მეფე – რამა მეცხრე ფხუმიპონ ადულიადეტი
ტაილანდის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, ფხუმიპონ ადულიადეტი, ანუ, მისი სამეფო უდიდებულესობა მეფე რამა მეცხრე, ყველაზე ხანგრძლივვადიანი მმართველია თანამედროვე მსოფლიო ლიდერებსა და მონარქებს შორის ტაილანდის ისტორიაში. გთავაზობთ საინტერესო ცნობებს მის შესახებ.
* ტაილანდის სამეფო დინასტია ჩაკრის წარმომადგენელი, ფხუმიპონ ადულიადეტი 1927 წლის 5 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის შტატში, კემბრიჯში დაიბადა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დედამისი არ მიეკუთვნებოდა დიდგვაროვნების ოჯახს, ფხუმიპონს დაბადებისთანავე „ფხრა ონგ ჩაოს” სტატუსი მიაკუთვნეს. სახელი „ფხუმიპონ” ნიშნავს „ქვეყნის ძალას, შეუდარებელ ძალაუფლებას”. ფხუმიპონი ტაილანდის სამეფო ტახტზე 1946 წელს ავიდა, მას შემდეგ, რაც მისი უფროსი ძმა, მეფე რამა მერვე ანანდუ მაჰიდოლა, იდუმალ ვითარებაში მოკლული ნახეს. ტახტზე ასვლისთანავე მას სამეფო სახელი რამა მეცხრე ეწოდა, ხოლო მისი სახელი – სრულად ასე გამოითქმის – ფხრაბატ სომდეტ ფრა პარამინდარა მაჰა ფხუმიპონ ადულიადეტ მაჰიტალადჰიბეტ რამადჰიბოდი ჩაკრინარუბოდინდ საიამინდარადჰირატ ბორომანატბოფიტი.
* უამრავი ჭორი ვრცელდებოდა რამა მეცხრის გამეფების შესახებ. ამბობდნენ, რომ მისი ძმა ტახტის დაუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. ამ ჭორების აბსურდულობის დამტკიცების მიზნით, ფხუმიპონმა ფიცი დადო, რომ არასდროს დაჯდებოდა ტახტზე ბანგკოკის სამეფო სასახლეში. გარდა ამისა, 60-იან წლებში მეფე რამა მეცხრემ დაიფიცა, რომ არასდროს დატოვებდა ტაილანდის ტერიტორიას. ჯერჯერობით ორივე ეს ფიცი გაუტეხელია.
* ტაილანდის მეფე რამა მეცხრე ერთ-ერთი ყველაზე სპორტული მონარქია მსოფლიოში. მისი უდიდებულესობის გატაცება აფროსნობაა. მას საკუთარი ნახაზებით და საკუთარი ხელებით აქვს აგებული იახტები, რომლებიც საერთაშორისო რეგატებში მონაწილეობდნენ. სანამ ასაკი ხელს უწყობდა, ის თვითონაც იღებდა მონაწილეობას შეჯიბრებებში და მას ოქროს მედალიც კი აქვს მოპოვებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ თამაშებში. სხვათა შორის, რამა მეცხრის მიერ დაარსებული სამეფო რეგატა ფხუკეტში – ყველაზე დიდი აფროსნული შეჯიბრებაა აზიაში.
* მონარქის გატაცებად ითვლება ფოტოგრაფია და, თითქმის ყველა ფოტოსურათზე, რომელიც მის საოჯახო ალბომში ინახება, ფხუმიპონი ფოტოაპარატით ხელშია დაფიქსირებული. მისი ნახვა ფოტოაპარატით ხელში, ასევე, შესაძლებელია ტაილანდურ ვალუტაზე, 1 000 ბატის ნომინალის მქონე ბანკნოტზე. მეფე „ქენონის” მარკის ფოტოაპარატებს ანიჭებს უპირატესობას და აზიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოხელოვანად ითვლება.