მსოფლიო ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავები
რამდენიმე წლის წინ კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და გარეთ ბეილი იმედისმომცემ ფეხბურთელებად ითვლებოდნენ, დღეს კი ისინი მსოფლიო ფეხბურთის ნომერ პირველი ვარსკვლავები არიან. იმავე მომავალს უწინასწარმეტყველებენ ფეხბურთის სპეციალისტები თანამედროვე იმედისმომცემ და ნიჭიერ ფეხბურთელებს. გაგაცნობთ მსოფლიო ფეხბურთის ხუთ ყველაზე ნიჭიერ ვარსკვლავს.
ადნან იანუზაი
წარმოშობით კოსოვოელი, ბელგიაში დაბადებული ალბანელი ადნან იანუზაი მსოფლიო ფეხბურთის ნომერ პირველ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად სახელდება. „მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო რეზერვისტად წოდებულმა იანუზაიმ სწრაფად დაამახსოვრა თავი ფეხბურთის ქომაგებს. მის გადაბირებას უკვე ცდილობდნენ ინგლისელები, თუმცა, იანუზაიმ თავაზიანი უარი განუცხადა ინგლისელთა მთავარ მწვრთნელს როი ჰოჯსონს და 2014 წლის მუნდიალზე ბელგიის ნაკრებს კიდევ ერთი ძლიერი ნახევარმცველი დაემატა. იანუზაიმ სულ რამდენიმე ხნის წინ გადაწყვიტა, რომ ბელგიის ნაკრებში იასპარეზოს.
არმინდუ ტუე ნა ბანგნა
არმინდუ ტუე ნა ბანგნა ფეხბურთის ქომაგებისთვის „ბრუმას” სახელით უფროა ცნობილი. ახალგაზრდა ფეხბურთელი პორტუგალიური „სპორტინგის” აღსაზრდელია და მას უკვე უწინასწარმეტყველებენ კრიშტიანუ რონალდუს მომავალს. ბრუმა 20 წლისაა და ამჟამად თურქული „გალათასარაის” ღირსებას იცავს; გარდა ამისა, ის პორტუგალიის ნაკრების წევრი და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების ერთ-ერთი კანდიდატია.
ჟერარ დეულოფეუ
პერპექტიული თავდამსხმელი ჟერარ დეულოფეუ „ბარსელონის” სკოლის აღზრდილია და ამჟამად იგი განათხოვრების წესით ინგლისურ „ევერტონში” თამაშობს. დეულოფეუ ესპანელი ფეხბურთელების ახალი თაობის წარმომადგენელია და მომავალში სწორედ მან უნდა ჩაანაცვლოს „ფურია როხას” რიგებში ჩავი და ანდრეს ინიესტა.
მატეო კოვაჩიჩი
20 წლის მატეო კოვაჩიჩი ხორვატიის ნაკრების იმედად ითვლება მომავალში. მან უკვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, როცა ზაგრების „დინამოდან” მილანის „ინტერში” გადავიდა. კოვაჩიჩს მილანურ გრანდში ¹10 მაისური გადასცეს, რომლითაც წინა სეზონებში ჰოლანდიელი გამთამაშებელი უესლი სნეიდერი ასპარეზობდა. სწორედ ჰოლანდიელი ვარსკვლავის შემცვლელად ითვლება კოვაჩიჩი, რომელსაც უკვე იწვევენ ხორვატიის ნაკრებში და მსოფლიო ჩემპიონატზე მისთვის, ალბათ, მოიძებნება ადგილი 23-კაციან განაცხადში.
კურტ ზუმა
ფრანგი მცველი კურტ ზუმა საფრანგეთის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც უკვე მოასწრო წინასწარი კონტრაქტის გაფორმება ლონდონის „ჩელსისთან”. ზუმა სეზონის ბოლომდე „სენტ ეტიენის” ღირსებას იცავდა და სეზონის შეჯამებისას ის საუკეთესო მცველებს შორის დასახელდა. ჯერჯერობით ზუმას ეროვნულ ნაკრებში არ იწვევენ, თუმცა, ახლო მომავალში საფრანგეთის ნაკრებს სტაბილური და შედეგიანი მცველი რომ ეყოლება, ამაში ეჭვი არავის ეპარება.