რა არის ორი ყველაზე დიდი მანკიერება, რომელშიც ადამიანი ვარდება და რომელი ცოდვით მძიმდებიან ხშირად ეკლესიაში ახალმისული ქრისტიანები
უფალმა მთელ კაცობრიობას ორი მთავარი მცნება მისცა: პირველი – გიყვარდეთ უფალი მთელი გულით, სულით და გონებით და, მეორე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია – გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამ ორ მცნებაზე დგას ადამიანის ზნეობრივი ცხოვრების საფუძველი. ერთია, რომ უფალმა დაგვიდო ცნებები, მაგრამ, მეორეა, როგორ აღვასრულოთ ისინი. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი).
– ამ ორი ცნების აღსრულება, ცხოვრებისეული და სარწმუნოებრივი სიტუაციიდან გამომდინარე, ადამიანისგან გარკვეულწილად მოითხოვს საკუთარი თავის უარყოფას და მსხვერპლის გაღებას, რომელიც თავისთავად არის ღვაწლი. ღვაწლი კი მოითხოვს მტკიცე, ცოცხალ სარწმუნოებას, რის გარეშეც ადამიანის, მით უმეტეს, ქრისტიანის ცხოვრება ვერ წარიმართება. ანუ, ეს ორი მცნება ადამიანს ამზადებს უფალთან ურთიერთობისთვის. რაც მთავარია, ადამიანმა უნდა ისწავლოს მცნებების აღსრულება, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ უფალთან ურთიერთობით, მისი სიყვარულით, ასევე, მოყვასის სიყვარულით არის შესაძლებელი. ამას კი ადამიანი ეკლესიაში სწავლობს, რადგან, მისი ქრისტიანული, ზნეობრივი ცხოვრება შეუძლებელი გახდება, თუ ის არ იქნება დედაეკლესიის, უფლის წიაღში და მის საიდუმლოებებში არ მიიღებს მონაწილეობას. სამწუხაროდ, დღეს და, არა მხოლოდ დღეს, არამედ, უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც მკვიდრდება მოდერნისტული შეხედულება, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფალთან განშორებას.
– თუმცა დღეს ქრისტიანი თვითონ კი არ ერგება ეკლესიურ სწავლებას და მცნებებს, რათა ცხონდეს, გადარჩეს, იყოს ზნეობრივი და რელიგიური, არამედ, პირიქით, საკუთარ ცხოვრებაზე არგებს ეკლესიას, იყენებს იმ პრივილეგიებსა და შეღავათებს, რაც დაუშვებელია.
– ბევრმა შეიძლება, საკუთარ თავში ისიც დაუშვას: მე ისედაც ვცხონდები, არც ეკლესია და უფალი, არც მარხვა და ლოცვა არ მჭირდება ამისთვისო, ანუ, ყველაფერ იმაზე, რაც მას ცხოვრებაში წინ წასწევს, რაც განავითარებს მის სულიერ ცხოვრებას, საკუთარი ნებით ამბობს უარს. ეკლესია – ეს არის საღმრთო გამოცხადება, რომელიც მორწმუნეს ასწავლის ცხონების გზას. მას ქრისტიანი აჰყავს იმ მდგომარეობამდე, იმ სიმაღლემდე, რა მდგომარეობამდეც, არც ერთ რელიგიას, არც ერთ კულტურას არ აუყვანია. ამიტომ, თუ ადამიანი აპირებს გახდეს ქრისტიანი, ან, უკვე არის ქრისტიანი, მაგრამ, ქრისტიანულ ცხოვრებაში არ არის წარმატებული, მან გულისყურით უნდა მოისმინოს სახარება, წმიდა გარდამოცემა.
– ბევრი დადის ეკლესიაში, ლოცულობს, ამბობს, რომ უყვარს ღმერთი, მის მცნებებს იცავს და ასრულებს, მაგრამ, შორს არის მოყვასის სიყვარულისგან, რაც მათ ყველა ქცევაში იგრძნობა.
– ეს პრობლემა არა მხოლოდ არამორწმუნე, არამედ, მორწმუნეებს შორისაც არსებობს. როგორც უკვე აღვნიშნე, უფალი ადამიანს აძლევს პირველ მცნებას – „გიყვარდეს უფალი” და, თავადვე ამახვილებს ყურადღებას მეორე მცნებაზე: ცნება მეორე, მსგავსი ამისა, ანუ, მსგავსი პირველი მცნებისა, რომელიც ავალდებულებს მას, რომ, არა მარტო უფალი უყვარდეს, არამედ, მოყვასიც, რადგან, მხოლოდ უფლის სიყვარული არაფერს ნიშნავს. უფალს ისედაც ყველაფერი აქვს, საკუთარ თავში ისედაც ყველაფერს მოიცავს; მას არც სიხარული სჭირდება, არც დიდება, არც გალობა, ის ყველაფერს საკუთარ თავში იტევს – ნეტარებასაც, სიხარულსაც, სითბოსაც. რა შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, მისმა ბაგეებმა წარმოთქვას, რომ უფალს ეს ყველაფერი არ ჰქონდეს?! ამიტომ, ის იმდენად მოწყალეა, რომ ამ ყველაფერს ჩვენთვის აწესებს: ჯერ გიყვარდე მე და შემდეგ – მოყვასი, რადგან, უფლის სიყვარულის გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს სხვა ადამიანის შეყვარებას, იმიტომ, რომ სიყვარულში ორიენტირი, ჩვენთვის სწორი სიყვარულის მომცემი – უფალია. ამიტომ, თუ უფალი გვიყვარს, სწორად ვუდგებით ამ საკითხს, მაშინ, ადამიანებიც გვიყვარს. ეს ორი მცნება არ გამორიცხავს ღვთისა და ადამიანის სიყვარულს, იმიტომ, რომ, თუ გიყვარს უფალი, მაშინ გიყვარს ადამიანებიც და პირიქით, თუ გულწრფელად გიყვარს შენი მოყვასი, მაშინ ღმერთიც გიყვარს. თუ ან ერთი არ გიყვარს, ან მეორე, ესე იგი, არც ერთი არ გიყვარს. შეიძლება, ვინმემ თქვას, მე კი მიყვარს უფალი, მაგრამ, არ მიყვარს ის მოყვასი, რომელიც მე მჩაგრავს, მდევნის, შეურაცხყოფა მომაყენა; მე კი ვაპატიე, მაგრამ, ვერ შევიყვარებ. თუ გიყვარს, მაშინ, აპატიებ ადამიანს; თუ არ აპატიებ, ესე იგი, არ გიყვარს და მის მიმართ გულში დაგრჩა რაღაც ცუდი. პატიება ნიშნავს იმას, რომ აპატიე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ, საქმითაც და გულითაც; როცა შეგიძლია, არა მხოლოდ გადაეხვიო, მოეფერო და სიცოცხლეც დათმო მისთვის, თუკი საჭირო გახდება – ეს არის სიყვარული და თავგანწირვა, რომელსაც მეორე მცნება მოითხოვს. უფალი გვასწავლის: თუ თქვენ აპატიებთ, უფალიც გაპატიებთ; თუ იქნებით მოწყალენი, ღმერთი თქვენ შეგიწყალებთ; თუ დათმობთ, უფალიც დაივიწყებს თქვენს მრავალ ცოდვას, სულიერ სიმახინჯეს. უფალმა კარგად იცის, როგორი მიმართულება უნდა მისცეს ჩვენს ცხოვრებას ისევ და ისევ ჩვენს გადასარჩენად. ჩვენ, შეიძლება, მოგვეწონოს ეს ან არ მოგვეწონოს, მაგრამ, უფალი მართალია, იმიტომ, რომ მას ჩვენი ცხონება და გადარჩენა შეუძლია.
– რა არის ყველაზე დიდი ვნება, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ცხონებაში?
– ესენია: პატივმოყვარეობა და ამპარტავნება. ადამიანი ჯერ ცდილობს, საკუთარი პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს, ანუ, ცდილობს, ყველაფერში საკუთარი თავი წარმოაჩინოს, გახდეს სხვებისთვის მიბაძვის ობიექტი. ეს, შესაძლოა, ერთი მხრივ, კარგიც იყოს, რადგან, ადამიანი შეიძლება იყოს მორწმუნე, მეცნიერი, წარმოჩინდეს, როგორც ინტელექტუალი, მაგრამ, ძნელია, ამ ყველაფერთან სწორი მიდგომა გამოიჩინოს და ბოლომდე აკონტროლოს თავისი სულიერი ძალები. დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად არ არის ამ ცოდვაში ჩავარდნილი. ჩვენ, მოძღვრები, აღსარებას როცა ვიბარებთ, მოდიან ჩვენთან მორწმუნეები და ხშირად იმეორებენ, რომ სცოდავენ ამპარტავნებით, მაგრამ, ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, ცდილობს, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და შეებრძოლოს საკუთარ თავში ამპარტავნებას – ამ სულიერ დაავადებას, გამოსწორდეს და გახდეს თავმდაბალი. ქრისტიანი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს, აკეთებდეს და ამტკიცებდეს საქმით, რომ მისი ყველა წარმატება და მდგომარეობა უფლის დამსახურებაა, რათა არ ჩავარდეს ამპარტავნებაში. ასეთი რამ ხშირად ემართებათ იმათ, ვინც ეკლესიაში ახალი მოსულები არიან და უფლის საიდუმლოებებში იღებენ მონაწილეობას, მაგრამ, გავა გარკვეული დრო და შემდეგ ისინი იწყებენ სხვების განსწავლას, არადა, ჯერ თავად არ შეუსწავლიათ უფლის გზები ბოლომდე, არ გადაუტანიათ ის სულიერი ბრძოლები, რომლებიც ყველა ქრისტიანმა უნდა გადაიტანოს. სულიერი ბრძოლების გარეშე არ მოხდება ქრისტიანის სულიერი წარმატება, ფერისცვალება. თუმცა, მის მოწადინებაზე, ძალაზე, სურვილზეა დამოკიდებული, როგორ გადალახავს ის ბრძოლებს და როგორ გამოვა ამ მდგომარეობიდან. ამპარტავნება იმაშიც გამოიხატება, რომ სხვას ზემოდან უყურებს. ერთი წმიდა მამა ამბობს: ადამიანი იმ შემთხვევაში შეიძლება, სხვას უყურებდეს ზემოდან, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. როდესაც ადამიანი თავმდაბალი და მორჩილია (თუმცა, ამ შემთხვევაში, მონური მორჩილება არ იგულისხმება), მშვიდია, საკუთარ თავში სიმშვიდეს ატარებს, ესე იგი, მას უფალი უპოვია და მას სხვებიც ეყვარება. პატივმოყვარეს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია; მას არ უყვარს მოყვასი და ამპარტავნება მას დააშორებს უფალთან, ადამიანებთან.
– ხშირად ლოცვის დროს გონება გვეფანტება, აზრები სხვაგან გაგვირბის და ვეღარ ვლოცულობთ, არ ვიცით ლოცვა ისე, როგორც უნდა ვიცოდეთ და ეს უფრო მეტად გვაგდებს სასოწარკვეთილებაში.
– წმიდა მამებმა სიწმიდის, განღმრთობის მდგომარეობას, როდესაც ისინი ლოცვით უკავშირდებოდნენ უფალს, წლებისა და ღვაწლის შედეგად მიაღწიეს. ლოცვითი მდგომარეობის რამდენიმე საფეხური არსებობს და ამას ვარჯიშით და საკუთარი თავისთვის ძალდატანებით უნდა მივაღწიოთ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლოცვის ნიჭი ყველას ერთნაირად არ მიემადლება. ამიტომ, თუ ვინმე ვერ ლოცულობს კარგად, მან უნდა დაიწყოს ლოცვის სწავლა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა აკეთოს, რაც უფრო კარგად გამოსდის, რადგან, სულიწმიდისგან ყველას სხვადასხვა ნიჭი აქვს მიმადლებული. ადამიანს უფალმა ყველაფერი მისცა, რაც სჭირდებოდა, მაგრამ, როდესაც ის დაშორდა ღმერთს, თვითონ მოიგონა ისეთი რაღაცეები, რაც მის ცხოვრებაში მრავალი შფოთის მიზეზი ხდება. ხშირად ამ ყველაფერს ვერ აღწევს, რაც მასში შინაგან კონფლიქტს იწვევს – „მინდასა” და „შემიძლიას” შორის და, ამ დროს, როდესაც ის ვერ იღებს იმას, რაც უნდა, ეწყება სულიერი ბრძოლა. სულიერი ბრძოლა კი სხვა არაფერია, თუ არა სულიერ ძალების არასწორად წარმართვა. როდესაც ადამიანი რამე ცოდვაშია ჩავარდნილი, აუცილებლად უნდა შეებრძოლოს, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. ქრისტიანმა უნდა ისწავლოს ყველა იმ ცოდვასთან და განზრახვასთან ბრძოლა, რაც მის სულს აღაშფოთებს. მაგრამ, თუ ჩვენ ყველა ვნებასა და მიდრეკილებას არ დავამსხვრევთ იმ ქვაზე, რომელსაც ქრისტე ჰქვია, მარტო ვერ შევძლებთ ამ ყველაფრის გადალახვას, რადგან, ჩვენ მაცხოვრით გადავრჩებით და მისი დახმარებით შევძლებთ, გადავლახოთ ის სირთულეები, მოვიშოროთ მაცდური აზრები, რომლებიც მეტად გვაგდებს ცოდვაში.