მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ხშირად გამიგია, რომ ეკლესიაში სანთელი შენი საკუთარი ფულით უნდა იყიდო და დაანთო, ისე ღმერთი არ შეიწირავსო, ეს რამდენად მართალია?
პასუხი: სამწუხაროდ, ხშირად მეორეხარისხოვანს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე მთავარს. მაგალითად, ყურადღებას აქცევენ სანთლების რაოდენობას, საკუთარი ფულით მათ შეძენას, ბოლომდე ჩაწვას სასანთლეში და ასე შემდეგ. უნდა გახსოვდეთ, რომ მთავრია, საკუთარი ცოდვების სინანულით მიტანა ღვთის სამსჯავროზე, სხვა დანარჩენი კი ცრურწმენებია.
კითხვა: სამწუხაროდ, ნდობა დავკარგე ჩემი მოძღვრის მიმართ. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მოძღვარზე უარის თქმა ცოდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არის, თუ დარწმუნდებით, რომ მას არ მიჰყავხართ ქრისტესთან – თუკი მისი სწავლება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას და უფლის მცნებებს, ან პიროვნულად ვერ იხსნებით მასთან აღსარებისას. ასეთ დროს შეგიძლიათ, დამშვიდებული სინდისით მიმართოთ სხვა მოძღვარს. უმჯობესია, თუ კურთხევას აიღებთ ყოფილი მოძღვრისგან. რაც მთავარია, ეს არ უნდა გახდეს ეკლესიის მიტოვების საფუძველი.
კითხვა: ითვლება თუ არა ცოდვად დაფეხმძიმება მომავალი მეუღლისგან ჯვრისწერამდე?
პასუხი: ეს საქციელი ცოდვად ითვლება, რომელიც აღსარებით უნდა მოინანიოთ. ჯვრისწერამდე ინტიმური ურთიერთობა ცოდვაა და წყვილებმა ამას უნდა მიაქციონ ყურადღება.
კითხვა: შეიძლება თუ არა ნათლობის პირსახოცის გამოყენება თუ ხელუხლებლად უნდა შევინახოთ?
პასუხი: ნათლობის პირსახოცი ხელუხლებლად შეინახეთ, რადგან მასზე მირონია შეწმენდილი.