ხდება თუ არა ცოლის მორჩილი ხასიათი მისი წარუმატებლობისა და უიღბლობის მიზეზი
სტერეოტიპი, რომ ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს, დღესაც ძალიან აქტუალურია და მამაკაცების უმრავლესობა სიამოვნებით იყოლიებდა ასეთ მეუღლეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალის მორჩილება კაცისთვის სერიოზული კომფორტია. თუმცა, არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, ან შეიძლება, მოგეჩვენოთ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ნებაყოფლობითი მორჩილების შემთხვევაშიც კი, ქალს სერიოზული დისკომფორტი ექმნება. რაც, რაღაც პერიოდის შემდეგ მას ხასიათს მთლიანად უცვლის, რა თქმა უნდა, უარესობისკენ. უგროვდება აგრესია, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად პოულობს გამოსავალს და საკმაო პრობლემებს უქმნის როგორც მას, ასევე მისი ოჯახის წევრებსაც.
ლილიანა (31 წლის): ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ერთმანეთის პატივისცემა საერთოდ არ იყო მიღებული. დედაჩემი მამაჩემს არაფრად აგდებდა. ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა, გაოგნებული ვიყავი, როგორ ითმენდა ამ ყველაფერს მამაჩემი. ასევე, ხშირად იმეორებდა, სახლიც და ოჯახიც ჩემს კისერზეა, მე რომ არ ვიყო, ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. რა გეშველებათ, თქვე უბედურებო, მამათქვენი ხომ მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს, იმის უნარიც არა აქვს, თქვენზე ელემენტარულად იზრუნოსო. მოკლედ, ხან ვბრაზობდი მამამაჩემზე, ხან მეცოდებოდა. დედაჩემი დილიდან იწყებდა მამასთან ჩხუბს და ყველა მისი ნაკლის ჩამოთვლას. საკმარისი იყო, რაღაც ისე ვერ გაეკეთებინა, რომ მასშტაბური სკანდალი გამოწერილი ჰქონდა. ჯერ მიკვირდა, რატომ ცხოვრობს ასეთ ქალთან-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, მართლა ძალიან დამოკიდებული იყო დედაჩემზე. მხოლოდ ერთი-ორჯერ გასცა პასუხი და მგონი, ისიც ინანა. როცა გავიზარდე, გავიგე, რომ მამაჩემს მთელი ცხოვრება ჰყავდა სხვა ქალი. ეს სიჩუმე მისი ტაქტიკა იყო. მომგებიანი და მისთვის სასარგებლო.
– იმიტომაც გადაწყვიტეთ, რომ თქვენ მორჩილი ცოლი უნდა ყოფილიყავით?
– გადავწყვიტე – ასე არ ყოფილა. უბრალოდ, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ჩემი ოჯახი სკანდალების გარეშე იქნებოდა – მშვიდი და ბედნიერი. სურვილი მქონდა, ქმრის პრიორიტეტულობა მეღიარებინა. მისი ძლიერი მხრის მფარველობის ქვეშ ვყოფილიყავი უპრეტენზიოდ შეფარებული. არ ვარ იმ ტიპის ქალი, პირველობა რომ უნდათ. მგონი, არც ისე ბევრია ისეთი ქალი, პირველობა რომ უნდოდეს. არიან, თუმცა, შეიძლება, ეს სურვილი მოგვიანებით უჩნდებათ, კაცის უნიათობით გამწარებულებს. სამწუხაროდ, სწორედ ეს რეალობა გვაქვს და არ გვინდა, დავინახოთ.
– დედათქვენი რატომ არ ეყრებოდა ასეთ უვარგის ქმარს?
– სიმართლე გითხრათ, ზუსტი პასუხი არ მაქვს. ვფიქრობ, არ უნდოდა, განქორწინებულის სტატუსი ჰქონოდა. თორემ, ნამდვილად არაფერში სჭირდებოდა. კარგი შემოსავალიც ჰქონდა და არც სუსტი ქალი იყო. გულახდილად რომ გითხრათ, მერჩივნა, გაცილებოდნენ ერთმანეთს, იმდენად მძიმე საყურებელი იყო მათი ურთიერთობა. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ასეთი ოჯახი მე არასოდეს მექნებოდა. ანუ, იმაში, თუ როგორ აეწყო ჩემი ცხოვრება მომავალში, ლომის წილი ჩემი მშობლების ურთიერთობას მიუძღვის.
– შეიძლებოდა, სხვაგვარად ყოფილიყო ყველაფერი?
– იცით, ახლა დარწმუნებით რამის თქმა ძნელია, თუმცა ვფიქრობ, რომ – კი. საკმაოდ ადრე გავთხოვდი. მინდოდა, მალე დამეღწია თავი იმ ჯოჯოხეთისთვის, რომელიც ოჯახში მქონდა. მაგრამ, ეს ძალიან ცუდი გამოსავალი იყო, რადგან არ ვიყავი მზად ცოლქმრული ურთიერთობისთვის. არ მქონდა არც ნაფიქრი და არც გააზრებული, როგორი უნდა ყოფილიყო ის. ჩემი მშობლების მსგავსი რომ არ მინდოდა, მხოლოდ ამაში ვიყავი დარწმუნებული. ამიტომაც, ეს ჩემი შეცდომა იყო, როცა პრიორიტეტი მორჩილებას მივანიჭე. დედაჩემი კი მარიგებდა, ქმარი მაგრად უნდა გეჭიროს ხელში და გასაქანი არ მისცე, თუ თავი აიშვა, მერე ყველაფერს გაკადრებსო. მაგრამ, მე არ ვეთანხმებოდი და სულ ვჩხუბობდით ამაზე. მამაკაცი უნდა იყოს ოჯახში უფროსი-მეთქი, ვამბობდი და დამცინოდა. მაგ ლოგიკით, ძალიან ცუდად დაამთავრებო. გადავწყვიტე, დედაჩემი სულ უფრო იშვიათად მენახა. პირველი წელი ყველაფერი კარგად იყო... პრინციპში, მეორეც... მაქსიმალურად ვცდილობდი, ქმართან კონფლიქტი არ მქონოდა. ყველაფერზე ვეთანხმებოდი და ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მას უნდოდა. მართლა ძალიან მორჩილი ცოლი ვიყავი. საკუთარი თავი დავივიწყე და მისით ვცხოვრობდი. არ მიჭირდა, იმიტომ, რომ მიმაჩნდა, სწორად ვიქცეოდი. მაგრამ, ნელ-ნელა ჩემი ქმარი შეიცვალა... რაც მეტს ვუკეთებდი, უფრო მეტად უკმაყოფილო იყო. სახლში ერთპიროვნულ ლიდერად იქცა და ამით ტკბებოდა. არასდროს ვეკამათებოდი, არ ვაწყვეტინებდი ლაპარაკს, არ ვახვევდი თავზე ჩემს აზრს... ეს მისთვის სრული კომფორტი გახლდათ. მეგობრებში ტრაბახობდა, ჩემზე მორჩილი ცოლი არავის ჰყავსო. მე, ყველას, ჩემს მეგობრებს ვგულისხმობ, ვეუბნებოდი იმას, რომ ქალმა ქმარზე ხმა არ უნდა აიმაღლოს, არ უნდა გალანძღოს და არ უნდა დაამციროს-მეთქი.
– თქვენი მეგობრებიც არ გეთანხმებოდნენ?
– არა, რა თქმა უნდა. ეღიმებოდათ. კაცს არც უნდა ენდო და არც მორჩილება ანახვოო. მერე დაუსჯელობის სინდრომი უჩნდებათ და ყველაფერზე მიდიანო. თუმცა, მე მიხაროდა ასეთი ურთიერთობა რომ მქონდა ქმართან. თავიდან ანგელოზს მეძახდა და მეფერებოდა. იდეალური ხარო – ეს ძალიან დიდი სტიმული იყო... მერე კი... ჩემმა ქმარმა აიშვა... საკმარისი იყო, უმნიშვნელოდ დაგვიანებულიყო მისი განკარგულების შესრულება, სკანდალს ტეხდა. ანგელოზს აღარ მეძახდა და სულ ბუზღუნებდა: ქალს ორი-სამი თავი სადილი როგორ არ უნდა ჰქონდეს სახლშიო. სამსახურიდან მოსვლას აგვიანებდა და მიზეზს არც მეუბნებოდა – ამის ღირსად არ მიმიჩნევდა. ჩემში პიროვნებას ვეღარ ხედავდა, მით უმეტეს, ანგარიშგასაწევ პიროვნებას. დარწმუნებული იყო, არასოდეს, არაფერზე გავუწევდი წინააღმდეგობას.
– ანუ, თქვენ გიჭირდათ მორჩილება. ეს არ იყო ბუნებრივი თქვენი მხრიდან, ხომ ასეა?
– რა თქმა უნდა, შეიძლება, ვინმეს ჰგონია, მორჩილება, მით უმეტეს, მორჩილი ცოლობა, ადვილია. ღმერთმა იცის, რის ფასად მიჯდებოდა ზოგჯერ გაჩუმება.
– რატომ იწვალებდით თავს?
– იმიტომ რომ, მშვიდი, ბედნიერი ცხოვრება მინდოდა. ახლა ეს ყველაფერი პარადოქსულად ჟღერს. თუმცა, შეიძლება, არსებობენ ისეთი კაცებიც, რომელთაც ცოლის მორჩილება თავში არ უვარდებათ და მერე დიქტატორობის სურვილი არ უჩნდებათ. სამწუხაროდ, ჩემი ქმარი არ გამოდგა ასეთი... უკვე მიჭირდა, მის მბრძანებლურ ტონთან შეგუება. ყველაფერს ერთპიროვნულად წყვეტდა. იმასაც კი, რა უნდა ჩამეცვა და როგორი ვარცხნილობა მქონოდა. მეგობრის დაბადების დღეზე არ გამიშვა და არც ამაზე მითქვამს რამე. უამრავი წყენა „ჩავყლაპე“... თუმცა ვხვდებოდი, თუ ერთხელ ვეღარ გავუძლებდი და ამოვხეთქავდი, მერე ისევ მორჩილი ცოლის „ტყავში“ დაბრუნება, შეუძლებელი იქნებოდა. ერთ საღამოს, ზუსტად ორი წლის წინ ხდება ეს ამბავი – ჩემი ქმარი ცოტა დაძაბული და ჩაფიქრებული მომეჩვენა. ადამიანი რაღაც ძალიან სერიოზული საუბრისთვის რომ ემზადება, ისეთი. უცებ გადაწყვიტა და მეუბნება: ცოტა ხანი ცალ-ცალკე უნდა ვიცხოვროთ. მგონი, ჩვენ ერთმანეთისგან დავიღალეთ, ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად დავიღალე. შენ ჭკვიანი ქალი ხარ და ხმის ამოუღებლად დამთანხმდები ამაზეო. მეგონა, მეხი ჩამოვარდა და თავზე დამეცა. გამიკვირდა, რომ ძლიერი გრუხუნის ხმა ვერ გავიგონე. რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ამ ამბავში მესამე იყო გარეული... ენა ძლივს მოვიბრუნე და ვკითხე: რითია ის ჩემზე უკეთესი. მე ხომ იდეალური და მორჩილი ცოლი ვიყავი-მეთქი. სწორედ მაგან დამღალა. ჩემთვის ძალიან უინტერესო გახდიო. მეც არ ვიცი, როგორ მოვიქნიე ხელი და საშინელი სილა გავაწანი. აი, რით დამიფასა მორჩილება. ვიბრძოდი იმისთვის, ჩემი აზრი და სურვილები ჩამეკლა, რომ ქმრისთვის მესიამოვნებინა და უცებ ეს ყველაფერი ბუმერანგად შემომიბრუნდა უკან. მე ვყოფილვარ „მკვდარი სული“, უინტერესო, უფერული არსება, რომელიც არსებობს თუ არა, ესეც კი გაუგებარია... იმიტომ რომ, საკუთარი აზრი არ გამაჩნია და ჩემთან შეუძლებელია რაიმეზე ლაპარაკი, კამათი... ძაღლივით შევციცინებ ქმარს თვალებში და ყველაფერს ვპატიობ... რაც ამ წლების განმავლობაში ბოღმა და აგრესია დამიგროვდა, ყველაფრის პატიება შემიძლია. ისეთი „ჩავუტარე“, გაშტერებული მიყურებდა. ცოცხალი ემოციები სჭირდებოდა და მიიღო. გავაოგნე. სულ სხვა ქალი დაინახა.
– მოეწონა?
– კი. მითხრა, სულ ამას ველოდი შენგან ამ წლების განმავლობაშიო... და აღარსად წასულა. ორივე შევთანხმდით, რომ ერთმანეთს კიდევ ერთ შანსს მივცემდით. ახლა აღარ ვთამაშობ მორჩილი ცოლის როლს. ყველაფერი ყირამალა დავაყენე და უკვე იმას ვაკეთებ, რაც მართლა მინდა. კამათი, ჩხუბი, ხმამაღალი ლაპარაკი გაგვიხშირდა. მაგრამ, ეს პრობლემა არ არის. დედაჩემი, რაღაც დოზით, მართალი ყოფილა. არ სჭირდებათ კაცებს მორჩილი ცოლები – ეს რეალობაა!