არასტანდარტულად დაახლოებულები
„კოლექტივო, მხარი – მხარს“
მართალია, ჩვენ უკვე დავადგინეთ დოკუმენტზე ხელმომწერის ვინაობა, თუმცა ევროკავშირელმა პრეზიდენტმა ჯოზე მანუელ ბაროზომ მხოლოდ იმით გვანუგეშა, რომ ამ ეტაპზე „საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ შევთავაზებთ, მაგრამ მაქსიმალურ დაახლოებას ვთავაზობთო“.
ზედაც, დაგვაიმედა, რომ ეს ასოცირება არ არის სტანდარტული დოკუმენტი (მაგრამ, როგორც ოკუპანტები იტყოდნენ: „ი ტო ხლებ“) და საშუალებას მოგცემთ, სრულად ჩავწვდეთ ევროპულ ბაზარს, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში (ყველაზე დიდისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, იქ რომ ყველაზე მდიდარი მყიდველები ცხოვრობენ, ამას წყალი არ გაუვა!).
იქვე შეგვახსენა, რომ ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული (მომყავს ციტატა): „ვინაიდან ეს, ასევე, გულისხმობს თქვენი ეკონომიკის მოდერნიზაციას, რომ თქვენი კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ“.
ჩვენი ევროკავშირელი მეგობრები პირობას გვაძლევენ, რომ ასოცირების წყალობით, მხარდამხარ ვიდგებით, ოღონდ, პროგნოზებისგან თავს იკავებენ (ვერც გაამტყუნებ, პროგნოზები უმადური საქმეა) და გვამუნათებენ, კონკრეტულ თარიღებზე ნუ დავხურდავდებითო (ჩვენ ამას არც ვაპირებთ, რამეთუ წრეგადასულად კეთილშობილები ვბრძანდებით).
ამის პარალელურად, ჩვენი ხელისუფლება კიდევ ერთხელ იმეორებს ჩრდილოური ყურებისთვის, რომ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუმცა არც რუსეთია უქმად და 26 მაისისთვის რუსულ ბაზარს ქართულ ხილ-ბოსტნეულსაც უხსნის. ჩვენ არ ვიცით (უკრაინის მწარე მაგალითის გათვალისწინებით), ვინ ვის გადასძალავს, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ, როგორც წესი, დიდთა ჭიდაობა პატარებს გვაზარალებს.