ჩაგრულები
კარგად ცხოვრების გემო
ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 54 მილიონ 695 ათასი ლარი იქნება (2014 წელთან შედარებით, 2 მილიონ 604 ათასი ლარით მეტი). ეს მატება კი იმისთვისაა აუცილებელი, რომ ხალხის რჩეულებს შრომითი ანაზღაურება გაეზარდოთ და ავტოპარკიც განუახლდეთ.
მთავრობას ამ მონაცემის შემცირების უფლება არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველს შეუძლია, მშვიდად იყოს, მათ რჩეულებს ახალი ავტოებიც ეყოლებათ და ფინანსურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებენ, მთლად როკფელერებივით ვერა, მაგრამ ამ გაჭირვებულ ყოფაში, დამეთანხმებით, 2 მილიონ 600 ათასი ლარიც საქმეა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ განგვიმარტა, რომ მომავალი წლისათვის პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდა იგეგმება, რამეთუ, მისი თქმით, „ყველაზე დაბალი შრომითი ანაზღაურება, სამწუხაროდ, პარლამენტშია („დაიწო ჯიგარი“ – )“. თუმცა ამ თანხიდან კონკრეტულად 368 ათას ლარს არაფინანსური აქტივების ზრდაზე მიმართავენ.
მეტიც, საავტომობილო პარკის შეცვლა წელს ყოფილა დაგეგმილი, მაგრამ, ვინაიდან თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის რეაბილიტაციამ დაგეგმილზე მეტი სამუშაო მოითხოვა, წელს ავტოპარკინგის განახლებისთვის თანხები აღარ რჩებათ, ამიტომაც ვერ განაახლეს და კვლავ ძველი ავტოებით დასრიალებენ. ბ-ნი ებანოიძე იმასაც დასძენს, რომ „პარლამენტის საავტომობილო პარკი მეტად მძიმე მდგომარეობაშია“.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ავტოპარკის მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს 3-5 წლის ასაკის ავტომანქანები (ნახევარზე მეტი 20-ზე მეტი ასაკისაა) და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო დაწესებულებებზე მოდის, მე ვერ გეტყვით, რას ნიშნავს სახელდობრ ბ-ნი ებანოიძისთვის „მძიმე მდგომარეობა“, თუმცა იმის თქმა კი დანამდვილებით შემიძლია, რომ იქ, მაღლა, საკანონმდებლო ორგანოში, იციან კარგად ცხოვრების გემო!