„შინ – მამაცი, გარეთ – მხდალი“
დარღვეული გენდერული ბალანსი
კარგა ხანია, ვიცით, რომ, სხვადასხვა კვლევით, ამ ჩვენს თითქოს ქალთა პატივისმცემელ საზოგადოებაში გამოკითხულთა მესამედი მიიჩნევს, რომ ქმარმა ან პარტნიორმა ქალი კიდეც უნდა სცემოს, თუ ეს უკანასკნელი არაჯეროვნად იქცევა. არაჯეროვან ქცევაში კი ყველაფერი იგულისხმება: საჭმლის დაწვით დაწყებული და შვილებისადმი უყურადღებობით დასრულებული. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ვერსიას გამოკითხული ქალებიც იზიარებდნენ.
თუმცა აღმოჩნდა, რომ საქმე მთლად საქილიკოდაც არ გვქონია, რადგან, შსს-ს ინფორმაციით, 2013 წელს ამ ჩვენს ქვეყანაში 21 ქალი მოუკლავთ, მათ შორის, 8 – ქმარს გამოუსალმებია სიცოცხლისთვის. დამაიმედებლად არც 2014 წელი დაწყებულა: ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის უკვე სამი შემთხვევაა აღნუსხული.
მომხდარს ომბუდსმენიც გამოეხმაურა და შს მინისტრს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საგანგებო სტრატეგია, რომელიც ყველაფერთან ერთად მაქსიმალურად მოახდენს მსგავსი დანაშაულების პრევენციას.
ხოლო, თუ 2006 წელს პარლამენტართა ქილიკს (მე ვიტყოდი, ღრეჯას) გავიხსენებთ, როდესაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართულ კანონს იღებდა, დამდგარი (ქმრების მიერ ცოლების მკვლელობის შემთხვევების გახშირება) სავსებით ლოგიკური და ადეკვატური შედეგია.
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერჯერობით ცოლის მიერ ქმრის მკვლელობის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა, რაც ნიშნავს, რომ გენდერული ბალანსი, ამ კუთხითაც დარღვეულია, აშკარაა: ან სახელმწიფომ ამ დანაშაულის პრევენცია უნდა მოახერხოს, ან ქალებმა ამ სფეროში დარღვეული გენდერული ბალანსი საკუთარი ძალებით აღვადგინოთ.