დაგინების ფასი
პარტია არის ჩემი დამპურებელი
ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ, თავის დროზე, აი, მაშინ, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ქუხდა და მისი შიშით ცაში არწივს ვერ გაენავარდა, მიწის ქვეშ კი ჭიანჭველა ვერ გატოკებულიყო, სკოლები და, განსაკუთრებით, საბავშვო ბაღები, კოორდინატორთა ერთგვარი სავანე იყო.
თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, მათი დიდი ნაწილი კვლავაც დამპურებელი პარტიის ერთგულია, ხოლო, თუ „ალიას“ ვერწმუნებით, თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას ერთ-ერთ რესტორანში, შეკრების დროს (უკაცრავად პასუხია და) დაუგინია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკა მელიას მოაგებინებს.
ეს ამბავი დიღმის ტრასაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მომხდარა („დახურესო“). არც ისაა გამორიცხული, ამ ისტორიაში სიმართლის მარცვალიც ერიოს, ვინაიდან რესტორნებში სერობა ოდესღაც „ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათი იყო: მოფარებულში თვით ჟურნალისტებსაც კი უმასპინძლდებოდნენ, არათუ საკუთარ სამწყსო-მაცოცხლებელ კოორდინატორებს.
ჩვენ, რასაკვირველია, თავს ვერ დავდებთ, მართლაც (უკაცრავად პასუხია და) დაიგინა თუ არა ამხელა ქალაქის (და მერე რა, რომ ყოფილმა მერმა), თუმცა დაგინების როლი ერთობ საინტერესოდ ჩაეწერებოდა ქართულ პოლიტცხოვრებაში.
ჩაეწერებოდა იმის გათვალისწინებით, რომ, რაკი ჩვენებური პოლიტიკოსები დაპირებების შესრულების მაინცდამაინც მაღალი მაჩვენებლით არ გამოირჩევიან, თუ არჩევნებამდე წინასაარჩევნო პროგრამებზე დავაგინებინებდით, იმით მაინც დავიმშვიდებდით გულს, რომ მეორე არჩევნების თავს „შეეწერებოდათ“?! –