კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აჩუქა ბორია-ლენინს „ცეკას“ მდივანმა ბინა

თბილისს არასდროს დაავიწყდება უდავოდ ნიჭიერი, ყველასათვის საყვარელი კოლორიტი, ცხონებული ბორის წიფურია. იუმორით დაჯილდოებული ეს საოცარი პიროვნება, ასე ვთქვათ, „უსასტიკესი“ მოხერხებით გამოირჩეოდა. ქართველები ამ თვისებას „შანს-მარიფათს“ ვეძახით, მიუხედავად იმისა, რომ „შანს-მარიფათი” არაქართულია – ბორია ამას არ დაგიდევდათ.

ბორიას ბიძა, – მიშა ღვინჯილია, „ცეკას“  მდივნის კარგი მეგობარი გახლდათ. ერთხელ ბორიამ სთხოვა, ეშუამდგომლა მეგობართან და ბინა ეთხოვა მისთვის. ბორია მაშინ დედ-მამასთან ცხოვრობდა კუკიაზე, პატარა ბინაში.

მაშინდელმა „ცეკას“ მდივანმა, შოთა ჭანუყვაძემ, დაიბარა ბორია და ეკითხება:

– რაო, ბინა გინდა, ბიძიკო?

– გულით! – არ დამალა ბორიამ (არიქა, დაიძრა, მგონი, საქმეო).

– ცოლის შერთვას ხომ არ აპირებ, ბიძიკო?

– უბინაობას რა ვუთხრა, თორემ, ცოლის შერთვას რა უნდა, სიგრძე-სიგანეს დამიწუნებენ თუ სწავლა-განათლებას?

– ჩემო ბორია, – დაარიგა ჭანუყვაძემ, – ხომ გაგიგია, „მოყვარული ცოლ-ქმარი თოხის ტარზე დაეტევაო.“

ბორია რის ბორია იყო, დაბნეულიყო და კითხვას კითხვა შეაგება:

– თბილისში რამდენი მოყვარული ცოლ-ქმარი იქნება, შოთა ბატონო?

– რა ვიცი, შე კაცო, – დაიბნა შოთა, – რამდენიც გაგიხარდება, იმდენი.

– რა ვიცი, ბატონო, დავდივარ ჩემი დღე და მოსწრება თბილისის ქუჩებში და, ჯერ არც თოხი დამინახავს და არც თოხის ტარზე მცხოვრები ცოლ-ქმარი.

– ჰო, კაი, ვნახოთ... ვნახოთ, – შერცხვა შოთას.

ორი საათია, ველაპარაკები და, ახლა მეუბნება – „ვნახოთ, ვნახოთო“, – გადაირია ბორია.

– რა გითხრა, ბიჭო? – ეკითხება კაბინეტიდან გამოსულს მეგობარი, კუკურა მეფარიძე.

– თოხის ტარზე იცხოვრეთო... მაგი რო ახალმოყვანილ ცოლს ვუთხრა, ხო მხეთქა თოხი თავში და მართალიც იქნება!

– რაო?! თოხის ტარზეო?!

– ჰო. ვნახოთ... გამოიარეო.

გაიარა ორმა თვემ და მიაკითხა წიფურიამ ისევ.

– ცოლის მოყვანა მინდა, ბატონო შოთა და, ბინა... არ მაქვს, რა...

შოთას დავიწყებოდა და ტრაფარეტულად უპასუხა.

– მოყვარული ცოლ-ქმარი ხის კენწეროზე იცხოვრებს, რო იცოდე შენ...

ბორიამ ფანჯრიდან გაიხედა.

ჩიტები საამოდ ჟღურტულებდნენ ჭადრის ხეზე და ერთმანეთს ასკინტლავდნენ.

უსიამოვნოდ გააჟრჟოლა მსახიობს:

– ამათსავით ვასკლინტოთ მერე ერთმანეთს, ბატონო შოთა?

– გამოიარე ერთ-ორ თვეში.

ასე იყო (ვითომ ახლა უკეთესადაა) კომუნისტური რეჟიმის დროს – ბიუროკრატია იყო (ვითომ ახლა არაა) მაღალ რეგისტრში და ასე იყოლიებდნენ (ვითომ ახლა არა) მთხოვნელებს. მოკლედ, გაწამდა და გაწვალდა ცოლის შესართავად გამზადებულ-გახაზირებული ჩვენი ბორია, მაგრამ, საშველი არსაიდან ჩანდა.

არ ჩანდა და, ჯინა-ჯიბრში ჩაუდგა ჭანუყვაძეს: „რომ მივალ და მივალ, მერე რომ მეტყვის, მერე მოდიო და, კიდევ რომ მივალ და, მერე, კიდო მოდიო... აღარ მობეზრდება?..“

და, ერთ თვეში კიდევ მივიდა.

მოსაცდელში ზის და ჭანუყვაძის კაბინეტიდან ბუხუტი ზაქარიაძე გამოდის.

– რამ შეგაწუხათ, ბატონო ბუხუტი? – მოესიყვარულა ეს, ბორია.

– ა, ბოშო, აგერ ვიყავი მე, შოთა ჭანუყვაძესთან, ჩემ მიერ შესრულებული სტალინის როლის სურათი ვაჩუქე ავტოგრაფით და ბინა გამომიყო.

ბორიას ბოლო სიტყვა თან გაჰყვა – სასწრაფოდ ჩაირბინა კიბეები და ქუჩაში გავარდა.  

ერთ დროს ლენინის როლი ჰქონდა ბორიას შესრულებული. მივარდა სახლში, გაიკეთა ლენინის გრიმ-პარიკები და ტაქსით მივარდა ჭანუყვაძესთან.

– თქვენ... ვინ... ბრძანდ... სად მიდ... – დაიბნა მდივანი.

– ლენინი ვარ მე და ჭანუყვაძესთან შემიშვით ახლავე, – მოითხოვა ლენინ-წიფურიამ.

– ბატონ შოთას არ სცალია, დაელოდეთ, – თვალები დაუელამდა მდივანს.

– ხოხ! – გადაირია ბორია-ლენინი, – რა გამოდის ახლა, თქვენი აზრით და გონებით? ამხელა სოციალისტური რევოლუცია მოვახდინე, ამხელა გემზე, „ავრორაზე“, ქვემეხი მე დავაქუხე და თქვენ, ვიღაც მოკვდავი... ხო, რა გქვია, გოგო?

– შორენა.

– ხო, შორენა, – მე მიკრძალავთ შოთასთან შესვლას? ჰგავს ეს რამეს?

შორენა ყოფილი პიონერი და მოგვიანებით – კომკავშირელი იყო და ცაიტნოტში აღმოჩნდა:

– ამხანაგო ლენინ, თქვენ ცოცხალი ხართ?

– აბა, რა მიგავს მკვდარს, გოგო, მე? – გადაირია და რა გადაირია ეს – ბორია-ლენინი.

– შებრძანდით, ბატონო.

აქეთ რომ შორენა მდივანია სასწაულ მდგომარეობაში, „ლენინის” დანახვაზე შოთა ჭანუყვაძე სულ გაგიჟდა. ჯერ პირჯვარი გადაისახა, მერე – თფუიო! (ლენინს პირჯვარი არ მოეწონებაო) და ჩაესვენა სავარძელში.

– გისმენთ, ვლადიმერ ილიჩ!

– მე ბორია ვარ, ბატონო შოთა, არ შეშინდეთ ახლა, – ამშვიდებს გონების დაკარგვამდე მისულ კაცს ბორია, – ის ბორია ვარ, ამას წინათ ბინა რომ გთხოვეთ, – ბორია, ბორია...

სავარძელში მისვენებულ კაცს ნელ-ნელა დაუბრუნდა გონი და აზროვნება. სასწრაფოდ აიღო ტელეფონი და აღმასკომში (ახლა – „მერია“) რეკავს:

– რეზო ხარ? რეზო, თუ კაცი ხარ, სასწრაფოდ მჭირდება ერთი ბინა. გამომიყავი, თუ ძმა ხარ... ვისთვის? რა ვისთვის, შე ოხერო! ლენინია მოსული, ლენინი... რომელი და, ვლადიმერ ილიჩი, ლენინი! გეიგე ახლა?!

– ...

– არ ვიცი არაფერი! არაფერი მაინტერესებს! სასწრაფოდ გამოუყავი ერთი კაი ბინა, სანამ ძერჟინსკი არ მოუყვანია, თუ არა...

ბორიას მეორე დღესვე მისცეს ბინა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. 

 

скачать dle 11.3