რა დატვირთვა ჰქონდა ფიცს ქართულ სამართალში და როგორ უსწორდებოდნენ მის მიხედვით ქურდებს
საქართველოს ტრადიციული ყოფა იცნობს ჩვეულებითი სამართლის რამდენიმე ვარიაციას, მაგალითად, ფშაურ სამართალს, ხევსურულ სამართალს, სვანურ სამართალს და სხვა. ჩვეულებითი სამართლის მრავალი წესი შემორჩა ჩვენს დღევანდელობას წარსულიდან. ერთ-ერთია ფიცის დადების წესი. ქართული ჩვეულებითი სამართლის ტრადიციებსა და ფიცის აქტზე ვისაუბრებთ ისტორიის დოქტორთან, პროფესორ როზეტა გუჯეჯიანთან ერთად.
როზეტა გუჯეჯიანი: ფიცი ქართული სამართლის ნაწილია. ქართული სამართალი ჩვეულებითი სამართლის სახით არსებობს საქართველოში 1801 წლიდან. ის ამოქმედდა მას შემდეგ, რაც რუსეთი იპყრობს საქართველოს და აუქმებს ქართულ სახელმწიფო სამართალს.
ქართული სახელმწიფო სამართალი უძველესი ტრადიციების მქონეა. პირველი დოკუმენტი, რომელიც ქართული სამართლის შესახებ მოგვეპოვება, სწორედ ფიცზე გვესაუბრება. ეს არის ბექა აღბუღას სამართლის წიგნში ჩადებული ძველი სამართლის ფრაგმენტი, რომელშიც საუბარია ხატის ნაბანი წყლით შესრულებულ ფიცზე. თავისთავად, ეს ფაქტი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ, მოგვითხრობს, ჩვენს დროშიც კი ცოცხალი ტრადიციის, ხატის ნაბანი წყლით ფიცის დადების შესახებ. ამ ტრადიციის უძველეს წარმომავლობაზე, და კიდევ იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის, რაც დღეს ყოფაში ჩვეულებითი, ხალხური სამართლის სახით არის შემორჩენილი, ოდესღაც ქართული სახელმწიფო სამართლის ნაწილი ყოფილა.
ქართული სახელმწიფო სამართალი თანაარსებობდა საეკლესიო სამართალთან ერთად, ანუ სამართლებრივი განსჯა ხდებოდა სახელმწიფო სამართლითაც, მაგრამ დამნაშავეს ეკისრებოდა სასულიერო სასჯელიც. ეს გამოიხატებოდა, მაგალითად, ზიარების გარკვეული დროით აღკვეთით, საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობის აღკვეთით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი, სრული მოკვეთითაც ეკლესიიდან და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რაც უკვე აღარ არსებობდა ქართული სახელმწიფო, ბუნებრივია, რუსეთის იმპერიამ ქართული სახელმწიფო სამართალიც გააუქმა, რომლის ბოლო კოდექსები ვახტანგ მეექვსის მიერ ჩატარებული რევიზიების შედეგად, ვახტანგ მეექვსის სამართლით არის ცნობილი. აქტიურდება ქართული ჩვეულებითი სამართალი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქართველ მთიელებში. მთაში ამოქმედდა სამართლის ეროვნული ფორმები – ტრანსფორმირებული, ხალხური ელფერით შემოსილი, მაგრამ ძველი ქართული სახელმწიფო სამართლის გაგრძელება. დამყარდა რა რუსული მმართველობა, მოსახლეობა არ დაემორჩილა რუსულ კანონებს და თავისი მამაპაპეული, ზეპირ მეხსიერებაში შემონახული ხალხური სამართლით გააგრძელა არსებობა. ქართული ჩვეულებითი სამართალი არსებობდა მთელი ცარიზმის პერიოდში და საბჭოთა საქართველოს პირობებშიც კი, ხოლო ზოგიერთ მხარეში, ახლაც ცოცხალია. მაგალითად: სვანეთში, ხევსურეთში, ნაწილობრივ ხევსა და ფშავში, თუშეთში. ანუ მას დღესაც სასიცოცხლო ფუნქციები აქვს, იმიტომ რომ, საზოგადოების მხრიდან არის მოთხოვნა ამ სამართლის არსებობისა.
– ფიცის აქტზე და მის მნიშვნელობაზე რას გვიამბობთ?
– ვახუშტი ბატონიშვილის „ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი” მოგვითხრობს, რომ ფიცის დადების წესი უძველესი დროიდან იყო ცნობილი ქართველებისთვის და მას ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში სამართლებრივი აქტების დროს გამოიყენებდნენ. ძირითადად, ფიცი გამოიყენებოდა იმ დროს, როცა ობიექტური გამოძიებისთვის სხვა მასალები არ არსებობდა. ასეთ შემთხვევაში, ბრალდებული, ან მბრალდებელი დებდა ფიცს თავის მართლების მიზნით, რომ ის არ იყო დამნაშავე და ამგვარი ფიცის დადებას, ბუნებრივია, ახლდა დიდი შიში და კრძალვა. მორწმუნე მოსახლეობის მხრიდან ფიცის გატეხვა მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა.
ფიცის დადება მნიშვნელოვანი იყო იმ შემთხვევაშიც, როცა რომელიმე დავა დასრულდებოდა, ხალხური სამართლის მიხედვით დაისჯებოდა დამნაშავე და დაეკისრებოდა გარკვეული გადასახადის გადახდა დაზარალებულის წინაშე. ამის შემდეგ, იმიტომ რომ, ამ ორ მოდავე ოჯახს შორის საბოლოო მშვიდობა ჩამოყალიბებულიყო, მაგალითად, სვანეთში, არსებობდა წესი, ორივე მხარის ეკლესიაში მისვლისა და დაფიცებისა, შემდგომ ურთიერთერთგულებაზე. ეს საჭირო იყო სოფლის მშვიდობიანობისათვის.
იმ შემთხვევებში, როცა განსაკუთრებით მძიმე საქმე იყო გამოსაძიებელი ხალხურ სასამართლოში: ვთქვათ, მოკლულია ადამიანი, მაგრამ რეალურად გამოძიებისათვის თვითმხილველი არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს ვინ მოკლა. მაგრამ, არის ეჭვები და ჭირისუფალი კონკრეტულ ადამიანს ასახელებს მკვლელად. ასეთ შემთხვევაში, მკვლელობაში ბრალდებული და ბრალმდებელი შემოიკრებდნენ თავ-თავიანთ ნათესავებს და სასამართლო გადაწყვეტდა, რომ ორივე მხარეს დაეფიცა. იმისთვის, რომ ფიცის სანდოობა უფრო უტყუარი გამხდარიყო, მხარეები დაუსახელებდნენ ერთმანეთს 6-6 ან 12-12 მოფიცარს, რომლებიც იმ ფიცის დამდებთან ერთად, თვითონაც დებდნენ ფიცს. როგორ უნდა ნდობოდნენ მბრალდებელს, რომ მისი ბრალდება გაეზიარებინათ და იმ 12 ადამიანს ხელი დაედო და დაედასტურებინა: ვიცი, ამან მოკლა! მკვლელობაში ბრალდებულსაც ასეთივე, 12 მოფიცარი უნდა ეშოვა, რომელიც მასთან ერთად დაიფიცებდა მის უდანაშაულობაზე.
როდესაც მკვლელობა მოხდებოდა და დამნაშავე აღიარებდა თავის დანაშაულს, ასეთ შემთხვევაში, ხალხური ზეპირსიტყვიერი გზით, თაობიდან თაობაზე გადაცემით, ხალხური სამართლის მეშვეობით, სოფლის რჩეული პირები, რომელთაც კარგად იცოდნენ ხალხური სამართალი, ჩაერთვებოდნენ ამ საკითხის გადაწყვეტასა და მოგვარებაში. ისინი დეტალურად შეისწავლიდნენ პრობლემის მთელ არსს. მაგალითად: სვანური სამართალი კარგად ანსხვავებდა ნებსით მკვლელს, უნებლიეთ მკვლელისგან. მოგეხსენებათ, დღევანდელ სასამართლოშიც ხდება ამ ყველაფრის გამოკვლევა. მაგრამ ვთქვათ, ხევსურეთში – მკვლელობა მკვლელობა იყო, არ ხარისხდებოდა. თუ ღვთის შეწევნით, ნაფიცი მედიატორების დიდი ღვაწლითა და მეცადინეობით მივიდოდა საქმე იქამდე, რომ დამნაშავე აღიარებდა თავის დანაშაულს, დაუმტკიცდებოდა მას ბრალდება, ამის მერე, უკვე მიდიოდა მუშაობა იმ მიმართულებით, დაზარალებული მხარე, მოკლულის ჭირისუფალი დაეყაბულებინათ დამნაშავის შერიგებაზე სასჯელის მოხდის შემდგომ, რათა სისხლის აღება არ გაგრძელებულიყო. ეს იყო ძალიან რთული პროცესი. მოგეხსენებათ, ქართველები მთიელები, კავკასიელები ვართ და ამიტომ ძმის მკვლელს ჭირისუფალი იშვიათად თუ აპატიებდა ჩადენილ დანაშაულს. ამას მოჰყვებოდა ძალიან მძიმე ფორმებით შურისძიება, რომელიც შეიძლებოდა, გადაზრდილიყო დანაშაულებების მთელ კასკადში. თუ ჭირისუფალს დაიყაბულებდნენ შერიგებაზე, ქართული სამართლის ნორმების მიხედვით ხდებოდა, დანაშაულის სახეობის გამოკვეთა და რა სასჯელიც ეკუთვნოდა, ძველ საქართველოშიც იმას მიაკუთვნებდნენ, ცარიზმის პერიოდშიც და საბჭოთა პერიოდშიც.
ძველი ქართული სამართლის თანახმად, მომპარავს უნდა გადაეხადა შვიდგზის ქონება, მოპარულის შესატყვისი. თუ ვთქვათ, ერთ ძროხას მოიპარავდა და დაუმტკიცდებოდა, დაზარალებულისათვის 7 ძროხა უნდა გადაეხადა. ვახტანგ მეექვსის სამართალში საურავის რაოდენობა შემცირებულია, ამ დროს უფრო გაღარიბებულია მოსახლეობა და მოპარულის ანაზღაურება სამმაგად ხდებოდა. ფულადი სასჯელი აუცილებლად მიესჯებოდა დამნაშავეს. ამ ყველაფრის გადახდის შემდეგ, უკვე თუკი დათანხმდებოდა დაზარალებული შერიგებაზე, სვანეთში ხდებოდა შემდეგი რამ: ორივე მხარე მიდიოდა ეკლესიაში და იფიცებდა ერთმანეთის ერთგულებაზე – რომ ამის შემდეგ, მათ შორის მტრობა დამთავრდა და დამყარდება მშვიდობიანობა.
– სასჯელის რა და რა ფორმები არსებობდა?
– სხვადასხვა სასჯელის ფრომა არსებობდა ძველ საქართველოში. მაგალითად, ხევსურეთში კაცის კვლა, საშინელი დანაშაული და ცოდვა, სამართლებრივი კუთხით ანაზღაურდებოდა 60 ძროხის ოდენობით. ეს ძალიან დიდი ქონებაა და ბუნებრივია, ამას ერთი მოსახლე ვერ გასწვდებოდა. ამიტომ, სანათესაო ჯგუფები ერთვებოდნენ პრობლემის მოგვარებაში და ისინი მატერიალურად ეხმარებოდნენ თავის თანამოძმეს. მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე, რომელიც თითქმის ყველას ეშლება და არასწორადაა ინტერპრეტირებული. კერძოდ იმაზე, თუ რას ნიშნავდა ტერმინი „სისხლის აღება” ქართული სამართლის მიხედვით და როგორ დამკვიდრდა ეს ტერმინი დღევანდელ ყოფაში. ქართული სამართლის მიხედვით, სისხლის აღება იყო ის, რაც დღეს არის, ფაქტობრივად, საპროცესო გარიგება. ანუ, სისხლის აღება ნიშნავდა: არა ერთი ადამიანის მიერ მეორეზე შურისძიებას, არამედ, ჩადენილი დანაშაულისთვის, დამნაშავის მხრიდან დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდას. აი, ამ კომპენსაციას გამოხატავდა ქართული სიტყვა „სისხლის სწორი.”
– მაშასადამე, ეს იყო დანაშაულისათვის ადეკვატური ფულადი საზღაური.
– დიახ. შემდგომში უკვე, ჩვენ დროში ტერმინმა „სისხლის აღებამ” დაკარგა სამართლებრივი დეფინიცია და შეიძინა შურისძიების გამომხატველი აზრობრივი დატვირთვა.
ქართული ჩვეულებითი სამართალი ძალიან ჰუმანური იყო. მაღალ დონეზე იყო ქალის უფლებრივი მდგომარეობა დაცული. დღეს რომ გენდერული თემებია მოდური, ჩვენთვის ახალი არაფერია მასში. საქართველოში, ქალს მუდამ ჰქონდა სრული მემკვიდრეობის უფლება. მიწის ფლობის უფლება, მისი მზითვები მისი პირადი კუთვნილება იყო და დაქვრივების შემთხვევაში, ის ხდებოდა მისი კერძო საკუთრება, რომელიც მის შვილებს შორის ნაწილდებოდა და ასე შემდეგ. ქართული სამართალი იცნობს ისეთ ჰუმანურ მოტივსაც, როცა მოვალე მევალის გარდაცვალების შემთხვევაში, მევალის ქვრივსა და არსრულწლოვნებს სრულწლოვანობამდე ვალის გადახდას ვერ სთხოვდა, ვერც სახლს წაარმევდა, ვერც მიწას და საერთოდ, ვერავითარ ქონებას. მახსენდება, ერთ-ერთი კერძო საუბარი, სადაც ასეთი ფრაზა ითქვა ქალის სილამაზის აღანიშნავად: ის, ისეთი ლამაზი იყო, რომ მამამისი 18 ძროხად აფასებდაო.
– რომელ მხარეზე იყო საუბარი?
– ქისტი ქალბატონი ამბობდა ამას. იქ ხომ ურვადის წესია. ანუ, ჩვენი, ქრისტიანების დაქორწინების წესი განსხვავდება მუსლიმების წესისგან. იქ ქალის გათხოვების წინ, ოჯახში წინასწარ მიმდინარეობდა საუბარი, თუ რა სახის და ოდენობის ურვადი უნდა გადაეხადა მის მთხოვნელს, საქმროს ოჯახს. ეს იმის მიხედვით იზომებოდა, თუ რა სოციალურ ფენას განეკუთვებოდა ქალი და როგორი იერსახისა გახლდათ. რაც უფრო ლამაზი, კდემამოსილი და წარმოსადეგი იყო ქალი, მით უფრო მაღალ გამოსასყიდს თხოულობდნენ მასში. ეს გამოსასყიდი მისი არ იყო, ოჯახში რჩებოდა. განსხვავებით ჩვენგან, ქართველებისაგან. აქ ყველაფერი ის, რასაც საქმროს ოჯახი საჩუქრის სახით გადასცემდა ქალის ოჯახს, იყო კერძო, ქალის საკუთრება და მას გათხოვების შემდეგ, ეს ყველაფერი თავის ახალ ოჯახში გადმოჰქონდა.
– დაფიცების ფორმები როგორი იყო?
– პირველი ფორმა უკვე ვახსენეთ, ხატის ნაბანი წყლით შესრულებული ფიცი.
ქართველისთვის, განსაკუთრებით ეს ითქმის ქართველ მთიელებზე. ხატი იყო განსაკუთრებული მოწიწების საგანი და ძალიან იშვიათად ხდებოდა მისი გამოსვენება ეკლესიიდან და უშუალოდ ხატთან შესრულებული ფიცის დადება. ასეთი მაგალითი რამდენიმე გვაქვს, რომელიც უკვე საერო საქმეებს მოიცავდა. მაგალითად, 1921 წელს, როდესაც კალის თემში წმიდა კვირიკეს მონასტერთან („ლაგურკა”) იკრიბება სვანეთის ყველა თემის ყველა სრულწლოვანი მამაკაცი, იქ დაცულ უძვირფასესი ხატის, შალიანის მეშვეობით დებენ ფიცს, რომ იბრძოლებენ ქვეყნის თავისუფლებისათვის. მეორე ასეთი ფაქტია, როდესაც მთელმა სვანეთმა დადო ფიცი – ეს უკავშირდება 1924 წლის აგივსტოს მოვლენებს, საერთო ეროვნულ აჯანყებას. მაშინაც ამ სახეობის ფიცი დადეს სვანებმა ისევ, წმიდა კვირიკეს მონასტერში, შალიანის ხატთან და დაიფიცეს, რომ ისევ აჯანყდებოდნენ რუსების წინააღმდეგ და განდევნიდნენ მათ საქართველოდან. ამ ორივე აჯანყებას ძალიან ფართო მასშტაბები ჰქონდა და რაღაც პერიოდის განმავლობაში, სვანეთში თავისუფალი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშაც ფრიალებდა. საბოლოოდ, სამწუხაროდ, დამარცხდა ის მხარეც, ისევე როგორც მთელი საქართველო.
არსებობდა ფიცის ისეთი სახეობაც, როდესაც მთელი მოდგმა იფიცებდა. ასეთ შემთხვევაში, თავის გამართლების დროს, მამაკაცი თავის ტერფებზე დაიყენებდა მცირეწლოვან ვაჟიშვილს და მთელი თავისი მოდგმით შედიოდა ფიცში, რომ დასჯილიყო ტყუილის შემთხვევაში არა მარტო თვითონ, არამედ მთელი მისი მოდგმა მემკვიდრეობითი ხაზით. ეს იყო მძიმე ფიცი.
– არის კიდევ ერთი ფიცი, რომლის გაშარჟებული ვარიანტი, ერთ-ერთ ძველ ქართულ ფილმშია, როდესაც მამაკაცი თავის ულვაშს იფიცებს. რეალურად, რას მოიცავდა ამ ფიცის არსი?
– მეცხრამეტე საუკუნის მხატვრულ ლიტერატურაში არის აღწერილი მსგავსი ფიცი. ძირითადად, ეს ეხებოდა სესხის აღებას, რის შემთხვევაშიც, გარანტორად სესხის ამღები საკუთარ კაცობას, პატიოსნებას, ულვაშიდან ბეწვის ამოგლეჯით ადასტურებდა. ამას სამართლის ფიცთან საერთო არ აქვს.