ქურდული ცხოვრება
აბრალავა ძალიან ეშმაკი და მოხერხებული კაცი იყო, ამიტომ, ფანდს მიმართა: ქურდებთან ბრძოლის მთავარი მისია მის უწყებას – თბილისის მილიციის სამმართველოს ეკისრებოდა და სწორედ ის უნდა ჩასდგომოდა ამ საქმეს სათავეში, მას კი ამაში მონაწილეობის მიღება არ სურდა და, თავიდან რომ აეცილებინა, ფეხი მოიტეხა... აქედან გამომდინარე, ეს მისია მისმა მოადგილემ იკისრა და მანამდე არნახული დევნა დაგვიწყო. აბრალავასთან საუბრის შინაარსი მხოლოდ ბერძენას გავანდე, ჩემი დანარჩენი კოლეგები კი გავაფრთხილე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და თითოეულმა მათგანმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება: ზოგი აქ დარჩა და, ან გასროკეს, ან „ძაღლებს” შეეკრა. ზოგიც რუსეთში გაემგზავრა, მე და ბერძენა კი, მართალია, თბილისში დავრჩით, მაგრამ, მილიციას ვემალებოდით, რომელიც რეგულარულად გვაკითხავდა სახლში, პარალელურად კი ერთ დიდ საქმეს ვამზადებდით. ეს საქმე თბილისში უნდა გაგვეკეთებინა – ერთი წამლის ბარიგის სახლი გაგვექურდა, რომელსაც პირადად სამმართველოს უფროსის მოადგილე მფარველობდა.
ანტიქურდული კამპანია უკვე სამი კვირის გაჩაღებული იყო და, როგორც უკვე ვთქვი, ვინც რუსეთში არ გაემგზავრა, ან ციხეში იჯდა, ან „ძაღლებთან” იყო უკვე შეკრული, მარტო მე და ბერძენა ვიყავით დარჩენილები სვაბოდაზე. მართალია, ოფიციალური ძებნა ჩვენზე არ იყო გამოცხადებული, მაგრამ, მილიცია ინტენსიურად დაგვდევდა. ჩვენ კი თავისუფლად დავდიოდით ქალაქში და არაფრის გვეშინოდა, რადგან, ჩემი ნაშა ერთ-ერთი თეატრის გრიმიორი იყო და მე და ბერძენა ისე „დაგვაბერა“, რომ თავადაც კი ვერ გვცნობდა ხოლმე. თან, დროებით მასთან ვიყავით შეფარებულები და მშვიდად ვიღებდით ნაკოლს. როდესაც ყველაფერი მზად იყო, მე და ბერძენამ ბინის პატრონი სახლიდან ოსტატურად გამოვიტყუეთ, მის ბაითში შევედით და იქაურობა პირწმინდად გავასუფთავეთ. ფულისა და ძვირფასეულობის გარდა, ბარიგის ბინიდან ბლომად წამალიც წამოვიღეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთ სანაგვე ურნაში ჩავყარეთ, ბენზინი დავასხით და დავწვით... წლების შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა, ბესარიონ აბრალავა შემხვდა. ის უკვე პენსიონერი იყო, მე – სროკიდან ახალი გამოსული და თბილისში სამი დღის დაბრუნებული. ალექსანდრეს ბაღის გავლით ვორონცოვზე მივდიოდი. ქვემოთ რომ ჩავედი, მარცხნიდან მომესმა:
– კობრა!
გავიხედე და აბრალავა დავინახე, რომელიც ხელს მიქნევდა და თავისთან მიხმობდა. მე მივედი, ხელი ჩამოვართვი და ვკითხე:
– როგორ ხარ, ძია ბესო?
– როგორც პენსიაზე ნაადრევად გასულ მილიციელს შეეფერება, ისე.
– პენსიაზე გახვედით?
– მაიძულეს, – ხელი ჩაიქნია აბრალავამ, – ახალი კადრები მოგვყავსო, თითქოს მე ცუდად ვმუშაობდი. რა შუაშია მილიცია და პოლიტიკა, მე მხოლოდ პრისტუპნიკებს დავდევდი. რა, ახალი მთავრობის დროს ქურდები და ბანდიტები აღარ იქნებიან?!
– პოლიტიკა არ მაინტერესებს, ძია ბესო, თუმცა, ყველგან ამ თემაზე ლაპარაკობენ, – ვუთხარი აბრალავას.
– კობრა, სად იჯექი?
– მორდოვიის „სტროგაჩებში“, ძია ბესო.
– ძალიან გაგიჭირდა?
– რუსეთში პირველად არ ვიყავი, მაგრამ, წელს საშინელი ზამთარი იყო. ისე ყინავდა, სანამ ძირს დაეცემოდა, ფურთხი ჰაერში იყინებოდა.
– არც აქაა კარგი სიტუაცია. ქვეყანა ძალიან არეულია, თუმცა, პოლიტიკაზე ლაპარაკი არ გსურს, – მითხრა აბრალავამ, შემომხედა და განაგრძო: – კობრა, ერთი რაღაც უნდა გკითხო და, თუ სწორ პასუხს არ გამცემ, ნურც ტყუილს მეტყვი და, პირდაპირ მითხარი, ამ თემაზე არ მელაპარაკოო.
– მკითხე, ძია ბესო, გისმენ.
– კობრა, ის ბარიგა ხომ შენ და ბერძენამ გაქურდეთ და შემდეგ მთელი წამალი მთავრობის სახლის წინ დაწვით?
– ეგ როდის, ფეხი რომ გქონდათ მოტეხილი?
– ზუსტად მაშინ.
– კარგი, გეტყვით, მაგრამ, ჯერ თქვენ გამეცით სწორი პასუხი.
– აბა, მკითხე.
– ძია ბესო, თქვენ ხომ განგებ მოიტეხეთ ფეხი, რომ ანტიქურდულ კამპანიაში მონაწილეობა არ მიგეღოთ?
– კი, ასე იყო.
– ჰოდა, მე და ბერძენამ გავქურდეთ ის დამპალი. მეტსაც გეტყვით, ზუსტად ვიცოდით, რომ მას თქვენი მოადგილე მფარველობდა.
– სამწუხაროდ, მართალი ხარ. ბიულეტენიდან რომ დავბრუნდი, ის დამპალი უკვე ჩემს ადგილზე მოსაკალათებლად ემზადებოდა და დედა ვუტირე.
– როგორ?
– როგორ და, მასზე თვალთვალი დავაწესე. ჩემი ბიჭები მის ყველა საუბარს იწერდნენ და ფირზე იღებდნენ. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ის პირველ მდივანს დასცინოდა, „სოფლელ ტეტიას” ეძახდა და, როდესაც მას ეს ფირი ვანახვე, მუხლებში ჩამივარდა და მთხოვა, რომ არ გამეწირა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ის მოსკოვში, „ემვედეს“ აკადემიაში წავიდოდა სასწავლებლად, სამაგიეროდ კი, კომპრომატს დავაკონსერვებდი.
– არ გეწყინოს, ძია ბესო, მაგრამ მილიციელობა და ასეთ სტრუქტურებში მუშაობა ადამიანს ბევრ კარგ თვისებას აკარგვინებს, თუმცა, ეს თქვენ არ გეხებათ.
– გეთანხმები, რომ ყოველთვის სუფთად ვერ ვმუშაობდით, მაგრამ, ასეთი ნაძირლების წინააღმდეგ სხვა გზა არ არსებობს. რა, არ მეთანხმები?!
– პრინციპში, ასეა.
– რა თქმა უნდა, ასეა. თუმცა, ასეთი დამპლები არ სწორდებიან. აი, თუნდაც ისევ იმ ნაძირალაზე გეტყვი, აკადემია რომ დაამთავრა, სამუშაოდ მოსკოვში დარჩა და ისევ ნარკობიზნესში ჩაება. ძალიან შეტოპა და, იცი, როგორ დაასრულა სიცოცხლე?
– როგორ?
– როგორ და, ის თავისივე კოლეგამ, რუსმა პოლკოვნიკმა მოკლა „ემვედეს“ შენობაში, მისივე კაბინეტში.
– რატომ, რა დააშავა?
– რა და იმ რუსი პოლკოვნიკის შვილი წამალმა მოკლა. იმ რუსს კი უთხრეს, წამლის შემომტან ბარიგას შენი კოლეგა მფარველობსო და შვილის სიკვდილით გამწარებულმა მილიციელმა თავისი კოლეგა მოკლა.
– ღირსი ყოფილა.
– რა თქმა უნდა, – დამეთანხმა აბრალავა და დაამატა: – უცოდველი არ ვარ, მაგრამ არასდროს ვენდობოდი ნარკობარიგებსა და მოძალადეებს. ამიტომ, ვერავინ იტყვის, ბესარიონ აბრალავამ ბინძური ფული აიღოო.
– გეთანხმებით, ძია ბესო. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ, მეჩქრება, – ვუთხარი აბრალავას, ხელი ჩამოვართვი და წავედი, თან მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, რომ ადამიანში შინაგანი პატიოსნება იყო უმთავრესი თვისება.
ჩემი იდეალი, ვასია ბრილიანტიც ასე ფიქრობდა და მიაჩნდა, რომ ადამიანის უმთავრესი თვისება შინაგანი პატიოსნება იყო. ერთხელ მან მითხრა:
– კობრა, რასაც ახლა გეტყვი, არ გაგიკვირდეს და არ თქვა, ბრილიანტი შეიშალაო.
– არა, რას ამბობ, ძია ვასია, გისმენ.
– იცი რა, ძმაო, ქურდი – ქურდად და ძაღლი – ძაღლად, მაგრამ, ადამიანში მთვარი მაინც მისი შინაგანი პატიოსნებაა და, შეიძლება, ქურდი იყოს დამპალი, „ძაღლი” კი – პატიოსანი. ხვდები, რას ვამბობ?
– კი, – მივუგე ბრილიანტს, თუმცა, კარგად ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.
ძია ვასიამ შემომხედა, გაეცინა და თქვა:
– არა. ვერ მიხვდი.
– მართალი ხარ, ვერ მივხვდი, – გავწითლდი მე.
– კარგად მომისმინე და მიხვდები, – მითხრა ბრილიანტმა, – ბავშვობაში, როსტოვში ერთი უბნის რწმუნებული იყო – სტეპან კოლიადკო, მთასავით კაცი, უშიშარი, ძლიერი. რომ დაილაპარაკებდა, მისი ხმა ნოვოჩერკასკში ისმოდა. პრისტუპნიკებს არ ეპუებოდა და სამჯერ იყო დაჭრილი. ომის მძიმე წლები იდგა. ყველას უჭირდა. ჩვენ, ბავშვები, ხან რას ჩავიდენდით და ხან – რას. კოლიადკო ხშირად ჩაგვავლებდა ხოლმე, ერთ-ორს დაგვიღრიალებდა, ჭკუას დაგვარიგებდა და გამოგვიშვებდა. არ მახსოვს, რომ მალალეტკისთვის ხელი დაერტყას. ცემა არ იცოდა, მაგრამ, ისეთი აურა ჰქონდა, მისი ყველას ეშინოდა. ერთხელ, ჩემი ორი პაძელნიკი დღისით, მზისით უნივერმაღში შეძვრა საჩალიჩოდ, მე კი „ატასზე“ დავდექი. სად იყო და სად არა, კოლიადკო არ გამოტყვრა? რომ შევხედე, გავთეთრდი.
– რა იყო, ვასკა, რატომ გაფითრდი? რამ შეგაშინა? – მკითხა უბნის ინსპექტორმა და გამომცდელად შემხედა.
ხომ არ ვეტყოდი, ატასზე ვდგავარ-მეთქი და მივუგე:
– სულაც არ გავფითრებულვარ.
– როგორ არა. რა გჭირს?
– ორი დღის მშიერი ვარ და, ალბათ, ამიტომ, – ვუთხარი კოლიადკოს, რაც სულაც არ იყო ტყუილი, მაგრამ, ამის გამო არ დამიკარგავს ფერი.
კოლიადკომ მილიციელის „პაიოკი“ ამოიღო, მომცა და მითხრა:
– აჰა, ჭამე.
– გმადლობთ. არ მინდა, – მეუხერხულა მე. მან კი „პაიოკი“ ქვაზე დადო, უხმოდ შეტრიალდა და მძიმე ნაბიჯით განაგრძო გზა.
უცებ უნივერმაღის ხის ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა და გამომხმარი ფიცრები ისე აალდა, იფიქრებდი, ბენზინი გადაასხესო. უბნის ინსპექტორი შემოტრიალა, ჩემთან მოირბინა, იქაურობას გამომარიდა და მითხრა:
– შენ რა, გაგიჟდი? ხომ ხედავ, როგორ იწვის, შეიძლება, ყოველ წუთში ჩამოინგრეს და შიგ მოგიყოლოს. მოკლე ჩართვაა! ვეუბნებოდი „ტორგის“ უფროსს, ელექტროგაყვანილობა მოაწესრიგეთ-მეთქი, მაგრამ, არ გამიგონეს. მეხანძრეების გამოძახებასაც კი არ აქვს აზრი, შენობა ათ წუთში ჩაიფერფლება...
– ძია სტიოპა, შიგნით ბიჭები არიან, – ამოვილუღლუღე მე.
– რაო?! – ერთი ეს თქვა კოლიადკომ, შემდეგ ალმოდებულ შენობაში შევარდა და იქიდან ჩემი გულწასული პაძელნიკები გამოათრია ხელში აყვანილი, რომლებსაც ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდათ. თავად უბნის ინსპექტორს კი ტანსაცმელზე ცეცხლი ეკიდა. მძიმე დამწვრობები მიიღო და საავადმყოფოში დააწვინეს. ხუთი თვის მერე უბნის ინსპექტორი თავის სამუშაოს დაუბრუნდა და ჩვეული ენერგიით განაგრძო საქმიანობა. ყველაზე მთავარი კი, იცი, რა იყო?
– რა, ძია ვასია?
– რა და, ის, რომ მას ჩვენ არც კი ვუხსენებივართ. მართალია, მალალეტკები ვიყავით და ხანძარიც მართლა მოკლე ჩართვამ გამოიწვია, მაგრამ, ყველაფერს ჩვენ დაგვაბრალებდნენ. მძიმე დრო იყო და, თუ არ დაგვხვრეტდნენ, დიდ სროკებს მაინც აგვკიდებდნენ. კოლიადკომ ეს ყველაფერი იცოდა და, რადგან შინაგანად პატიოსანი ადამიანი იყო, ეს ფაქტი დამალა. ანუ, მან, ფაქტობრივად, ქურდებს დააფარა ხელი, მაგრამ, ასე რომ არ ექნა, მაშინ უფრო დიდ ბოროტებას მისცემდა ბიძგს.
– კარგი კაცი ყოფილა ეგ კოლიადკო, – ვთქვი მე.
– კი, ნამდვილად კარგი. ის ერთმა როსტოველმა ბანდიტმა მოკლა. კოლიადკო მას აფთიაქის ძარცვისას წამოადგა თავზე, სადაც ის ნაძირალა მორფინს ეძებდა – ნარკომანი იყო და ლომკა ჰქონდა. ინსპექტორმა არ ესროლა, იმან კი აბრეზით გაუფატრა მუცელი, მაგრამ, ისეთი ძლიერი კაცი იყო, რომ ერთი კვირა იცოცხლა. მე და ჩემი პაძელნიკები მას საავადმყოფოში ვეწვიეთ სანახავად და, რომ დაგვინახა, ძალიან გაუხარდა. შემდეგ თავზე ხელი გადაგვისვა და გვითხრა:
– ბიჭებო, ვინც არ უნდა გამოხვიდეთ, შინაგანი პატიოსნება არასდროს დაკარგოთ. იცი, რამდენი ვიტირეთ? გადავწყვიტეთ, რომ ის ბანდიტი მოგვეძებნა და დაგვებრიდა, მაგრამ, ის მილიციამ დაიჭირა და, ჯერ დახვრეტა მიუსაჯეს, შემდეგ კი ოცდახუთი წლით შეუცვალეს. ათი წლის მერე მას მაგადანის ზონაში შევხვდი.
– მართლა?
– ჰო, მართლა და, ჩემი ბრძანებით იმ ნაძირალას წირვა გამოუყვანეს. საოცარია, არა?! მე, ქურდმა, მილიციელის გამო შური ვიძიე.
ვასია ბრილიანტის მონათხრობმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. ბეზპრეძელშჩიკი და კაცთმოძულე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, მას შემდეგ ყოველი საქმის მომზადებას ბევრად მეტი კრიტიკულობით ვუდგებოდი და ისე ვგეგმავდი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ძირითადი მორალური კრიტერიუმები არ დამერღვია და „სუფთად” მეჩალიჩა. ჩემს სიტყვებზე მავანს, ალბათ, გაეცინება და იტყვის: ქურდობა რომელი მორალური კრიტერიუმიაო... პრინციპში, ღვთიური ცნებებიდან გამომდინარე, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიმართლეა. თუმცა, არსებობს რეალური, ყოველდღიური ცხოვრება, ყოველდღიური სინამდვილე და აქ უკვე ცოტა სხვა კატეგორიებით ხდება განსჯა. ქურდული იდეოლოგიიდან გამომდინარე, ქურდმა, საბოლოოდ, „ფაშისტი“ უნდა გაქურდოს. „ფაშისტი“ კი, ქურდული განმარტებით, ის მდიდარი ადამიანია, ვისაც თავისი ქონება უპატიოსნო გზით აქვს მოპოვებული. ასეთ კატეგორიაში კი შედიან: ნარკობარიგები, სხვადასხვა კატეგორიის სპეკულანტები, ეგრეთ წოდებული „ცეხავიკები“ და სხვა მსგავსი კატეგორიის ადამიანები. ჩემ მიერ ჩამოთვლილი კატეგორიები უფრო კომუნისტურ ეპოქას ეხება, მაგრამ, არც დღევანდელ დღეს განვიცდით მსგავსი სუბიექტების ნაკლებობას. თუმცა, ძველ დროსთან განსხვავებით, მათ ახლა კანონი იცავს და ლეგალიზებულნი არიან. ძველ დროსთან შედარებით, ჩემი აზრით, ასეთი კატეგორიის სუბიექტების მიმართ დღეს ბევრად უფრო გამართლებული და მორალურია მსგავსი ქურდული მიდგომა. ალბათ, სწორედ ამის გამო ხდება სუფთა ქურდული იდეოლოგიის ნგრევა და ქურდული სამყაროს ტრანსფორმაცია, რომ მსგავსმა კასტამ უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს თავი.
ქურდული გაგებით, „ფაშისტი“ – „ფაშისტია“, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ თანამედროვე „ფაშისტები“ ძველებზე ბევრად უფრო საშიშები და სისხლისმსმელები არიან და დრაკონული, ანტიქურდული 223-ე მუხლი მათი დიდი ძალისხმევის შედეგადაა შექმნილი. როდესაც ეს უკანონო ნორმა ძალაში შევიდა, მე მეშვიდე იზოლატორის ჯურღმულში ვიხდიდი ბოლო სროკს და ერთმა ჩემმა ძალიან ავტორიტეტულმა კოლეგამ მითხრა:
– მორჩა, ძმაო, ამით წერტილი დაგვისვეს და, ან ამ ჯურღმულში ამოგვხდება სული, ან კაცობაზე ხელი უნდა ავიღოთ და გავპრასტიტუტკდეთ. მე, პირადად, სიკვდილი მირჩევნია ქურდობაზე უარის თქმას.
მაშინ ჯერ კიდევ ბოლომდე გააზრებული არ მქონდა ამ მუხლის მთელი სისასტიკე და ვფიქრობდი, რომ, ეს ნორმა იმიტომ შემოიღეს, რათა ქურდებისგან გაეწმინდათ საქართველო. ამიტომ, ჩემს კოლეგას მივუგე:
– საშინელი მუხლი შექმნეს ამ ბოზებმა და, ალბათ, რუსეთში ან სხვა ქვეყნებში მოგვიწევს გამგზავრება და იქ ცხოვრება.
ჩემს კოლეგას გაეცინა და მითხრა:
– შენ ფიქრობ, რომ საქართველოდან გასვლის საშუალებას მოგვცემენ?
– რა, არა?
– საქართველოდან გასვლას კი არა, ამოსუნთქვის საშუალებას არავინ მოგვცემს. ეს კანონი იმიტომ მოიგონეს, რომ ქურდული სამყარო მოსპონ.
– ეს არც ისე ადვილია, – ვუპასუხე მე, – ეს ხომ კომუნისტებმაც კი ვერ შეძლეს და ესენი როგორ მოახერხებენ?
– როგორ და, ამ ბოზებს ბევრად უფრო დახვეწილი ტექნოლოგიები აქვთ. ამათი მიზანია ჩვენი მორალური განადგურება და, თუ ეს არ გამოუვათ, მხოლოდ ამის მერე – ფიზიკური მოსპობა. მათთვის მთავარია, ქურდობაზე უარი ეთქვათ და ეს მთელმა ქვეყანამ გაიგოს. ამ ჯურღმულშიც ამიტომ გამოგვამწყვდიეს.
– ჯურღმულებით შეგვაშინებენ? – გამეცინა მე.
– ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, მაგრამ, მოიძებნებიან ისეთებიც, ვისაც შეაშინებენ, თუმცა, ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ ამ ბოზებს ჩვენი მოსპობის იურიდიული ბაზა გააჩნიათ და ეფექტურადაც გამოიყენებენ მას. შენ ნახე, თუ ქურდების გაფუჭება ან უკან შებრუნება ციხის კარებთანვე არ დაიწყონ.
– ეგ როგორ? – ვკითხე კოლეგას, რადგან, უცებ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.
– როგორ და, გამოხვალ თუ არა გარეთ, ტელევიზიონშჩიკების მთელი ხროვა დაგხვდება კამერებითა და მიკროფონებით და პროვოკაციულ შეკითხვას დაგისვამენ: „მართალია თუ არა, რომ ქურდობაზე უარი თქვით?” დაეთანხმები – ვაია, იტყვი – არაო და – ვუი...
– შენც, ადექი და უთხარი, კომენტარს არ ვაკეთებო.
– მაშინ, თვითონ „ძაღლები” გკითხავენ ამას სახალხოდ – ამ კანონით მათ ამის უფლება აქვთ.
– გამოდის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ.
– კი. მასეა. ტუპიკში მოგვაქციეს და, თუ ამ კანონს არ გააუქმებენ, ძალიან მალე მოგვიღებენ ბოლოს.
ჩემი კოლეგა არ ცდებოდა. სწორედაც რომ ციხის კარებიდან აბრუნებდნენ უკან ჩვენს კოლეგებს, ხოლო, ვინც ეს აღარ ისურვა, მან ქურდობაზე ხელი აიღო და თავიც შეირცხვინა. თითქმის ასე არ მიქნეს მეც?! მართალია, ციხის კართან არ დამხვედრიან, მაგრამ, სამი დღის შემდეგ სახლში შემომიცვივდნენ და მიაძულეს, პაბეგი ამეკიდა. ჩემს კოლეგას კი ჩემზე მეტად არ გაუმართლა – მას მართლაც ციხის კართან დახვდნენ ჟურნალისტები და პროვოკაციული შეკითხვები დაუსვეს.
– კომენტარის გარეშე. არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, – მიუგო ჟურნალისტებს მხცოვანმა ქურდმა და მანქანაში ჩაჯდომა დააპირა, მაგრამ ერთ-ერთმა, როგორც ჩანს, წინასწარ მომზადებულმა ჟურნალისტმა, მას მოულოდნელად ჰკითხა:
– მართალია, ბატონო, რომ თქვენ ქათმების საკანში ისხედით?
პატიოსანი ადამიანისთვის, მით უმეტეს – ქურდისთვის, მსგავსი რამის თქმა უდიდესი შეურაცხყოფაა და მან პროვოკატორ ჟურნალისტს მუშტი სთხლიშა კბილებში. იქვე პოლიცია იმყოფებოდა და დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქმე აღუძრეს. თუმცა, სასამართლომდე საქმე არ მისულა – ჩემი კოლეგა იმავე ღამეს ინფარქტით გარდაიცვალა. მართალია, დიდხანს არც იმ პროვოკატორმა იცოცხლა – ის ბიჭი და მისი მეგობარი ბიჭი, ბინძური სასტუმროს ნომერში შიშვლები და ყელგამოჭრილები იპოვეს, მაგრამ, ამით რა ხეირი კაი ხალხს?
ციხიდან რომ გადიოდა, ის ჩემი ცხონებული კოლეგა კართან შედგა და მითხრა:
– არ გემშვიდობები. ნახვამდის.
– სვაბოდაზე შევხვდებით, – მივუგე მე, მან კი თავი გააქნია და მითხრა:
– სვაბოდაზე არა, იმქვეყნად შევხვდებით.
ეტყობოდა, გრძნობდა ის ცხონებული, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე საათი დარჩენოდა. არადა, საკმაოდ კერკეტი კაკალი იყო, ცხოვრებაში მრავალი უბედურება ჰქონდა გადატანილი და, ასაკის მიუხედავად, გულიც საკმაოდ მაგარი ჰქონდა. თუმცა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და ყველაფერს ფოლადიც კი ვერ უძლებს... მიუხედავად ამისა, ქურდი ყოველგვარი განსაცდელისთვის მზად უნდა იყოს და არ უნდა მოტყდეს. ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში, ქურდად კურთხევამდე დიდი ხნით ადრე ვემზადებოდი განსაცდელის დასაძლევად და საკუთარ თავს ქურდული ცხოვრებისთვის მორალურ-ფსიქოლოგიურად ვამზადებდი. ჩვენს ტრიოს, მე, ყბედალოს და ხუჭუჭას, ერთგვარი გეგმაც კი გვქონდა შედგენილი, თუ როგორ უნდა გაგვეძლო ციხისთვის, ანუ, ყველა იმ გაჭირვებისთვის, რაც ქურდულ ცხოვრებაში შეიძლებოდა, შეგვხვედროდა. ეს იდეა, რა თქმა უნდა, ხუჭუჭას მოფიქრებული იყო და მანვე შეადგინა ეგრეთ წოდებული „ტანჯვისა და გაძლების“ ნუსხა... ამ ნუსხის მიხედვით, ჩვენ ვშიმშილობდით, ვიკაჟებდით სხეულს, ვუძლებდით სიცხესა და სიცივეს. ვიკეტებოდით დახშულ სივრცეში, ღამით ვრჩებოდით სასაფლაოზე... ერთი სიტყვით, ყოველგვარ ხიფათსა და გასაჭირში ვიგდებდით თავს და ვიწრთობოდით... სხვათა შორის, ვიჟივანიის ამ თვითგავლილმა სკოლამ სამივეს კარგი სამსახური გაგვიწია და ცხოვრებაში გამოგვადგა. ხუჭუჭას ყველაფრისთვის სახელის დარქმევა უყვარდა და ერთხელ, ეგრეთ წოდებული „წამების გაკვეთილზე“, ყბედალო კინაღამ მოკვდა. „წამების გაკვეთილი“ გაგანია სიცხეში, ფუნიკულიორის ტყეში ტარდებოდა. ტრუსის ამარა ყბედალოს სხეულზე შაქრიანი წყალი გადავავლეთ და ფიჭვის უზარმაზარ ხეზე მივაბით გაგანია სიცხეში. გეგმის მიხედვით, მას ასეთ მდგომარეობაში რაც შეიძლება დიდხანს უნდა გაეძლო. ანუ, მას უნდა გაეძლო ჭიანჭველებისთვის, რომლებიც მის შაქრიან სხეულს დაესეოდნენ.
– მე და კობრა აქვე ვიქნებით და, როცა გაძლების თავი აღარ გექნება, დაიყვირე, მოვალთ და გაგათავისუფლებთ, – უთხრა ხუჭუჭამ ყბედალოს და ჩვენ ოციოდე მეტრით ქვემოთ დავეშვით, სადაც ბუნებრივი, სავარჯიშო ტრენაჟორები გვქონდა მოწყობილი და ვვარჯიშობდით. სამიოდე საათი ისე გავიდა, არც ყბედალოს ხმა გაგვიგია და არც მისი ნახვა მოვინდომეთ. პაუზა რომ, ცოტა არ იყოს, საშიში მოგვეჩვენა, ხუჭუჭას ვუთხარი:
– ბიჭო, რაღაც საეჭვოდ ჩუმადაა ყბედალო, მოდი, ავაკითხოთ.
– მოდი, – მითხრა ხუჭუჭამ და ზემოთ ავედით.
კიდევ კარგი, რომ ავედით. ხეზე მიბმულ ყბედალოს ათასობით მსხვილი ჭიანჭველა ჰყავდა შესეული და მას შიშველი სხეულის ერთი წერტილიც კი არ უჩანდა.
– ჩქარა, ავხსნათ, თორემ, ჭიანჭველები შეჭამენ! – ვიღრიალე მე და ყბედალოსთან მივვარდი, რომელიც გონზე არ იყო.
როდესაც ყბედალო ავხსენით და ჭიანჭველებიც მოვაშორეთ, ჩვენი ძმაკაცის დასიებული და გაწითლებული სხეული დავინახეთ, რომელიც ჭიანჭველებს დაეკბინათ. მას ისე ეწვოდა მთელი ტანი, რომ ტანსაცმელი ვერ ჩავაცვით, ტრუსებში გამოწყობილი ჩავიყვანეთ ქვევით და ტაქსით, სასწრაფოდ საავადმყოფოში მივიყვანეთ. რომ არა ხუჭუჭას მამა, რომელმაც ყველაფერი მოაყომარა, უსიამოვნება არ აგვცდებოდა მილიციისგან. ყბედალო კი ორი კვირა გაუნძრევლად იწვა საწოლზე და, რომ არა განსაკუთრებული მკურნალობა, ვინ იცის, ამ ყველაფერს რა გართულება მოჰყვებოდა. საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, მე და ხუჭუჭა სახლში ვეწვიეთ მას და ხუჭუჭამ ჰკითხა:
– რას იტყვი, თანახმა ხარ, კიდევ ერთხელ მიგაბათ?
– რატომაც არა, თუ გინდა, ახლავე, – მიუგო ყბედალომ.
– ბიჭო! ჭიანჭველები რომ დაგესიენ, რატომ დროზე არ დაიყვირე? – ვკითხე ყბედალოს.
– ისე უცებ დამესიენ, რომ პირის დაღების შემეშინდა, არ ჩამიძვრენ-მეთქი, მერე კი გონება დავკარგე და ვერ შევძელი.
– არა უშავს, ძმაო. სამაგიეროდ, იმუნიტეტი გაქვს ჭიანჭველებზე და ვეღარაფერს დაგაკლებენ, – ხუმრობით უთხრა ყბედალოს ხუჭუჭამ, – რუსული გამონათქვამია: სწავლების სირთულეები ბრძოლას გაგიადვილებსო.
მე ხუჭუჭას შევხედე და ვკითხე:
– ისე, ჩვენში დარჩეს და, ჭიანჭველების შემოსევამ რა ბრძოლა უნდა გაუადვილოს ყბედალოს?
ჩვეულებისამებრ, ხუჭუჭას ყოველთვის ყველაფერზე მზად ჰქონდა პასუხი და არასდროს იბნეოდა, სიტყვას ჯიბეში არ ეძებდა. იმ მომენტში კი პატარა პაუზა გააკეთა და შემდეგ მითხრა:
– წარმოიდგინე, რომ ხუჭუჭა მეტროს ვაგონში ჯიბგირობს და ამ დროს „დაიწვა“. ხომ დაესევა მთელი ვაგონი ხალხი? ჰოდა, მაგათი გაძლება ხომ გინდა?
– მაიცა, რა, შაყირობ, ტო?! – ვუთხარი ხუჭუჭას, რომელსაც ეცინებოდა, ყბედალომ კი სრული სერიოზულობით დაამატა:
– რას ამბობ, ტო, ღმერთმა დამიფაროს! ერთი ვაგონი ხალხის დასევას ისევ ჭიანჭველების დასევა მირჩევნია.
მე და ხუჭუჭას სიცილი აგვიტყდა, რაშიც ყბედალოც აგვყვა და, რომ დავწყნარდით, ხუჭუჭამ მას უთხრა:
– შენ ისეთი სპეცი ხარ, ასეთი რამ არ გემუქრება და, შეიძლება, ისე გაატარო ცხოვრება, რომ ერთხელაც არ წახვიდე სროკზე.
ხუჭუჭა, როგორც ყოველთვის, მართალი აღმოჩნდა – ყბედალო ერთხელაც არ გაუსროკავთ ჯიბგირობისთვის. ის მხოლოდ ერთხელ იჯდა ციხეში, თანაც იმიტომ, რომ ჯიბგირობისთვის ვერ იჭერდნენ, იარაღი ჩაუდეს და დაიჭირეს. მიუხედავად იმისა, რომ, ყბედალოს თავად ვასია ბრილიანტის რეკომენდაცია ჰქონდა, ბერძენამ მაინც შეგზავნა ციხეში ქსივა და ქურდებს სთხოვა, რომ ყბედალოსთვის მიეხედათ. მაგრამ, ციხიდან მოიწერეს, ყბედალო ისეთი ტიპია, აქეთ მოგვხედავსო, თანაც, მაგადანიდან თავად ვასია ბრილიანტის ქსივა მივიღეთ და ყველაფერი რიგზეაო.
ყბედალო რომ ციხეში ჩასვეს, ვასია ბრილიანტი მაგადანში იხდიდა სასჯელს და, მართლაც საოცარი იყო, რომ იმ სიშორიდან მისმა ქსივამ ჩვენსაზე ადრე მიაღწია ქურდებამდე. მართლაც რომ შესაშური ოპერატიულობა იყო – პრისტუპნი მირში „კავშირგაბმულობა“ ძალიან სწრაფად და ეფექტურად მუშაობდა. მე თვითონ ბევრჯერ შევსწრებივარ ასეთი ოპერატიულობას და თვითონაც არაერთხელ მისარგებლია მსგავსი კომუნიკაციით. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია, ვთქვა, რომ შავი სამყაროს საკომუნიკაციო საშუალებები, ანალოგიურ სახელმწიფო სტრუქტურებზე არანაკლებად ორგანიზებული იყო და, ზოგ შემთხვევაში, მათზე ეფექტურადაც კი ფუნქციონირებდა. ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია უნდა გავიხსენო, რომელიც ჯერ კიდევ გაგანია კომუნისტური წყობის დროს მოხდა. იმ პერიოდში მორდოვიის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში ვიხდიდი სასჯელს. საშინელი ზამთარი იდგა, დეკემბრის მიწურული. სველი თოვლი მოდიოდა და ისე ციოდა, ძვლები გვეყინებოდა. იმ პერიოდში უკვე ქურდი ვიყავი და მეოთხე სროკს ვიხდიდი. ჩემთან ერთად ერთი პატარა ბიჭი იჯდა. ახლა ის თანამდებობის პირია და პირობითად მას მიხოს ვუწოდებ. ეს მიხო ადამიანის დაჭრისთვის იყო გასამართლებული და თორმეტი წელი ჰქონდა მისჯილი. სულ რაღაც ოცი წლის იყო და, მართალია, თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ვითომ ქუჩურიც ესმოდა, მაგრამ, გამოუცდელი იყო. სულ ვასწავლიდი ზონაში ქცევის წესებს და სხვადასხვა სიტუაციას ვუშიფრავდი, რომ რამე შარში არ გაბმულიყო. მიუხედავად ამისა, ერთ საღამოს მიხო ჩემთან მოვიდა და მითხრა:
– „სეკა” ვითამაშე და თავანი დავიდე.
მიხოს სიტყვების გაგონებაზე ტვინში დამცხა, მაგრამ, არ შევიმჩნიე და ვკითხე:
– რამდენი წააგე?
– ოცი ათასი მანეთი, – მითხრა მიხომ.
– როდის უნდა ჩააბარო?
– ზეგ, შუადღემდე.
ჩაბარების თარიღი რომ გავიგე, უფრო მეტად დამცხა, იმდენად, რომ ოცდაათგრადუსიანი ყინვისა და სველი ქარბუქის მიუხედავად, თბილი ბუშლატი გავიხსენი და ვუთხარი:
– გაგიჟდი? პირველ იანვარს, ამ სიშორეზე, თანაც, ამდენ მაყუთს, ვინ ჩამოიტანს?
30 დეკემბრის საღამოს 10 საათი იყო და თავანის ჩაბარებამდე ზუსტად ოცდათვრამეტი საათი იყო დარჩენილი. ფულის ამ ვადებში ჩაბარება თითქმის შეუძლებელი იყო, ჩაუბარებლობა და „ფუფლო“ კი მიხოსთვის უმძიმეს შედეგებს გამოიწვევდა. თითქმის გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა და მიხოს ვკითხე:
– რას აპირებ?
– რას უნდა ვაპირებდე, თავს მოვიკლავ და ამით მორჩება ყველაფერი, – მითხრა მიხომ. მე კი მივუგე:
– მაგარია ოცი წლის ასაკში თავის მოკვლა.
– აბა, რა ვქნა, ხომ არ გავქათმდები?
– ამაზე თავის დროზე უნდა გეფიქრა, – ვუთხარი მიხოს, – რამდენს გარიგებდი და გაფრთხილებდი, შენ კი მაინც გაები.
– მართალი ხარ, კობრა, ბოდიშს გიხდი, – ამოილუღლუღა მიხომ.
– ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა, – ვუთხარი მიხოს და დავამატე: – თავანის ჩაბარებამდე ოცდათვრამეტ საათზე ნაკლებია დარჩენილი და, თუ სასწაული არ მოხდა, არაფერი გამოვა.
– სასწაულები კი არ ხდება, – ირონიულად მითხრა მიხომ.
– ღმერთს ნუ სცოდავ და იმაზე იფიქრე, რა უნდა ქნა, ოღონდ, თვითმკვლელობის გარეშე.
– რა უნდა ვქნა, კობრა, ჩამომტანი რომც იყოს, ოცდათვრამეტი საათის განმავლობაში ამხელა თანხას როგორ ვიშოვი? სანამ ჩემები რამეს გაყიდიან ან ახლობლები შემიგროვებენ, მინიმუმ ორი კვირაა საჭირო. ორ დღეში კი, თანაც, ახალ წელს, ასეთი რამ შეუძლებელია.
– ჰოდა, იმიტომაც ვამბობ, სასწაული უნდა მოხდეს.
– ვინ მოახდენს სასწაულს, – ხელი ჩაიქნია ყურებჩამოყრილმა მიხომ, – მე წავედი.
– ჯერ ერთი, რა ზრდილობაა, ზურგს რომ მაქცევ და მიდიხარ? – ვუთხარი მიხოს, – სასწაულებს კი ღმერთი ახდენს და შეევედრე, რომ დაგეხმაროს. მე კი შევეცდები, რამე საშველი ვიპოვო, თუ, რა თქმა უნდა, ღმერთი მოისურვებს.
მიხო ისე იყო მომჩვარული და ყველაფერზე ხელჩაქნეული, რომ ფეხზე დგომა უჭირდა. მან სევდიანად გამიღიმა და მითხრა:
– მორჩა, ყველაფერი დასრულდა, მეტი აღარ შემიძლია.
მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა ამის გაკეთება, უკიდურეს შემთხვევაში, გადაწყვეტილი მქონდა, მეთხოვა, რომ მიხოსთვის თავანი ერთი თვით გადაედოთ და თავდებში მე ჩავუდგებოდი. თუმცა, ამის შესახებ მიხოსთვის არაფერი მითქვამს და ვუთხარი:
– შევეცდები, რომ ფულიც ვიშოვო და აქაც დროზე ჩამოვატანინო, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ვიღაც-ვიღაცეების ვალი გექნება, კაცური პირობა უნდა დადო, რომ აღარასოდეს იყომარებ და, საერთოდ, ბევრად უფრო დაკვირვებული იქნები.
– ახლა გადავრჩე და მერე მე ვიცი, – ამოილუღლუღა მიხომ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში