რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: ჩემს ავტომობილს, სრულიად მოულოდნელად და უმიზეზოდ, სიმძლავრე მოაკლდა და დაეწყო სხვადასხვა უცნაური პრობლემა. არც ხელსაწყოების დაფაზე ინთება რაიმე ნიშანი და ვერც ხელოსანმა გაუგო რამე. გამომიცვალეს ჰაერის გამზომი, ეგრეთ წოდებულ „ვოზდუხამერი,” შეამოწმეს კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე, მაგრამ, არანაირი ცვლილება არ ჩანს, არადა, პრობლემა არის – ავტომობილს სიმძლავრე აკლია და ვერაფერს ვშველით.
პასუხი: მიზეზი მარტივია. საწვავის სისტემაში არ იქმნება საჭირო რაოდენობის ბენზინის წნევა, რასაც დაზიანებული ბენზინის ტუმბო იწვევს. შესაძლოა, უბრალოდ, ბენზინის ფილტრი არ გქონდეთ გამოცვლილი. ისე, დიზელის ფილტრის გამოუცვლელობამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმძლავრის დაკლება, მაგრამ, დიზელის „ნასოსი” პირდაპირ ძრავაზეა დამაგრებული და ის მსგავს პრობლემებს არ ქმნის. ბენზინის წნევა კი სხვანაირად იქმნება – ჯერ ბენზინის ავზში, შემდეგ მილებით მიდის ფილტრთან და შედის საწვავის სისტემაში ძრავთან. თუ ფილტრი გაჭედილია, მას გამტარობა არ ჰყოფნის და, შესაბამისად, იმხელა წნევა, რამხელასაც „ნასოსი” ქმნის არ იქმნება ჩაფრქვევის სისტემაში. ფეთქების სისტემაში ჩაფრქვევის ნაცვლად, საწვავი იღვრება და, შესაბამისად, სიმძლავრე ნაკლები აქვს, წვა კი მეტი.
კითხვა: ამერიკულ მანქანებს საქართველოში საშინლად არ სწყალობენ. რის ბრალია ეს?
პასუხი: თუ ხარისხის წუნზე ვისაუბრებთ, მაშინ გააჩნია მარკას. ანუ, ვერ ვიტყვით, რომ ისინი უხარისხოა, უბრალოდ, ჩვენთვისაც და ევროპელებისთვისაც მაინც უცხო სისტემაა. ჯერ ერთი, ამერიკული მანქანები სიჩქარესაც კი მილებში ითვლიან. ელექტროსისტემებიც თავისებურად არის მოწყობილი, სხვანაირი ექსპლუატაციის პირობებია. სხვაგვარი სერვისი აქვთ. ანუ, თუ ამერიკულ მანქანას შეიძენ, ავტომატურად, ბევრი თავსატეხი გიჩნდება.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა“. ეგრეთ წოდებულ „რულევოი კალონკაში“ მოიკლო სითხემ. მანამდე ესხა წითელი სითხე. როდესაც დასამატებლად მივედი, გამყიდველმა სისტემაში ჩამისხა თეთრი სითხე და მითხრა, რომ ეს მის გამართულ მუშაობას პრობლემას არ შეუქმნიდა. შეიძლება თუ არა წითელი და თეთრი სითხეების არევა და, თუ არა, რას დააზიანებს?
პასუხი: საჭის მექანიზმში თეთრი და წითელი სითხის არევა არ შეიძლება. ზოგადად, სხვა სითხეების შემთხვევაში, ფერი შეიძლება იყოს მწარმოებლის მიერ მინიჭებული და, მთავარია, რაზე გიწევს ის რეკომენდაციას, როგორი ტიპის სისტემაში ასხამ მას. მაგრამ, ჰიდრავლიკის სითხის შემთხვევაში, თუ თავიდან ასხია თეთრი ვასხამთ თეთრს; თუ ასხია წითელი, ვასხამთ წითელს. მათი არევა მექანიზმის დეტალების არაგამართულ მუშაობას და დაზიანებას გამოიწვევს.