ვეტერინარის რჩევები
კითხვა: როგორ უნდა შევუნარჩუნოთ ძაღლს იმუნიტეტი და როგორ დავიცვათ ის სხვადასხვა ინფექციისგან?
პასუხი: ჩვენი ოთხფეხა მეგობრები საშიში იფექციებისაგან რომ დავიცვათ, ამისათვის საჭიროა, მოვახდინოთ მათი დროული და სწორი ვაქცინაცია, რისი საშუალებითაც ხდება იმუნიტეტის ჩამოყალიბება. იმუნიტეტის ჩამოყალიბება ორგანიზმში არის ისეთი სპეციფიკური ლიმფოციტებისა და ანტისხეულების პროდუცირება, რომელიც დაავადების აღმძვრელ მიკროორგანიზმებს განვითარების საშუალებას არ მისცემს. ასეთი ანტისხეულების არსებობა ორგანიზმში შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირის ან წლების განმავლობაში, რომელსაც ხანგრძლივად დაიცავს ორგანიზმი. ასეთივე იმუნიტეტი ყალიბდება ძაღლებში სწორი ვაქცინაციის შედეგად. ვაქცინაციის მიზანია შექმნას აქტიური იმუნიტეტი და არ დაუშვას ცხოველის დაავადება. არსებობს მონოვაქცინები, რომლებიც უზრუნველყოფს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას მხოლოდ ერთი დაავადების საწინააღმდეგოდ და, ასევე, კომპლექსური ვაქცინები, რომლებიც უზრუნველყოფს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ერთდროულად რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგოდ. ვაქცინაციის მიზანია, შეუქმნათ ლეკვებს აქტიური ვაქცინისშემდგომი იმუნიტეტი, რაც ადრეული ასაკიდანვეა შესაძლებელი. დედისგან მიღებული იმუნიტეტი ქვეითდება და ქრება 9-12 კვირის ასაკში. სასურველია, თუ ამ პერიოდისთვის უკვე დაწყებული ექნება ლეკვს აცრები. ადრეულ ასაკში დაწყებული ვაქცინაცია უზრუნველყოფს ანტისხეულების მაღალ კონცენტრაციას ორგანიზმში, რაც უზრუნველყოფს დაავადებისაგან ძლიერ დაცვას. იმუნიტეტის გამომუშავება ორგანიზმში ხდება ვაქცინის შეყვანიდან 10-14 დღის შემდეგ. ამ პერიოდისთვის ლეკვის ორგანიზმი დასუსტებულია და მეტად მგრძნობიარეა დაავადებების მიმართ. ზოგიერთ ვაქცინას სჭირდება განმეორებითი ვაქცინაცია, ანუ რევაქცინაცია და ისეთ დროს იმუნიტეტი ყალიბდება რევაქცინაციის მომენტიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ.
კითხვა: მაინტერესებს, ეცვლება თუ არა ძაღლს ხასიათი სტერილიზაციის შემდეგ და იმატებს თუ არა ის წონაში?
პასუხი: ხვადებს, სქესობრივი აგზნების დროს, შეიძლება, ჩამოუყალიბდეთ განსაკუთრებით ძლიერი აგრესია მათთვის ძალიან ახლობელი ადამიანის და პატრონის მიმართაც კი. სტერილიზაცია აქვეითებს მათ აგრესიას და ცხოველები მართვადები ხდებიან. კითხვაზე, თუ როგორ იცვლება ძაღლის ხასიათი სტერილიზაციის შემდეგ, შეიძლება, ვუპასუხოთ, რომ თითქმის ყოველთვის, აგრესიული ძაღლები ხდებიან უფრო წყნარები და მშვიდები. ძაღლის ხასიათი ძალიან არის დამოკიდებული მის ტემპერამენტზე და იმაზე, თუ როგორი იყო ის სტერილიზაციამდე. თუ ცხოველი იყო ძალიან აქტიური და მოძრავი, ის, როგორც წესი ისეთივე დარჩება. ზოგიერთი ძაღლი სტერილიზაციის შემდეგ იმატებს წონაში და, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უნდა ჩაითვალოს სტერილიზაციის ნეგატიურ შედეგად, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ აქტიური რაციონით, დაბალანსებული კვებითა და საკვებში ნაკლები კალორიებით, შეიძლება, ვაკონტროლოთ ცხოველის სხეულის მასა და შევინარჩუნოთ ის ნორმაში. კიდევ უნდა აღინიშნოს ერთი უკუჩვენება, რომელიც ძირითადად აღინიშნება დიდი ტანის ჯიშებში – ესაა უნებლიე შარდვა, რაც გამოწვეულია იმით, რომ საშვილოსნოს ამპუტაცია გაკეთდა ძალიან მაღლა, ყელთან ძალიან ახლოს და ამ დროს დაზიანდა შარდის ბუშტის სპინქტერი. სტერილიზაცია აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ ისეთ ძაღლებს, რომლებისგანაც არ იგეგმება შთამომავლობის მიღება. ეს ოპერაცია კარგია, ასევე, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების რისკის შემცირებისა და რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიების განვითარების შემცირების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ პროფილაქტიკა გაცილებით ადვილია, ვიდრე შემდგომი მკურნალობა.