დიეტა „სუსნიებისთვის“
სუსნიებო, თქვენ განსაკუთრებით გიჭირთ რეჟიმის დაცვა, დიეტა – მით უმეტეს. ამიტომ, გთავაზობთ 10 ხერხს მადის დასათრგუნავად. ისარგებლეთ ჩვენი რჩევებით და დარწმუნდებით, რომ „მსუნაგობის“ დაძლევა არც ისე რთული ყოფილა. თანაც, ეს ჯანმრთელობასაც გაგიუმჯობესებთ, სახის კანსაც და, ამ ყველაფერთან ერთად, სიმხნევესა და ხალისსაც შეგმატებთ.
პირველი ხერხი – საუზმე აუცილებელია!
დილის საუზმე დაგიცავთ დღის განმავლობაში „გამგელებული“ შიმშილის შეგრძნებისგან, რადგან, დილის 6-დან 10 საათამდე შუალედში გააქტიურებულია ნივთიერებათა ცვლა და, ამიტომ, საუზმე არ უნდა იყოს ძალიან მსუბუქი. აქცენტი გააკეთეთ ცილებზე (თეთრი ხორცი, პარკოსნები, რძის პროდუქტი) და რთულ ნახშირწყლებზე (ბურღულეული, ცეხვილი პური). ცხადია, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა პროდუქტი ერთ ჯერზე არ უნდა მიირთვათ, თანაც, აუცილებლად დაიცავით ნორმა: თითო ჯერზე – 250-300 გრამი საკვები.
მეორე ხერხი – უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ, დაუმუშავებელ პროდუქტებს
ყოველი პროდუქტის შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ წარწერა ეტიკეტზე და შეარჩიეთ ის, რომელიც არ შეიცავს ემულგატორებსა და გემოს გამაძლიერებელ სხვა დანამატებს. გარდა იმისა, რომ ეს დანამატები ვნებს ჯანმრთელობას, იწვევს მადისა და წყურვილის გაძლიერებას, რაც თქვენს მცდელობას – გახდეთ, წყალში ჩაგიყრით.
მესამე ხერხი – H20 და ბალახეულის ნახარშები
ნუ აურევთ ერთმანეთში წყურვილსა და შიმშილს. გარდა ამისა, თუ უდროო დროს იგრძენით რაღაც მოშიების მაგვარი, პატარა ყლუპებით დალიეთ ერთი ჭიქა წყალი (ოთახის ტემპერატურის). უკეთესია, თუ წინასწარ გექნებათ მომზადებული ოხრახუშისა და პიტნის ნაყენი (1 სადილის კოვზ ოხრახუშს ან პიტნას დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაგრილებამდე და გადაწურეთ), ან, კურაგისა და შავქლიავის უშაქრო კომპოტი (150 გრამი კურაგა ან შავქლიავი მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში). ეს სასმელები, შეგიძლიათ, ბოთლში ჩაასხათ და თან წაიღოთ სასახურშიც და სხვაგანაც, სადაც წასვლა მოგიწევთ.
მეოთხე ხერხი – „ტკბილი” ტყუილი
თუ ძალიან მოგინდათ ტკბილი სასუსნავი, არც ეს არის პრობლემა – 1 ჩაის კოვზი თაფლი, ერთი პატარა ნატეხი მწარე შოკოლადი ან ხილის წვენის ნაყინი დაგეხმარებათ, „მოატყუოთ“ ეს სურვილი და, თან, დროებით გაანეიტრალოთ შიმშილის გრძნობა. თუ არ გჯერათ, გაიხსენეთ ბავშვობაში ბებიასგან არაერთხელ გაგონილი: „სადილის წინ ტკბილს ნუ შეჭამ, თორემ, მადა დაგეკარგება“.
მეხუთე ხერხი – „ნოყიერი“ სურნელი
ვანილის, დარიჩინის, ციტრუსების, პიტნის, ბანანის, მწვანე ვაშლის, ვარდისა და ყავის სურნელი იწვევს დანაყრების ილუზიას. კიდევ ერთი „სასარგებლო ტყუილის” სათქმელად, ყოველთვის იქონიეთ თან ერთ-ერთი მათგანი და, როცა თქვენი კუჭი სასიგნალო „წითელ“ შუქს აანთებს, დაყნოსეთ. თუ ამას უშუალოდ ჭამის წინ გააკეsთებთ, გაცილებით ნაკლები რაოდენობის საკვები დაგანაყრებთ.
მეექვსე ხერხი – აკუპუნქტურგა
აკუპუნქტურის (წერტილოვანი მასაჟის) მარტივი „ილეთები“ მოგეხმარებათ, დაამარცხოთ ძლიერი შიმშილი: მოძებნეთ ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის ზუსტად შუაში მდებარე წერტილი და შუათითით, ძლიერი წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ 2 წუთის განმავლობაში.
მეშვიდე ხერხი – ჟანგბადის კოქტეილი
სასუნთქი სისტემის სპეციალური ვარჯიში გადაგაფიქრებინებთ ერთ ჯერზე მთელი ხარის შეჭმას: ჯერ რამდენჯერმე ჩაბუქნეთ, შემდეგ გადით აივანზე ან დადექით ღია ფანჯარასთან, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ხელები ასწიეთ თავს ზემოთ და 10-ჯერ ძალიან ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ეს დაგიწყნარებთ ნერვებს და კიდევ მინიმუმ ერთი საათი გაძლებთ უჭმელად.
მერვე ხერხი – შეავსეთ ქრომის მარაგი!
დაუძლეველ მადას იწვევს ქრომის დეფიციტი. ეს ელემენტი გლუკოზის ასათვისებლად არის საჭირო. თუ ორგანიზმი არასაკმარისად გამოიმუშავებს ინსულინს, სისხლში შაქრის შემცველობა ეცემა, რაც იწვევს შიმშილსა და ტკბილის მოთხოვნილებას. ქრომის სადღეღამისო ნორმაა 50-200 მილიგრამი. შეიტანეთ რაციონში ქრომით მდიდარი ლუდის საფუარი, ღვიძლი, პომიდორი და მწვანე ჩაი.
მეცხრე ხერხი – სპორტი, სპორტი, სპორტი...
გაზარდეთ ფიტნეს-დატვირთვები. სპორტი შიმშილის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი „მომთვინიერებელია“, მაგრამ, ვგულისხმობთ არა ფეხით სეირნობას, არამედ, ინტენსიურ ვარჯიშს 30-დან 40 წუთამდე მაინც. შეეცადეთ, გაამრავალფეროვნოთ ვარჯიშები. რაც უფრო მეტ კუნთს ჩართავთ ვარჯიშში, მით უკეთესი შედეგი გექნებათ. თუ ვარჯიშების გაკეთება შენობაში გიწევთ, აუცილებელია ყოველდღიურად სირბილი სუფთა ჰაერზე, 30 წუთის განმავლობაში.
მეათე ხერხი – მწვანე ჩაი
კვლევებით დამტკიცებულია, რომ, ისინი, ვინც ყოველდღე სვამს მწვანე ჩაის, 60 პროცენტით ნაკლებს ჭამს, ვიდრე ისინი, ვინც ამ სასმელს არ ცნობს. მწვანე ჩაი ორგანიზმს სძენს დანაყრების შეგრძნებას, ანელებს ცხიმების შეწოვას და არეგულირებს სისხლში გლუკოზის შემცველობას.
მწვანე ჩაიში შემავალი პოლიფენოლების წყალობით, დამატებით ხდება 80 კილოკალორიის „დაწვა“.