რატომ უნდა ევედრებოდეს დედა ღმერთს შვილის ყველა ასაკში მის ცხონებას და როგორ განაგრძობს უფალი ანგელოზებთან ერთად ბავშვის აღზრდას
უფალი ჩვენი ისეო ქრისტე ბრძანებს: „ითხოვეთ და მოგეცეს თქვენ; ეძიებდეთ და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოთ თქვენ; რამეთუ ყოველი, რომელი ეძიებდეს – ჰპოვოს და რომელი ირეკდეს – განეღოს“. მაგრამ, საკითხავია, როგორ ვილოცოთ და როდის ვილოცოთ? უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა ილოცოს მთელი გულით და, თუ შეუძლია, ცრემლებითაც – მხოლოდ მაშინ ისმენს უფალი ჩვენს თხოვნას. ფსალმუნში ვკითხულობთ: „შვიდ გზის დღესა შინა გაქებდი შენ“ (ფსალ.118,164); საერთოდ, ბიბლიიდან ვიცით, რომ 7 რიცხვს აქვს დიდი სულიერი და ღვთიური ძალა. ამიტომაც, ჩვენი წინაპრები და, ზოგადად, მორწმუნენი, დღე-ღამის განმავლობაში შვიდჯერ ლოცულობდნენ ღვთის წინაშე და უფალიც უსმენდა და შეეწეოდა მათ. გულმხურვალე ლოცვას რომ დიდი ძალა გააჩნია, ეს ყველა მლოცველმა ადამიანმა იცის, თუმცა, ლოცვის წაკითხვასაც თავისი წესი და მნიშვნელობა აქვს. დღეს ლოცვის წიგნებში ხშირად ამოიკითხავთ ლოცვას სახელწოდებით „დედის ლოცვა“, რომელიც, წესით, ყველა დედამ უნდა წაიკითხოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამებს არ აქვთ მათი წაკითხვის უფლება. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, დღეს ბევრი მორწმუნე კითხულობს ფსალმუნებს. რატომ არის ფსალმუნების კითხვა აუცილებელი და მნიშვნელოვანი?
– ფსალმუნთა შინაარსის საერთო განყოფილებები რიცხოვნობით ათია – ისინი მოიცავენ ფსალმუნების მთელ შემადგენლობას. მოკლედ რომ ვთქვათ, ფსალმუნები – ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი საავადმყოფო, სადაც ნებისმიერი დაავადება იკურნება. მისი სიტყვა ყველას მიესადაგება. არ არსებობს ადამიანში ისეთი ქმედება, განზრახვა, ვნება, აზრი, რომლის წინააღმდეგაც ვერ იპოვის ფსალმუნებში განკურნების საშუალებას. როდესაც ფსალმუნებს ვგალობთ, ერთი შეხედვით, მხოლოდ ხმებსა და სიტყვებს გამოვცემთ, სინამდვილეში კი, ჩვენს სულებს აღვაშენებთ. ფსალმუნები ღმერთთან საუბარია, ისინი ანგელოზებთან გვაახლოებენ და ეშმაკებს დევნიან. ფსალმუნი არის დაუძლეველი ფარი, რომელიც ადამიანებს საკუთარი თავისგან, ვნებებისგან და, იმავდროულად, ბოროტი სულებისგანაც იხსნის. მისი კითხვა ძალიან სასარგებლოა სულისთვის; ის ადამიანისთვის იგივეა, რაც ჰაერის მობერვა, სინათლის მოფენა. როგორც იცით, ფსალმუნები იგალობება კიდეც, რაც, როგორც დედაკაცებზე, ასევე მამაკცებზე და არასრულწლოვნებზე საოცარ გავლენას ახდენს. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ადამიანში არის სულის ორი ნაწილი: ერთი – გონიერი, მეორე – არაგონიერი და პირუტყვული, სიამოვნება კი ერთანაირად მოიცავს ერთსაც და მეორესაც და სწორედ ეს არის ფსალმუნების გალობის შემოღების პირველი მიზეზი. იმის გამო, რომ ეშმაკი სიამოვნების გზით ცდილობს, რაიმე მზაკვრული ჩანაფიქრი შემოგვაპაროს, დაგვღუპოს, თავის მხრივ, ღმერთიც სიამოვნების საშუალებით ცდილობს, გადაგვარჩინოს ბოროტის მანქანებისგან, მაგრამ, ეს სიამოვნება განსხვავდება ეშმაკის შემოთავაზებული სიამოვნებისგან – ეს მეორე მიზეზია; მესამე მიზეზი ფსალმუნთა გალობის შემოღებისა ის არის, რომ გალობას შეუძლია, მგალობელთა გულებში დათესოს სიყვარული და ერთაზროვნება; მას, ასევე, შეუძლია ადამინების შერიგება, ზემოქმედებს ადამიანის ხასიათზე და იწვევს მის გამოსწორებას. შესაბამისად, მორწმუნეს შეუძლია, თავის ყოველდღიურ ლოცვაში ჩართოს „დავითნი“ – ფსალმუნნი, რომელიც 20 კანონისგან და 150 ფსალმუნისგან შედგება. ერთ დღე-ღამეში მთელი „დავითნის“ წაკითხვისას მკითხველზე ღვთისგან გადმოდის დიდი მადლი. რადგან ძნელია ერთი ადამიანის მიერ ერთ დღეში მთელი „დავითნის“ წაკითხვა, ამიტომაც იქმნება მკითხველთა ჯგუფი, რომლებიც დღეში თითო კანონს კითხულობენ, შესაბამისად, ისინი ერთ დღე-ღამეში ახერხებენ მთელი „დავითნის“ კითხვას და ერთმანეთს, ახლობლებს, გარდაცვლილებს იხსენიებენ. ამ წესის შესახებ არ არსებობს ეკლესიური სწავლება, თუმცა, მისი შესრულება სასურველია ყველა ქრისტიანისთვის, რომლებსაც შეუძლიათ, გარკვეული დრო დაუთმონ ფსალმუნების კითხვას და ილოცონ როგორც საკუთარი სულისთვის, ასევე, ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, ჯგუფის წევრებისთვის და გარდაცვალებულთათვის.
– ლოცვების წიგნში წერია ლოცვა, რომელსაც „დედის ლოცვა“ ჰქვია და რომელსაც საკმაოდ დიდი ძალა აქვს.
– ლოცვას, სათაურით – „დედის ლოცვები“, საეკლესიო ლიტერატურა არ იცნობს, უბრალოდ, ჩვენში გავრცელებულ მშობლების ლოცვას თანამედროვე მართლმადიდებლებმა დედის ლოცვა უწოდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, რა ლოცვის წაკითხვაც შეუძლიათ დედებს, იმ ლოცვის წაკითხვა შეუძლიათ მამებსაც. რა თქმა უნდა, შეიძლება, დედის წასაკითხი ცალკე ლოცვა არსებობდეს, მაგრამ, ლოცვას რომ განსაკუთრებულად ერქვას „დედის ლოცვა,” ეს, ეტყობა, შვილისადმი დედის განსაკუთრებულმა მზრუნველობამ წარმოშვა. რა თქმა უნდა, ამაში არაფერია ანტიეკლესიური და ანტირელიგიური. პირადად მე მამა ვარ ხორციელი შვილების და, ამით ჩვენ, შეიძლება, მამები გავაზარმაცოთ. იმიტომ, რომ, შეიძლება მათ თქვან: არსებობს დედის ლოცვა, არ არსებობს მამის ლოცვა და, მოდი, ეს საქმე დედას მივანდოთო. საერთოდ, ამ ლოცვას „მშობლის ლოცვა” ჰქვია და ყველა მშობელს შევახსენებ, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილების შეგონება, დარიგება, ხანდახან მკაცრადაც, მაგრამ, არ ვლოცულობთ მათთვის უფლის წინაშე და, გგვგონია, რომ მხოლოდ დარიგებით და შეგონებით ვიხდით ჩვენს მოვალეობას.
– როგორ უნდა ილოცონ და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა შვილების აღზრდის დროს?
– ბავშვი რომ წამოიზრდება და დავინახავთ, რომ მას პრობლემები აქვს, მერე ვიწყებთ მის გამოსწორებას. სანამ ბავშვი ნორჩია, მოზარდია, მანამდე უნდა აღმოიფხვრას მასში უკეთურებისადმი ყველა მიდრეკლება. როდესაც ღმერთმა ქვეყნიერებას წარღვნა მოუვლინა, მან ნოეს ცისარტყელა გამოუსახა და მისცა აღქმა, რომ დედამიწას ადამიანთა ცოდვების გამო აღარ წარღვნის, რამეთუ ადამიანის ბუნება დაბადებიდანვე უკეთურებისკენ მიისწრაფის. ხშირად, როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვი გონივრულ საქციელს სჩადის, ვამბობოთ, გაეშმაკდაო, რაც არასწორია. თანამედროვე ბავშვები ძალიან გონიერები არიან და, ეს გონიერება რომ არ იყოს საეშმაკო და მშვინვიერი, მას სწორი მიმართულება უნდა მივცეთ. სამწუხაროდ, ჩვენ ამას თავიდანვე ვერ ვამჩნევთ და, მერე, როცა დავინახავთ, რომ ჩვენი ბავშვის ნიჭიერება უკეთურებას, ბოროტებას, ეშმაკობას ხმარდება, ვიწყებთ თავში ხელის წაშენას, რაც ძალიან დაგვიანებულია. ამიტომ, მშობელმა ლოცვით, ეკლესიაში სიარულით, მოძღვართან ურთიერთობით, არ გამოვრიცხავთ ფსიქოლოგის ჩარევასაც, უნდა იზრუნოს შვილის სულიერ მდგომარეობაზე. ბავშვებს, რომლებსაც ჰქვიათ ნინო, გიორგი, დავითი და ასეთი წმიდანების სახელები, უნდა იცოდნენ, რომ ეს უკვე მათი პასუხისმგებლობაა. მათ მარტო ის კი არ უნდა იცოდნენ, რომ ხატზე გამოსახული შუბოსანი მხედარი წმიდა გიორგია, არამედ, ისიც, თუ რატომ არის ის ძლევამოსილი და რა დიდი ამაგი აქვს მას უფლისა და საზოგადოების წინაშე. ჩვენი წინაპრები ასე ზრდიდნენ შვილებს, გმირობის ამბებს უნერგავდნენ მათ. დღეს ბავშვები „გიორგი სააკაძეს“ და „ჯარისკაცის მამას“ რომ უყურებენ, ეცინებათ, იმიტომ, რომ ისინი ჰოლივუდელი ტერმინატორების გამარჯვებებით არიან მოხიბლულები და მათი ცნობიერება დამახინჯებულია.
– ამბობენ, მშობლის ლოცვას დიდი ძალა აქვსო.
– ასეთი რამ გამიგია: დედის ლოცვას შეუძლია, შვილის სული ჯოჯოხეთიდან იხსნასო. რა თქმა უნდა, ეს არ არის ეკლესიური სწავლება, მაგრამ ამით ჩვენი გონება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ დედის ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. თუმცა, ძალიან ბევრი მაგალითია სახარებაში, რომ მამა სთხოვს მაცხოვარს შვილის განკურნებას. ქართველებისთვის დედა – ღვთისმშობელია და, ასე უნდა გავიგოთ, რომ დედის ლოცვა ღვთისმშობლის ლოცვასთან არის შეერთებული. თუ დედა ევედრება ღვთისმშობელს, მაშინ მისი ლოცვა ძლიერია. საკუთარი სიტყვებით ლოცვა უფრო მატერიალურია. ყველა დედა ღმერთს ნებისმიერ ასაკში უნდა ევედრებოდეს შვილის ცხონებას. ერთ სასულიერო პირს, გარდაეცვალა ჩვილი. როდესაც მასთან სასულიერო პირები მიდიოდნენ და ამშვიდებდნენ, ის პასუხობდა: მე აქამდე ვიცოდი, რომ უფალი ჩემი ახლობელი იყო, მაგრამ ახლა ის ჩემი უფრო ახლობელია, იმიტომ, რომ ჩემი შვილი მისი ოჯახის წევრი გახდაო. უნდა ვიცოდეთ, რომ, ცოცხლებიც და მიცვალებულებიც, ჩვენც და ჩვენი შვილებიც, უფალთან ვართ და მასთან ვიქნებით. ლოცვა დედისა ამ ყოველივეს ანუგეშებს, აძლიერებს და ამტკიცებს. უნდა იცოდეს ყველა დედამ, რომ, როდესაც მისი შვილი გარდაიცვლება, უფალი ანგელოზებთან ერთად განაგრძობს მისი შვილის აღზრდას. ლოცვა არის ნუგეში, დიდებისმეტყველება, თხოვნა, თავმდაბლობა. ლოცვა მარტო თხოვნა არ უნდა იყოს, ჯერ უნდა განვადიდოთ და, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალმა თავის მხოლოდშობილი ძე ჩვენ შემოგვწირა – ეს ყველა დედისთვის მაგალითი უნდა იყოს. მთავარია, ჩვენი შვილი არ იყოს უღმერთო, სექტანტი, დანარჩენს ყველაფერს ღმერთი დალოცავს, აკურთხებს და ჩვენი ლოცვაც შესმენილი იქნება.