ჭეშმარიტი სარწმუნოება
ღმერთი მიიღებს ლოცვას, ვინაობის მიუხედავად
ერთხელ კუნძულ კვიპროსზე ისეთი ხანგრძლივი გვალვა ჩამოწვა, რომ ბალახი და ნაყოფი სრულიად გადახმა. ქვეყანა საშინელ შიმშილობას მოელოდა. იქაურმა ეპისკოპოსმა შეკრიბა ხალხი და დიდი მოწიწებით შეევედრა ღმერთს – პარაკლისი გადაიხადა, რომ კეთილშეზავებული ჰაერი მოევლინებინა უფალს. გალობის დროს მას მოესმა ზეციური ხმა: „მიდი ქალაქის კართან და ნახე, ვინც პირველად ქალაქში შემოვიდეს, მას სთხოვე, რომ ილოცოს ღმერთი, მის ლოცვას შეისმენს უფალი“. ეპისკოპოსი დილის ლოცვის შემდეგ კრებულით მივიდა ქალაქის კართან და დაჯდა. უეცრად შემოვიდა ვიღაც მოხუცი ეთიოპი, რომელსაც მხარზე ერთი შეკვრა შეშა გაედო და გასაყიდად ქალაქში მიჰქონდა. ეპისკოპოსი ადგა და გააჩერა იგი. მოხუცმა ტვირთი მოშორებით დააგდო, მღვდელმთავარს თაყვანი სცა და ლოცვა-კურთხევა სთხოვა; მაგრამ მღვდელმთავარმა თვითონ მას სცა თაყვანი და უთხრა: „მოხუცო, ღვთის სახელით გთხოვ შენ: ევედრე უფალს, რომ თავის ერს მოწყალება მოანიჭოს და ქვეყანაზე წვიმა მოავლინოს“. შეშის მჭრელი მოხუცი გაკვირდა და, არ იცოდა, რა პასუხი გაეცა; მაგრამ, როცა ისეთივე თხოვნა გაიგონა კრებულისგან, თქვა: „მე ცოდვილი ვარ, როგორ უნდა ვევედრო უფალს ერისთვის?“ მღვდელმთავარი დაჟინებით სთხოვდა და, როგორც კი მოხუცმა, ღვთის სახელით ლოცვისადმი იძულებულმა, მოიდრიკა მუხლნი და აღაპყრო ხელნი ზეცას, მაშინვე მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. ლოცვის შემდგომ ეპისკოპოსმა მოხუცს უთხრა:
ახლობელთა სიყვარულისა და საზოგადო სარგებლობისთვის, გვითხარ ჩვენ, როგორ ატარებ შენს ცხოვრებას, რომ ჩვენც, შენი მაგალითის მიმღებთა, შეგვეძლოს ეგრე ცხოვრება?
– შემინდევ მე, უფალო! – მიუგო მშვიდმა მოხუცმა, – მე კაცი ვარ, ცოდვილი, ვშობილვარ მისთვის, რომ ვიცხოვრო ამაოებაში; ყოველღამე გამოვდივარ ქალაქიდან, ერთ კონა შეშას მოვჭრი, გავყიდი და ამ შრომით ვშოულობ დღიურ ლუკმას; არ მყვანან ნათესავნი, არა მაქვს სახლი და ვიძინებ ეკლესიასთან; როცა ცუდი ამინდია, მთელი დღე და, ხან – ორი დღეც, არ ვჭამ. შრომის მერმე კი, რაც დრო მრჩება, ვატარებ ლოცვით.
მიიღეს რა სული ეპისკოპოსმა და კრებულმა, ადიდეს ღმერთი და მოხუცს უთხრეს: „შენ დაამტკიცე შენზედ ჭეშმარიტება წერილისა, რომელიც იტყვის: „მსხემ ვარ მე ქვეყანასა ზედა“. მერმე ეპისკოპოსმა წაიყვანა ის თავის სახლში, მისცა თავისუფალი ბინა და, სანამ არ გარდაიცვალა, ასაზრდოებდა მას. ეს მოხუცი იყოს გულისხმისმყოფელად ჩვენდა, რათა არ განვსაჯოთ კაცის კეთილმოქმედება მისი გარეგანი შეხედულებითა და მისი ტანისამოსით. „თვალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა ზედა მათსა... ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი (ფსალ. 33, 16-18; 1 პეტრე 3,12). „ფრიად შემძლებელ არს ლოცვა მართლისა შეწევნად“ (იაკ. 5, 16).