რატომ ვერ აღნიშნა ქორწინების 4 წლისთავი მანიკა ასათიანმა და ვის გამო ტიროდა ის ფლორენციაში მთელი კვირის განმავლობაში
განახლებული „მაესტროს“ ეთერში ბევრი ახალი გადაცემა დაიწყო, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც საღამოს 8 საათზე გადის, არის „ახალი ა(მ)ბები” ბექასთან და მანიკასთან ერთად”. ამ გადაცემით მშვენიერი მანიკა ასათიანი, უკვე სხვა ამპლუაში წარდგა მაყურებლის წინაშე.
– მანიკა, გილოცავ ახალი გადაცემის დაწყებას, წარმატებებს გისურვებ!
– ჩვენი გადაცემა საღამოს 8 საათზე გადის, ცოტა ხანია, რაც ეთერშია და ძალიან მომწონს. რაც მთავარია, ჩემთვის ახალია, საიტერესო. „მაღვიძარასგანაც“ რადიკალურად განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ იქ ჩვენს ტექსტებს ვამბობდით, სუფლიორის გარეშე. ეს უფრო ნიუსური ფორმატია, საინფორმაციო ხასიათის, თუმცა გასართობი. მაგრამ, მე არ ვხალისობ იმაზე, რასაც ვამბობ – იმ მომენტში, საინფორმაციო გადაცემის, ნიუსების წამყვანი ვარ. მოკლედ, მომწონს ეს ამპლუა – განსხვავებული და საინტერესოა. ვფიქრობ, კარგად მოვირგე. რთული არ არის, კარგია და მომწონს.
– სერიოზული თემების გაშუქებაც გიწევს, თუმცა იუმორით შეფუთულის.
– კი, სერიოზულ თემებს ვიღებთ, მაგრამ მსუბუქ იუმორს ვრთავთ. რეალურად, ეს არის ახალი და აქტუალური ამბები, რომელიც მაყურებლამდე პოზიტიურად მიგვაქვს. დილის გადაცემაც ძალიან მიყვარდა, მაგრამ საღამოს გადაცემაც საინტერესო ყოფილა. თან, ახალია, დალაგების პროცესში ვართ და შეიძლება, რაღაც მოვაკლოთ, ან მივამატოთ. რაც მთავარია, ჩვენც მოგვწონს და ხალხსაც მოსწონს. „მაღვიძარასთვის“ სიუჟეტებსაც ვაკეთებდი, ახლა აღარ მიწევს. საკმაოდ მოკლეხნიანი გადაცემაა, 5-დან 6 წუთამდე, მაგრამ ამ დროში ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ ინფორმაციას ვატევთ. რაც მთავარია, ისე ვფუთავთ, რომ მაყურებლისთვის სახალისო იყოს და კარგად გაერთონ.
– როდესაც პირველად ტელევიზიაში ამინდის პროგნოზი მიგყავდა, თუ იფიქრებდი ან წარმოიდგენდი, რომ საბოლოოდ, გადაცემის წამყვანი გახდებოდი?
– ტელევიზიაში ჩემი მისვლა შემთხვევით მოხდა. ამიტომ, მაშინ ვერაფერს წარმოვიდგენდი და ვერც ვერაფერზე ვიფიქრებდი. ახლა, როცა სერიოზულად ვფიქრობ ჟურნალისტობაზე, ამას კი არა, ბევრ სხვა რამესაც წარმოვიდგენ სამომავლოდ. უბრალოდ, ახლა, ამ ასაკში, სადაც ვარ, ძალიან მომწონს. სამომავლოდ, შეიძლება, სერიოზულ თემებზეც ავიღო გადაცემა, თოქ-შოუ. ანუ, იდეაში ბევრი რამ მაქვს. ვფიქრობ, საინფორმაციო გამოშვებაში მუშაობა ჟურნალისტისთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა. ასე რომ, სამომავლოდ საინფორმაციო გადაცემაშიც გამოვცდი თავს. შემდეგ კი იმ გამოცდილებით შესაძლებელია, სერიოზული გადაცემაც გააკეთო. ასე რომ, ჯერ პატარა ვარ და ბევრი გამოცდილება მჭირდება. რაც მთავარია, რაც აქამდე გავაკეთე და რაც დაგროვილი მაქვს, ყველაფერი მეხმარება. თან, საინფორმაციო ფორმატს ვეჩვევი და შეიძლება ეს იყოს გზა, ხუმრობიდან სერიოზულ საინფორმაციომდე. ჯერ ყველაფერი წინაა და თან, გამორიცხული არაფერია.
– როგორი იყო შენი რეაქცია, როდესაც ამ გადაცემის წაყვანა შემოგთავაზეს?
– თავიდან ძალიან ბევრი ვერსია გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რით დავკავებულიყავი „მაესტროში“, როცა ჩემი გადაცემა დაიხურა და მე იქ დავრჩი, არ წამოვსულვარ. ერთდროულად ბევრი ახალი გადაცემა დაიწყო, სანამ ყველაფერი დალაგდებოდა, ბევრ რამეზე იყო საუბარი. საბოლოოდ, ყველამ ერთად ამ გადაცემაზე შევაჩერეთ არჩევანი. ადრე ხომ იყო „ვასიკოს ა(მ)ბები“, ახლა ეს უკვე „ახალი ა(მ)ბებია“. იგივე არ არის, მაგრამ მაყურებლისთვის ცხადია, რომ ეს გადაცემა არ არის სერიოზული და იუმორშია გაკეთებული. თან, ისე მინიმალისტურად, რომ არავინ გააღიზიანოს. ანუ, გვინდოდა, მაყურებლისთვის ყოფილიყო ცოტა, მაგრამ ხარისხიანი, რომ არ მოგვებეზრებინა თავი.
– როგორი სახელი აქვს „ახალი ა(მ)ბები ბექასთან და მანიკასთან ერთად“. სახლში ბექა, გადაცემაში ბექა...
– ეს ძალიან სასაცილო ამბავია. თავიდან, რომ წავიკითხე, ხუმრობა მეგონა. ყველას ეცინება სათაურზე.
– როგორ მოქმედებს შენი „აბები“ შენს შემფასებლებზე?
– პირველი მაინც პროდიუსერები, ტელევიზიაში მომუშავე ადამიანები არიან. მათ რომ მოსწონთ, თავისთავად, მეც მომწონს და მათთან ერთად, მეც კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, მათ ძალიან მოსწონთ – ბექასაც, მამასაც.
– გიოსაც (მანიკას შვილი) მოსწონს?
– გიოს ყველაფერი მოსწონს, რაც ჩემთან არის დაკავშირებული. როცა სახლში მივდივარ, ვუყურებ ამ გადაცემას. გიო იცინის, ანუ პოზიტიურად განეწყობა ხოლმე.
– ამ გადასახედიდან, ალბათ, ფიქრობ, რომ სწორედ ჟურნალისტობაა შენი პროფესია.
– ბავშვობაში უფრო ვფიქრობდი, მსახიობობა მეცადა. მაგრამ, ჩემი აზრით, ჟურნალისტობა ჩემი პროფესიაა, თან ისეთი, რომელსაც გამოვიყენებ. 16 წლის ვიყავი, „რუსთავი 2-ში“ რომ მივედი და თითქმის 6 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი რამ შევიძინე. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ რთული იყო. ეტყობა, კამერების სიყვარული ბავშვობიდან დამყვა, ამიტომ პირველი ეთერიც არ გამჭირვებია. რაც მთავარია, არ ვიძაბები და მიმაჩნია, რომ ეს იმ ჟურნალისტისთვის, ვისაც პირდაპირ ეთერში უნდა მუშაობა, კარგი თვისებაა. არ მძაბავს არც განათება, არც აუდიტორია, არც კამერები და ეს უფრო მეტად მეხმარება. ამ ხნის განმავლობაში, ვფიქრობ, ბევრი რამ დამეხვეწა – მეტყველება, მოკლედ, ყველაფერი, რაც ჟურნალისტს სჭირდება. პლუს ამას, ბევრი მეგობარი შევიძინე. ბევრი პროფესიონალი გავიცანი, დავუმეგობრდი. ბევრი პატივსაცემი ადამიანი გავიცანი „მაღვიძარას“ ეთერის საშუალებით. ამიტომაც მომწონს ეს საქმე. თან, რაც მთავარია, ტელევიზიაში ისეთი გარემოა შინაურული, კომფორტული, ერთ გუნდად შეკრული. არავინ გძაბავს – თან, ძალიან ბევრნი არ ვართ და შესაბამისად, ყველას ერთმანეთის ამბავი გვაინტერესებს, კონკურენციის მომენტი არც არის.
– პარალელურად, მოდელობასაც აგრძელებ. ცოტა ხნის წინ ფლორენციაშიც იყავი სხვადასხვა ჩვენებაში მონაწილეობის მისაღებად.
– არ ვანებებ ამ საქმეს თავს. მინდა, ეს დრო გამოვიყენო. ახლახან გოგონები ვიყავით ფლორენციაში, აკადემია „იტალიანას“ ჩვენებებზე. აკადემიას 30 წელი შეუსრულდა, გრანდიოზული შოუ მოაწყვეს, რომელშიც 64 დიზაინერი მონაწილეობდა. 4 გოგო ვცხოვრობდით ერთად ნომერში. სამეგობრო ვიყავით წასული და მოკლედ, ბევრი ვიგიჟეთ, კარგად გავერთეთ. ერთად ამდენი ქართველი უკვე სიგიჟეა. ქუჩაში ხალხი ფოტოების გადაღებას გვთხოვდა, გვიღებდნენ, მოკლედ, კარგად ვერთობოდით. თან, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვქონდა, მხოლოდ გასართობად არ ვყოფილვართ. გვქონდა ფითინგები, რეპეტიციები... ყველა ჩვენებას ცალკე დადგმა ჰქონდა, მოკლედ, საკმაოდ ბევრი შრომა გვჭირდებოდა.
– ამდენი ხანი პირველად დატოვე გიო?
– ერთი კვირით ვიყავი და ძალიან გამიჭირდა. ყოველდღე ვტიროდი, ვერ შევირგე ბოლომდე. გიჟი ხარო, – მეუბნებოდნენ. მაგრამ, როგორც კი ფოტოს დავინახავდი, მაშინვე ტირილს ვიწყებდი. გავჩერდებოდი, მერე ისევ... გიო ჯერ პატარაა, ბოლომდე ვერ ხვდებოდა ვერაფერს, თუმცა „სკაიპში“ რომ მხედავდა, სიცილ-ტირილის იწყებდა. გიოს უფრო გაუადვილდა, ვიდრე მე. თან, დიდხანს მარტო არასდროსაა. ძიძაც ჰყავს და ბექას დედაც ჩვენთან ცხოვრობს. ჩემ გარეშე არის ხოლმე და ამაზე ძალიან ვნერვიულობ. არ მინდა, დედის სიახლოვე მოაკლდეს. ვფიქრობ, ყველა ბავშვი დედამ უნდა გაზარდოს. ძიძა, ბებია კარგია, მაგრამ ბავშვისთვის მაინც მთავარი დედის გვერდით ყოფნაა. მეც ასე გავიზარდე, ამიტომ ვცდილობ, თავისუფალი დრო მასთან ერთად გავატარო. როცა გიოსთან ერთად ვარ, საერთოდ არაფერზე ვფიქრობ. მისი ყოველი ქცევა ჩემთვის სიურპრიზი და სასიხარულოა.
– ბექა რომ დატოვე ერთი კვირით, ხომ არ გააპროტესტა?
– მიჩვეულია, რადგან თვითონაც ხან ბაზაზეა, ხან შეკრებებზე. სადაც არ უნდა წავიდეთ, მთავარი წყვილს შორის ნდობაა, რაც ჩვენ გვაქვს. ბექასგან მიჩვეული ვარ – ხშირად 2-3 დღე არ არის სახლში. ამიტომ, ამ რეჟიმს მივეჩვიე. გიოს დატოვება უფრო გამიჭირდა. თან ცოლ-ქმრის განშორება ცოტა ხნით კარგია, რომ გენატრება – უფრო კარგია.
– აღნიშნავთ ხოლმე ქორწინებისა და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან თარიღებს?
– 4 წელი გაგვიხდა 18 აპრილს, მაგრამ ვერ აღვნიშნეთ, არ ვიყავი თბილისში. 19-ში ჩამოვედი, თვითმფრინავში შევხვდი. 5 წელს, ალბათ, აღვნიშნავთ. 18 აპრილს ბექა მეკითხებოდა: დღეს თუ იცი რა დღეაო – ერთმანეთს ვამოწმებდით. ის დღე მახსოვს კიდევ, რა დღიდანაც ერთად ვართ, ბექასაც ახსოვს. ჩვენს ცხოვრებაში მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი გიოს დაბადება იყო. ტატუც კი მაქვს ამის აღსანიშნავი. ამაზე ბედნიერი დღე არ მქონია. სიამოვნებით ვიყოლიებ 4 შვილს, თან მშვენიერი ფეხმძიმობა მქონდა, მაგრამ გიო პატარაა, ამიტომ ცოტა ხანს თავს ვიკავებ.