რატომ არ ეშინია ზოგიერთ ქალს ქმრის ღალატის და როგორ აძლიერებს ის ამის წინააღმდეგ იმუნიტეტს
თუ რაციონალურად ფიქრს ვისწავლით, მალევე მივხვდებით: ცხოვრება მეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ მუდმივად გვებრალებოდეს საკუთარი თავი, დიდხანს გვახსოვდეს წყენა და არ ვაპატიოთ ადამიანებს შეცდომები. გასაგებია, რომ გულის ტკენის დავიწყება ადვილი არ არის, მაგრამ მუდმივად ამაზე ფიქრი უარესად გვაზარალებს – ნეგატიური ინფორმაცია სულ უფრო ღრმად ილექება ტვინში და არ გვაძლევს სიხარულის, ბედნიერების საშუალებას.
ჩვენ ხშირად თავად ვირთულებთ ცხოვრებას, როცა არ გვინდა, გავთავისუფლდეთ წარსულის მძიმე შედეგებისგან და არ ვდგამთ ნაბიჯს უკეთესი, მშვიდი და სიხარულით სავსე ხვალინდელი დღისკენ...
თეონა (29 წლის): მეც ჩვეულებრივი ქალი ვარ – ცოტათი ეჭვიანი, ემოციური და ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარე. გულთან ისე ახლოს მიმაქვს უმნიშვნელო წვრილმანები, რომ მერე ვბრაზობ, რისთვის ვიმწარებ ცხოვრებას-მეთქი. ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ – უფრო ხშირად, თავად ვართ დამნაშავენი იმაში, რომ ჩვენს ყოფას სიხარული აკლია.
– რას ვერ ვაკეთებთ, რომ სიხარული იყოს ჩვენი თანამგზავრი? პრობლემის იგნორირებაა მიზეზი?
– დაახლოებით. ჯერ უნდა ვისწავლოთ გარჩევა, რომელი პრობლემაა „დასაიგნორირებელი“ და რომელი – არა. ხომ არ შეიძლება, ყველაფერზე, ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო წვრილმანზეც კი ინერვიულო?!
– ღალატი უმნიშვნელო წვრილმანია? ამაში ვერ დაგეთანხმებით.
– არც უნდა დამეთანხმოთ, იმიტომ, რომ ღალატი ვერ იქნება უმნიშვნელო პრობლემა. მაგრამ მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ღალატის შედეგებმა არ უნდა მოგიწამლოს მთელი დარჩენილი სიცოცხლე, ამაშია საქმე. ჩვენს სიცოცხლესთან, რომელიც საკმაოდ ხანმოკლეა და ჩვენს ჯანმრთელობასთან შედარებით, რომელიც არ არის გარანტირებული, ღალატი რა მოსატანია! ძალიან მინდა, სწორად გამიგოთ. როცა კაცი ქალს ღალატობს, ის, უპირველესად, საკუთარ თავს უქმნის პრობლემას – ეს ხომ აქსიომაა. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ღალატი, საშინლად შეურაცხმყოფელი და დამთრგუნველი, მაგრამ, ქვეყნის აღსასრული ნამდვილად არ არის და ამად არც უნდა ვაქციოთ. მე და ჩემს ქმარს ისე გვიყვარდა ერთმანეთი, ზოგჯერ ამ სიყვარულით სუნთქვაც კი მეკვროდა ხოლმე. ვისთვისაც ეს გრძნობა ნაცნობია, ის მიმიხვდება. სამი წელი შვილიც არ გავაჩინეთ, რომ არაფერს შეეშალა ხელი ჩვენი ერთად ყოფნისთვის. უერთმანეთოდ ერთ საათსაც ვერ ვძლებდით. ჩემი ქმარი კმაყოფილი იყო იმით, რომ მე შვილის გაჩენას არ ვფიქრობდი – ჯერ ადრეა ჩვენთვის ვინმეზე ზრუნვა, ცოლი ჩემთვის გჭირდებაო.
– ანუ, თქვენ შორის გაუგებრობები იმიტომ დაიწყო, რომ ბავშვის გაჩენა გადაწყვიტეთ?
– მთლად ასეც არ არის. აშკარად უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. რადგან ასე გინდა, გააჩინეო, მითხრა, მაგრამ, მოულოდნელად გაჩნდა პრობლემა – ვერ ვფეხმძიმდებოდი. ეს ისეთი სტრესი აღმოჩნდა, რომ ყველა სფეროზე აისახა. სექსიც აღარ იყო სიამოვნების, ბედნიერების მომტანი. ჩემი ქმარი თავიდან გაგებით ეკიდებოდა ამას, მაგრამ, ნელ-ნელა „დაიგრუზა“ – მე ბავშვისა და ორსულობის გარდა აღარაფერზე ვლაპარაკობდი.
– თავს იდანაშაულებთ იმაში, რომ ქმარმა გიღალატათ?
– არა, რა სისულელეა! უბრალოდ, გიხსნით ჩემს მდგომარეობას იმ მომენტისთვის. ჩავიციკლე დედობაზე და შვილზე. ვტიროდი, ვნერვიულობდი, განვიცდიდი, სასწაულის მოხდენას ვნატრობდი. ექიმებიდან მკითხავებზე გადავედი. ჩემი ქმარი მეხვეწებოდა, შეჩერდი, ასე არ შეიძლება, უნდა დამშვიდდე, თორემ, ეგრე გაგიჟდებიო. ბოლოს ხელი ჩაიქნია და, ეტყობა, მაშინ გადაწყვიტა, ვიღაც მოეძებნა გულის გადასაყოლებლად.
– აი, ასე – გადაწყვიტა და გიღალატათ? საერთოდ, ასე ხდება?
– არ ვიცი, საერთოდ როგორ ხდება. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ მამაკაცების ფსიქოლოგიას კარგად არ ვიცნობ. ის კი არა, ჩემი ქმარიც კი სრულიად არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა ჩემთვის. გონება რაღაცას მკარნახობდა – რაციონალურს, მაგრამ გული სძლევდა და ქმარს ჩხუბი დავუწყე – რატომ გადაიფიქრე და რატომ აღარ გინდა, გვერდით დამიდგე, აღარ გიყვარვარ და ჩემგან შვილიც აღარ გინდა-მეთქი? ავიკელი საყვედურებით. ვჩხუბობდით, ვიბუტებოდით... დავღალეთ ერთმანეთი. არც ერთ კაცს არ უნდა, სახლში მისვლისას იქ ხვდებოდეს ცოლი, რომელიც სულ ტირის და წუწუნებს; არც სექსი მოუნდება ასეთ ქალთან. სულ ასეთ რაღაცეებზე ვფიქრობდი, როცა ქმრისთვის ღალატის პატიება გადავწყვიტე. ძალიან ბევრს ვფიქრობდი და ეს არ იყო ადვილი. იცით, კიდევ რას მივხვდი? – არ უნდა გეშინოდეს ქმრის ღალატის.
– ეს რას ნიშნავს? რატომ უნდა მეშინოდეს ან რატომ არ უნდა მეშინოდეს?
– გეტყვით, ბევრი ქალისთვის ღალატი ქვეყნის აღსასრულია და უსაშინლესი კატასტროფა.
– არ არის ასე?
– არა, ნამდვილად. არ უნდა ჩაიციკლო ამ საკითხზე, არავითარ შემთხვევაში! როგორც არ უნდა გიყვარდეს, მამაკაცი მთელ სამყაროს ვერ დაიტევს. ცხოვრება მის გარეშეც ჩვეულებრივად გრძელდება და, არცთუ იშვიათად, მას სხვა მამაკაცი ანაცვლებს. ხვდებით, ხომ, რაზე ვლაპარაკობ? ერთ დღეს ისე ვიჩხუბეთ, რომ ოთახში თეფშები დაფრინავდა. დავლეწეთ ყველაფერი და ერთმანეთს უსაშინლესი სიტყვები ვუთხარით. ჩემი ქმარი დაღალა ამ ყველაფერმა და დედამისთან გადავიდა ცოტა ხნით. ერთმანეთს მტრებივით დავშორდით. ნერვული აფეთქების ზღვარზე ვიყავი, მაგრამ, რამდენიმე დღის მეტი ვერ გავძელი. იმანაც ვერ გაძლო და ორივემ ვაღიარეთ – ჩვენ უერთმანეთოდ არ ვვარგივართ. სიმშვიდე საკმაოდ დიდი ხნით შევინარჩუნეთ. მე უკვე ვხვდებოდი, რომ, შვილის ყოლას ვინ ჩივის, ქმარსაც დავკარგავდი. ამიტომ, მოვეშვი წუწუნსა და ზლუქუნს. ბოლოს და ბოლოს, უშვილო წყვილები ჩვენ გარდა სხვებიც არიან, მაგრამ, თავზე ნაცარს არ იყრიან, მით უმეტეს, ერთმანეთს არ ხოცავენ და არ ლანძღავენ. მეც უნდა გავჩერდე-მეთქი. მაქსიმალურად შევეცადე, მაგრამ, ეტყობა, ჩემს ქმარში სამწუხარო ცვლილება უკვე მომხდარიყო. ყინული, რომელიც ჩვენ შორის გავაჩინეთ, თავის საქმეს აკეთებდა და, უცებ აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ამ შოკის მომგვრელმა ამბავმა ძალიან შემაშინა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ქმარს ვერც კი ვეუბნებოდი. ისიც, რაღაცნაირად, შორიდან მივლიდა, თითქოს მორიდებით და დარცხვენით. ბოლოს ერთმანეთის პირისპირ დავრჩით და მე ვუთხარი, რომ ბავშვს ველოდებოდი. ისე მიყურებდა, არ სჯეროდა. შევწუხდი – არ გაუხარდა-მეთქი. უცებ საერთოდ წავიდა. შევშფოთდი. ვერ მივხვდი, რა დაემართა. სანამ მოვიდა, საკმაოდ ვინერვიულე, თუმცა, არ დამირეკავს მისთვის.
– არ იფიქრეთ, რომ, შეიძლებოდა, ვინმე ჰყოლოდა?
– იცით, რაშია საქმე? შიში იმისა, რომ ქმარი მიღალატებდა და სხვას გაიჩენდა, არასდროს მქონია. იმიტომ არა, რომ არ მიყვარდა. პირიქით, ძალიან მიყვარდა. უბრალოდ, ვხვდებოდი, რომ თუ ეს მოხდებოდა, მე მაინც ვერაფერს შევცვლიდი და ფაქტთან შეგუება მომიწევდა. ქალმა ასეთი რაღაცისთვის ყოველთვის უნდა მოამზადოს საკუთარი თავი და მაშინ ღალატისაც არ შეეშინდება.
– შიში ხომ არ არის მთავარი? მგონი, ღალატი სხვა შინაარსის პრობლემაა.
– რა თქმა უნდა, მეც მაგას ვამბობ. შიში საერთოდ არაფერ შუაშია. თუ ეს მოსახდენია და გარდაუვალია, მაინც მოხდება და, წინასწარ ნერვიულობას რა აზრი აქვს, რატომ უნდა დაიპროგრამო თავი „ნეგატივით“?! მოვიდა რაღაც კოლოფით. მომიტანა ძვირფასი საუქარი და ისე მიყურებდა, მივხვდი, სათქმელი ჰქონდა. ეგრევე ვიეჭვე, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო. საკმაოდ მშვიდად მოვისმინე ამბავი იმის შესახებ, როგორ ვერ მოერია თავს, როგორ გამოიჩინა რაღაც მომენტში სისუსტე და მიღალატა, რასაც ახლა საშინლად ნანობს. მეუბნებოდა ამ ყველაფერს, მიყურებდა და აშკარად აოცებდა ჩემი ურეაქციობა. ბოლოს მკითხა – არ გადარდებს ეს ამბავიო? მე ის დამადარდიანებდა, რომ გაჩუმებულიყავი და ისე გაგეგრძელებინა ჩემთან ურთიერთობა. რადგან მომიყევი მომხდარის შესახებ და აშკარად ნანობ ამას, შევძლებ, მოგცე შანსი. მით უმეტეს, რომ ამით შანსს საკუთარ თავსაც ვაძლევ-მეთქი. აქ გამომადგა ჩემ მიერ „გამომუშავებული“ იმუნიტეტი. წინასწარ არაფრით არ უნდა ინერვიულო იმაზე, რაც, შესაძლოა, საერთოდ არც მოხდეს.
– თქვენს შემთხვევაში ხომ მოხდა?
– მერე რა, მთავარი ის იყო, რომ მე დავხვდი ამ ამბავს მომზადებული, ანუ, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე. ამით ჩემი ქმარი კიდევ უფრო დავანამუსე, კიდევ უფრო მეტად შეაწუხა დანაშაულის განცდამ. მადლიერია იმით, რომ ვაპატიე და მიცემულ შანსს კარგად იყენებს. მე ამაზე ვიფიქრე და რაციონალურად გადავწყვიტე. არ ვიცი, შეიძლება, ამაში ორსულობაც დამეხმარა, მაგრამ, ფაქტია, რომ გავუმკლავდი ისეთ დამანგრეველ მოვლენას, როგორიც ღალატია.