ინტიმური საუბრები
ჩემი მეგობარი გაუმხელელი სიყვარულით გარდაიცვალა
ბავშვობის მეგობარი მყავდა. შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ, რადგან, ჩვენი დედებიც მეგობრობდნენ და თან, ერთ ეზოში ვცხოვრობდით. ლამაზად არ ითვლებოდა, მაგრამ, თავისი სტილი ჰქონდა, თუმცა ისეთი ჩუმი, მორცხვი და თავმდაბალი იყო, ბიჭებში დიდ ინტერესს არ იწვევდა. სიყვარული მისთვის არასდროს არავის აუხსნია, ყველა ძმობას და მეგობრობას ეფიცებოდა. ჩვენი სამეგობროს ბიჭების პირველი მესაიდუმლე ანანო იყო: ბიჭები მას ანდობდნენ თავიანთ შეყვარებულებთან შერიგებას, მასვე ეკითხებოდნენ რჩევას და ისიც ყოველთვის ყველას გვერდში ედგა. ჩვენ ყველას გვყავდა კავალრები ანანოს გარდა. ერთი-ორმა ბიჭმა კი მოინდომა მასთან ურთიერთობა, მაგრამ, ორივე ტაქტიანად ჩამოიშორა. როგორც კი ამ თემაზე ჩამოვუგდებდი ლაპარაკს, გაიცინებდა და მეტყოდა, ნამდვილ სიყვარულს ველიო. 25 წლის ასაკშიც კი სჯეროდა თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდის არსებობის. რომ გავიზარდეთ, ჩვენი სამეგობროდან ყველა გათხოვდა და დაცოლშვილდა, მხოლოდ ანანო დადიოდა კენტად. ვერავინ ვეღარ ვიცლიდით ერთმანეთისთვის, მარტო ანანო ახერხებდა ყველასთან ურთიერთობას, ის იყო ჩვენი დამაკავშირებელი რგოლი.
ცოტა ასაკი რომ მოგვემატა, ჰყავდა რამდენიმე თაყვანისმცემელი და ცოლობაც სთხოვეს, მაგრამ, ყველას უარი უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ იყო დასაწუნი. თან, მართლა სერიოზულადაც მოსწონდათ. ხომ ასეთი სული და გული იყო ჩვენი სამეგობროსი, ყველა მას ვუმხელდით საიდუმლოებებს, თვითონ კი არავის არაფერს უყვებოდა თავისი გრძნობების შესახებ. რამდენჯერმე ნაწყენმა ვუსაყვედურე კიდეც ამის გამო, მაგრამ, ღიმილით მიპასუხა, არაფერი მაქვს მოსაყოლი და ტყუილს ხომ არ გამოვიგონებო.
ერთხელ შაკოს ვუთხარი (ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს), ყველაზე ახლოს მაინც შენთან არის ანანო და იქნებ შენ დაელაპარაკო, რა სჭირს, რატომ იქცევა ასე-მეთქი. შაკომ მითხრა, რამდენჯერმე ვცადე ამ თემაზე დალაპარაკება, მით უმეტეს, რომ ერთ ჩემს ნათესავს შეუყვარდა და გავაცანი კიდეც, მაგრამ უფრო ჩაიკეტა და კარგა ხანს ჩემთან დალაპარაკებასაც კი ერიდებოდაო. მოკლედ, ვერაფრით გავიგეთ, რატომ ცხოვრობდა ასე განდეგილივით და რატომ გაურბოდა ბიჭებს. არადა, ისეთი გოგო იყო, ბედნიერი იქნებოდა ის კაცი, ვისი ცოლიც გახდებოდა. თვითონ შაკო ცოტა „ბაბნიკი“ ბიჭი იყო, ყოველ მეორე თვეში ახალი შეყვარებული ჰყავდა და ყველას ანანოს აცნობდა – შენ რომელიც მოგეწონება, იმას შევირთავ ცოლად, შენს შეფასებას ყველაზე მეტად ვენდობიო. ანანო კი მხოლოდ იღიმებოდა და შაკოს სულ იმას ეუბნებოდა, მთავარია, შენც გიყვარდეს და მასაც უყვარდე, ცალმხრივი გრძნობით ოჯახი არ შედგებაო.
ერთი სიტყვით, მთელი ჩვენი სამეგობროს საფიქრალი ანანო იყო. ასე გავიდა წლები. შარშან კი, 38 წლის ასაკში, სრულიად მოულოდნელად, ანანო ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა. ექიმებმა ვერანაირი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. მშობლებს უნდოდათ, ბინა გაეყიდათ და გერმანიაში წაეყვანათ, მაგრამ ანანომ არაფრით არ ქნა – აზრი არ აქვსო.
სიკვდილის წინა დღეს დამიბარა, მარტო შენ მოდიო. გიჟივით გავვარდი. ისედაც ყოველდღე დავდიოდი მასთან, მაგრამ, იმ დღეს გულმა ცუდი მიგრძნო. რომ მივედი, ყველა გაუშვა ოთახიდან და მითხრა, არ მინდა, ისე წავიდე ამქვეყნიდან, რომ ჩემი საიდუმლო არ გაგანდოო. მერე პატარა რვეული მომცა და მთხოვა, სახლში რომ მიხვალ, მაშინ წაიკითხე და არავის უთხრაო. ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ და მერე მითხრა, თუ არ გეწყინება, წადი, მარტო მინდა დარჩენაო. დარდიანი წამოვედი. მთელი ღამე ანანოს ჩანაწერების კითხვაში გავათენე. იმდენი ვიტირე, დილით თვალები აღარ მიჩანდა. იმ დღიურებიდან გავიგე, რომ ჩემს მეგობარს მთელი ცხოვრება შაკო უყვარდა და მას ელოდა. არადა, არასდროს უგრძნობინებია მისთვის, ბოლომდე ერთგული მეგობრობა გაუწია.
ცოტა რომ მოთენდა, ანანოსთან გავიქეცი, მინდოდა, დავლაპარაკებოდი შაკოზეც, მასზეც და, საერთოდ, ყველაფერზე, მაგრამ, დავაგვიანე – ჩემი უსათნოესი მეგობარი გარდაცვლილი დამხვდა. დედამისმა მითხრა, დილით ოთახში რომ შემოვედი, უკვე აღარ სუნთქავდა, მაგრამ, ხელში შაკოს სურათი ეჭირა და გაღიმებული წავიდა უფალთანო.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ და ანანო დღემდე ტკივილად მაქვს გულში ჩარჩენილი. არც კი ვიცი, რა დავარქვა მის წასვლას, რა იყო ამ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ქალის ასეთი მოულოდნელი სიკვდილი, ალბათ, გაუმხელელი სიყვარული.
თიკა, 39 წლის.